ბრძანება N 1789

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.02.2025
№ დოკუმენტი 1789
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1789

06 თებერვალი 2025

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(მის.: „-------“)

2024 წლის 12 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 და 23 იანვარს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №2, №5) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 დეკემბრის №24308/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---------“-ის (ს/ნ „-------“) №91368/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 ივნისის №225-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის არაგონივრული ნაშთის კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ აღნიშნული თანხები არ ყოფილა გაცემული ხელფასად და შეტანილი იყო საბანკო ანგარიშზე, რაზეც არსებობს შესაბამისი საბანკო ამონაწერი. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

2.მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება განხორციელდა არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის და შემოწმების აპელირება ურთიერთდამოკიდებულებაზე არასწორია, ასევე არასწორია შემოწმების მიერ გადახდილ თანხაში დღგის თანხის მოაზრებაც. აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ქონების ერთიანი მიწოდება, რა დროსაც ქონების გამყიდველმა საწარმომ გამოწერა დღგ-ის ნულოვანი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შესაბამისად, არც ქონების გამყიდველს გადაუხდია დღგ და არც მყიდველს მიუღია ჩათვლა. დამატებით მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს გაყიდული ქონება, დაასურათეს და დაადასტურეს, რომ მართლაც ყველაფერი ერთიანი მიწოდებით განხორციელდა.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 აპრილის №8119 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 24 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 20 ივნისის №14501 ბრძანება და 2024 წლის 21 ივნისის №225-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 692 966 ლარი, მათ შორის გადასახადი 426 225 ლარი, ჯარიმა 213 113 ლარი და საურავი 53 628 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 10 ოქტომბრის №22066 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 25 დეკემბრის №24308/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 ოქტომბრის №22066 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 დეკემბრის №24308/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია:

„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური აქტივობა არ უფიქსირდებოდა, ამასთან კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად გამოვლინდა დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში. ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ბუღალტრული ნაშთი განხილულ იქნა არაგონივრულ ნაშთად. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, საწარმოს სალაროში ბუღალტრულად არსებული სალაროს ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, კომპანიას დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების მიერ, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელი მიერ განხორციელებული ოპერაციები, ასევე, საბუღალტრო მონაცემებში არსებული ინფორმაცია. 2023 მაისის საანგარიშო პერიოდში კომპანიას უფიქსირდებოდა ძირითადი საშუალებების რეალიზაცია ურთიერთდამოკიდებულ პირზე - შპს „N1-ზე“, კერძოდ, რეალიზაციისას გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 1 500 000 ლარზე, ნულოვანი დღგ-ით. განხილული იქნა „დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდებად“, რომელიც არ იყო დაბეგრილი დღგ-ით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაცია და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, ასევე 160-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების გათვალისწინებით, აღნიშნული დაკვალიფიცირდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. შედეგად, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმად, აღნიშნული თანხები არ ყოფილა გაცემული ხელფასად და შეტანილი იყო საბანკო ანგარიშზე, რაზეც არსებობს შესაბამისი საბანკო ამონაწერი. აგრეთვე, საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელმა დამატებით განმარტა, რომ ბანკში შეტანილი თანხებით ხდებოდა კომპანიის მიერ აღებული სესხის და შესაბამისი პროცენტების დაფარვა და შეტანილი თანხების საწარმოს მიზნებისთვის გახარჯვა.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. მტკიცებულებები ბანკში შეტანილი თანხების, სესხის დაფარვის და შეტანილი თანხების საწარმოს მიზნებისთვის შემდგომი გახარჯვის თაობაზე), ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებად არ განიხილება დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების პირობებსა და წესს, აგრეთვე შემთხვევებს, როდესაც ამ ნაწილით გათვალისწინებული დებულებები არ გამოიყენება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 501 მუხლის თანახმად:

1. საქონლის მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად არ განიხილება დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება.

2. ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

გ) ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება – ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე იმ აქტივთა ერთობლიობის მიწოდება, რომლებიც წარმოადგენენ მიმწოდებლის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ და საკმარის აქტივებს;

დ) დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფი − დასაბეგრი პირის აქტივების ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობას და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე.

3. ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდების ფარგლებში, გადასაცემ აქტივებს შესაძლებელია წარმოადგენდეს ნებისმიერი აქტივი, რომელსაც მიმწოდებელი იყენებს ან განკუთვნილია გამოსაყენებლად იმ ეკონომიკურ საქმიანობაში, რომელთან დაკავშირებითაც ხორციელდება ყველა აქტივის ან მისი ნაწილის მიწოდება, მათ შორის:

ა) ძირითადი საშუალებები;

ბ) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები;

გ) არამატერიალური ქონება (მათ შორის, გუდვილი, ინტელექტუალური საკუთრება, მოთხოვნები, ხელშეკრულებებში ჩანაცვლების უფლება).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული აქტივების მიწოდებაზე ამავე მუხლის პირველი პუნქტი გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება ქვემოთ მოცემული ყველა პირობა:

ა) აქტივები გადაეცემა როგორც აქტივთა ერთობლიობა, რომელიც მიმწოდებლის იმ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების საშუალებას იძლევა, რომელთან დაკავშირებითაც მის მიერ ხორციელდება ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება;

ბ) აქტივების მიწოდება ხორციელდება წერილობითი ფორმით დადებული ერთიანი გარიგების საფუძველზე, რა დროსაც, შესაბამისი დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს იმ აქტივების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა გადაცემაც ხორციელდება ამ ოპერაციის ფარგლებში;

გ) მიმწოდებელს და შემძენს მიწოდება ასახული აქვთ შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში.

5. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ:

ა) ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდების მომენტისათვის, მიმწოდებლის მიერ ამ აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება შეჩერებულია;

ბ) გადასაცემ აქტივთა ჩამონათვალში შედის ისეთი აქტივი, რომელიც შესაძლოა არ იყოს აუცილებელი შესაბამისი სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის, მაგრამ უკავშირდება მას და შემძენს ხელს შეუწყობს ამ საქმიანობის გაგრძელებაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ კომპანიას 2023 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდებოდა ძირითადი საშუალებების რეალიზაცია ურთიერთდამოკიდებულ პირზე - შპს „N1-ზე“, კერძოდ, რეალიზაციისას გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 1 500 000 ლარზე, ნულოვანი დღგ-ით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული ოპერაცია და დაკვალიფიცირდა დღგ-ით დასაბეგრად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება განხორციელდა არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის და ამ ქონების ერთიან მიწოდებაზე საწარმომ გამოწერა დღგ-ის ნულოვანი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ამასთან, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს გაყიდული ქონება, დაასურათეს და დაადასტურეს, რომ მართლაც ყველაფერი ერთიანი მიწოდებით განხორციელდა. აგრეთვე, საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ გადაცემული ქონება განთავსებულია მიმღების ტერიტორიაზე და აქტივთა ერთობლიობა წარმოადგენს მიმწოდებლის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ და საკმარის აქტივებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სახეზეა დასაბეგრი პირის მიერ აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრ პირზე მიწოდებად განხილვისთვის აუცილებელი ყველა პირობა, ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ შპს „N1-ზე“ დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის მიწოდების ოპერაციის საქონლის მიწოდებად განხილვა და შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრა არამართლზომიერია.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის მიწოდების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. მტკიცებულებები ბანკში შეტანილი თანხების, სესხის დაფარვის და შეტანილი თანხების საწარმოს მიზნებისთვის შემდგომი გახარჯვის თაობაზე);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის მიწოდების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება ფულის არაგონივრული ნაშთის კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

2.მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური აქტივობა არ უფიქსირდებოდა, ამასთან კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად გამოვლინდა დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში. ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ბუღალტრული ნაშთი განხილულ იქნა არაგონივრულ ნაშთად. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, საწარმოს სალაროში ბუღალტრულად არსებული სალაროს ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, კომპანიას დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა .

2. შემოწმების მიერ, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, შესწავლილ იქნა გადამხდელი მიერ განხორციელებული ოპერაციები, ასევე, საბუღალტრო მონაცემებში არსებული ინფორმაცია. 2023 მაისის საანგარიშო პერიოდში კომპანიას უფიქსირდებოდა ძირითადი საშუალებების რეალიზაცია ურთიერთდამოკიდებულ პირზე,რეალიზაციისას გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 1 500 000 ლარზე, ნულოვანი დღგ-ით. განხილული იქნა „დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდებად“, რომელიც არ იყო დაბეგრილი დღგ-ით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაცია და სსკ-ის 73-ე, ასევე 160-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების გათვალისწინებით, აღნიშნული დაკვალიფიცირდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. შედეგად, შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები,ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის მიწოდების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9),101,154,158,159,160.