გადაწყვეტილება №19886/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19886/2/2023
09 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ------------- 5.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19886/2/2023).
დავის საგანი:
არარეზიდენტი ფიზიკურ პირის მიერ გაწეული მომსახურების რეზიდენტი ფიზიკურ პირის მიერ გაწეულად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №081-294 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11779 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 154 770 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 95 511
ჯარიმა - 26 793
საურავი - 32 466
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.052020 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის, გარდა 2021 წლის 22 თებერვლის №4446 ბრძანებით მოცული საკითხებისა, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს მომსახურება გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირებისგან, რომლებსაც განიხილავს არარეზიდენტ პირებად და მათ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებას ბეგრავს საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით. შემოწმებით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, საბუღალტრო პროგრამის მონაცემები, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირები შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უწევენ სამშენებლო/სამონტაჟო მომსახურებას და შესრულებული სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ხანგრძლივი დროით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ამასთან მათზე გაცემულია დროებითი ცხოვრების ნებართვები და მინიჭებული აქვთ პირადი ნომრები. შემოწმებით შესწავლილ იქნა აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ საზღვრის კვეთები და დადგინდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მათი ყოფნის პერიოდი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში აღემატება 183 დღეს. ამასთან, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელი პერიოდის გარკვეულ თვეებში იგივე ფიზიკური პირების მიერ გაწეულ მომსახურებას ბეგრავს 20%-იანი განაკვეთით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებისას აღნიშნული პირების მიერ გაწეული მომსახურება, საგადასახადო კოდექსის 34-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, განხილულ იქნა საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ გაწეულ მომსახურებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №32675 ბრძანება და №081-294 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11779 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 34-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-5 და მე-8 ნაწილებზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილი გარემოებაზე, განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის გათვალისწინებით, მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირებად განხილვა და მათ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრა კანონშესაბამისია, აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე რასთან დაკავშირებით წარმოადგენთ არგუმენტებს:
როგორც შემმოწმებელი მიუთითებს, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა იმ საფუძვლით, რომ არარეზიდენტი პირები წარმოადგენენ საქართველოს რეზიდენტებს და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან 183 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით, თუმცა მათთვის უცნობია შემმოწმებელი რა არგუმენტაციაზე და საფუძვლებზე საუბრობს ფიზიკური პირების რეზიდენტობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ასევე, რა პრინციპით იანგარიშა შემმოწმებელმა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდი და რა პრინციპზე დაყრდნობით იქნა განსაზღვრული რეზიდენტობა.
განსახილველ სადავო საკითხთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის თაობაზე. მიაჩნია, რომ შემმოწმებლის მიერ სრულად იქნა უგულვებელყოფილი ზოგადი ადმინისტრაციული კანონმდებლობა.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის №ბს-566- 561(2კ-16) გადაწყვეტილებზე, ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე და მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა არ განხორციელებულა, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ხელმძღვანელობდეს სწორედ სამართლით აღიარებული და კანონით განმტკიცებული პრინციპებით.
არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებებს განსაზღვრავს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მე3 ნაწილი, 134-ე მუხლი, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილი, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, მე-8 მუხლის მე-20 ნაწილი, 34-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ამასთან, საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირი პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შემდეგ, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ მას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ გააჩნია რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით. თუ მას ამგვარი ფიქსირებული ბაზა გააჩნია, შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი მიეკუთვნება ასეთ ფიქსირებულ ბაზას. ხოლო ამავე შეთანხმების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლის სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლში, მათი წარმოშობის წყაროს მიუხედავად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
უცნობია საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირების რეზიდენტობის განსაზღვრის მეთოდოლოგია და ასევე ინფორმაცია, რომელსაც დაეყრდნო რეზიდენტობის განსაზღვრისას. სადავო საკითხის ირგვლივ, მათ მიერ მიმდინარეობს სათანადო მტკიცებულებების მოძიება, რომელ მტკიცებულებებსაც წარმოადგენს საგადასახადო დავის მიმდინარეობის პროცესში.
შემმოწმებელი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის საფუძვლად ასევე მიუთითებს, რომ რიგ შემთხვევაში პირებს საქართველოში მიღებული აქვთ ბინადრობის უფლება. აღნიშნულ ნაწილში ვარაუდობს, რომ შემმოწმებელმა ვერ განსაზღვრა სამოქალაქო კანონმდებლობა, მ.შ. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის №520 დადგენილება. სადავო არ არის, რომ ბინადრობის უფლება დაკავშირებული არ არის საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისთვის რეზიდენტობის განსაზღვრასთან. შესაბამისად, შემმოწმებლის მითითება აღნიშნულზე ფიქრობს, რომ მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს.
შემმოწმებელი ასევე მიუთითებს, რომ კომპანია შესამოწმებელ პერიოდის ნაწილში აღნიშნული პირების მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებას განიხილავდა საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ოპერაციად. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ის ფაქტი, რომ პირები იბეგრებოდნენ 20%-იანი განაკვეთით მათთვის ცნობილი გახდა საგადასახადო შემოწმების შედეგებით და აღნიშნული ვერ იქნება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის საფუძველი, ვინაიდან შეცდომით განხორციელდა პირების 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრა. ხოლო საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლი საგადასახადო ორგანოს უდგენს ვალდებულებას გააკონტროლონ გადასახადების გაანგარიშების სისწორე და სისრულე. შესაბამისად, შემმოწმებელს გააჩნდა ვალდებულება აღნიშნული შეცდომით დაბეგრილი თანხების შემცირების და მით უმეტეს უსაფუძვლოა აღნიშნული არგუმენტის მოშველიება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა არ განხორციელებულა, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ხელმძღვანელობდეს სწორედ სამართლით აღიარებული და კანონით განმტკიცებული პრინციპებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე მითითებით, მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად, სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის უგულვებელყოფით, ფაქტობრივი გარემოებების გამოუკვლევლად და დაუდასტურებლად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, რომელიც ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად:
2. საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.
3. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროდ ითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლითაც იგი გავიდა საქართველოს ფარგლების გარეთ სპეციალურად სამკურნალოდ, დასასვენებლად, მივლინებით ან სასწავლებლად.
5. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დღედ ითვლება დღე, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, მიუხედავად ამ ყოფნის ხანგრძლივობისა.
8. რეზიდენტის ან არარეზიდენტის სტატუსი დგინდება ყოველი საგადასახადო პერიოდისათვის. ამასთანავე, ის დღეები, რომელთა მიხედვითაც ფიზიკური პირი წინა საგადასახადო პერიოდში ჩაითვალა რეზიდენტად, არ გაითვალისწინება მომდევნო საგადასახადო პერიოდში რეზიდენტობის დადგენისას.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს მომსახურება გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირებისგან, რომლებსაც განიხილავს არარეზიდენტ პირებად და მათ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებას ბეგრავს საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნული პირები ხანგრძლივი დროით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, მათზე გაცემულია დროებითი ცხოვრების ნებართვები და მინიჭებული აქვთ პირადი ნომრები. საგადასახადო შემოწმებით შესწავლილ იქნა აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ საზღვრის კვეთები და დადგინდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მათი ყოფნის პერიოდი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში აღემატება 183 დღეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურება განხილულ იქნა საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ გაწეულ მომსახურებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით.
მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხვას, აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირების რეზიდენტობის განსაზღვრის მეთოდოლოგია და ასევე ინფორმაცია, რომელსაც დაეყრდნო რეზიდენტობის განსაზღვრისას. სადავო საკითხის ირგვლივ, მათ მიერ მიმდინარეობს სათანადო მტკიცებულებების მოძიება, რომელ მტკიცებულებებსაც წარმოადგენს საგადასახადო დავის მიმდინარეობის პროცესში. ის ფაქტი, რომ პირები იბეგრებოდნენ 20%-იანი განაკვეთით მათთვის ცნობილი გახდა საგადასახადო შემოწმების შედეგებით და აღნიშნული ვერ იქნება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის საფუძველი, ვინაიდან შეცდომით განხორციელდა პირების 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრა, შემმოწმებელს გააჩნდა ვალდებულება აღნიშნული შეცდომით დაბეგრილი თანხების შემცირების. ფაქტობრივი გარემოებების გამოუკვლევლად და დაუდასტურებლად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, რომელიც ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავოს წარმოადგენს არარეზიდენტი ფიზიკური პირებისგან შეძენილი მომსახურების ნაწილი, შემოსავლების სამსახურმა უტყუარად მიიჩნია, რომ ფიზიკური პირები რეზიდენტები არიან რადგან 12 თვის განმავლობაში 183 დღეზე მეტი დრო დაყვეს საქართველოში. ვინაიდან აღნიშნული პირები არიან არარეზიდენტები და არ იმყოფებიან საქართველოში არც დღეს, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას რომელიმე ორგანოდან მოიპოვონ ინფორმაცია მათი რეზიდენტობის თაობაზე, ელოდებიან ინფორმაციას თურქეთიდან, რომელიც არ მიუღიათ. ის რომ კომპანია მიიჩნევდა პირებს არარეზიდენტ პირებად და ბეგრავდა 10%-იანი განაკვეთით, ეს ნაწილი კომპანიაში იყო მოუწესრიგებელი, რასაც ადასტურებს, მაგრამ ის გარემოება რომ რეზიდენტები არიან, მათთვის ხელმიუწვდომელია რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიჩნია აღნიშნული.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ფიზიკური პირების მიერ საზღვრის კვეთები გადამოწმდა და ზოგიერთზე დადგინდა 183 დღეზე მეტი ხნით ყოფნა საქართველოში, ასეთი პირების მიერ გაწეული მომსახურების (სამშენებლო მომსახურებას ეწეოდნენ) ღირებულება დაიბეგრა 20%-იანი განაკვეთით, ხოლო დანარჩენზე დარჩა 10%-იანი განაკვეთი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს არც დავის პროცესში და არც საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვისას არ წამოუდგენია დოკუმენტი/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შესაძლებელია შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომსახურების გამწევი არარეზიდენტი ფიზიკური პირების საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირებად განხილვა და მათ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრა კანონშესაბამისია.
ამდენად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არარეზიდენტი ფიზიკურ პირის მიერ გაწეული მომსახურების რეზიდენტი ფიზიკურ პირის მიერ გაწეულად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
არარეზიდენტი ფიზიკური პირები შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უწევენ სამშენებლო/სამონტაჟო მომსახურებას და შესრულებული სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ხანგრძლივი დროით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე.აუდიტის დეპარტამენტის მიერ,ფიზიკური პირების მიერ საზღვრის კვეთები გადამოწმდა და ზოგიერთზე დადგინდა 183 დღეზე მეტი ხნით ყოფნა საქართველოში, ასეთი პირების მიერ გაწეული მომსახურების (სამშენებლო მომსახურებას ეწეოდნენ) ღირებულება დაიბეგრა 20%-იანი განაკვეთით, ხოლო დანარჩენზე დარჩა 10%-იანი განაკვეთი.
შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);34(2,3,5,8);100(1);102(1);154(1დ);81(1);