გადაწყვეტილება № 27058/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27058/2/2026
29 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 2.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27058/2/2026).
დავის საგანი:
1. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართების რეალიზაციის საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად დაკვალიფიცირება და დღგ-ით დაბეგვრა;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.11.2025 წლის №028-24 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3827 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 29 893.1 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 10 550.5
ჯარიმა - 15 635.59
საურავი - 3 707.01
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.06.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდებში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.10.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 13.11.2025 წლის №24970 ბრძანება და №028-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.02.2026 წლის №3827 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართების რეალიზაციის საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად დაკვალიფიცირება და დღგ-ით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 5 საცხოვრებელი ფართის შეძენა ქალაქ ----. აღნიშნული ფართებიდან 4 გაიყო ორად და განხორციელდა რეალიზაცია. ხოლო ერთი ფართის რეალიზაცია განხორციელებულია არაშესამოწმებელ პერიოდში გაყოფის გარეშე. ჯამურად შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 8 საცხოვრებელი ფართი. შეძენილი ბინიდან ერთი შესყიდული აქვს ფიზიკური პირისგან (არ არის დღგ-ის გადამხდელი), ხოლო დანარჩენი დღგ-ის გადამხდელი კომპანიებისგან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფართების დაყოფას და რეალიზაციას ძირითადად ახორციელებდა ბინების შეძენიდან უახლოეს პერიოდში (მომდევნო თვეში). მოცემული ოპერაციები არ არის ერთჯერადად განხორციელებული და ასევე მიზანი, რომ მათ რეალიზაციას აპირებდა, ფიქსირდება ქონების შუაზე გაყოფის დოკუმენტებში, რომლებიც შედგენილია შეძენიდან უახლოეს პერიოდში (ძირითადად მომდევნო თვეებში). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის მე-9 და 158-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართების რეალიზაცია განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. შემოწმებით დადგინდა, რომ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების ოპერაციების ჯამური თანხა აჭარბებს 100 000 ლარს 2022 წლის 19 დეკემბერს.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის მე-9, 158-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, პირს დაერიცხა დღგ და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, 136-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 5 საცხოვრებელი ფართის შეძენა ქალაქ -----. აღნიშნული ფართებიდან 4 გაიყო ორად და განხორციელდა რეალიზაცია, ხოლო ერთი ფართის რეალიზაცია განხორციელებულია არაშესამოწმებელ პერიოდში გაყოფის გარეშე. ჯამურად შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 8 საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული ფართების დაყოფას და რეალიზაციას ძირითადად ახორციელებდა ბინების შეძენიდან უახლოეს პერიოდში (მომდევნო თვეში). მოცემული ოპერაციები არ არის ერთჯერადად განხორციელებული და ასევე პირის მიზანი ფიქსირდება ქონების შუაზე გაყოფის დოკუმენტებში, რომლებიც შედგენილია შეძენიდან უახლოეს პერიოდში (ძირითადად მომდევნო თვეებში).
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი ბინების შეძენიდან უახლოეს პერიოდში ახორციელებდა მათ დაყოფას და შემდეგ რეალიზაციას, რის შედეგადაც შესამოწმებელ პერიოდში ჯამში რეალიზებულია არაერთი საცხოვრებელი ბინა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული
საქმიანობა წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას, რომლის ფარგლებში მიღებული შემოსავლის ჯამური თანხის 100 000 ლარიანი ზღვარის გადაჭარბების შემდეგ, კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ პირი დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად და გადაიხადოს გადასახადი. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, 2022 წელს შეძენილ ბინაზე დღგ უკვე გადახდილი იყო. არ იცოდა და არც კანონი ავალდებულებდა, 2022 წელს შეძენილ ბინაზე, რომელიც არ იყო განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის უნდა გამოეწერინებინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და 3 წლის გასვლის შემდეგ 2025 წელს გაყიდვის შემთხვევაში უნდა გადაეხადა დღგ.
ბინის გაყიდვა მოუწია რიგი მიზეზების გამო. 2022 წელს შეძენილ ბინაზე, რომელიც გაყიდა ზარალით 42 000 ლარად და რომელზეც წინა მესაკუთრეს გადახდილი ჰქონდა დღგ ბიუჯეტში, გაყიდვის შემთხვევაში კვლავ უნდა გადაეხადა დღგ. ასევე არ იცოდა, რომ 100 000 ლარიანი ზღვარის გადაჭარბებისას უნდა დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად.
არის ფიზიკური პირი, პედაგოგი, ვერ ერკვევა საგადასახადო კანონმდებლობაში. 2024 წელს შეიძინა 3 ბინა, შავი კარკასის მდგომარეობაში, რომელიც იმავე წელს გაყიდა, იმ მიზნით, რომ ეყიდა 1 დიდი ბინა და გაერემონტებინა თავისთვის და არა გასაყიდად. ბინები შეიძინა კომპანიისაგან. 2024 წელს გაყიდული 3 საკუთრებიდან შენაძენსა და გაყიდულს შორის მოგება არის 20 000 ლარი. საგადასახადო ორგანო აღნიშნავს, რომ არასრულად ასრულებდა საგადასახადო მოთხოვნებს, თითქოს ეწეოდა კომერციულ საქმიანობას, რაც აშკარად არასწორია. არ აპირებს რაიმე ბიზნეს საქმიანობას.
2022 წელს შეძენილ ბინაზე წინა მეპატრონეს გადახდილი აქვს დღგ, მაგ დროისათვის კანონი არ ავალდებულებდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოთხოვნას, ხოლო რაც შეეხება დანარჩენი 3 ბინის გაყიდვას, აღნიშნულზე მოგება რაც დარჩა 20 000 ლარი, აღნიშნულს აუცილებლად დაადეკლარირებს და გადაიხდის შესაბამის თანხას სახელმწიფო ბიუჯეტში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კარის მიზნებისთვის ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების განმახორციელებელი პირების საქმიანობა, გარდა ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის საქმიანობისა, ამ მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2026 წლის №----- წერილის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს უფიქსირდება 5 საცხოვრებელი ფართის შეძენა ქალაქ -----. აღნიშნული ფართებიდან 4 გაიყო ორად და განხორციელდა რეალიზაცია. ხოლო ერთი ფართის რეალიზაცია განხორციელებული არაშესამოწმებელ პერიოდში გაყოფის გარეშე. ჯამურად შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 8 საცხოვრებელი ფართი. შეძენილი ბინიდან ერთი შესყიდული აქვს ფიზიკური პირისგან (არ არის დღგ-ის გადამხდელი), ხოლო დანარჩენი დღგ-ის გადამხდელი კომპანიებისგან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფართების დაყოფას და რეალიზაცია ძირითადად ახორციელებდა ბინების შეძენიდან უახლოეს პერიოდში (მომდევნო თვეში). ზემოაღნიშნული ოპერაციები არ არის ერთჯერადად განხორციელებული და ასევე მიზანი, რომ მათ რეალიზაციას აპირებდა, ფიქსირდება ქონების შუაზე
გაყოფის დოკუმენტებში, რომლებიც შედგენილია შეძენიდან უახლოეს პერიოდში (ძირითადად მომდევნო თვეებში). შემოწმებით ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართების რეალიზაცია განხილულ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. შემოწმებით დადგინდა, რომ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების ოპერაციების ჯამური თანხა აჭარბებს 100 000 ლარს 19.12.2022 წელს, განხორციელებულ ოპერაციებზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი დღგ.
დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, მოპასუხე ორგანოს მიერ დამატებით წარმოდგენილ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა, მან ვერ შეძლო საგადასახადო ორგანოს გამაბათილებელი, რაიმე არგუმენტის ან მტკიცებულების წარმოდგენა, რაც მისი მხრიდან ზემოთ დასახელებული ბინების არაეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში შეძენარეალიზაციის ფაქტს დაადასტურებდა. გამომდინარე აქედან, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა, მის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული არაერთჯერადი, რამოდენიმე ბინის შეძენა, დაყოფა და შემდგომ რეალიზაცია, საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობის ფარგლებში მიწოდებას და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის მიერ საცხოვრებელი ფართების რეალიზაციის საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად დაკვალიფიცირების და დღგ-ით დაბეგვრის შესახებ მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
პირველი დავის საგნის ნაწილში დღგ-ში განხორციელებული დარიცხვიდან გამომდინარე, საწარმო დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის 13.11.2025 წლის №082-24 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, პირს გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა 15 635.59 ლარი და საურავი - 3 707.01 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით, 291-ე მუხლის მიხედვით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ
შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
უცნობი იყო დღგ-ის გადახდის ვალდებულების შესახებ, რომ სცოდნოდა აუცილებლად გადაიხდიდა, გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის, რომელიც გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ მრავალი წელია ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ეკონომიკური საქმიანობა არასოდეს განუხორციელებია და მისთვის უცნობი იყო დღგ-ის გადახდის ვალდებულების შესახებ, რომ სცოდნოდა აუცილებლად გადაიხდიდა, გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების განზრახ მცდელობას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლებას.
საბჭო იზიარებს მომჩივნის არგუმენტს, რომ მისთვის უცნობი იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის და გადახდის ვალდებულების წარმოშობის შესახებ, მიაჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან დღგ-ში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა და შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 13.11.2025 წლის №---- საგადასახადო მოთხოვნაში ასახული, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული ჯარიმისგან.
რაც შეეხება დაკისრებულ საურავს, საბჭო განმარტავს, რომ საურავი არის სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის, რომელიც შინაარსით წარმოადგენს ბიუჯეტში გადასახადის დაგვიანებით გადახდის შედეგად წარმოშობილი ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებას, რაც მას განასხვავებს ფულადი ჯარიმის შინაარსისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაკისრებული საურავისგან მომჩივნის გათავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 13.11.2025 წლის №028-24 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართების რეალიზაციის საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად დაკვალიფიცირება და დღგ-ით დაბეგვრა;
2. მომჩივანი, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს უფიქსირდება 5 საცხოვრებელი ფართის შეძენა აღნიშნული ფართებიდან 4 გაიყო ორად და განხორციელდა რეალიზაცია. ხოლო ერთი ფართის რეალიზაცია განხორციელებული არაშესამოწმებელ პერიოდში გაყოფის გარეშე. ჯამურად შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 8 საცხოვრებელი ფართი. შეძენილი ბინიდან ერთი შესყიდული აქვს ფიზიკური პირისგან (არ არის დღგ-ის გადამხდელი), ხოლო დანარჩენი დღგ-ის გადამხდელი კომპანიებისგან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფართების დაყოფას და რეალიზაცია ძირითადად ახორციელებდა ბინების შეძენიდან უახლოეს პერიოდში (მომდევნო თვეში). ზემოაღნიშნული ოპერაციები არ არის ერთჯერადად განხორციელებული და ასევე მიზანი, რომ მათ რეალიზაციას აპირებდა, ფიქსირდება ქონების შუაზე გაყოფის დოკუმენტებში, რომლებიც შედგენილია შეძენიდან უახლოეს პერიოდში (ძირითადად მომდევნო თვეებში). შემოწმებით ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართების რეალიზაცია განხილულ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. შემოწმებით დადგინდა, რომ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების ოპერაციების ჯამური თანხა აჭარბებს 100 000 ლარს 19.12.2022 წელს, განხორციელებულ ოპერაციებზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი დღგ.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 158(1);165(1);282(1);