გადაწყვეტილება №22123/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.04.2024
№ დოკუმენტი 22123/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22123/2/2024

11 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ -ის “ 31.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22123/2/2024).

 

დავის საგანი:

დაზუსტებული დეკლარაციის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარის თქმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №21-11/53377 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 იანვრის №284 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 28 ივნისს წარდგენილი იქნა 2019 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაცია. მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №21-11/53377 გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მიერ წარდგენილი დეკლარაციის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახვა არ განხორციელდა ხანდაზმულობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წლის 9 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 25 აგვისტოს №20988 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 31.08.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 17.11.2023 წლის №20725/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №20988 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა ამავე სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 12 იანვრის №284 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-4, 61-ე, 69-ე, 178-ე მუხლებზე და იმის გათვალისწინებით, რომ დღგ-ის ჩათვლა, თავისი შინაარსით, გულისხმობს შესაბამისი გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, გადასახადის ჩათვლაზე გავრცელდება საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადასახადის დარიცხვის ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, აღნიშნული რეგულაციისა და საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციის დაზუსტებით, რის უფლებაც გადასახადის გადამხდელს გააჩნია დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან 3 წლის განმავლობაში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას ჰყავს მრავალი კონტრაქტორი, რომლებზეც საქონელი იყიდება გარკვეული პირობებით. ერთ-ერთ ასეთ კონტრაჰენტს წარმოადგენს შპს „-------“, რომელსაც საწარმო პროდუქციას აწვდიდა კონსიგნაციის წესით, შემდგომი გადახდის პირობით. სავაჭრო ურთიერთობების არსებობის პერიოდში რასაკვირველია ფორმდებოდა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ისეთები როგორიცაა სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შესაბამისად ხორციელდებოდა ჩათვლის ოპერაციებიც. 2019 წელს, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „-------“-ს მიერ გაწეულ მარკეტინგულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (1. ეა-"-------"; 2. ეა-"-------"; 3. ეა-"-------"; 4. ეა-"-------" ;5. ეა-"-------") არ იქნა დადასტურებული გადასახადის გადამხდელის მხრიდან, ვინაიდან მომჩივანი არ ეთანხმებოდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა(ებ)ში მითითებული დასაბეგრი ოპერაციის თანხის ოდენობას; მიუხედავად აღნიშნულისა, პროდუქციის მიწოდება ხორციელდებოდა რა კონსიგნაციის წესით, აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული როგორც მომსახურების, ასევე დღგ-ის თანხა შპს „-------“-ს მიერ დაკავებული და სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი იქნა კომპანიისათვის გადასახდელი პროდუქციის ღირებულების თანხიდან.

აღნიშნული სადავო საკითხი ვერ მოგვარდა რა მხარეთა შორის მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებების გზით, დავა სხვა სადავო და გაურკვეველ საკითხებთან ერთად გადავიდა სასამართლოში, სადაც საქმის განხილვა გაგრძელდა დაახლოებით 3 წელი. დავა დასრულდა მორიგებით, მორიგების პირობა შეეხო რა 2019 წელს შესრულებულ ოპერაციებსაც, საჭირო გახდა დეკლარაციის დაზუსტება, ასევე წინა სადავო პერიოდებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიბმა დაზუსტებულ დეკლარაციაზე. საწარმომ შპს „------“-ს მიერ 2023 წლის თებერვალში 2019 წლის პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ( 1. ეა-"-------" ; 2. ეა-"-------" ; 3. ეა-"-------" ; 4. ეა-"-------"; 5.ეა-"-------") დაადასტურა და შესაბამისად 2023 წლის 28 ივნისს შემოსავლების სამსახურში წარადგინა 2019 წლის დეკემბრის თვის დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაცია კომპანიის პირად ბარათზე ასახვის მიზნით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაზუსტებული დეკლარაციის 2023 წლის 28 ივნისს წარდგენა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საწარმო არ ეთანხმებოდა დასაბეგრ ოპერაციას და შედეგად არ ადასტურებდა დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტს (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს); შპს „"-------"-თან “ 2019 წლიდან წარმოშობილი დავა მიწოდებული საქონლის და გასაწევი მარკეტინგული მომსახურების საფასურის ოდენობასთან და მის გადახდასთან დაკავშირებით გაგრძელდა წლები და მხარეთა მორიგებით დასრულდა. სწორედ აღნიშნული დავა გახდა მიზეზი იმისა, რომ კომპანიამ 2019 წლის დეკლარაციის დაზუსტება მოახდინა 2023 წელს ანუ მაშინ, როდესაც მიიღო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მოახდინა მათი დადასტურება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შპს „"-------"-ს“ ხსენებულ ოპერაციაზე დღგ გადახდილი აქვს ბიუჯეტში საწარმოს კუთვნილი თანხიდან და კომპანია სწორედ მის ჩათვლას ითხოვს.

ამასთან, უნდა აღინიშნოს ასევე ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 2020 წლის სექტემბრის თვეში საწარმომ მოახდინა 2019 წლის დეკემბრის თვის დეკლარაციის დაზუსტება; ამ პერიოდში დავა ჯერ არ მიმდინარეობდა, სარჩელი კომპანიამ სასამართლოში წარადგინა 2020 წლის 2 ნოემბერს.

მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით №53377-21-11-2- 202306301625 საწარმოს უარი ეთქვა 2019 წლის პერიოდის დაზუსტებული დეკლარაციის პირად აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე იმის გამო, რომ 2019 წელი წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს და ამ პერიოდის დეკლარაციების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა შეუძლებელია.

აღნიშნული გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში და ითხოვა წარდგენილი 2019 წლის დეკემბრის თვის დაზუსტებული დეკლარაციის გადამხდელის პირად ბარათზე ასახვა, გადახდილი დღგ-ის თანხის ზედმეტად გადახდილი თანხის სახით ასახვა პირად ბარათზე და გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლა.

შემოსავლების სამსახურმა საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და შემოსავლების სამსახურს დაევალა საჩივრის ხელახლა განხილვა. შემოსავლების სამსახურმა საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახდო კოდექსის 41-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, მე-3, მე-4, მე-2 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ თავად შემოსავლების სამსახურის მსჯელობიდან გამომდინარე დეკლარაციის დაზუსტება ანუ შესწორებული დეკლარაციის წარდგენა იწვევს ხანდაზმულობის ვადის გადაწევას დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენიდან დარჩენილი ვადის პროპორციულად. იმის მხედველობაში მიღებით, რომ საწარმოს მხრიდან 2020 წლის სექტემბრის თვეში განხორციელდა 2019 წლის დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენა, 2023 წლის ივნისის თვე, ანუ პერიოდი, როდესაც კომპანიამ ხელახლა მოახდინა დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენა და მოითხოვა მისი პირად ბარათზე ასახვა (რაზეც უარი მიიღო და რაც წარმოადგენს დღევანდელი დავის საგანს), არ წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 130-ე, 138-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საწარმოს მოთხოვნა წარმოეშვა 2019 წლისთვის.

როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მომჩივანსა და შპს „-------“-ს შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა, რომელიც დაიწყო 2020 წელს, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საწარმოს მიერ 2023 წლის 28 ივნისს წარდგენილ დაზუსტებულ დეკლარაციაში მითითებული პერიოდი არ იყო ხანდაზმული.

სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლით დადგენილია, რომ თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს უნდა გაეთვალისწინებინა კანონის მოთხოვნები, კერძოდ კი ის გარემოება, რომ სარჩელის შეტანით, ასევე დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა და მისი ათვლა დაიწყო თავიდან.

აღნიშნული საკითხის გარშემო ასევე მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში დღგ-ის თანხის გადახდის ფაქტი, კერძოდ კი ის, რომ შპს „------- -მ “ აღიარა რა სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული თანხა მის ერთობლივ შემოსავალში და ვადაში წარადგინა რა დღგ-ის საგადასახადო დეკლარაცია, სადავო ანგარიშფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხა ჩამოჭრა საწარმოსთვის გადასახდელი პროდუქციის ღირებულებიდან და ფაქტიურად კომპანიის კუთვნილი თანხა მიმართა სახელმწიფო ბიუჯეტში.

მომჩივანი მიუთითებს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-2, მე-3 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საინტერესოა თუ რატომ მოახდინა შემოსავლების სამსახურმა სამოქალაქო კოდექსის ნორმების იგნორირება, რომელნიც არეგულირებენ ხანდაზმულობის ვადებს (ვადის დინების შეწყვეტა, შეჩერება და ა.შ.); სამოქალაქო კოდექსი და საგადასახადო კოდექსი - ორივე წარმოადგენს საკანონმდებლო აქტებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა.

შემოსავლების სამსახური, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს ვალდებული იყო გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის ნორმები, ხოლო თუ არ იყენებდა მათ, სულ მცირე მათი გამოუყენებლობის მიზეზები და არგუმენტები უნდა მიეთითებინა მის მიერ მიღებულ ბრძანებაში.

საგადასახადო ორგანოს, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, დაშვებულია უზუსტობები, რამაც გამოიწვია მათი მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის დარღვევა, კერძოდ კი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

სადაო გადაწყვეტილებით საგადასახადო ორგანოს, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რადგან საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მხოლოდ მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც გადამხდელის მიმართ მოქმედებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა იყოს დასაბუთებული; ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 იანვრის №284 ბრძანება სრულიად დაუსაბუთებელია, საგადასახდო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გადასახადის გადამხდელს მინიჭებული აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანო ქმედება ან გადაწყვეტილება, ხოლო ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მომჩივანს უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილება გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლზე და ვინაიდან გასაჩივრებული აქტები დაუსაბუთებელია და რადგანაც გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი დაზუსტებული დეკლარაცია, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, არის სრულიად საფუძვლიანი, აკმაყოფილებს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ პირობებს და რადგანაც გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია განხორციელებული დასაბეგრი და ჩასათვლელი ოპერაცია და დღგ-ის გადახდილი თანხა, იმის მხედველობაში მიღებით, რომ გარანტირებულია გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესითა და სასამართლო წესით დაცვა საქართველოში, სარგებლობს საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით და საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და 299-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილის, 302-ე მუხლის გათვალისწინებით ითხოვს განხილულ იქნას საჩივარი და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დაკმაყოფილდეს იგი. კერძოდ, გაუქმდეს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60¹ მუხლის საფუძველზე ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 იანვრის ბრძანება №284 და მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება N 53377-21-11-2-202306301625 და დაკმაყოფილდეს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, კერძოდ კი აისახოს გადამხდელის პირად ბარათზე საწარმოს მიერ წარდგენილი 2019 წლის დეკემბრის თვის დაზუსტებული დეკლარაცია, რასაც შედეგად მოჰყვება გადახდილი დღგ-ის თანხის ზედმეტად გადახდილი თანხის სახით ასახვა პირად ბარათზე და გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლა.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

8. საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის ერთ-ერთი საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია.

საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).

მომსახურების დეპარტამენტის 7.02.2024 წლის №------ სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ დაგვიანებით, 2023 წლის 28 ივნისს წარდგენილი იქნა 2019 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია. მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №"-------" წერილით, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, უარი ეთქვა წარდგენილ დეკლარაციის ასახვაზე, რადგან აღნიშნული დეკლარაციები ეკუთვნის ხანდაზმულ პერიოდს. აღსანიშნავია, რომ საჩივარში მითითებული ანგარიშ-ფაქტურები შპს „------- ს“ ("-------") მიერ კომპანიისთვის გამოწერილია 2023 წლის 14 თებერვალს 2019 წლის ივნისის, სექტემბერი-დეკემბრის პერიოდზე (დადასტურებულია 17.02.2023 წელს). საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს განხილულ იქნას საჩივარი და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დაკმაყოფილდეს იგი. კერძოდ, გაუქმდეს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60¹ მუხლის საფუძველზე ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 იანვრის ბრძანება №284 და მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს გადამხდელის მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ 2023 წლის 28 ივნისს წარდგენილი იქნა 2019 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაცია. მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის №21- 11/53377 გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მიერ წარდგენილი დეკლარაციის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახვა არ განხორციელდა ხანდაზმულობის გამო.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

61,69,178.