ბრძანება N 22517
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22517
18 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------” (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 12 სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №104) განიხილა შპს „----------” (ს/ნ ----------) 2024 წლის 12 სექტემბრის №91927/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 სექტემბრის №005-133 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. მომჩივანი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების გაწევის სანაცვლოდ გადარიცხული თანხების ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. მიუთითებს, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები თავად ახორციელებდნენ დეკლარირებას და ბეგრავდნენ კომპანიისთვის მომსახურების გაწევით მიღებულ შემოსავალს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ პირზე გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და ითხოვს მის მიერ წარდგენილი არარეზიდენტი პირის 2012 და 2022 წლების ცნობების გათვალისწინებას. მიუთითებს, რომ ---------- რესპუბლიკასთან არსებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულების მიხედვით არ ეკუთვნის საშემოსავლო გადასახადის გადახდა. აცხადებს, რომ მართალია მომსახურების გაწევა განხორციელდა 2019 წელს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არ ემთხვევა გაცემული ცნობების და მომსახურების გაწევის პერიოდი, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ინჟინერი ---------- წარმოადგენს არარეზიდენტ პირს და შესაბამისად, დარიცხული თანხები უნდა დაკორექტირდეს.
3. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში შემოწმებით დადგენილ სხვაობებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია ბუღალტრის ჯანმრთელობის მდგომარეობით. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, კომპანია სრულფასოვნად ასრულებდა მის საგადასახადო ვალდებულებებს და დეკლარაციის ჩაუბარებლობის მიუხედავად ბიუჯეტში სრულად იხდიდა კუთვნილ თანხებს. აცხადებს, რომ წარმოადგენს ბუღალტრის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის შესახებ დოკუმენტაციას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ნაწილში ითხოვს ჯარიმა-საურავისგან სრულად გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33929 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ოქტომბრის №005-154 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 7 დეკემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივარი პირველი სადავო საკითხის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსებული „სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“ კითხვარი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივარი მე-2 სადავო საკითხის ნაწილში დარჩეს განუხილველი;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33929 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 3 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 4 სექტემბრის №005-133 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსებული „სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“ კითხვარის შესწავლა, რომლის შედეგადაც დაკორექტირდა რამდენიმე კითხვის პასუხი. შედეგად, კითხვარში არსებული კითხვების უმეტეს ნაწილზე გადამხდელისა და აუდიტის დეპარტამენტის პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა, ხოლო რამდენიმე კითხვაზე პასუხი დარჩა განსხვავებული. მიუხედავად აღნიშნულისა, კითხვარის ხელახალი შევსების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული პასუხების მიხედვით სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობა კვლავ დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად.
განსხვავებული პასუხები გაცემულია შემდეგ კითხვებზე:
1) ,,ასრულებს თუ არა ფიზიკური პირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დამსაქმებლისთვის გარკვეულ სამუშაოს?" - აუდიტის დეპარტამენტის პასუხია ,,დიახ", რადგანაც ფ/პ ---------- და ---------- მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში წარმოადგენდნენ საწარმოს დაქირავებულ პირებს და 2021 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდის ჩათვლით საწარმოდან იღებდნენ სახელფასო ანაზღაურებას, ხოლო ფ/პ ---------- მომსახურების ხელშეკრულება შედგა 01.09.2021 წელს, ფ/პ ---------- მომსახურების ხელშეკრულება შედგა 01.10.2021 წელს. შესაბამისად, გადამხდელის პოზიცია, რომ პირები ოდესღაც იყვნენ დაქირავებულები და ხელშეკრულების გაფორმებისას აღარ წარმოადგენენ შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებს, არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არც ერთი პირი არ ყოფილა რეგისტრირებული ინდ.მეწარმედ/მცირე მეწარმედ.
2) ,,სამუშაოს შემსრულებელი ფიზიკური პირის საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალში სამუშაოს შემკვეთისგან ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს თუ არა ამ ფიზიკური პირის წლიური შემოსავლის 85% ან მეტს?" აუდიტის დეპარტამენტის პასუხია ,,დიახ", რადგანაც საგადასახადო შემოწმებისა და გადაანგარიშების ეტაპებზე შემოწმებულ იქნა ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებული წლიური შემოსავლების შესახებ ინფორმაცია და დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (01.01.2019-01.04.2022 წწ) ფიზიკური პირების (---------- და ----------) მიერ მიღებული წლიური შემოსავლის 85%-ზე მეტი წარმოადგენს შპს „----------“-სგან მიღებულ შემოსავალს, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია გადამხდელის მიერ დავების ეტაპზე წარმოდგენილი 2023 წლის 5 ივლისს შევსებული კითხვარის აღნიშნულ პუნქტზე პასუხის შეცვლა, არაშესამოწმებელ პერიოდში (შესამოწმებელი პერიოდის შემდგომი პერიოდი) ფიზიკური პირების მიერ მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე.
3) ,,სთავაზობს თუ არა სამუშაოს შემსრულებელი ფიზიკური პირი ანალოგიურ მომსახურებას სხვა პირებს საჯარო შეთავაზების გზით?" - აუდიტის დეპარტამენტის პასუხია ,,არა", რადგანაც საგადასახადო შემოწმებისა და გადაანგარიშების ეტაპებზე შემოწმებულ იქნა ფიზიკური პირების მიერ შესაძლო საჯარო შეთავაზების შემთხვევები, რომლის მოძიებაც ვერ განხორციელდა. ამასთან, გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე მოეთხოვა საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული მტკიცებულებების წარმოდგენა, რაზეც მეილის სახით მიღებულ იქნა პასუხი, რომ ფ/პ ---------- და ---------- ,,რეალურად ასეთი გვერდი არ გააჩნიათ და ვერც ექნებათ ფიზიკურად, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ ეწევიან ფართო მოხმარების მომსახურებას, რომლის შეძენითაც პოტენციურად ყველა იქნება დაინტერესებული, არამედ მათი სერვისით რეალურად მხოლოდ სპეციფიკური საქმიანობით დაკავებული პირები შეიძლება იყვნენ. ამით აიხსნება ის, რომ მათ ასეთი გვერდი ან თუნდაც განცხადება არ აქვთ, თუმცა ამის მიუხედავად ფიზიკური პირების განცხადებით, ასეთ საჯარო შეთავაზებას ისინი აკეთებენ შესაბამის პირთა წრეებში მათთვის მოსახერხებელი ფორმით, რასაც ადასტურებს ის შეკვეთები რაც ამ პირებს გააჩნიათ." გარდა ზემოაღნიშნული პასუხისა, გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარმოდგენა არ მომხდარა, შესაბამისად, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ დაექვემდებარა შეცვლას.
4) ,,სამუშაოს შემსრულებელი ფიზიკური პირი ასრულებს თუ არა იმავე საქმიანობას სხვა სამუშაოს შემკვეთთან? " - აუდიტის დეპარტამენტის პასუხია ,,არა", რადგანაც საგადასახადო შემოწმებისა და გადაანგარიშების ეტაპებზე შემოწმებულ იქნა ამ ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებული წლიური შემოსავლების შესახებ ინფორმაცია და დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (01.01.2019-01.04.2022) ---------- და ---------- მიერ დეკლარირებული შემოსავალი შედგება მხოლოდ შპს „----------“ მიღებული შემოსავლისგან. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია გადამხდელის მიერ დავების ეტაპზე წარმოდგენილი 2023 წლის 5 ივლისს შევსებული კითხვარის აღნიშნულ პუნქტზე პასუხის შეცვლა, არაშესამოწმებელ პერიოდში (შესამოწმებელი პერიოდის შემდგომი პერიოდი) ფიზიკური პირების მიერ მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები თავად ახორციელებდნენ დეკლარირებას. ასევე, განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ კომპანიასა და მეორეს მხრივ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს შორის დადებულია ხელშეკრულებები, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. გადამხდელი აღნიშნავს, რომ მომსახურების განხორციელებისას სახეზე არ იყო შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები, კერძოდ:
ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა - მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეწყვიტონ ხელშეკრულება და დროის პერიოდით შეზღუდულნი არ არიან;
ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო - ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის სამუშაო ან დასვენების დრო;
გ) სამუშაო ადგილი - მომსახურების გამწევი ფიზიკური პირებისთვის არ არის განსაზღვრული მუდმივი ან ძირითადი სამუშაო ადგილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხორციელდება მომსახურება და არა დაქირავებით საქმიანობა;
დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე - მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებს არ გააჩნიათ რაიმე სახის თანამდებობა, რაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ხორციელდება მომსახურება და არა დაქირავებით საქმიანობა;
ე) შრომის ანაზღაურება და შესასრულებელი სამუშაოს სახე - მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს სახეობის მიხედვით ფიქსირებული თანხით. ხსენებული ფორმით ანაზღაურება დამახასიათებელია მომსახურების განხორციელებისას.
გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსებული „სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“ კითხვარის შესახებ მიუთითებს შემდეგს:
● კითხვაზე ,,ასრულებს თუ არა ფიზიკური პირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დამსაქმებლისთვის გარკვეულ სამუშაოს?“ - პასუხი ცალსახად არის „არა“, ვინაიდან პირსა და საწარმოს შორის გაფორმებულია მომსახურების კონტრაქტი და შემოწმების პერიოდში იგი არ წარმოადგენს საწარმოსთან შრომითი ურთიერთობით დაკავშირებულ პირს, ის ფაქტი, რომ ოდესღაც პირი წარმოადგენდა საწარმოს თანამშრომელს არ უნდა გახდეს ზემოაღნიშნულ კითხვაზე დადებითი პასუხის დაფიქსირების საფუძველი.
● კითხვაზე ,,სამუშაოს შემსრულებელი ფიზიკური პირის საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალში სამუშაოს შემკვეთისგან ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს თუ არა ამ ფიზიკური პირის წლიური შემოსავლის 85% ან მეტს?“ - უნდა დაფიქსირდეს პასუხი ,,არა“, ვინაიდან, როგორც მიწოდებული მტკიცებულებებით დგინდება პირები არა მარტო შპს „----------“ არამედ მომსახურების მიმღები სხვა პირებისგანაც იღებდნენ სოლიდურ შემოსავლებს და საერთო ჯამში პირის მიერ შპს „----------“ მიღებული შემოსავალი 85%-ზე ნაკლებს შეადგენს.
● რაც შეეხება კითხვას ,,სამუშაოს შემსრულებელ ფიზიკურ პირს მოეთხოვება თუ არა სამუშაოს შესრულება სამუშაოს შემკვეთის მიერ დადგენილი მიმდევრობით/პროცედურით“, ამ შემთხვევაშიც, არსად იკვეთება, რომ პირი ვალდებული იყო დაეცვა რაიმე თანმიმდევრობა, რომელსაც უსაზღვრავდა შემკვეთი, მათ შორის, არც ხელშეკრულებაში არსებობს მსგავსი მუხლი და არც რაიმე ფაქტობრივი გარემოებებიდან არ დგინდება. სარესტავრაციო მომსახურება წარმოადგენს ძალიან კომპლექსურ მომსახურებას, ის თავის თავში მოიცავს უამრავ პროცედურას და არსად მომსახურების კონტრაქტში არ არის მუხლი, რომლის მიხედვითაც საწარმო რაიმე თანმიმდევრობის დაცვას ავალებდეს პირს.
● კითხვაზე ,,სამუშაოს შემსრულებელი ფიზიკური პირი ასრულებს თუ არა იმავე საქმიანობას სხვა სამუშაოს შემკვეთთან?“- პასუხი ,,არა“ არასწორია, ვინაიდან, როგორც გადამხდელი მიუთითებს, მათ წარადგინეს დოკუმენტაცია (მომსახურების კონტრაქტები, მიღება-ჩაბარებები, ბანკის საგადახდო დავალებები) სადაც გარკვევით ჩანს, რომ პირები გარდა ---------- მომსახურებებს უწევდნენ სხვა არაერთ პირს.
● რაც შეეხება კითხვას ,,სთავაზობს თუ არა სამუშაოს შემსრულებელი ფიზიკური პირი ანალოგიურ მომსახურებას სხვა პირებს საჯარო შეთავაზების გზით?“ აღნიშნულ კითხვაზე დაფიქსირებული პასუხი ,,არა“, ასევე, არასწორია, რადგან მათ მიერ საჯარო შეთავაზების არ გაკეთების ფაქტის შემოწმება არ მომხდარა. ვერაფრით მტკიცდება, რომ პირები საჯარო შეთავაზების გზით არ სთავაზობდნენ სხვა პირებს მომსახურებას, როცა პირებს სხვა საწარმოებისთვისაც უფიქსირდებათ მომსახურების გაწევა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე, კერძოდ, ---------- და ---------- გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და ზემოაღნიშნულ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვა დაუსაბუთებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის ---------- და ---------- გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის ---------- და ---------- გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე მომსახურების გაწევის სანაცვლოდ გადარიცხული თანხების ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ პირზე გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და ითხოვს მის მიერ წარდგენილი არარეზიდენტი პირის 2012 და 2022 წლების ცნობების გათვალისწინებას.
3. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში შემოწმებით დადგენილ სხვაობებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია ბუღალტრის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
ფაქტობრივი გარემოებები
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე, გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და ზემოაღნიშნულ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვა დაუსაბუთებელია.
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 88; 101(1); 154(1„ა“); 275.