ბრძანება N 27610
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27610
30 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2024 წლის 29 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის სხდომებზე (ოქმი №133) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 29 ნოემბრის №24364/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ოქტომბრის №005-149 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს გაუთვალისწინებელი დოკუმენტების ნაწილში და ითხოვს 3 არარეზიდენტ კომპანიასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნა/ვალდებულების ნაწილში მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სრულად გაუქმებას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 ივნისის №12365 ბრძანების საფუძველზე შპს „---------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 6 თებერვლის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ:
„1. შპს „---------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 ივნისის №12365 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 17 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადამხდელს შეუმცირდა სულ 280 767 ლარი, მათ შორის გადასახადი 192 078 ლარი და ჯარიმა 88 689 ლარი.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია (აღნიშნული წარმოდგენილია დავების ეტაპზე), ანალიზის შედეგად გარკვეულ ოპერაციებთან მიმართებაში შეიცვალა კვალიფიკაცია, შესაბამისად, შემცირდა საგადასახადო შემოწმების ფარგლებში მოგების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, შემდეგ კომპანიებთან მიმართებაში: --------- გადამხდელს წარმოდგენილი აქვს შეთანხმებები, ხელშეკრულებები, ახსნაგანმარტებები, ურთიერთშედარებები და სხვა, რომელთა შესწავლის შედეგად დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული მოთხოვნების ნამდვილობა და მიზნობრიობა. ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ იყო, ამასთანავე, ბუღალტრული პროგრამა (მოთხოვნების ნაწილში) არ იყო გადახურული და შეიცავდა არსებით უზუსტობებს, ხოლო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ წერილობითი (კომენტარის სახით) განმარტებები, შემოწმების ეტაპზე ვერ იქნებოდა გათვალისწინებული აღნიშნული საკითხი.
საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების ეტაპზე, დარჩენილ კონტრაქტორებთან დაკავშირებით, ზოგიერთ შემთხვევაში გადამხდელს საერთოდ არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, ხოლო ნაწილ შემთხვევებში საჩივარზე თანდართული ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ დგინდება, გადარიცხული თანხების მიზნობრიობა ან/და ნაშთად არსებული მოთხოვნების რეალურობა, გარკვეულ შემთხვევებში დღეის მდგომარეობით კვლავ არ არის მიღებული ანაზღაურების სანაცვლოდ საქონელი ან/და მომსახურება. მსგავს შემთხვევებში საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები არ დაკორექტირდა (შემცირდა).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტაციაზე, რომლითაც არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს გაუთვალისწინებელი დოკუმენტების ნაწილში და ითხოვს 3 არარეზიდენტთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნა/ვალდებულების ნაწილში მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სრულად გაუქმებას. თითოეულ არარეზიდენტ კომპანიასთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს არგუმენტაცია, კერძოდ:
--------- - კომპანია ამზადებს საინექციო წყლის ცირკულაციის მოწყობილობას, რომელიც აუცილებელია საწარმო პროცესებისთვის. 1 წელი დასჭირდა ამ დანადგარის წარმოებას და გადამხდელს გადახდილი აქვს 65 000 ევრო, ხოლო დარჩენილი 65 000 ევრო უნდა გადაიხადოს მომავალში, რომ წამოიღოს დანადგარი. თანხის გადახდა დროში გაიწელა, საწარმოს სახსრების დეფიციტიდან გამომდინარე. საჩივარს თან ერთვის მოსაწოდებელი პროდუქციის სრული ჩაშლა, ინვოისი, უკვე დამზადებული დანადგარის ტესტირების შედეგები, მოთხოვნა კომპანიისგან დარჩენილი 65 000 ევროს გადახდაზე.
---------- აღნიშნულმა კომპანიამ გადამხდელს მიაწოდა სატესტო პროდუქცია სინგაპურში, დიდი დანადგარის ტესტირებისთვის. თანდართული აქვს ინვოისები, სადაც ჩანს, რომ მიწოდება უნდა განხორციელდეს სინგაპურში კომპანიის დიდი დანადგარის ტესტირებისთვის და ასევე, თან ერთვის ტესტირების მონაცემების ფაილი.
-------------- საგადასახადო შემოწმების მიხედვით, გადამხდელის მიუღებელი მოთხოვნა პირველ რიგში უნდა შემცირდეს 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩარიცხული 49 998$ და 59 978$-ით, რადგან ეს თანხები შეცდომით იყო გატარებული სხვა მომხმარებელზე ---------, რომელსაც ჩარიცხვის მომენტისთვის და მიმდინარედ არც დავალიანება აქვს და არც მოთხოვნა. დამატებით, ------------მა უნდა გაუწიოს შპს „-----------*“ მარკეტინგული მომსახურება უზბეკეთის ტერიტორიაზე, შპს „-------------“ პრეპარატების ჰოსპიტალური და სადილერო ქსელში გაყიდვების სისტემის ასაწყობად. აღნიშნულზე აქვს კომუნიკაცია მეორე მხარესთან და ასევე, შედარების აქტიც, სადაც ასახულია კომპანიის დავალიანება.
საქმის ზეპირი განხილვისას უდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია საჭიროებს დამატებით შესწავლას. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადამხდელმა მასთან კომუნიკაციისას განაცხადა, რომ მზადაა საჭიროების შემთხვევაში დამატებით წარმოადგინოს დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადამხდელს მე-2 სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს გაუთვალისწინებელი დოკუმენტების ნაწილში და ითხოვს 3 არარეზიდენტ კომპანიასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნა/ვალდებულების ნაწილში მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სრულად გაუქმებას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 ივნისის №12365 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 17 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადამხდელს შეუმცირდა სულ 280 767 ლარი, მათ შორის გადასახადი 192 078 ლარი და ჯარიმა 88 689 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);97(1ბ.გ);981;984;982;