ბრძანება N 5864
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5864
24.03.2023
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.: ---------- )
2022 წლის 4 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №76000/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ოქტომბრის №007-258 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით თხილის წარმოების პროცესის შედეგად მისაღები შემოსავლების გაანგარიშებას და თანხების დარიცხვას. მიუთითებს, რომ მათი მხრიდან წარდგენილი იყო საქონლის ნაშთების ამსახველი ცხრილი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, როგორც რაოდენობრივი ისე თანხობრივი კუთხით. შეძენილი ნაჭუჭიანი თხილისთვის გამოსავლიანობა მერყეობდა 33%-35%-მდე (5,7% საშუალო ტენიანობის თხილისთვის). როგორც ცნობილია ნაჭუჭიანი თხილის გამოსავლიანობა დამოკიდებულია თხილის მოსავლის ხარისხზე, აგრეთვე ნაჭუჭიანი თხილის ტენიანობაზე, რომელიც წელიწადის თვეების მიხედვით მერყეობს 12%-30% ფარგლებში (ყველაზე მაღალი ტენიანობა თხილის ახალ მოსავალს უფიქსირდება (აგვისტო-სექტემბერში), რომელიც შემდგომში ბუნებრივ პირობებში ნელნელა კლებულობს 12%-14%-მდე. გადამხდელის განმარტებით წარმოების პროცესი ხორციელდება საწარმოს შიდა განაწესის მკაცრი დაცვით, რომელიც შემუშავებული და დამოწმებულია აკრედიტაციის გამცემი შვეიცარული კომპანიის (SGS SA) მიერ.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, თხილის ნედლეული მიღების შემდეგ გადის გადამუშავების რამდენიმე ეტაპს:
ნაჭუჭიანი თხილის გაწმენდა მყარი მინარევებისგან შესაბამისი მანქანა დანადგარებით. (ასეთი მინარევების რაოდენობა საქართველოში არსებული ნორმით დასაშვებია 0,25%.).
ნაჭუჭიანი თხილის შრობა გადამხდელის წარმოებაში ხორციელდება სპეციალური საშრობების საშუალებით. ასევე, სტანდარტების შესაბამისად, ნაჭუჭიანი თხილის მაქსიმალური ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 6%-ს. ნაჭუჭიანი თხილის ნედლეული შედგება სხვადასხვა კალიბრებისგან. შესაბამისად სხვადასხვა კალიბრებში თხილის ტენიანობა შრობის შემდეგ განსხვავდება. იგი მერყეობს 5,5-დან-6,0%- მდე. სტანდარტულად შრობის შემდეგ ნაჭუჭიანი თხილის საშუალო ტენიანობაა 5,7%. შრობის შედეგად წონის დანაკარგი თხილის ნედლეულის საწყისი ტენიანობის მიხედვით მერყეობს 7-25%-ის ფარგლებში. გადამხდელის განმარტებით, მათ შემთხვევაში საბაზისო ტენიანობად აღებულ უნდა იქნეს 5,7%.
თხილის დაკალიბრება და მისი შემდგომი ტეხვა შესაბამისი მანქანა დანადგარებით. თხილის გულის გამოსავლიანობა (5,7%-იანი ტენიანობის შემთხვევაში) ბოლო 4-5 წელია არ აღემატება 30-35%-ს. რაც გამოწვეულია საქართველოში ფაროსანას გავრცელებით და თხილის ხარისხის დაქვეითებით.
მიღებული თხილის გულის მოხალვა სპეციალურ მოსახალ დანადგარში. თხილის გულის ტენიანობა მოხალვის შემდეგ შეადგენს 1,5-2%-ს. შესაბამისად წონის დანაკარგი შეადგენს 3-4%-ს.
მოხალული თხილის ვიზუალური ინსპექტირება/გაწმენდა. ასეთი ინსპექტირებისას ვლინდება თხილში არსებული ფარული სიდამპლე, რომელიც მოხალვამდე ვერ იქნებოდა გამოვლენილი. ასეთი ფარული დამპალი თხილი შეადგენს კიდევ 3-4%-ს.
გადამხდელის განმარტებით, შემოწმებას თხილის გამოსავლიანობა დაანგარიშებული აქვს საწარმოში მიღებული ნედლეულის წონიდან ყველაფრის გათვალისწინების გარეშე, რაც არასწორია. ასევე არასწორადაა დაანგარიშებული სხვა ნედლეულის ნაშთებიც, კერძოდ:
ნაჭუჭიანი თხილის გაწმენდა ნედლეულის მიღებისას (დანაკარგი 0,25%);
თხილის შრობა გადამხდელის საშრობებში (დანაკარგი 7-25%);
თხილის შრობა მოხალვისას (დანაკარგი 3-4%);
მოხალვის შემდეგ გამოვლენილი ფარული დეფექტები (დანაკარგი 6-8%);
პერიოდი ემთხვევა მავნებელი ფაროსანას გავრცელებას საქართველოში, რამაც გამოიწვია თხილის ხარისხის მკვეთრი გაუარესება და გამოსავლიანობის მკვეთრი დაცემა. შედეგად თხილის გულის გამოსავლიანობამ 5,7%-იანი ტენიანობის თხილისთვის შეადგინა 30-35%. რაც ყოველთვის ინდივიდუალურია ყოველი პარტია თხილის მიღების შემთხვევაში.
ნუშის, მიწისთხილის და კეშიუს შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული ნედლეულის შემდგომი დამუშვება, კერძოდ პროდუქციის შრობა მოხალვისას (ყველა თხილეულის პროდუქცია გადის მოხალვის პროცესს. მათ შორის ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები), რის შედეგადაც პროდუქციის საბოლოო ტენიანობა შეადგენს 1,5-2%-ს. ასევე არაა გათვალისწინებული ფარული სიდამპლის ფაქტორი (დანაკარგი 5-7%).
არ არის გათვალისწინებული ვადაგასული/მალფუჭებადი საქონლის ჩამოწერა და ნაშთად არსებული ვადაგასული/მალფუჭებადი საქონლი.
არ არის გათვალისწინებული დოკუმენტურად რეალიზებული დამპალი თხილის გული.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს არასწორად მიაჩნია შემოსავლის გაანგარიშება და საგადასახადო ვალდბეულებების განსაზღვრა.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ ქონების გადასახადის გაანგარიშებასთან დაკავშირებით წარმოდგენილია საბუღალტრო პროგრამა ორისი და ინფორმაცია არსებული ძირითადი საშუალებების თაობაზე, ნარჩენი ღირებულებით ცვეთის დარიცხვით. მიუთითებს, რომ შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ ქონების გადასახადში დაშვებულია მექანიკური შეცდომები შემმოწმებლის მიერ, კერძოდ, ნარჩენი ღირებულების გამოთვლები განხორციელებულია არასწორად. ასევე, ქონების გადასახადით დაბეგრილია 2016 წელს რეალიზებული ბათუმის ფართი (ს/კ ---------- ).
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 6 ივლისის №21975 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმება შეეხო 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდს. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 10 ოქტომბრის №25741 ბრძანება და ამავე თარიღის №007-258 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 234 746 ლარი, მათ შორის, გადასახადი 129 734 ლარი, ჯარიმა 62 151 ლარი, საურავი 42 861 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს თხილის, არქისის, ფისტას და კეშიუს შეძენა უცხოურ ბაზარზე (მხოლოდ თხილი ადგილობრივ ბაზარზე), მათი დაფასოება პაკეტებში და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საქონლის ნაშთების ამსახველი ცხრილი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, როგორც რაოდენობრივი ისე თანხობრივი კუთხით. რეალიზაციის 99% დოკუმენტურია. გადამხდელი ბუღალტრულ პროგრამაში არ აწარმოებს საქონლის შეძენასა და ჩამოწერას რაოდენობრივად, ასევე არასწორად აქვს აღრიცხული რეალიზაციები. შეუძლებელია შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საქონლის მოძრაობის დადგენა. გადამხდელს თხილი შეძენილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვის აქტებით. მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ნაჭუჭიანი თხილისთვის გამოსავლიანობად აღებულია აუდირებული 38%-იანი ნორმა. შემოწმებით დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციის მიხედვით, შედგა საქონლის მოძრაობის ცხრილი, რომლის მეშვეობით დადგინდა საქონლის ნაშთები, სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით, შეუდარდა გადამხდელის მიერ მიწოდებულ რაოდენობებს. შედეგად დადგინდა, რომ შემოწმებით დათვლილი საქონლის ნაშთები ნაკლებია გადამხდელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში დაფიქსირებულ რაოდენობაზე. გადამხდელს არ უფიქსირდება ვადაგასული/მალფუჭებადი საქონლის ჩამოწერა.
შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე, 161-ე, ასევე, 159, 160-ე და 164-ე მუხლების მიხედვით, გამოვლენილი საქონლის რეალიზაციის თანხით გაიზარდა მისაღები შემოსავალი. დღგ-ის ნაწილში შემოწმებით მიღებული დამატებით დასაბეგრი შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების პროპორციულად, ხოლო საშემოსავლო გადასახადში დაიბეგრა 2021 წლის მაისის თვეში, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. გადამხდელს საკუთრებაში უფიქსირდება ---------- კვ.მ. და ---------- კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები. გადასახადის გადამხდელს 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე არ აქვს დეკლარირებული და შესრულებული მიწაზე ქონების გადასახადის საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა მიწაზე ქონების გადასახადი 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე. ასევე, გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ორისისა“ და სარასის პლატფორმაზე გაგზავნილი წლიური ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე დათვლილი 2019 და 2020 წლების ქონების გადასახადი (გარდა მიწისა) მეტია დეკლარირებულზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის მიხედვით, გაიზარდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელი ბუღალტრულ პროგრამაში არ აწარმოებს საქონლის შეძენასა და ჩამოწერას რაოდენობრივად, ასევე არასწორად აქვს აღრიცხული რეალიზაციები. შეუძლებელია შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საქონლის მოძრაობის დადგენა. გადამხდელს თხილი შეძენილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვის აქტებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ მართლზომიერია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება.
ასევე, დგინდება, რომ გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საქონლის ნაშთების ამსახველი ცხრილი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის როგორც რაოდენობრივი, ისე თანხობრივი კუთხით. რეალიზაციის 99% დოკუმენტურია. დგინდება, რომ გადამხდელს თხილი შეძენილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვის აქტებით. მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ნაჭუჭიანი თხილისთვის გამოსავლიანობად აღებულია აუდირებული 38%-იანი ნორმა. დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციის მიხედვით შედგა საქონლის მოძრაობის ცხრილი, რომლის მეშვეობით დადგინდა საქონლის ნაშთები, სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით, შეუდარდა გადამხდელის მიერ მიწოდებულ რაოდენობებს. შედეგად დადგინდა, რომ შემოწმებით დათვლილი საქონლის ნაშთები ნაკლებია გადამხდელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში დაფიქსირებულ რაოდენობაზე. შემოწმებით მიღებული დამატებით დასაბეგრი შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების პროპორციულად, ხოლო საშემოსავლო გადასახადში დაიბეგრა გაცემულ ხელფასად.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, თხილის გამოსავლიანობის დათვლისას გამოყენებულ იქნა 38% მიღებული პრაქტიკის და სხვა მსგავსი აუდირებული კომპანიების მონაცემების გათვალისწინებით. შემოწმების პროცესში არაერთხელ განხორციელდა გადამხდელთან როგორც სატელეფონო კავშირი, ისე პირადი შეხვედრა. აქტის შედგენამდე ასევე გაცნობილ იქნა შემოწმების შედეგები, თუმცა გადამხდელს შემოწმებისთვის არ მიუწოდებია საჩივარში დაფიქსირებული ინფორმაცია მოხალვის შედეგად დანაკარგზე. ასევე არ გაუმიჯნია რეალიზაციისას რა რაოდენობის თხილი იყიდება მოხალული და რა ოდენობის გამომშრალი. მალფუჭებადი საქონლის ჩამოწერაზე გადამხდელს ინფორმაცია არ მოუწოდებია და არც შემოსავლების სამსახურშია გადამხდელის მიერ წარდგენილი ცნობები საქონლის ჩამოწერაზე. ამასთან, გადამხდელს თხილი შეძენილი აქვს ---------- ში. ხოლო, ---------- ფაროსანისგან არ დაზარალებულა. 1 კგ. ნაჭუჭიან თხილში გადახდილი აქვს 5-6 ლარი, ხოლო დამპალი თხილი 1 კგ. რეალიზებული აქვს 1 ლარად. შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე სახის დამდასტურებელი ცნობა დამპალი თხილის არსებობის შესახებ.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ თხილის შრობის საწარმოო დანაკარგთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 15 ივნისის №21002 ბრძანებით დამტკიცებულია ნაჭუჭგაუცლელი (გაუტეხავი) თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის წლიური საშუალო ნორმა. კერძოდ, აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის თანახმად, კალენდარული წლის განმავლობაში შეძენილი/მოყვანილი თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის წლიური საშუალო ოდენობა განსაზღვრულია 22%-ის ოდენობით. რა შემთხვევაშიც თხილის შრობის საწარმოო დანაკარგის ნორმა გულისხმობს ნაჭუჭგაუცლელი (გაუტეხავი) თხილის შრობისას (ტენის შემცირებისას) წონის კლების დასაშვებ ოდენობას, ხოლო თხილის გადამუშავება გულისხმობს ნაჭუჭგაუცლელი (გაუტეხავი) თხილის გატეხვას ან/და შრობას.
დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელის შემოსავლების გაანგარიშებისას საწარმოო დანაკარგების განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა 2015 წლის 15 ივნისის №21002 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, პროდუქციის წარმოების პროცესში საწარმოო დანაკარგთან დაკავშირებით, კერძოდ, გადამხდელი აცხადებს, რომ გადამუშავების ეტაპზე თხილის დაკალიბრებისა და შესაბამისი მანქანადანადგარებით ტეხვის შემდგომ ხდება თხილის გულის მოხალვა სპეციალურ მოსახალ დანადგარში, სადაც თხილის გულის ტენიანობა მოხალვის შემდეგ 1.5%-2%-ია, ხოლო წონის დანაკარგი 3%-4%. ამასთან, თხილის მოხალვის შედეგად, შემდგომ ეტაპზე ვლინდება ფარული სიდამპლე, რომელიც მოხალვამდე ვერ იქნებოდა გამოვლენილი. ასეთი ფარული დამპალი თხილი კი შეადგენს 3%-4%-ს. გადამხდელი მოხალვასთან დაკავშირებით ზემოაღნიშნულთან ერთად ასევე უთითებს, რომ იგივე გარემოებები არ არის გათვალისწინებული ნუშის, მიწისთხილის და კეშიუს გადამუშავების პროცესის წარმოებისას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება პროდუქციის წარმოების საწარმოო დანაკარგის ოდენობა (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს აუდიტის დეპარტამენტთან). თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:
ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
ამავე კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გაანგარიშებასთან დაკავშირებით წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა, ასევე, ინფორმაცია ძირითადი საშუალებების შესახებ ნარჩენი ღირებულებით ცვეთის დარიცხვით. გადამხდელის განმარტებით, შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ ქონების გადასახადში დაშვებულია მექანიკური შეცდომები შემმოწმებლის მიერ, კერძოდ ნარჩენი ღირებულების გამოთვლები განხორციელებულია არასწორად. ასევე, ქონების გადასახადით დაბეგრილია 2016 წელს რეალიზებული ---------- ის ფართი ს/კ ----------. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მითითებული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება პროდუქციის წარმოების საწარმოო დანაკარგის ოდენობა (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს აუდიტის დეპარტამენტთან);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით თხილის წარმოების პროცესის შედეგად მისაღები შემოსავლების გაანგარიშებას და თანხების დარიცხვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადამხდელი ბუღალტრულ პროგრამაში არ აწარმოებს საქონლის შეძენასა და ჩამოწერას რაოდენობრივად, ასევე არასწორად აქვს აღრიცხული რეალიზაციები. შეუძლებელია შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საქონლის მოძრაობის დადგენა. გადამხდელს თხილი შეძენილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვის აქტებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ მართლზომიერია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება.
ასევე, დგინდება, რომ გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საქონლის ნაშთების ამსახველი ცხრილი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის როგორც რაოდენობრივი, ისე თანხობრივი კუთხით. რეალიზაციის 99% დოკუმენტურია. დგინდება, რომ გადამხდელს თხილი შეძენილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვის აქტებით. მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ნაჭუჭიანი თხილისთვის გამოსავლიანობად აღებულია აუდირებული 38%-იანი ნორმა. დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციის მიხედვით შედგა საქონლის მოძრაობის ცხრილი, რომლის მეშვეობით დადგინდა საქონლის ნაშთები, სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით, შეუდარდა გადამხდელის მიერ მიწოდებულ რაოდენობებს. შედეგად დადგინდა, რომ შემოწმებით დათვლილი საქონლის ნაშთები ნაკლებია გადამხდელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში დაფიქსირებულ რაოდენობაზე. შემოწმებით მიღებული დამატებით დასაბეგრი შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების პროპორციულად, ხოლო საშემოსავლო გადასახადში დაიბეგრა გაცემულ ხელფასად.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, თხილის გამოსავლიანობის დათვლისას გამოყენებულ იქნა 38% მიღებული პრაქტიკის და სხვა მსგავსი აუდირებული კომპანიების მონაცემების გათვალისწინებით. შემოწმების პროცესში არაერთხელ განხორციელდა გადამხდელთან როგორც სატელეფონო კავშირი, ისე პირადი შეხვედრა. აქტის შედგენამდე ასევე გაცნობილ იქნა შემოწმების შედეგები, თუმცა გადამხდელს შემოწმებისთვის არ მიუწოდებია საჩივარში დაფიქსირებული ინფორმაცია მოხალვის შედეგად დანაკარგზე. ასევე არ გაუმიჯნია რეალიზაციისას რა რაოდენობის თხილი იყიდება მოხალული და რა ოდენობის გამომშრალი. მალფუჭებადი საქონლის ჩამოწერაზე გადამხდელს ინფორმაცია არ მოუწოდებია და არც შემოსავლების სამსახურშია გადამხდელის მიერ წარდგენილი ცნობები საქონლის ჩამოწერაზე. გადამხდელი აცხადებს, რომ გადამუშავების ეტაპზე თხილის დაკალიბრებისა და შესაბამისი მანქანადანადგარებით ტეხვის შემდგომ ხდება თხილის გულის მოხალვა სპეციალურ მოსახალ დანადგარში, სადაც თხილის გულის ტენიანობა მოხალვის შემდეგ 1.5%-2%-ია, ხოლო წონის დანაკარგი 3%-4%. ამასთან, თხილის მოხალვის შედეგად, შემდგომ ეტაპზე ვლინდება ფარული სიდამპლე, რომელიც მოხალვამდე ვერ იქნებოდა გამოვლენილი. ასეთი ფარული დამპალი თხილი კი შეადგენს 3%-4%-ს. გადამხდელი მოხალვასთან დაკავშირებით ზემოაღნიშნულთან ერთად ასევე უთითებს, რომ იგივე გარემოებები არ არის გათვალისწინებული ნუშის, მიწისთხილის და კეშიუს გადამუშავების პროცესის წარმოებისას.
2. შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გაანგარიშებასთან დაკავშირებით წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა, ასევე, ინფორმაცია ძირითადი საშუალებების შესახებ ნარჩენი ღირებულებით ცვეთის დარიცხვით. გადამხდელის განმარტებით, შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ ქონების გადასახადში დაშვებულია მექანიკური შეცდომები შემმოწმებლის მიერ, კერძოდ ნარჩენი ღირებულების გამოთვლები განხორციელებულია არასწორად. ასევე, ქონების გადასახადით დაბეგრილია 2016 წელს რეალიზებული ფართი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მითითებული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავსირებით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება პროდუქციის წარმოების საწარმოო დანაკარგის ოდენობა (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს აუდიტის დეპარტამენტთან). თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა“); 163(1); 164(1); 201(1„ა“); 202(1); 203(„ა“); 205(2); 275.