გადაწყვეტილება №23856/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23856/2/2024
31 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 3.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23856/2/2024).
დავის საგანი:
საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №EL257064 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 14.08.2024 წლის №18702 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 2 000 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
10.07.2024 წელს მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტს №---------- განცხადებით (შემ.№----------) აცნობა, საბაჟო საწყობში (----------; ----------) სანებართვო მოწმობით გათვალისწინებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლისა და ვიდეოჩანაწერების ნაწილის წაშლის შესახებ. განმცხადებლის მითითებით, აღნიშნული სავარაუდოდ განპირობებული იყო 9.07.2024 წელს ელექტროენერგიის ავარიული გათიშვით.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელმა დაარღვია საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა, რაზეც, 23.07.2024 წლის №EL257064 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.08.2024 წლის №18702 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „მ“ ქვეპუნქტზე, ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 176-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ არ არის შესრულებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლით განსაზღვრული სანებართვო პირობა. შესაბამისად, მის მიერ დარღვეულია საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
9.07.2024 წელს საბაჟო ტერმინალში ნამდვილად მოხდა ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვა 12:13 სთ-დან 20:30 სთ-მდე სადისპეტჩერო პროგრამა „----------“-ში გამორთვების №----------. ელექტროენერგიის მოსვლის შემდეგ შემოწმებულ იქნა ვიდეოჩამწერი საშუალებების მუშაობა, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ვიდეოჩამწერი საშუალებები (დივიარი) მუშაობდა შეფერხებით.
მომჩივნის მიერ უმოკლეს ვადაში გამოძახებულ იქნა ვიდეოჩანაწერი საშუალებების სპეციალისტი შპს ---------- (ს/ნ ----------) თანამშრომელი, რომელმაც მოახდინა ვიდეოჩამწერი საშუალების შემოწმება.
შემოწმებისას დადგინდა, რომ ჩამწერ მოწყობილობაში ელექტროენერგიის ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია ერთ-ერთი 4 ტერაბაიტიანი მყარი დისკის ნომრით ---------- დაზიანება, რის გამოც მოხდა გარკვეული ჩაწერილი ფაილების წაშლა.
სასწრაფო წესით შეძენილ იქნა შპს ----------ისგან (ს/ნ ----------) 4 ტერაბაიტიანი მყარი დისკი და ზემოთ აღნიშნული სპეციალისტის მიერ მოხდა დაზიანებულის ახლით ჩანაცვლება.
ამავდროულად უმოკლეს ვადაში მოხდა ყველა საჭირო საბუთის შეგროვება და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წერილობით აცნობა საბაჟო დეპარტამენტს. წერილის რეგისტრაციის ნომერი ----------.
ვიდეოჩამწერ საშუალებაში მყარი დისკის დაზიანება მოხდა მომჩივანისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. მომჩივანი წინასწარ ვერ გათვლიდან როდის და რა პირობებში მოხდებოდა აღნიშნულის დაზიანება და წინასწარ ვერ მოემზადებოდა რაიმე დადებითი ღონისძიების გასატარებლად. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ეს იყო უმოკლეს ვადაში სპეციალისტის გამოძახება და აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრა. ასევე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტში წერილის გაგზავნა ინფორმაციის სახით.
ითხოვს საჩივარში მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებას და საბაჟო დეპარტამენტის №EL257064 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და დაკისრებული ჯარიმის 2 000 ლარის ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:
კ) საბაჟო საწყობის, აგრეთვე მის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) შესასვლელი და გასასვლელი აღჭურვილი ჰქონდეს გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით. გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით უწყვეტად უნდა ფიქსირდებოდეს (უნდა იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღე-ღამის განმავლობაში) ნებართვის მფლობელის მიერ სათავსისათვის მინიჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობის შემთხვევაში, გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს: საბაჟო საწყობის შესასვლელში ან/და გასასვლელში გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი და საბაჟო კონტროლის ზონაში შემავალი და გამავალი – ნავთობპროდუქტების გამტარი მილსადენ(ებ)ის დამცავი (ჩამკეტი და გამშვები) მოწყობილობები;
ლ) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე საქონლის (სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 ან/და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომელთა შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან/და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელებისა და ნახევრადმისაბმელების გარდა) დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების, გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი იმგვარად ჰქონდეს აღჭურვილი გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით, რომ აღნიშნული ადგილები უწყვეტად ფიქსირდებოდეს (იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღე-ღამის განმავლობაში). ამასთან, ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობისაგან (მათ შორის, საყარი ან/და თხევადი საქონლის შესანახი სათავსი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა) შემდგარ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გადატვირთვის ოპერაციების რეალურად განხორციელების ადგილიდან საბაჟო საწყობის ტერიტორიამდე არსებული ტერიტორიაც ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლით;
მ) ამ მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განხორციელებული ვიდეოჩანაწერები შეინახოს 6 თვის განმავლობაში და, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს. მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება შესაძლებელი უნდა იყოს DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით avi, vcv ან mp4 ფორმატის ფაილებში. ვიდეოჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული თარიღის ან/და კონკრეტული საათის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის ნახვა. ვიდეოჩაწერის შეწყვეტის (ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო) შემთხვევაში, ნებართვის მფლობელმა საბაჟო ორგანოს უნდა გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება ვიდეოჩაწერის შეწყვეტის ფაქტის დადგომისთანავე ელექტრონულად ავტომატურ რეჟიმში, ხოლო აღნიშნულისა და, მასთან ერთად, ვიდეოჩაწერის სავარაუდო აღდგენის ვადის შესახებ შეტყობინება – სხვა საშუალებით, ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ. ამასთან, შეტყობინება დამატებით უნდა შეიცავდეს: საბაჟო საწყობის დანიშნულების ადგილის კოდს, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომერს, ვიდეოჩაწერის შეწყვეტის თარიღსა და დროს. ვიდეოჩაწერის აღდგენისას, შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ნებართვის მფლობელმა აღნიშნულზე ასევე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს – საბაჟო საწყობის დანიშნულების ადგილის კოდის, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომრის, ვიდეოჩაწერის აღდგენის თარიღისა და დროის მითითებით;
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.08.2024 წლის №18702 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიერ არ არის შესრულებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლით განსაზღვრული სანებართვო პირობა. შესაბამისად, მის მიერ დარღვეულია საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
9.07.2024 წელს საბაჟო ტერმინალში ნამდვილად მოხდა ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვა 12:13 სთ-დან 20:30 სთ-მდე სადისპეტჩერო პროგრამაში გამორთვების ელექტროენერგიის მოსვლის შემდეგ შემოწმებულ იქნა ვიდეოჩამწერი საშუალებების მუშაობა, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ვიდეოჩამწერი საშუალებები (დივიარი) მუშაობდა შეფერხებით. მომჩივნის მიერ უმოკლეს ვადაში გამოძახებულ იქნა ვიდეოჩანაწერი საშუალებების სპეციალისტი, რომელმაც მოახდინა ვიდეოჩამწერი საშუალების შემოწმება. შემოწმებისას დადგინდა, რომ ჩამწერ მოწყობილობაში ელექტროენერგიის ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია ერთ-ერთი 4 ტერაბაიტიანი მყარი დისკის დაზიანება, რის გამოც მოხდა გარკვეული ჩაწერილი ფაილების წაშლა. სასწრაფო წესით შეძენილ იქნა 4 ტერაბაიტიანი მყარი დისკი და ზემოთ აღნიშნული სპეციალისტის მიერ მოხდა დაზიანებულის ახლით ჩანაცვლება. ამავდროულად უმოკლეს ვადაში მოხდა ყველა საჭირო საბუთის შეგროვება და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წერილობით აცნობა საბაჟო დეპარტამენტს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176.