ბრძანება N 13525

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.06.2023
№ დოკუმენტი 13525
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13525

14.06.2023

შპს „--------“ (ს/ნ ---------)

(მის.: -----------)

2023 წლის 10 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 მაისის სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ --------) 2023 წლის 10 აპრილის №80294/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მარტის №086-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ გვერდით არსებული სხვა მრავალი მაღაზიის პირობებში შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატი არ შეესაბამება რეალობას. მიუთითებს, რომ წარადგენს ყველა დოკუმენტს მოთხოვნისამებრ. ამასთან, გადამხდელი განმარტავს, რომ შესყიდული საქონლის გარკვეული რაოდენობა ფუჭდება და გადასაყრელია, შემოწმებამ კი სრულად ჩათვალა რეალიზებულად, რაც არასწორია.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №2584 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 5 იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 2 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 16 მარტის №5131 ბრძანება და 17 მარტის №086-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 297 993 ლარი, მათ შორის, გადასახადი 193 463 ლარი, ჯარიმა 96 193 ლარი, საურავი 8 337 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

 გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ხილ-ბოსტანით ვაჭრობა. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის დაცვით, არ აქვს ფაქტობრივი სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კომპანიის მიერ სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ საქონელს მიენიჭა კატეგორიები (სულ 20 კატეგორია). კომპანიის დოკუმენტური რეალიზაცია 5%-ზე ნაკლებია, შესაბამისად შემოწმებამ გამოიყენა აუდირებული ფასნამატი, რომელიც გავრცელდა 2021 და 2022 წელს საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (რპთ-ზე). საბოლოოდ დადგინდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 ამასთან, კომპანიაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განისაზღვრა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, რომლის მიხედვით ნაშთი იყო 0 ლარი. აღნიშნულის და ასევე კომპანიის სხვა ხარჯების გათვალისწინებით, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი დამატებითი რეალიზაციიდან მიღებული ფული ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საანგარიშო პერიოდის ბოლოს. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის გამოც შემოწმების მიმდინარეობისას შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შედეგად, შემოწმების მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფულის ნაშთისა და ხარჯების გათვალისწინებით არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი დამატებითი რეალიზაციიდან მიღებული ფული განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გაფუჭებული საქონლის გადაყრასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად გადამხდელი ვალდებული იყო ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას შეეტყობინებინა საგადასახადო ორგანოსთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესახებ და ჩამოწერა განეხორციელებინა მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში, თუმცა მსგავს ფაქტზე გადამხდელს არ მიუმართავს, შესაბამისად შეუძლებელი იყო მისი გათვალისწინება. აღნიშნული პროდუქცია ჩაითვალა კომპანიის მიერ რეალიზებულად და დაიბეგრა შესაბამისი წესით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენება, რამაც გამოიწვია დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, მართლზომიერია, ხოლო მიღებული ფულადი ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს. ამასთან, გადამხდელი განმარტავს, რომ შესყიდული საქონლის გარკვეული რაოდენობა ფუჭდება და გადასაყრელია, შემოწმებამ კი სრულად ჩათვალა რეალიზებულად, რაც არასწორია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ხილ-ბოსტანით ვაჭრობა. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის დაცვით, არ აქვს ფაქტობრივი სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კომპანიის მიერ სასაქონლო ზედნადებებით შეძენილ საქონელს მიენიჭა კატეგორიები (სულ 20 კატეგორია). კომპანიის დოკუმენტური რეალიზაცია 5%-ზე ნაკლებია, შესაბამისად შემოწმებამ გამოიყენა აუდირებული ფასნამატი, რომელიც გავრცელდა 2021 და 2022 წელს საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (რპთ-ზე). საბოლოოდ დადგინდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, კომპანიაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განისაზღვრა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, რომლის მიხედვით ნაშთი იყო 0 ლარი. აღნიშნულის და ასევე კომპანიის სხვა ხარჯების გათვალისწინებით, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი დამატებითი რეალიზაციიდან მიღებული ფული ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საანგარიშო პერიოდის ბოლოს.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 61(3), 158(1), 159(1), 73, 101(1), 154, 145(6).