N 7 - 28/06/2024 - „წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 აპრილის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2024 წლის 28 ივნისი
ქ. წალკა
„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 აპრილის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 09/02/2023, დოკუმენტის ნომერი 2587-XIმს-Xმპ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 1 აპრილის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/04/2019, 210020010.35.155.016315) და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 2000 ლარი;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
წალკის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
ირაკლი გიგინეიშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე