გადაწყვეტილება №18708/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18708/2/2023
17.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "---------" (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------" 23.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18708/2/2023).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის №052-14 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №30952 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 218 317 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 116 890
დღგ - 88 162
საშემოსავლო გადასახადი - 28 728
ჯარიმა - 58 863
საურავი - 42 564
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6358 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი 2021 წლის ივლისიდან აღარ საქმიანობს. შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. ამასთან, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად გამოვლენილია საკონტროლოსალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევის სამი შემთხვევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გაანგარიშებისას გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული და გამოწერილი 2 საგადასახადო დოკუმენტაცია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №12481 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფაქტობრივი ნაშთის შესახებ ინფორმაცია. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული (13 შემთხვევა) საკონტროლო შესყიდვის მასალები (შეძენილი იქნა 20 დასახელების სხვადასხვა საქონელი). შესყიდული საქონლის საშუალო ფასნამატი შეადგენს 17%-ს.
გაანგარიშდა 2019, 2020 და 2021 წლების რპთ, რომელზეც გავრცელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურებით დადგენილი ფასნამატი საქონლის ცალკეული ჯგუფების მიხედვით. შედეგად, მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა დეკლარირებულთან შედარებით. სხვაობის თანხა გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად შესაბამის თვეებზე. მეწარმეს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმებით ასევე გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი დეკლარირებულთან შედარებით. საგადასახადო კოდექსის 89-ე და 90-ე მუხლების შესაბამისად, ვინაიდან 2019 წლის დეკემბრის და 2020 წლის დეკემბერის თვეებში ერთობლივმა შემოსავალმა გადააჭარბა 500 000 ლარიან ზღვარს, აღნიშნული შემოსავალი დაიბეგრა 3 პროცენტით. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს შემოწმების შედეგად შეუჩერდა მცირე ბიზნესის სტატუსი. შესაბამისად, 2021 წლის პირველი იანვრიდან მეწარმეს წარმოეშვა ვალდებულება შესაბამის პერიოდზე წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია.
შედეგად, 2019 წლის ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 43 837 ლარით, ხოლო 2021 წლის - 199 627 ლარით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ივლისის №18099 ბრძანება და 12 ივლისის №052-14 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 218 317 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 25 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 8 დეკემბრის №30952 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 79-ე, 81-ე, 88-ე, 89-ე, 90-ე, 93-ე, მე-100, 153-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
თანხების დარიცხვის საფუძველი გახდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომელიც თითქმის მთლიანად ეფუძნება მომჩივანთან ჩატარებული საკონტროლო შესყიდვებიდან გამოყვანილ საშუალო ფასნამატის მაჩვენებელს.
შემოსავლების სამსახურმა 6 თვე მოანდომა საჩივრის განხილვას და გადასახადის გადამხდელის დასწრების და არგუმენტაციის მოსმენის გარეშე მიიღო 2022 წლის 8 დეკემბრის №30952 ბრძანება საჩივრის არდაკმაყოფილების შესახებ.
აღნიშნული ადმინისტრაციული აქტების შედგენისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული ამავე აქტის გამომცემი საგადასახადო ორგანოს მიერ.
30.06.2022 წლის აქტის მიხედვით, თანხების დარიცხვის ძირითადი მიზეზი გახდა არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საკონტროლო შესყიდვების მიხედვით გამოყვანილი საშუალო ფასნამატი, რომლის საფუძველზეც ხელოვნურად გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვები.
არამართებულია არასწორად გამოყვანილი შეწონილი საშუალო ფასნამატის გავრცელება მომჩივნის მიერ რეალიზებულ მთლიან საქონელზე, ვინაიდან საკონტროლო შესყიდვები განხორციელებულია მხოლოდ რამოდენიმე ტიპის საქონელზე, რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა ფასნამატი და ხვედრითი წილი მთლიან შესყიდვებში. აღიარებს, რომ საბუღალტრო აღრიცხვაანგარიშგება ნაწარმოები არ აქვს სრულყოფილად, მაგრამ უმორჩილესად ითხოვს საკონტროლო შესყიდვების მიხედვით დაფიქსირებული ფასნამატების განცალკევებას თითოეული ჯგუფის საქონელზე და დარიცხული თანხების გადაანგარიშებას შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
როგორც შემოწმების აქტიდან ნათლად ჩანს, შემმოწმებლებს 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქონლის ნაშთად აღებული აქვთ 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დაფიქსირებული საბოლოო მარაგების ნაშთი 265 633 ლარის ოდენობით. სამწუხაროდ, მომჩივნის მიერ 2018 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია შევსებულია არასწორად და მასში 2018 წელს შეძენილი საქონელი და საბოლოო მარაგების ნაშთი დაფიქსირებულია დღგ-ის ჩათვლით. კერძოდ, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი 2018 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში შეძენილი მარაგების ღირებულებად დაფიქსირებულია 374 476,74 ლარი.
სწორედ აღნიშნულ თანხას შეადგენს 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მომჩივნის მიერ შეძენილი სასაქონლო მარაგების ღირებულება, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სრულად არის ატვირთული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე და სადაც ასევე ნათლად ჩანს, რომ უკან დაბრულებების გათვალისწინებით, 7 312 ცალი სასაქონლო ზედნადების მიხედვით, 2018 წელში საქონლის შეძენა არის 374,476,74 ლარი. აღნიშნული თანხა მოიცავს დღგ-ის თანხასაც 34 460 ლარის ოდენობით, რომლებზეც საქონლის მომწოდებლების მიერ 2018 წელს გამოწერილია შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც მეწარმის მიერ სრულად ჩათვლილია დღგ-ში 2018 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით და რომლის გამოკლებითაც უნდა ასახულიყო 2018 წლის შეძენებში სასაქონლო მარაგების ღირებულება და შესაბამისად, ამავე თანხის გამოკლებით უნდა იყოს დაფიქსირებული 2018 წლის საბოლოო მარაგების ღირებულება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება შემოწმების აქტის მონაცემებითაც, ვინაიდან 2018 წლის პერიოდის ანალოგიურად 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში 2019 წელს შეძენილი სასაქონლო მარაგების ნაშთი ასახულია დღგ-ის ჩათვლით 121 574 ლარის ოდენობით, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტით ეს ფაქტი აღიარებულია და შეძენილი მარაგების ღირებულება შემცირებულია დღგ-ის თანხით 18 418 ლარის ოდენობით, თუმცა სამწუხაროდ საბოლოო სასაქონლო მარაგების ნაშთის თვითღირებულება იგივე თანხით შემმოწმებლებს შემცირებული არ აქვთ და დეკლარირებული 294 046 ლარის მარაგების ნაშთი დატოვებული აქვთ უცვლელი ოდენობით, იგივე დღგ-ის თანხით 18 418 ლარით შემცირების გარეშე, რის გამოც მომჩივანს ამ კუთხით ერიცხება კუთვნილზე მეტი გადასახადი
ამ ფაქტობრივ გარემოებაზე შემოსავლების სამსახურს საერთოდ არ უმსჯელია და არ გამოუკვლევია ის ფაქტი, რომ ყოველ საანგარიშო წელში დეკლარირებული შეძენილი მარაგების ღირებულება, ასევე საწყისი და საბოლოო მარაგების ღირებულება ასახულია დღგ-ის ჩათვლით, ხოლო შემოწმების აქტის მიხედვით, შეძენების ღირებულებიდან დღგ-ის თანხის ამოღების (შემცირების) პარალელურად იგივე თანხებით არ მომხდარა საწყისი და საბოლოო მარაგების კორექტირება (შემცირება). შესაბამისად, მიღებულია ყოვლად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს, რომ მოხდეს 2018 წლის საბოლოო, ანუ 2019 წლის საწყისი სასაქონლო მარაგების ნაშთის კორექტირება და ის 265 633 ლარის ნაცვლად განისაზღვროს 265 633 – 34 460 = 231 173 ლარის ოდენობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის რომ მეწარმეს საქონელს უყიდიან და ფასნამატს უვრცელებენ დღგ-ის ჩათვლით ნაშთზე და ეს იმ დროს, როცა თავად იღებენ 4 დეკლარირებული შეძენის მონაცემიდან დღგ-ის თანხას, ხოლო იგივე თანხით საბოლოო მარაგების ნაშთს არ ამცირებენ, რაც ყოვლად მიუღებელი და უსაფუძვლოა, წარმოადგენს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმების ფაქტს და რის გამოც, მეწარმეს 2019 წელში მინიმუმ დღგ-ში არასწორად და ზედმეტად ერიცხება ძირითადი გადასახადის სახით (34 460+18 418)*1,17%*18%=11 136 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადში კი მინიმუმ 620 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ითხოვს რეალიზაციაში ზედმეტად ასახული მარაგების თანხის და მასთან დაკავშირებით დარიცხული გადასახადის თანხების კორექტირებას. ასევე, იმის გამო, რომ სასაქონლო მარაგები გაუყიდეს დღგ-ის ჩათვლით, მცირე ბიზნესის გადასახადის გადამხდელიდან გადაიყვანეს ჩვეულებრივ დაბეგვის რეჟიმში, რაც ასევე დაუშვებელია.
სახელების საქონელი და გამოყვანილია მათი საშუალო შეწონილი ფასნამატი, რაც არასწორია, ვინაიდან თითოეულ ამ საქონელს სხვადასხვა ხვედრითი წილი უკავია შეძენებში, ასევე სხვადასხვა არის მათი ფასნამატი, ხოლო მომჩივნის მიერ შეძენილი საქონლის უმეტეს ნაწილზე საკონტროლო შესყიდვა არაა ჩატარებული, ხოლო მათი ფასნამატები კი დადგენილ საშუალო 17%-ზე ნაკლებია.
კერძოდ, 2019 წლის 26 თებერვალს საკონტროლო შესყიდვით შეძენილი იქნა 2,5 ლიტრიანი პეტის ლუდი ქარვა და მასში გადახდილი იქნა 7,5 ლარი, ხოლო ეს საქონელი მიღებული იყო ელექტრონული სასაქონლო ზედნადები "------" -ით 2019 წლის 30 იანვარს და მისი შეძენის ფასი არის 6,5 ლარი. შესაბამისად, მასზე ფასნამატი გამოდის 1 ლარი, ხოლო ფასნამატი კი არანაირად არ გამოდის 17% და ის მხოლოდ 15%-ს შეადგენს. პეტში ლუდის ნაწარმის ფასნამატი არასოდეს არ აღემატება 15%, ხოლო აქციების დროს 10%-ს, ხოლო შემოწმებულ პერიოდში ლუდის ნაწარმი შეძენილია 61,4 ათას ლარზე მეტი ოდენობით, ასევე 2019 წლის 1 იანვრისთვის ლუდის ნაწარმის ნაშთი საერთო დღგ-ის გარეშე თვითღირებულებაში - 231 173 ლარში შეადგენს 23 758 ლარს. შესაბამისად, ამ თანხების ჯამზე 61,4+23,7=85,1 ათას ლარზე მინიმუმ 2%-ით მეტი ფასნამატია გავრცელებული და მეტი დღგ და საშემოსავლო გადასახადია დარიცხული.
ანალოგიურად, 2019 წლის 30 მაისს საკონტროლო შესყიდვით შეძენილი იქნა სიგარეტი „კენტი 4“ და მასში გადახდილი იქნა 5,5 ლარი, ხოლო ეს საქონელი მიღებული იყო ელექტრონული სასაქონლო ზედნადები "------"-ით 2019 წლის 25 აპრილს და მისი შეძენის ფასი არის 5,14 ლარი. შესაბამისად, მასზე ფასნამატი დღგ-ის ჩათვლით გამოდის 0.36 ლარი, ხოლო ფასნამატი კი არანაირად არ გამოდის 17% და ის მხოლოდ 7%-ს შეადგენს. ასევე, 2019 წლის 18 ივლისს საკონტროლო შესყიდვით შეძენილი იქნა სიგარეტი „კენტი“ და მასში გადახდილი იქნა 5,6 ლარი, ხოლო 2019 წლის 2 ოქტომბერს კვლავ იქნა შეძენილი სიგარეტი „კენტი“ და მასში გადახდილი იქნა ისევ 5,6 ლარი. ეს საქონელი მიღებული იყო ელექტრონული სასაქონლო ზედნადები "------"-ით 2019 წლის 18 აპრილს და მისი შეძენის ფასი არის 5,14 ლარი. შესაბამისად, მასზე ფასნამატი დღგ-ის ჩათვლით გამოდის 0.46 ლარი, ხოლო ფასნამატი კი არანაირად არ გამოდის 17% და ის მხოლოდ 8%-ს შეადგენს. ასევე, 2019 წლის 22 ნოემბერს საკონტროლო შესყიდვით შეძენილი იქნა სიგარეტი „სობრანიე“ და მასში გადახდილი იქნა 6,7 ლარი, ხოლო ეს საქონელი მიღებული იყო ელექტრონული სასაქონლო ზედნადები "------" -ით 2019 წლის 12 ნოემბერს და მისი შეძენის ფასი არის 6,18 ლარი. შესაბამისად, მასზე ფასნამატი დღგ-ის ჩათვლით გამოდის 0.52 ლარი, ხოლო ფასნამატი კი არანაირად არ გამოდის 17% და ის მხოლოდ 8%-ს შეადგენს. სიგარეტის ნაწარმის ფასნამატი არასოდეს არ აღემატება 7%-8%-ს. შემოწმებულ პერიოდში სიგარეტის ნაწარმი შეძენილია 75,1 ათას ლარზე მეტი ოდენობით. 2019 წლის 1 იანვრისთვის სიგარეტის ნაწარმის ნაშთი საერთო დღგ-ის გარეშე თვითღირებულებაში - 231 173 ლარში შეადგენს 35,6 ათას ლარს. შესაბამისად, ამ თანხების ჯამზე 75,1+29,6=104,7 ათას ლარზე 10%-ით მეტი ფასნამატია გავრცელებული და მეტი დღგ და საშემოსავლო გადასახადია დარიცხული.
კერძოდ, 2021 წლის 5 მარტს საკონტროლო შესყიდვით შეძენილი იქნა ორცხობილა იაშკინო ჯენსი 180 გრამიანი და მასში გადახდილი იქნა 1,7 ლარი, ხოლო ეს საქონელი მიღებული იყო ელექტრონული სასაქონლო ზედნადები "------"-ით 2021 წლის 4 მარტს და მისი შეძენის ფასი არის 5 1,59 ლარი. შესაბამისად, მასზე ფასნამატი გამოდის 0,11 ლარი, ხოლო ფასნამატი კი არანაირად არ გამოდის 17% და ის მხოლოდ 7%-ს შეადგენს. ორცხობილის ნაწარმის ფასნამატი არასოდეს არ აღემატება 7%-10%-ს, ხოლო შემოწმებულ პერიოდში ეს ნაწარმი შეძენილია 6,4 ათას ლარზე მეტი ოდენობით. ასევე, 2019 წლის 1 იანვრისთვის ამ ასორტიმენტის ნაშთი საერთო დღგ-ის გარეშე თვითღირებულებაში - 231 173 ლარში შეადგენს 1,3 ათას ლარს. შესაბამისად, ამ თანხების ჯამზე 6,4+1,3=7,7 ათას ლარზე 10%-ით მეტი ფასნამატია გავრცელებული და მეტი დღგ და საშემოსავლო გადასახადია დარიცხული.
ამ ფაქტობრივ გარემოებაზე შემოსავლების სამსახურს საერთოდ არ უმსჯელია და არ გამოუკვლევია. შემოსავლების სამსახური ამ ფაქტობრივ გარემოებებს საერთოდ გვერდს უვლის და საერთო არ საუბრობს მასზედ, სწორია თუ არა მომჩივნის მიერ მოყვანილი ფაქტობრივი მაჩვენებლები. კერძოდ, მეწარმე სადაოდ არ ხდის თითოეული საკონტროლო შესყიდვით დაფისირებულ საქონლის რეალიზაციის თანხას, მაგრამ პირდაპირ უთითებს იმ ზედნადებზე და მის თანმხლებ ანგარიშფაქტურაზე, რომლითაც მიღებული იქნა ამ საკონტროლო შესყიდვას დაქვემდებარებული საქონელის სახეობები და რომელთა მიხედვითაც დაფიქსირებულია ამ თითოეული კონკრეტული საქონლის თვითღირებულებები. შესაბამისად, ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ამ საკონტროლო შესყიდვას დაქვემდებარებულ ამ კონკრეტული სახეობის საქონელზე ფასნამატი არის არა საერთო საშუალო შეწონილი ფასნამატი 17%, არამდე გაცილებით ნაკლები და რომ ამის გამო, გადასახადის გადამხდელს კუთვნილზე მეტი ოდენობით აქვს დარიცხული შესაბამისი გადასახადები. ვერც შემოსავლების სამსახური და ვერც აუდიტის დეპარტამენტი ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მეწარმის მიერ მოყვანილი ზედნადებების და ფაქტურების მონაცემები მცდარია და რომ მომჩივნის მიერ საჩივარში დაფიქსირებული ფასები არის დამახინჯებული ან მცდარი, რის გამოც ამ კუთხით მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო და აბსურდული. შესაბამისად, ამ ნაწილშიც მიღებულია ყოვლად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან საერთოდ არაა მსჯელობა ბრძანებაში ამ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საგადასახადო ორგანომ საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენების პრინციპით განახორციელა დარიცხვა. კერძოდ, საგადასახადო ორგანომ გამოიყვანა ე.წ. „საშუალო შეწონილი ფასნამატი“, მაშინ როდესაც მეწარმის მიერ შეძენილ და რეალიზებულ სხვადასხვა სახის საქონელს გააჩნია სხვადასხვა ფასნამატის მაჩვენებელი, ასევე სხვადასხვა საქონლის თვითღირებულება მთლიან შესყიდვებში სხვადასხვაა. კერძოდ, რეალიზაციაში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი უკავია დაბალი ფასნამატის მქონე ნაწარმს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საკონტროლო შესყიდვა არაა განხორციელებული ისეთი დიდი მოცულობის სასაქონლო ასორტიმენტზე (პოზიციებზე), როგორიცაა: მინერალური წყლები (ბორჯომი, ლიკანი, ნაბეღლავი, საირმე), ასევე წყაროს წყალზე (ბაკურიანი, ბახმარო, სნო), არაალკოჰოლურ სასმელებზე (კოკა-კოლა, პეპსი-კოლა, არსი-კოლა, ლიმონათები, სხვადასხვა წვენები), პურზე და პურპროდუქტებზე, რძის ნაწარმზე (რძე, არაჟანი, ხაჭო, მაწონი, იოგურტები და ა.შ.), კვერცხზე, მაიონეზზე და ნაწილობრივ სხვა ტიპის ორცხობილებზე. აღნიშნული კატეგორიის უმეტეს ასორტიმენტზე (პურპროდუქტები, მინერალური და წყაროს წყლები, არაალკოჰოლური სასმელები, რძის ნაწარმი, მაიონეზი) სარეალიზაციო ფასების ზღვარი დაწესებულია მომწოდებლების მიერ და მას მომჩივანი ვერანაირად შეცვლიდა, მითუმეტეს, როდესაც სავაჭრო ობიექტი განთავსებული იყო საბითუმო ვაჭრობის მაღაზიების გევრდით ვაგზლის ტერიტორიაზე. აღნიშნულ ნაწარმზე საყოველთაოდ ცნობილია, რომ არ არის მაღალი ფასნამატის მაჩვენებელი. ასე მაგალითად, პურპროდუქტებზე ფასნამატი არასოდეს არ აღემატება 7,5%-8%-ს, მინერალურ წყლებზე 7%-8%ს, ხოლო წყაროს წყალზე 9%-10%ს, ასევე არაალკოჰოლურ სასმელებზე (კოკა-კოლა, პეპსი-კოლა, არსიკოლა, ლიმონათები, სხვადასხვა წვენები) არსებული ფასნამატი არ აღემატება 12%-15%-ს, ხოლო აქციის პირობებში კი 7%-8%-ს, ანალოგიურად რძის ნაწარმზე (რძე, არაჟანი, ხაჭო, მაწონი, იოგურტები და ა.შ.) არსებული ფასნამატი მხოლოდ 9%-10%-ია, კვერცხზე არსებული ფასნამტი კი არ აღემატებოდა 7%-10%-ს, მაიონეზის ნაწარმზე კი 9%-10%-ს.
ასე მაგალითად, თუ მომჩივნის მიერ თეთრი დაჭრილი ქარტოს პური 2019 წელს შეძენილია 0.83 ლარად, მისი სარეალიზაციო ფასი იმ პერიოდში მხოლოდ 0,9 ლარს შეადგენდა, ხოლო მისი ფასნამატი გამოდის მხოლოდ 8% და არანაირად 17%, ჭვავის პური შეძენილი იყო 0,65 ლარად, ხოლო მისი სარეალიზაციო ფასი იმ დროს იყო 0,7 ლარი, ხოლო ფასნამატი კი გამოდის 7,5% და არა 17%. ანალოგიური მდგომარეობაა პურ-პროდუქტებზე 2020-2021 წლებშიც. სულ, 2019-2021 წლებში, მეწარმის მიერ შეძენილია 30 ათას ლარზე მეტი ოდენობის პურ-პროდუქტები.
ასე მაგალითად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ 1 ლიტრიანი პეტის ბორჯომი 2019 წელს შეძენილია 1,08 ლარად, მისი სარეალიზაციო ფასი იმ პერიოდში სხვადასხვა დროს მხოლოდ 1,15-1,2 ლარს შეადგენდა, ხოლო მისი ფასნამატი გამოდის მხოლოდ 7%-10% და არანაირად 17%, ნაბეღლავი შეძენილი იყო სხვადასხვა დროს 0,88-1 ლარად, ხოლო მისი სარეალიზაციო ფასი სხვადასხვა დროს იყო 0,95-1,1 ლარი, ხოლო ფასნამატი კი გამოდის 7,9%-10% და არა 17%. ანალოგიური მდგომარეობაა ამ ნაწარმზე 2020-2021 წლებშიც. სულ, 2019-2021 წლებში, მეწარმის მიერ შეძენილია 30 ათას ლარზე მეტი ოდენობის აღნიშნული ნაწარმი, ხოლო 2019 წლის 1 იანვრისთვის ამ პროდუქტების წილი საერთო ნაშთში შეადგენდა დღგ-ის გარეშე 5 563 ლარს.
ასევე, 2019-2021 წლებში მომჩივნის მიერ შეძენილია 8 ათას ლარზე მეტი ოდენობის წყაროს წყალი, ხოლო 2019 წლის 1 იანვრისთვის ამ პროდუქტების წილი საერთო ნაშთში შეადგენდა დღგ-ის გარეშე 3,3 ათას ლარს.
ასე მაგალითად, თუ მეწარმის მიერ 400 გრამიანი მაწონი 2019 წელს შეძენილია 1,66 ლარად, ხოლო მისი სარეალიზაციო ფასი იმ პერიოდში სხვადასხვა დროს მხოლოდ 1,8 ლარს შეადგენდა, ხოლო მისი ფასნამატი გამოდის მხოლოდ 8% და არანაირად 17%, 400 გრამიანი არაჟანი შეძენილი იყო იმავე დროს 2,7 ლარად, ხოლო მისი სარეალიზაციო ფასი იმავე დროს იყო 2,9 ლარი, ხოლო ფასნამატი კი გამოდის 7,5% და არა 17%. ანალოგიური მდგომარეობაა ამ სახის ნაწარმზე 2020-2021 წლებშიც. სულ, 2019-2021 წლებში, შეძენილია 27,4 ათას ლარზე მეტი ოდენობის აღნიშნული ნაწარმი.
რაც შეეხება არაალკოჰოლურ სასმელებს (კოკა-კოლა, პეპსი-კოლა, არსი-კოლა, ლიმონათები, სხვადასხვა წვენები), მაგალითად, 1,5 ლიტრიანი პეტის „კოკა-კოლა“ მიღებულია 2,05 ლარად, ხოლო მისი სარეალიზაციო ფასი 2019 წელს იყო 2,3 ლარი, რისი გათვალისწინებითაც ფასნამატი გამოდის 12% და არა 17%, ანალოგიური მდგომარეობაა სხვა წლებში ამავე კატეგორიის მთელ ასორტიმენტზე. სულ, 2019-2021 წლებში, შეძენილია 50 ათას ლარზე მეტი ოდენობის აღნიშნული ნაწარმი, ხოლო 2019 წლის 1 იანვრისთვის ამ პროდუქტების წილი საერთო ნაშთში შეადგენდა დღგ-ის გარეშე 22 706 ლარს.
ასევე, მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ის გარემოებაც, რომ 2020-2021 წლებში არსებული კოვიდპანდემიის გამო, სავაჭრო ობიექტი უმეტეს შემთხვევაში დაკეტილი იყო. ამავე პერიოდში რამოდენიმეჯერ გაუფუჭდა საკმაოდ დიდი მოცულობის მოკლევადიანი და მალეფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც სამწუხაროდ გადაყარა ისე, რომ საგადასახადო ორგანოსთვის შესაბამისი შეტყობინება არ გაუგზავნია, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ამ ნაწილში მეწარმის უცოდინრობით და შეცდომით. ამასთან, მომჩივანს მართლაც რომ ასეთი ფასნამატით ევაჭრა ყველა ტიპის და ასორტიმენტის საქონელზე, მაშინ იძულებული არ გახდებოდა, რომ 2021 წლის ივნისის თვეში საერთოდ შეეჩერებინა საქმიანობა და დაეხურა მაღაზია.
ზემოთაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მომჩივანი ითხოვს სასაქონლო მარაგების ღირებულებაში ზედმეტად შეტანილი დღგ-ის თანხების ანგარიშში სასაქონლო მარაგების ნაშთების და რეალიზაციაში ასახული მარაგების ღირებულების კორექტირებას, ასევე საქონლის დაყოფას მის მიერ მითითებულ კატეგორიებად და მათზე მხოლოდ ამ კატეგორიაზე არსებული ფასნამატის გავრცელებას და კუთვნილი გადასახადების ამ სახით განსაზღვრას.
გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან, გადასახადის გადამხდელი ითხოვს, რომ მოხდეს ამ კუთხით დაშვებული ყველა უზუსტობის გასწორება, მოხდეს თითოეული სასაქონლო პოზიციის მიხედვით არსებული ფასნამატების შესწავლა, ასევე დეკლარირებული მონაცემების თავიდან შესწავლა ზემოთმოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადებში უსაფუძვლოდ დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების კორექტირება. შესაბამისად, ამ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს ასეთი დარიცხვა არ უნდა განეხორციელებინა და ასეთი ქმედება ფაქტობრივად წარმოადგენს მეწარმის საგადასახადო ტვირთის დამძიმების ფაქტს.
მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მხრიდან დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლები. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომელიც დასაბუთებულია მომჩივნის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი არგუმენტაციით და რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადი გადამხდელი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები და მოხდეს დარიცხული თანხების გადაანგარიშება საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი
ამავე კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 მუხლის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
ამავე კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, გამოვლენილია საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევის 3 ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საგადასახადო ორგანოს მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული და გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №12481 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფაქტობრივი ნაშთის შესახებ ინფორმაციით და შესამოწმებელ პერიოდში 13 შემთხვევაში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მასალებით (შეძენილია 20 დასახელების სხვადასხვა საქონელი) დათვლილ იქნა 2019-2021 წლების რპთ, რაზეც გავრცელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურებით დადგენილი ფასნამატი საქონლის ცალკეული ჯგუფების მიხედვით.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გავრცელებულ ფასნამატს. მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ წარმოდგენილ საჩივარში მითითებული აქვს კონკრეტულად რომელ 9 საქონელზე რამდენია ფასნამატი. ასევე, მითითებულია შესაბამისი ზედნადები. გადასახადის გადამხდელი ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდეს გადაანგარიშება.
ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტიდან ნათლად ჩანს, რომ შემმოწმებლებს 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქონლის ნაშთად აღებული აქვთ 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დაფიქსირებული საბოლოო მარაგების ნაშთი 265 633 ლარის ოდენობით. მის მიერ 2018 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია შევსებულია არასწორად და მასში 2018 წელს შეძენილი საქონელი და საბოლოო მარაგების ნაშთი დაფიქსირებულია დღგ-ის ჩათვლით. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დაადასტურა აღნიშნული გარემოება. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სადავო საკითხის, მომჩივნის არგუმენტაციის და წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №30952 ბრძანება;
3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
4.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მომჩივნის არგუმენტაცია, წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები და მოხდეს დარიცხული თანხების გადაანგარიშება საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №12481 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფაქტობრივი ნაშთის შესახებ ინფორმაცია. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის მასალები შესყიდული საქონლის საშუალო ფასნამატი შეადგენს 17%-ს.
გაანგარიშდა 2019, 2020 და 2021 წლების რპთ, რომელზეც გავრცელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურებით დადგენილი ფასნამატი საქონლის ცალკეული ჯგუფების მიხედვით. შედეგად, მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა დეკლარირებულთან შედარებით. სხვაობის თანხა გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად შესაბამის თვეებზე. მეწარმეს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმებით ასევე გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი დეკლარირებულთან შედარებით. საგადასახადო კოდექსის 89-ე და 90-ე მუხლების შესაბამისად, ვინაიდან 2019 წლის დეკემბრის და 2020 წლის დეკემბერის თვეებში ერთობლივმა შემოსავალმა გადააჭარბა 500 000 ლარიან ზღვარს, აღნიშნული შემოსავალი დაიბეგრა 3 პროცენტით. აგრეთვე, გადამხდელს შემოწმების შედეგად შეუჩერდა მცირე ბიზნესის სტატუსი. შესაბამისად, 2021 წლის პირველი იანვრიდან მეწარმეს წარმოეშვა ვალდებულება შესაბამის პერიოდზე წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სადავო საკითხის, მომჩივნის არგუმენტაციის და წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
72(5),79,90,93,159,163,164.