გადაწყვეტილება №23629/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.10.2024
№ დოკუმენტი 23629/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23629/2/2024

02 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 3.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23629/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17853 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის №094-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16813 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 498 653 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 107 609

ჯარიმა - 264 750

საურავი - 126 294

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხორბლის შეძენა, ფქვილის წარმოება და რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, სისხლის სამართლის №092061219003 საქმეზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს დადგენილების საფუძველზე, ამავე სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ შედგენილი თემატური რევიზიის 2021 წლის 8 ოქტომბრის აქტის შესაბამისად, განხორციელებულ ოპერაციებზე საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 21 დეკემბრის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 6 დეკემბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №092061219003 საქმეზე. საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მასალით დადგინდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (ეა-10 №"------", ეა-10 №"------", ეა-10 №"------", ეა-10 №„-------“, ეა-10 №„-------“, ეა-10 №„-------“, ეა-10 №„-------“, ეა-10 №„-------“, ეა-10 №„-------“) სიყალბე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად აქვს ჩათვლილი შემდეგი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ეა-10 №„-------“, ეა-10 №„-------“, ეა-10 №„-------“, ეა-10 №„-------“2019 წლის აგვისტოს, ეა-10 №„-------“, ეა-10 №„-------“, ეა-10 №„-------“2019 წლის სექტემბრის, ხოლო ეა-10 №„-------“, ეა-10 №„-------“ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდების მიხედვით წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ ზემოთ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის თანხა 107 607 ლარის ოდენობით სრულად დაექვემდებარა გაუქმებას. კერძოდ, შემცირდა 2019 წლის აგვისტოს, სექტემბრის და ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდების მიხედვით ჩათვლილი დღგ-ის თანხა. გადასახადის გადამხდელის დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმები საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2021 წლის 24 დეკემბრის №40600 ბრძანება და №094-173 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.09.2022 წლის №24036 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 10.11.2022 წლის №17933/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა, საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, განიხილა და 24.07.2023 წლის №17853 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვის საფუძველი, კერძოდ, სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბის საფუძვლით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17853 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მაისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №094-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16813 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების ეტაპზე შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილით მიწოდებული მასალებით, კერძოდ, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ დადგენილებით და ამავე სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის თემატური რევიზიის აქტით, თუმცა საქმესთან არსებული მასალებით, შემოწმების და ასევე ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრების განხილვის ეტაპზე არ დასტურდებოდა სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბე. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბის საფუძვლით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საკითხი. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე დადგინდა, რომ მომჩივანის მომწოდებელი კომპანიის (შპს „-------“) ხელმძღვანელი პირი მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადებას ან შეძენას გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებას ან გამოყენებას, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შპს „-------“-ის დირექტორს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების, მათ შორის: ეა-10 №„-------“, ეა-10 №„-------“, ეა-10 №„-------“, ეა-10 №„-------“, ეა-10 №„-------“, ეა-10 №„-------“, ეა-10 №„-------“, ეა-10 №„-------“, ეა-10 №„-------“საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისათვის.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჰქონდა მიღებული დღგ-ის ჩათვლა, რაც საგადასახადო შემოწმებით დაექვემდებარა გაუქმებას და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტში მითითებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია მომწოდებლის მიერ, მიღებულია რუსული ხორბალი. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ყალბია. თუ სიყალბეში ნაგულისხმევია ხორბლის წარმოშობა, ანუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული რუსული ხორბლის ნაცვლად ჩაითვალა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა ქართულ ხორბალს და არ უნდა დაბეგრილიყო დღგ-ით, ამაში დამნაშავე ვერ იქნება კომპანია, რადგან რეალურად მოხდა შესაბამისი რაოდენობის და ხარისხის ხორბლის მიღება, შემსყიდველს ეჭვის საფუძველიც კი არ გააჩნდა, რომ შეძენილი ხორბალი იყო საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი და მოხდა მიწოდებულ საგადასახადო ანგარიშფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხის, კანონმდებლობის სრული დაცვით, კეთილსინდისიერად ჩათვლა. როგორც ზემოთ აღინიშნა, კომპანიამ აღნიშნული ხორბალი შეიძინა სასაქონლო ზედნადებით, თანხა გადარიცხულია საბანკო ანგარიშიდან. თვით დასახელებაშიც მითითებულია „რუსული ხორბალი“. შესყიდვის ოპერაციიდან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ ჩათვლილია კანონიერად. გადასახადის გადამხდელი არის ხორბლის კეთილსინდისიერი შემძენი, აღნიშნული პროდუქცია სრულიად უთანაბრდებოდა რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის ხარისხს. სხვა დამატებითი მექანიზმი თავის დროზე, ხორბლის წარმოშობის გადასამოწმებლად, გადასახადის გადამხდელს არ სჭირდებოდა და არც ევალებოდა.

მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ, მე-2 ნაწილებზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, კომპანიაზე სანქციის დაკისრება იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ განახორციელა დღგ-ის ჩათვლა იმ საგადასახადო ოპერაციაზე, რომელიც გათავისუფლებული იყო დღგ-ის ჩათვლისგან. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების პირობებში, კანონშეუსაბამოა საგადასახადო ორგანოს მიერ გასაჩივრებული აქტების გამოცემა, რის გამოც გადასახადის გადამხდელის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

ზუსტად ანალოგიური შემთხვევისა და ფაქტობრივი მონაცემების საქმეზე, სასამართლო განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 6.12.2018 წ. საქმე №"------" (3ბ/2619-18), გადაწყვეტილება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განჩინებით (საქმე №ბს-355(2კ-19)). კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ფქვილის წარმოება და რეალიზაცია. შემოწმების აქტში მითითებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია მომწოდებლის მიერ, მიღებულია რუსული ხორბალი. შემოსავლების სამსახურის განმარტებით თურმე დადგინდა, რომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ყალბია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საბოლოო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე არ დამდგარა და არც შემოწმების აქტიდან ჩანს რით არის დადგენილი სიყალბე. თუ, სიყალბეში ნაგულისხმევია ხორბლის წარმოშობა, ანუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული რუსული ხორბლის ნაცვლად ჩაითვალა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა ქართულ ხორბალს და არ უნდა დაბეგრილიყო დღგ-ით, აღნიშნულში დამნაშავე ვერ იქნება კომპანია, რადგან რეალურად მოხდა შესაბამისი რაოდენობის და ხარისხის ხორბლის მიღება და მოწოდებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხის კანონმდებლობის სრული დაცვით, კეთილსინდისიერად ჩათვლა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურები გამოწერილია მომწოდებლის მიერ (მიღებულია რუსული ხორბალი) მითითებულია შესაბამისი რეკვიზიტები რითაც დასტურდება, რომ ხორბალი შემოტანილია რუსეთიდან. გამომდინარე აქედან, შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველ ორგანოს შეეძლო გამოეთხოვა და მიეღო ინფორმაცია, ამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიდან გამომდინარე, ხორბლის მოძრაობის შესახებ და იგივე ხორბალი მიიღო თუ არა კომპანიამ, რაც არ გააკეთა ადმინისტრაციულმა ორგანომ.

მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ამავე კოდექსის 601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269 მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს დარიცხული სანქციის მოხსნას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 19.09.2022 წლის №24036 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 10.11.2022 წლის №17933/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17853 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვის საფუძველი, კერძოდ, სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბის საფუძვლით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2024 წლის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:

სადავო საკითხის შესწავლისას საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციით, მომჩივანთან და სხვა კომპანიებთან განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით, ხორბლის მომწოდებელი კომპანიის შპს „-------“-ის ხელმძღვანელი პირი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. შესაბამისად, არ არსებობს გარემოება, რაც შეცვლიდა შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებს.

მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ყალბია. თუ სიყალბეში ნაგულისხმევია ხორბლის წარმოშობა, კომპანიამ აღნიშნული ხორბალი შეიძინა სასაქონლო ზედნადებით, თანხა გადარიცხულია საბანკო ანგარიშიდან. თვით დასახელებაშიც მითითებულია „რუსული ხორბალი“. შესყიდვის ოპერაციიდან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ ჩათვლილია კანონიერად. გადასახადის გადამხდელი არის ხორბლის კეთილსინდისიერი შემძენი, აღნიშნული პროდუქცია სრულიად უთანაბრდებოდა რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის ხარისხს. შემოსავლების სამსახურის განმარტებით დადგინდა, რომ სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ყალბია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე არ დამდგარა და არც შემოწმების აქტიდან ჩანს რით არის დადგენილი სიყალბე. თუ, სიყალბეში ნაგულისხმევია ხორბლის წარმოშობა, მოხდა შესაბამისი რაოდენობის და ხარისხის ხორბლის მიღება და მოწოდებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხის კანონმდებლობის სრული დაცვით, კეთილსინდისიერად ჩათვლა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია მომწოდებლის მიერ (მიღებულია რუსული ხორბალი) მითითებულია შესაბამისი რეკვიზიტები რითაც დასტურდება, რომ ხორბალი შემოტანილია რუსეთიდან.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტებზე დამატებით აღნიშნა, რომ კომპანიამ შეიძინა ხორბალი, ფქვილი ნაწარმოები და გაყიდულია, თვით ექსპერტიზითაც შეუძლებელია დადგენა იმისა რომელი ხორბალია, მაგრამ დოკუმენტში პირდაპირ წერია რომ არის რუსული ხორბალი და რომ კომპანიამდე მივიდა რუსული ხორბალი რისი გარკვევაც, ხორბალი ქართულია თუ რუსული, კომპანიას არ უჭირს. შემოწმებით, გადასახადის და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის გარდა, ამავე კოდექსის 280-ე მუხლის საფუძველზე ასევე დაეკისრა 200%-იანი ჯარიმა. სასამართლო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე არ გააჩნია, მაგრამ ხორბალი ნამდვილად შეძენილია კომპანიის მიერ, საქონელი გაყიდულია, ხარისხი მისაღები იყო და იყიდა, ამასთან კომპანია მუშაობს მხოლოდ რუსულ ხორბალზე.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფაქტობრივ გარემოებებზე დამატებით აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მომართა აუდიტის დეპარტამენტს დადგენილებით და წარმოადგინა თემატური რევიზიის აქტი, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს გამოძიება ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩამონათვალში (რომელშიც კომპანიებია ჩამოთვლილი სადაც შემოწმებები ჩატარდა) მითითებულია მომჩივანიც, ამასთან აღნიშნულია, რომ შპს „-------“-ს არ ქონდა იმ რაოდენობის იმპორტირებული ხორბალი შეძენილი, რა რაოდენობითაც მიწოდებული ქონდა სხვა კომპანიებისათვის. უშუალოდ მომჩივანთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ შპს „-------“-ის მიერ შპს N1-სგან შეძენილია ქართული ხორბალი 150 000 ლარის ოდენობით, რომელიც იგივე ავტო მანქანებით და იმავე ოდენობითაა ასახული შეძენის სასაქონლო ზედნადებებში. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას, საგამოძიებო სამსახურს წერილობით ეთხოვა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი მასალების/ინფორმაციის წარდგენა, რაზეც წერილობით აცნობეს, რომ შპს „-------“-ის ხელმძღვანელი პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქმე წარმართულია სასამართლოში. ამ ინფორმაციის და იმის გათვალისწინებით, რომ ხორბალი, რომელიც მიწოდებული იყო არის ქართული წარმოშობის, არ დგინდებოდა გარემოებები რაც საშუალებას მისცემდა შეემცირებინა საგადასახადო ვალდებულებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამოძიებით დადგენილია სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბე და აღნიშნული საგადასახადო დოკუმენტის გამომწერი კომპანიის (შპს „-------“-ს ) პასუხისმგებელი პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

რაც შეეხება მომჩივანი თხოვნას აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №094-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლებას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17853 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17853 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269 მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს დარიცხული სანქციის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 6 დეკემბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №092061219003 საქმეზე. საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მასალით დადგინდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად აქვს ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის თანხა სრულად დაექვემდებარა გაუქმებას. კერძოდ, შემცირდა 2019 წლის აგვისტოს, სექტემბრის და ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდების მიხედვით ჩათვლილი დღგ-ის თანხა. გადამხდელის დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმები.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17853 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

269(7),275,280.