ბრძანება N 19913

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.09.2025
№ დოკუმენტი 19913
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19913

10 სექტემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ამხანაგობა ,,---ის" (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2025 წლის 30 ივლისის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა ამხანაგობა ,,---ს" (ს/ნ ---) 2025 წლის 30 ივლისის №120466/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №006-191 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ:

 არ ეთანხმება ავანსის თანხის (257 616 ლარის) შემოსავალში აღიარებას და დაბეგვრას. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ ტენდერის ფარგლებში მიღებული ავანსის თანხა შესაძლებელია უკან დაბრუნდეს ხაზინაში თუ პროექტი შესრულებულად არ ჩაითვლება. დამატებით მიუთითებს, რომ დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა დამკვეთთან მთელი რიგი მოთხოვნების გამო. ძალიან ბევრჯერ მოხდა სსიპ „---ის“ მხრიდან ტექნიკური დავალების შეცვლა ახალახალი მოთხოვნებით, დაწყებული პროექტის ლოკაციის მინიმუმ სამჯერ შეცვლით, რომელიც იწვევდა შესრულებული პროექტის თავიდან დაპროექტებას და ახალ ლოკაციასთან შესაბამისობაში მოყვანას, რაც ყოველ ჯერზე დაკმაყოფილდა ამხანაგობა „---ის“ მიერ. ასევე, განმარტავს, რომ ამხანაგობამ პროექტი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ჩააბარა დამკვეთს, თუმცა დღემდე არ არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რადგან არ არის შეთანხმებული პროექტი ქალაქ ---ის მერიასთან და არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა მათ მიერ.

 ითხოვს გაწეული ხარჯების გათვალისწინებას. მიუთითებს, რომ ამხანაგობას გაწეული აქვს ისეთი ხარჯები, რომლებზეც არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ზოგიერთი ხარჯი მუშაობის პროცესში იჩენდა თავს, მაგ.: სატენდერო მოსაკრებლების, ტენდერის გარანტიების მომსახურების, საექსპერტო მომსახურების, სადაზღვევო კომპანია „---ის“ მომსახურების ხარჯები და მრავალი სხვა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ზოგიერთი მომსახურე ორგანიზაცია მოითხოვდა მხოლოდ ნაღდ ანგარიშსწორებას, რის გამოც არ გამოიწერებოდა საგადასახადო ანგარიშფაქტურები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №8788 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ამხანაგობა ,,---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 24 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 27 ივნისის №13796 ბრძანება და ამავე თარიღის №006–191 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 160 565 ლარი, მათ შორის გადასახადი 92 365 ლარი, ჯარიმა 47 916 ლარი და საურავი 20 284 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

 ამხანაგობა „---ის“ საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში სამშენებლო დოკუმენტებისა და საპროექტო სამუშაოების მომზადება. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღირცხვას აწარმოებდა მატერიალური ფორმით (ცალკეული ჩანაწერების მეშვეობით). შემოწმების მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით გამოვლენილ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელს ჩასათვლელ თანხებში ასახული ჰქონდა წინა პერიოდში მიღებული (ჩათვლილი) ავანსის საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 824 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამხანაგობა „---ის“ დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი რეალიზაციიდან მიღებული ფული ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ფულად სარგებლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154- ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღირცხვას აწარმოებდა მატერიალური ფორმით (ცალკეული ჩანაწერების მეშვეობით). შემოწმების მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით გამოვლენილ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა, რაც დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი რეალიზაციიდან მიღებული ფული, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პოზიცია, რომლითაც არ ეთანხმება მიღებული ავანსის თანხის შემოსავალში აღიარებას და დაბეგვრას დაუსაბუთებელია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების მიერ მოხდა გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავება, რომლის მიხედვითაც ამხანაგობას სსიპ „---სგან“ ავანსად მიღებული თანხა გატანილი ჰქონდა საბანკო ტერმინალის საშუალებით, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 0-ს.

ამასთანავე, გადამხდელს აღნიშნული ავანსი არც დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ ჰქონდა ასახული. ამასთან დაკავშირებით, შემოწმებამ საქართველოს ----გან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელმაც დაადასტურა როგორც სახელშეკრულებო პირობები, ასევე, თანხის ავანსად გადახდა ამხანაგობა „---ს“, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მას შემდეგ, რაც სამუშაო უშუალოდ შესრულდება.

გადამხდელს აღნიშნული თანხა შემოწმების პერიოდის ბოლოსათვის გახარჯული ჰქონდა, კერძოდ, ნაწილი ამხანაგობის დამუძნებლებს შორის ჰქონდა განაწილებული, ხოლო ნაწილი საბანკო ტერმინალის საშუალებით გატანილი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის პოზიცია, რომლითაც ითხოვს გაწეული ხარჯების გათვალისწინებას, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების მიერ მოხდა ყველა იმ დოკუმენტური ხარჯების გათვალისწინება, რაც საბანკო ამონაწერების, საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა თუ სასაქონლო ზედნადებების მიხედვით ფიქსირდებოდა (სატენდერო მოსაკრებლები, პირგასამტეხლოები, გარანტიის ხარჯები და სხვა).

ამასთანავე, შემოწმებამ გამოითხოვა მესამე პირებისაგან ინფორმაცია, მათ შორის სადაზღვევო კომპანია „---გან“ და აღნიშნული გათვალისწინებული იქნა დამატებით ხარჯებში.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ამხანაგობა ,,---ს" (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება ავანსის თანხის (257 616 ლარის) შემოსავალში აღიარებას და დაბეგვრას ითხოვს გაწეული ხარჯების გათვალისწინებას. მიუთითებს, რომ ამხანაგობას გაწეული აქვს ისეთი ხარჯები, რომლებზეც არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ამხანაგობის საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში სამშენებლო დოკუმენტებისა და საპროექტო სამუშაოების მომზადება. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღირცხვას აწარმოებდა მატერიალური ფორმით (ცალკეული ჩანაწერების მეშვეობით). შემოწმების მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით გამოვლენილ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელს ჩასათვლელ თანხებში ასახული ჰქონდა წინა პერიოდში მიღებული (ჩათვლილი) ავანსის საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 824 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამხანაგობას დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი რეალიზაციიდან მიღებული ფული ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1,2); 163 (1,2); 164 (1); 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1).