ბრძანება N 2584

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.02.2025
№ დოკუმენტი 2584
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2584

14 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 20 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 დეკემბრის (ოქმი №137) და 2025 წლის 30 იანვრის (ოქმი №8) სხდომებზე განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 20 დეკემბრის №93407/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 დეკემბრის №040-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ წილის ნასყიდობის საფუძვლით გადახდილი თანხების პარტნიორზე გაცემულ დივიდენდად განხილვას და მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას.

● საწარმოს მიერ შპს „-------“ წილის შეძენასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე და აცხადებს, რომ 18.02.2019 წელს ------- და ------- არ წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს და მიმდინარე პერიოდში ამ პირების განსაკუთრებული ურთიერთობის არსებობა (ერთი საწარმოს დამფუძნებლები არიან), არ შეიძლება გახდეს წარსულში განხორციელებული ოპერაციის დაბეგვრის საფუძველი. გადამხდელი არ ეთანხმება ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენებას შპს „-------“ 100%-იანი წილის შპს „-------“ რეალიზაციის ოპერაციაზე და აცხადებს, რომ წილის ღირებულება შეფასდა საწარმოს ფინანსური ანგარიშგების მაჩვენებლიდან გამომდინარე, რაც სავსებით შეესაბამება მის ფორმას და არ საჭიროებს კვალიფიკაციის ცვლილებას.

● შპს „-------“ წილის შეძენასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება კვალიფიკაციის ცვლილებას იმ მოტივით, რომ წილის საბოლოო მფლობელი არ შეცვლილა. განმარტავს, რომ საწარმოების ბიზნესსაქმიანობის ოპერატიული და ეფექტური მენეჯმენტისათვის, მმართველი რგოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სწორი და დროული განხორციელებისათვის, ფინანსური აღრიცხვის და, შესაბამისად, ფინანსური ანგარიშგების გამარტივებისათვის, აგრეთვე, ფულადი სახსრების კონსოლიდაციისათვის და მომავალში ფინანსურ ინსტიტუტებიდან სასესხებელი ფინანსური რესურსების უფრო მეტად ხელმისაწვდომობისათვის (კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები არის ერთგვარი გარანტი დიდი კრედიტების (სესხების), დაბალი საპროცენტო განაკვეთით აღებისათვის, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს სამომავლოდ სხვადასხვა დიდი პროექტების განხორციელებას), მიღებული იქნა გადაწყვეტილება წილის გამოსყიდვაზე და საწარმოების „ერთი ქოლგის“ ქვეშ გაერთიანებაზე. გარდა ამისა, მართალია ოპერაცია განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, მაგრამ დაცული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნა, სადაც ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს. ამ შემთხვევაშიც წილის ღირებულება შეფასდა საწარმოს ფინანსური ანგარიშგების მაჩვენებლებიდან გამომდინარე და რეალურია. მიიჩნევს, რომ ოპერაციაში მონაწილე პირების მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულების ფაქტი არ არის წილის ნასყიდობის სხვა ოპერაციად (დივიდენდის გაცემად) გადაკვალიფიცირების საფუძველი.

2. არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული დებიტორული დავალიანების (ბინის ნასყიდობის ღირებულების) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას. განმარტავს, რომ 2016 წლის 27 ივლისს შპს „-------“ და ------- შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, ------- ს/კ N -------, უძრავი ნივთის ღირებულება 30 310 (ოცდაათი ათას სამას ათი) ა.შ.შ. დოლარი, ნასყიდობის პირობას წარმოადგენდა უძრავი ნივთის ღირებულების რეგისტრაციის შემდეგ გადახდა. მრავალჯერადი შეხსენების მიუხედავად ------- არ ახდენდა დავალიანების დაფარვას, რადგან მისი დაპირება იყო, რომ ელოდებოდა უძრავი ქონების რეალიზაციას და მოახდენდა მიღებული თანხით დავალიანების გადახდას. გადამხდელი აცხადებს, რომ ფიზიკური პირის მიერ 2022 წლის 19 თებერვალს ვალი აღიარებული იქნა, ხოლო 2022 წლის 23 აპრილს ------- გარდაიცვალა, გარდაცვალებამდე მის მიერ ბინა გადაყიდულია. გადამხდელი მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მის შვილთან და შეუთანხმებლობის შემთხვევაში დაგეგმილია სამართლებრივი დავის დაწყება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 ნოემბრის №28801, 21 დეკემბრის №32265 და 2024 წლის 11 დეკემბრის №26104 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 11 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 12 დეკემბრის №26177 ბრძანება და ამავე თარიღის №040-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 794 717 ლარი, მათ შორის, გადასახადი 841 147 ლარი, ჯარიმა 420 574 ლარი, საურავი 532 996 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) დაფუძნებულია 10.04.1998 წელს. საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელია ------- (პ/ნ -------). კომპანიის მიერ წარმოდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ შპს „-------“ შეძენილი აქვს შპს „-------“ (ს/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------) 100%-იანი წილები.

შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 19.07.2016 წელს. აღნიშნულ პერიოდში კომპანიის დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი იყო შპს „-------“ (ს/ნ -------), ხოლო თავის მხრივ შპს „-------“ დამფუძნებლები იყვნენ, ------- (პ/ნ -------) 70% და ------- (პ/ნ -------) 30%. 19.02.2019 წელს შპს „-------“ (ს/ნ -------) 100%-იანი წილი იყიდა ------- (პ/ნ -------) 500 ლარად, ხოლო 30.09.2023 წელს ------- 100%-იანი წილი იყიდა შპს „-------“ 630 000 ლარად (------- და ------- ამ პერიოდისათვის წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს).

შპს „-------“ (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 13.06.2013 წელს, თავდაპირველად 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო ------- (პ/ნ -------), 11.08.2018 წელს 30%-იანი წილის მფლობელი გახდა ------- (პ/ნ -------). 14.09.2020 წელს შპს „-------“ ხსენებული ფიზიკური პირებისგან შეისყიდა 100% წილი 4 000 000 ლარად წილების პროპორციულად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად იკვეთება, რომ ორივე შემთხვევაში თავდაპირველ და საბოლოო მესაკუთრეს წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებული პირები ანუ რეალურად არ ხდება განსახილველი ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება, შესაბამისად აღნიშნული წილების შეძენას არ გააჩნია ეკონომიკური გავლენა ან/და ეკონომიკური შინაარსი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოპერაციის რეალურ მიზანს წარმოადგენდა შპს „-------“ დაუბეგრავად ფულადი სახსრების გატანა საბოლოო მაკონტროლებელ ფიზიკურ პირზე. შესაბამისად, კომპანიის მიერ წილის ნასყიდობის საფუძვლით გადახდილი თანხები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 981 , 101-ე, 130-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, ჩათვლილ იქნა პარტნიორზე/დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად (შპს „-------“ შემთხვევაში წილების პროპორციულად). გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. შპს „-------“ 27.07.2016 წელს რეალიზებული აქვს ბინა (ს.კ -------), საიდანც მისაღები თანხა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება მოთხოვნაში 93 888 ლარის ოდენობით. ხსენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ურთიერთშედარება მყიდველთან. იმის გათვალისწინებით, რომ საქონლის მიწოდებით წარმოშობილი მოთხოვნიდან გასულია მისი დაბრუნების გონივრული ვადა და ასევე, შემოწმების მიერ ვერ დასტურდება შესაბამისი საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის N23106 ბრძანებით დამტკიცებული „დებიტორული დავალიანების შესახებ" მეთოდური მითითებით, აღნიშნული მოთხოვნის თანხა დაკვალიფიცირებულ იქნა, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი და დაბეგრილ იქნა წყაროსთან. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შპს „-------“ შეძენილი აქვს შპს „-------“ და შპს „-------“ 100%-იანი წილი. ირკვევა, რომ შპს „-------“ დამფუძნებელი თავდაპირველად იყო შპს „-------“, ხოლო თავის მხრივ შპს „-------“ დამფუძნებლები იყვნენ ------- (პ/ნ -------) 70% და ------- (პ/ნ -------) 30%. 2019 წლის 19 თებერვალს შპს „-------“ (ს/ნ -------) 100%-იანი წილი იყიდა ------- (პ/ნ -------) 500 ლარად, ხოლო 2023 წლის 30 სექტემბერს ------- 100%-იანი წილი იყიდა შპს „-------“ 630 000 ლარად (------- და ------- ამ პერიოდისათვის წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს). რაც შეეხება, შპს „-------“, გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 13 ივნისს, თავდაპირველად 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო ------- (პ/ნ -------), 2018 წლიდან კი 30%-იანი წილის მფლობელი გახდა ------- (პ/ნ -------). 2020 წლის 14 სექტემბერს შპს „-------“ ხსენებული ფიზიკური პირებისგან შეისყიდა შპს „-------“ 100% წილი 4 000 000 ლარად წილების პროპორციულად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის პოზიციას, რომ ორივე შემთხვევაში თავდაპირველი და საბოლოო მესაკუთრეს წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებული პირები ანუ რეალურად არ ხდება განსახილველი ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება, შესაბამისად აღნიშნული წილების შეძენას არ გააჩნია ეკონომიკური გავლენა ან/და ეკონომიკური შინაარსი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წილის ნასყიდობის საფუძვლით გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და დივიდენდად განხილვა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შპს „-------“ 2016 წლის 27 ივლისს ბინის რეალიზაციის შედეგად უფიქსირდება დებიტორული დავალიანება (მოთხოვნა ფიზიკური პირის მიმართ) 93 888 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა ურთიერთშედარების აქტი მყიდველთან. ასევე, საქონლის მიწოდებით წარმოშობილი მოთხოვნიდან გასულია მისი დაბრუნების გონივრული ვადა და ასევე, შემოწმების მიერ ვერ დასტურდება შესაბამისი ბინის უკან დაბრუნების ფაქტი, აღნიშნული მოთხოვნის თანხა დაკვალიფიცირებულ იქნა, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი და დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. კომპანიის მიერ წილის ნასყიდობის საფუძვლით გადახდილი თანხების პარტნიორზე გაცემულ დივიდენდად განხილვას და მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას.

2. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული დებიტორული დავალიანების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. კომპანიის მიერ წარმოდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ მომჩივანს სხვადასხვა პერიოდში შეძენილი აქვს წილები ორი სხვადასხვა კომპანიისგან.

ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად იკვეთება, რომ თავდაპირველ და საბოლოო მესაკუთრეს წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებული პირები ანუ რეალურად არ ხდება განსახილველი ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება, შესაბამისად აღნიშნული წილების შეძენას არ გააჩნია ეკონომიკური გავლენა ან/და ეკონომიკური შინაარსი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოპერაციის რეალურ მიზანს წარმოადგენდა მომჩივანიდან დაუბეგრავად ფულადი სახსრების გატანა საბოლოო მაკონტროლებელ ფიზიკურ პირზე. შესაბამისად, კომპანიის მიერ წილის ნასყიდობის საფუძვლით გადახდილი თანხები, ჩათვლილ იქნა პარტნიორზე/დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა.

2. მომჩივანს 2016 წელს რეალიზებული აქვს ბინა, საიდანც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება მისაღები თანხა. ხსენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ურთიერთშედარება მყიდველთან. იმის გათვალისწინებით, რომ საქონლის მიწოდებით წარმოშობილი მოთხოვნიდან გასულია მისი დაბრუნების გონივრული ვადა და ასევე, შემოწმების მიერ ვერ დასტურდება შესაბამისი საქონლის უკან დაბრუნების ფაქტი, მოთხოვნის თანხა დაკვალიფიცირებულ იქნა, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი და დაბეგრილ იქნა წყაროსთან. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19; 73(9); 981(1); 101; 130; 154;