გადაწყვეტილება №20330/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20330/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20330/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---ში“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ს 20.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის

№20330/2/2023).

 

დავის საგანი:

1. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობის ჩამოწერა;

2. საინკასო დავალების წარდგენის მართლზომიერება;

3. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 17.05.2023 წლის №006-25585 შეტყობინება;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 5.06.2023 წლის №011-2023-095110 ბრძანება;

3. შემოსავლების სამსახურის 5.07.2023 წლის №16042 ბრძანება.

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2023 წლისთვის არსებული ზედმეტობა 19 616,07 ლარის ოდენობით, ავტომატურად ჩამოიწერა 15.05.2023 წელს. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 5.06.2023 წლის მდგომარეობით რიცხული აღიარებული საგადასახდო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 5.06.2023 წლის №011-2023-095110 ბრძანება საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერილის შესახებ და 17.05.2023 წლის №006-25585 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობის ჩამოწერა და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ფარგლებში გამოცემული ვალის მართვის დეპარტამენტის 17.05.2023 წლის №006-25585 შეტყობინება და 5.06.2023 წლის №011-2023-095110 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.07.2023 წლის №16042 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

1. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობის ჩამოწერა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მომჩივანს 1.01.2023 წლისთვის უფიქსირდებოდა ზედმეტად გადახდილ თანხები 19 616,07 ლარის ოდენობით, რაც წარმოშობილია 1.01.2016 წლიდან 1.01.2020 წლამდე დარიცხულ და გადახდილ გადასახადებს შორის სხვაობის შედეგად, ამასთან, 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდში გადამხდელის მიერ წარმოდგენილია დეკლარაციები ნულოვანი ფორმით, ასევე არ არის წარდგენილი დეკლარაციები, რომელთა მიხედვით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია. მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 15.05.2023 წელს ავტომატურად განხორციელდა 31.12.2022 წლისთვის არსებული ზედმეტობის ჩამოწერა. მომჩივნის მიერ პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2023 წლიდან თანხის ჩამოწერამდე წარდგენილია 2023 წლამდე პერიოდის დაზუსტებული დეკლარაციები ბიუჯეტში გადასახდელი თანხებით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმებასთან დაკავშირებით მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილზე, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის“ მე-4 მუხლის მე-20 პუნქტზე და საქმეში არსებულ მასალებსა და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

10.02.2023 წელს გაიყიდა კომპანიის 100%-იანი წილი. კომპანიის დამფუძნებელი/პარტნიორი გახდა ---, რომელმაც კომპანიის წილი იყიდა მას შემდეგ, რაც ყოფილმა დამფუძნებელმა/პარტნიორმა ---მ სრულად დაფარა იმ მომენტისთვის არსებული საგადასახადო ვალდებულებები. ყიდვა-გაყიდვის მომენტში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე კომპანიას უფიქსირდებოდა ზედმეტობა 5 326,23 ლარი. 15.05.2023 წელს კომპანიის პირადი ბარათიდან, შემოსავლების სამსახურის მიერ ჩამოიჭრა 19 616,07 ლარი, რომლის შედეგად ბარათზე აისახა დავალიანება (ზედმეტობის განაშთვის შემდეგ):

გადასახადი - 1 526,6 ლარი, ჯარიმა - 3 479,74 ლარი და საურავი - 9 608,59 ლარი, სულ - 14 614,93 ლარი. შემოსავლების სამსახურის მიერ თანხის - 19 616,07 ლარის, ჩამოჭრის საფუძვლად მითითებულია №13446 ბრძანების მე-4 მუხლის 22-ე პუნქტი.

მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ზედმეტობის ჩამოჭრა მოხდა რიგი დარღვევებით, კერძოდ:

1. კომპანიის შემოსავლების სამსახურის პირად გვერდზე (RS.GE) არ ყოფილა გამოგზავნილი შეტყობინება მოსალოდნელი ხანდაზმული ზედმეტობის გაუქმების შესახებ;

2. არ შესრულდა შემოსავლების სამსახურის უფროსის №13446 ბრძანება, ამ ბრძანების მე-4 მუხლში აღნიშნული წესების დაცვით.

3. 2023 წლის იანვარში მოხდა 2020-2022 წლების დეკლარაციების დაზუსტება-წარდგენა, რომლის თანხების დარიცხვის შემდეგ მოხდა ოქმების გასაჩივრებები და საპასუხოდ გამოგზავნილი იყო შესაბამისი ოქმები. ოქმების ასახვის შემდეგ გამოიგზავნა შეტყობინება დარიცხული თანხების შესახებ, რომელიც გადახდილი იყო 2023 წლის იანვარში (კერძოდ გადახდილი იქნა 63 955 ლარი).

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულ ბრძანებაში გარკვევით მითითებულია, რომ ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმება ხორციელდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ, ყოველი წლის პირველ იანვარს, ბარათზე არ განხორციელებულა კორექტირება და 1 იანვრის მდგომარეობით აღნიშნული თანხები ირიცხებოდა როგორც ზედმეტობა. გარდა ამისა, აღნიშნული ბრძანების ჩანაწერი შეუსაბამოა საქართველოს საგადასახადო კოდექსთან. საგადასახადო კოდექსში, რომლის საფუძველზეც არის გამოცემული აღნიშნული ბრძანება, არაა მითითება, თუ როდის უუქმდება პირს საგადასახადო ზედმეტობა (მითითება არის მხოლოდ მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობაზე). გარდა ამისა, აღნიშნული ბრძანების შინაარსი, არასამართლიანია, რადგან იგი არათანაბარ მდგომაროებაში აყენებს სახელმწიფოს და გადასახადის გადამხდელს. თუ ბარათზე ნაცვლად ზედმეტობისა, ექნებოდა საგადასახადო დავალიანება, საგადასახადო ორგანო ამ დავალიანებას არ ჩამოაწერდა (როგორც ჩამოაწერა ზედმეტობა) და გამოიყენებდა. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე კომპანია და მისი დამფუძნებელი ვერ ჩათვლიდა არსებული ზედმეტობის გამოყენებას არამართლზომიერად. ამასთან აღსანიშნავია, რომ კომპანიის ახალმა პარტნიორმა 100% წილი შეისყიდა საქართველოს ბანკიდან აღებული სესხით, რომლის დაფარვაც ხდებოდა და უნდა მოხდეს ამ კომპანიაში არსებული ქონების გაქირავებით (იჯარით) მიღებული შემოსავლით. ხოლო დარიცხული თანხების გამო დამფუძნებელი ვეღარ შეძლებს სესხის დროულად გადახდას, რაც ზიანს აყენებს კომპანიასაც და დამფუძნებელსაც. შესაბამისად, ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ყველა ზემოთ აღნიშნული გარემოება და დაუბრუნდეს კომპანიის პირად ბარათზე 15.05.2023 წელს ჩამოჭრილი თანხა 19 616,07 ლარი და შესაბამისად გაუქმდეს ვალის მართვის დეპარტამენტის 17.05.2023 წლის №006-25585 შეტყობინება გირავნობა/იპოთეკის შესახებ და 5.06.2023 წლის №011-2023-095110 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილისის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-20 და 22-ე პუნქტების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელზეც მომდევნო წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, თუ მას გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია. ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია). აღნიშნული თანხის გაუქმება ხორციელდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ, ყოველი წლის პირველ იანვარს.

მომჩივანს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ზედმეტობის ჩამოჭრა მოხდა რიგი დარღვევებით, კომპანიის პირად გვერდზე (RS.GE) არ ყოფილა გამოგზავნილი შეტყობინება მოსალოდნელი ხანდაზმული ზედმეტობის გაუქმების შესახებ; არ შესრულდა შემოსავლების სამსახურის უფროსის №13446 ბრძანება აღნიშნულ ბრძანებაში აღნიშნული წესების დაცვით. ბარათზე არ განხორციელებულა კორექტირება და 1 იანვრის მდგომარეობით აღნიშნული თანხები ირიცხებოდა როგორც ზედმეტობა. 2023 წლის იანვარში მოხდა 2020-2022 წლების დეკლარაციების დაზუსტებაწარდგენა, რომლის თანხების დარიცხვის შემდეგ მოხდა ოქმების გასაჩივრებები და საპასუხოდ გამოგზავნილი იყო შესაბამისი ოქმები. ოქმების ასახვის შემდეგ გამოიგზავნა შეტყობინება დარიცხული თანხების შესახებ, რომელიც გადახდილი იყო 2023 წლის იანვარში (კერძოდ გადახდილი იქნა 63 955 ლარი).

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის 4 პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

2. საინკასო დავალების წარდგენის მართლზომიერება ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, კომპანიას 4.06.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება - გადასახადი 1 526,6 ლარი, ჯარიმა 3 479,74 ლარი და საურავი 9 623,86 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 5 ივნისს გამოიცა №011-2023-095110 ბრძანება მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ (14 630,2 ლარზე). 5.06.2023 წლის №011-2023-095110 საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 1,85 ლარი. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების შეცვლის გამო, რამოდენიმეჯერ დაკორექტირდა გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები, რომელთა საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერა არ განხორციელებულა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 243-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 5.06.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მიიჩნევს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება. საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

4. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.

მომჩივანი მოითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის 5.06.2023 წლის №011-2023-095110 ბრძანების გაუქმებას. „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. მხარეთა არგუმენტაციის, ფაქტობრივი გარემოებების და პირველი დავის საგნის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების გათვალიწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

3. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს 17.05.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადი 1,526.60 ლარი, ჯარიმა 3,479.74 ლარი, საურავი 9,610.12 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 0 ლარი, ზედმეტობა 0 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე 17.05.2023 წლის №006-25585 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილზე მე-6 ნაწილზე 239-ე მუხლის პირველი ნაწილზე, და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 17.05.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

მომჩივანი მოითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის 17.05.2023 წლის №006-25585 შეტყობინების გაუქმებას. „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

მხარეთა არგუმენტაციის, ფაქტობრივი გარემოებების და პირველი დავის საგნის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების გათვალიწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.07.2023 წლის №16042 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობის ჩამოწერა;

2. საინკასო დავალების წარდგენის მართლზომიერება;

3. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობის ჩამოწერა და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ფარგლებში გამოცემული ვალის მართვის დეპარტამენტის 17.05.2023 წლის №006-25585 შეტყობინება და 5.06.2023 წლის №011-2023-095110 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.07.2023 წლის №16042 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4 (8); 238; 243; 239.