გადაწყვეტილება №19387/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.05.2023
№ დოკუმენტი 19387/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19387/2/2023

18.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 11.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19387/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 20.10.2022 წლის №26615 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №041-65 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7321 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 121 792 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 65 235

დღგ - 44 681

საშემოსავლო გადასახადი - 20 554

ჯარიმა - 32 617

საურავი - 23 940

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2022 წლის №041-29 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.10.2022 წლის №26615 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის 2020 წლის საწყისი და საბოლოო მარაგების და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 20.10.2022 წლის №26615 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის 20.10.2022 წლის №26615 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, 2020 წლის საბოლოო მარაგების გაანგარიშება განხორციელდა ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის რეალურად არსებული მარაგების, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვების მიხედვით ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენებით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით 2020 წლის საბოლოო მარაგების ღირებულებამ 22 038 ლარი შეადგინა. შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირდა 29 092 ლარით, ხოლო ჯარიმა 14 546 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №041-65 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7321 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ 20.10.2022 წლის №26615 ბრძანების მიხედვით გადასახადის გადამხდელს მიეცა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების, მათ შორის, 2020 წლის საწყისი და საბოლოო მარაგების და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაციის აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი აღნიშნული დოკუმენტაცია/ინფორმაცია. საგადასახადო შემოწმების მიერ 2020 წლის საბოლოო მარაგების გაანგარიშება განხორციელდა ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის რეალურად არსებული მარაგების, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვების მიხედვით ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენებით, რამაც გამოიწვია შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი 25.08.2022 წლის საჩივრით არ გამხდარა სადავო, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტმა ნაწილობრივ აღასრულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და სრულად არ შეამცირა დარიცხული თანხები. საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. აუდიტის დეპარატმენტმა არასწორად დაადგინა საქონლის თვითღირებულება, რამაც გამოიწვია დასაბეგრი შემოსავლის ხელოვნურად გაზრდა.

მომჩივანი მოითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7321 ბრძანება, გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი და გათავისუფლებულ იქნას დაკისრებული სანქციებისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება; თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

შემოსავლების სამსახურის 20.10.2022 წლის №26615 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის 2020 წლის საწყისი და საბოლოო მარაგების და შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის 20.10.2022 წლის №26615 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, 2020 წლის საბოლოო მარაგების გაანგარიშება განხორციელდა ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის რეალურად არსებული მარაგების, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვების მიხედვით ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენებით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით 2020 წლის საბოლოო მარაგების ღირებულებამ 22 038 ლარი შეადგინა. შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირდა 29 092 ლარით, ხოლო ჯარიმა 14 546 ლარით.

მომჩივანი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარატმენტმა არასწორად დაადგინა საქონლის თვითღირებულება, რამაც გამოიწვია დასაბეგრი შემოსავლის ხელოვნურად გაზრდა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ დამატებითი მტკიცებულება წარდგენილი არ არის, ამასთან აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია სრულყოფილად და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის დასკვნით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 20.10.2022 წლის №26615 ბრძანების შესაბამისად.

მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 20.10.2022 წლის №26615 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მოითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7321 ბრძანება, გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი და გათავისუფლებულ იქნას დაკისრებული სანქციებისაგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 20.10.2022 წლის №26615 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის 20.10.2022 წლის №26615 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, 2020 წლის საბოლოო მარაგების გაანგარიშება განხორციელდა ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის რეალურად არსებული მარაგების, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვების მიხედვით ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენებით. შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხა საშემოსავლო გადასახადისდა ჯარიმის შემცირდა, ხოლო ჯარიმა. აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №041-65 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7321 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 80; 102; 105;145; 269; 286; .2021 წლამდე მოქმედი 161.