ბრძანება N 16029

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.07.2023
№ დოკუმენტი 16029
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16029

05 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 25 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი ივნისის სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 25 იანვრის №12709/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №041-73 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმის დაკისრებას. მიუთითებს, რომ გადამხდელმა შეიძინა საქონელი, რაზეც გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და გადამხდელს მიღებული აქვს შესაბამისი დღგ-ს ჩათვლა. აცხადებს, რომ არის კეთილსინდისიერი და კანონმორჩილი გადამხდელი. ასევე, კომპანიას რეალურად შეძენილი ჰქონდა საქონელი, რომელიც აღრიცხული იყო საწარმოს სმფ-ს ნაშთებში და საბუღალტრო პროგრამაში. საგადასახადო შემოწმების აქტში უგულებელყოფილია და გამოკვლევის გარეშეა დატოვებული საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. უთითებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებზე. აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე. შესაბამისად, განმარტავს, რომ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო დაჯარიმებულმა კომპანიამ რეალურად მიიღო თუ არა საქონელი და ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაყალბებასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში. გადამხდელი უთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 267-ე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლებზე და აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში უნდა ყოფილიყო მითითებული და გამოკვლეული კონკრეტული გარემოებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33585 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შპს „-------“-ს (ს/ნ -------), შპს „-------“-ს (ს/ნ -------) და შპს „-------“-სგან (ს/ნ -------) მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი თანხების დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33789 ბრძანება და 2022 წლის 30 დეკემბრის №041-73 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 796 025 ლარი, მათ შორის, გადასახადი 457 135 ლარი, ჯარიმა 1 127 358 ლარი და საურავი 211 532 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობის წარმოება, კერძოდ საწარმო ახორციელებს ჯართის შეძენას და მის გადამუშავებას. კომპანიას უფიქსირდება სხვადასხვა ლითონების და ნარჩენების შეძენები შპს „-------“, შპს „-------“ და შპს „-------“. აღნიშნულ ოპერაციებზე საწარმოს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ჩათვლილი აქვს შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ შპს „-------“ (ს/ნ -------) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი. ამასთან, შპს „-------“, შპს „-------“ და შპს „-------“ რიგ შემთხვევაში არ აქვთ სწორად განსაზღვრული ზემოაღნიშნული ოპერაციებიდან წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებები, ასევე უფიქსირდებათ ბიუჯეტის მიმართ დავალიანებები. საგადასახადო შემოწმებით გაუქმებას დაექვემდებარა შპს „--“, შპს „-------“ და შპს „-------“ მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხები. გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება - იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, შპს „-------“, შპს „-------“ და შპს „-------“ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი აქვს დღგ-ს თანხები, არის ყალბი. აღნიშნულის შედეგად, საგადასახადო შემოწმებით გადამხდელს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ, შესაბამისად, დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ფიქტიური ოპერაციების/ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და შესაბამისი ჯარიმის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმის დაკისრებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ორგანიზაციის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობის წარმოება, კერძოდ საწარმო ახორციელებს ჯართის შეძენას და მის გადამუშავებას. კომპანიას უფიქსირდება სხვადასხვა ლითონების და ნარჩენების შეძენები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან. აღნიშნულ ოპერაციებზე საწარმოს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც ჩათვლილი აქვს შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი. საგადასახადო შემოწმებით გაუქმებას დაექვემდებარა მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხები. გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ფიქტიური ოპერაციების/ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და შესაბამისი ჯარიმის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 280(1); 275; 174

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება, მუხლი 563;