გადაწყვეტილება №24935/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24935/2/2025
23 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, შემადგენლობით, 27.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება თამარ ახობაძის 20.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24935/2/2025).
დავის საგანი:
სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარუდგენლობისათვის დაკისრებული ჯარიმის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.10.2024 წლის №189022 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის №189026 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 4.03.2025 წლის №3666 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 400 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 29.10.2024 წლის №189022 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევისათვის შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. ამასთან გადასახადის გადამხდელს ხელახლა დაევალა ინფორმაციის წარდგენა, თუმცა დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობისათვის, აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის №189026 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქცია - ჯარიმა 1000 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები 2024 წლის 6 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 19.12.2024 წლის №26632 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 31.01.2025 წლის №24622/2/2025 გადაწყვეტილებით, საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 4.03.2025 წლის №3666 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 70-ე, 43-ე, 269-ე, 279-ე მუხლებზე და საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 აგვისტოს №------- და 31 ოქტომბრის №-------- წერილებით მოთხოვნილი ინფორმაცია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების/ბათილად ცნობის და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს და ითხოვს მათ ბათილობას. აცხადებს, რომ პირველი შეტყობინების მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობა აუდიტის დეპარტამენტს, რომ მოთხოვნილ დოკუმენტაციას წარუდგენდა მაქსიმალურად მოკლე ვადაში, ვინაიდან წერილში მითითებული პირები არ იმყოფებოდნენ საქართველოში, ხოლო მეორე შეტყობინების შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს განსაზღვრულ ვადაში წარუდგინა ორი პირის მიერ ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია და მიუთითა, რომ დანარჩენ პირებზე დოკუმენტაციას წარადგენდა შეძლებისდაგვარად მოკლედ ვადაში. ამასთან, მეორე შეტყობინება როდესაც მიიღეს მათ არ გააჩნდათ სხვა დოკუმენტაცია, რომლის წარდგენასაც შეძლებდა, რაც ადასტურებს, რომ ჯარიმა დაერიცხა იმის გამო, რომ არ წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც ისედაც არ გააჩნდა.
ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახური ითხოვს ისეთ დოკუმენტაციის წარდგენას, რომლის მიღებაც დამოკიდებულია მესამე პირების ნებაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 აგვისტოს №------- და 31 ოქტომბრის №------ წერილებით საგადასახადო ორგანომ მომჩივნისგან მოითხოვა საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია (ამონაწერები) 10 ფიზიკური პირის მიერ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების (მათ შორის გზავნილების) მიზნობრიობის შესახებ, მეორე მხარის წერილობითი განმარტება დამოწმებული ნოტარიულად. მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის დაეკისრა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სანქცია.
საბჭო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილება პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა არ გულისხმობს პირის მიერ მესამე პირის ნებაზე დამოკიდებული ინფორმაციის მოთხოვნის უფლებას და შესაბამისად, პირის ვალდებულებას საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე შექმნას და წარადგინოს იმ სახის დოკუმენტი, რაც მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მისი დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად არ მიიღება.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა დამოკიდებულია მესამე პირების ნებაზე, საბჭოს არამართლზომიერად მიაჩნია გადასახადის გადამხდელისთვის დავალება მესამე პირებისგან გამოითხოვოს ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული ინფორმაცია ან მასვე მოთხოვოს შესაბამისი დოკუმენტის შექმნა (კონკრეტული ფიზიკური პირების მიერ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების მიზნობრიობის წერილობითი განმარტებები, ნოტარიულად დამოწმებული).
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მომჩივანმა ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობა აუდიტის დეპარტამენტს, რომ მოთხოვნილ დოკუმენტაციას წარუდგენდა მაქსიმალურად მოკლე ვადაში, ვინაიდან წერილში მითითებული პირები არ იმყოფებოდნენ საქართველოში, ხოლო მეორე შეტყობინების შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს განსაზღვრულ ვადაში წარუდგინა ორი პირის მიერ ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია და მიუთითა, რომ დანარჩენ პირებზე დოკუმენტაციას წარადგენდა შეძლებისდაგვარად მოკლედ ვადაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით მომჩივანს არამართლზომიერად შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები და სახეზეა აღნიშნული ოქმების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.03.2025 წლის №3666 ბრძანება;
3. გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 29.10.2024 წლის №189022 და 26.11.2024 წლის №189026 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარუდგენლობისათვის დაკისრებული ჯარიმის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 31 ოქტომბერს განმეორებით გაეგზავნა წერილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ, თუმცა მომჩივანმა სრულყოფილად არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, განმარტა მხოლოდ ორი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების (მათ შორის გზავნილების) მიზნობრიობის შესახებ, რომელიც ნოტარიულად არ იყო დამოწმებული, რაზეც აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ნოემბრის №189026 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა სანქცია - ჯარიმა 1000 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები 2024 წლის 6 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 19.12.2024 წლის №26632 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 31.01.2025 წლის №24622/2/2025 გადაწყვეტილებით, საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 4.03.2025 წლის №3666 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით მომჩივანს არამართლზომიერად შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279- ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები და სახეზეა აღნიშნული ოქმების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 70(1);279(2);