გადაწყვეტილება №25918/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.11.2025
№ დოკუმენტი 25918/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25918/2/2025

26 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ამხანაგობა „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ამხანაგობა „----ის“ 29.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25918/2/2025).

 

დავის საგანი:

გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად გამოვლენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობა და გამოვლენილი დამატებითი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ფულად სარგებლად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №13796 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №006-191 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 10.09.2025 წლის №19913 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

160 564.68 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 92 364.93

დღგ - 41 184.29

საშემოსავლო გადასახადი - 51 180.64

ჯარიმა - 47 915.70

საურავი - 20 284.05

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში სამშენებლო დოკუმენტებისა და საპროექტო სამუშაოების მომზადება. აუდიტის დეპარტამენტის 6.05.2025 წლის №8788 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური 26 ნოემბერი 2025 N 03/83652 2 საგადასახადო შემოწმება.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 24.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა მატერიალური ფორმით (ცალკეული ჩანაწერების მეშვეობით). შემოწმების შედეგად დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შედეგად გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმების შედეგად გამოვლენილ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ჩასათვლელ თანხებში ასახული ჰქონდა წინა პერიოდში მიღებული (ჩათვლილი) ავანსის საბოლოო საგადასახადო ანგარიშფაქტურა 824 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების შედეგად გამოვლენილი დამატებითი რეალიზაციიდან მიღებული ფული ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ფულად სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №13796 ბრძანება და ამავე თარიღის №006-191 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.09.2025 წლის №19913 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, ხოლო დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ პუნქტზე, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა მატერიალური ფორმით (ცალკეული ჩანაწერების მეშვეობით). შემოწმების შედეგად დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმების შედეგად გამოვლენილ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა, რაც დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, შემოწმების შედეგად გამოვლენილი დამატებითი რეალიზაციიდან მიღებული ფული, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პოზიცია, რომლითაც არ ეთანხმება მიღებული ავანსის თანხის შემოსავალში აღიარებას და დაბეგვრას დაუსაბუთებელია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების შედეგად მოხდა გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავება, რომლის მიხედვითაც ამხანაგობას სსიპ ,,----გან“ ავანსად მიღებული თანხა გატანილი ჰქონდა საბანკო ტერმინალის საშუალებით, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 0-ს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ავანსი არც დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ ჰქონდა ასახული.

სსიპ „---გან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომელმაც დაადასტურა, როგორც სახელშეკრულებო პირობები, ასევე, თანხის ავანსად გადახდა ამხანაგობა „---თვის“, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მას შემდეგ, რაც სამუშაო უშუალოდ შესრულდება. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული თანხა შემოწმების პერიოდის ბოლოსათვის გახარჯული ჰქონდა, კერძოდ, ნაწილი ამხანაგობის დამფუძნებლებს შორის ჰქონდა განაწილებული, ხოლო ნაწილი საბანკო ტერმინალის საშუალებით გატანილი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის პოზიცია, რომლითაც ითხოვს გაწეული ხარჯების გათვალისწინებას, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების მიერ მოხდა ყველა იმ დოკუმენტური ხარჯების გათვალისწინება, რაც საბანკო ამონაწერების, საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა თუ სასაქონლო ზედნადებების მიხედვით ფიქსირდებოდა (სატენდერო მოსაკრებლები, პირგასამტეხლოები, გარანტიის ხარჯები და სხვა). ამასთან, მესამე პირებისაგან გამოთხოვილია ინფორმაცია, მათ შორის სადაზღვევო კომპანია „---გან“ და აღნიშნული გათვალისწინებულია დამატებით ხარჯებში.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ პუნქტზე.

დადგენილია, რომ ამხანაგობასა და სსიპ „---ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ და შემსყიდველის მხრიდან მოხდა ავანსის თანხის 257 616 ლარის გადახდა. თუმცა, თანხის გადახდამდე ამხანაგობამ სსიპ „---ს“ წარუდგინა შესაბამისი თანხის საბანკო გარანტია, რომელსაც რამდენჯერმე გაუგრძელდა მოქმედების ვადა, გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ. შესაბამისად, ამხანაგობისთვის გადახდილი თანხა არ შეიძლება განხილულ იქნას საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე მიღებულ თანხად, ვინაიდან მომსახურების შემსყიდველ ორგანიზაციას სსიპ „---ს“ ნებისმიერ დროს შეეძლო და ახლაც შეუძლია ცალმხრივად გაწყვიტოს ხელშეკრულება ამხანაგობასთან და ასეთ შემთხვევაში, მას საბანკო გარანტი დაუყონებლივ აუნაზღაურებს გადახდილ საავანსო თანხას, რის შემდეგაც დაიწყებს თანხის დაბრუნების პროცედურებს ამხანაგობისგან. გამოდის, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ამხანაგობა იბეგრება დღგ-ით და იმავდროულად კარგავს მიღებულ შემოსავალს (თუ ავანსად ჩარიცხულ თანხა განიხილება, როგორც შემოსავალი). ასე, რომ საბანკო უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის პირობებში საავანსო გადახდა არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია, ვინაიდან სახეზეა პირობადადებული ანაზღაურება (საკუთრება), რაც არ შეიძლება მოხვდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ პუნქტის რეგულირების სფეროში. ასევე, ამხანაგობა არ ეთანხმება სსიპ „---ის“ მიერ გადახდილი თანხის შემოსავალში აღიარებას.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 44-ე ნაწილი შემოსავალს განსაზღვრავს, როგორც შემოსავალს, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. თავის მხრივ, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლების 4.68 პუნქტის მიხედვით, შემოსავალი არის აქტივების ზრდა ან ვალდებულებების შემცირება, რაც იწვევს საკუთარი კაპიტალის ზრდას, რომელიც დაკავშირებული არაა წილობრივი მოთხოვნის მფლობელთა მიერ საკუთარ კაპიტალში განხორციელებულ დამატებით შენატანებთან. აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ შემოსავალი არის უპირობო. მისი მიღება პოზიტიურად აისახება საწარმოს/საზოგადოების ფინანსურ მდგომარეობაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამხანაგობის შემთხვევაში სსიპ „---ის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი საავანსო თანხა ვერ ჩაითვლება შემოსავლად, ვინაიდან გადახდილი საავანსო თანხა დაზღვეულია იმავე ოდენობის საბანკო გარანტიით და გარკვეული პირობების შემთხვევაში, შეიძლება სრულად გამოითხოვოს გადამხდელმა, რაც მიღებულ თანხას აცლის უპირობო აქტივს ანუ შემოსავლის ნიშანს.

ამხანაგობა ასევე, ვერ დაეთანხმება შემოსავლების სამსახურის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოხდა გაწეული ხარჯების სრულად გათვალისწინება. გადასახადის სახით დარიცხულმა თანხამ შეადგინა 92 365 ლარი. აღნიშნული თანხა მიღებულია დღგ-ის 41 184.29 ლარისა და საშემოსავლოს გადასახადის 51 180.64 ლარის დაჯამებით. აღნიშნული რიცხვები საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ ხარჯები გათვალისწინებულია არასრულად, კერძოდ არ არის ასახული ცალკეულ სამუშაოებში ჩართული მოწვეული სპეციალისტებისთვის ანაზღაურებული თანხები, მაგალითად: საექსპერტო მომსახურების ხარჯები, გეოლოგიური კვლევებისთვის ანაზღაურებული ხარჯები, სადაზღვევო კომპანია „---თვის“ გადახდილი ფულადი თანხები, ხელფასების სახით გაცემული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ პუნქტის მიხედვით, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საჩივარში მითითებულია, რომ საბანკო უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის პირობებში საავანსო გადახდა არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია, ვინაიდან სახეზეა პირობადადებული ანაზღაურება (საკუთრება).

ამასთან, სსიპ „----ს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი საავანსო თანხა ვერ ჩაითვლება შემოსავლად, ვინაიდან გადახდილი საავანსო თანხა დაზღვეულია იმავე ოდენობის საბანკო გარანტიით და გარკვეული პირობების შემთხვევაში, შეიძლება სრულად გამოითხოვოს გადასახადის გადამხდელმა, რაც მიღებულ თანხას აცლის უპირობო აქტივს ანუ შემოსავლის ნიშანს.

ასევე აღნიშნავს, რომ ხარჯები გათვალისწინებულია არასრულად, კერძოდ არ არის ასახული ცალკეულ სამუშაოებში ჩართული მოწვეული სპეციალისტებისთვის ანაზღაურებული თანხები.

დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს (წარმომადგენელს) მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი (წარმომადგენელი) არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომას. მოპასუხემ, მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის 2.10.2025 წლის №86846-21-14 წერილით და საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, განმარტა, რომ შემოწმების შედეგად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავება, რომლის მიხედვითაც ამხანაგობას სსიპ „---სგან“ ავანსად მიღებული თანხა გატანილი აქვს საბანკო ტერმინალის საშუალებით, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 0-ს, ამასთან, გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ავანსი არც დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ ჰქონდა ასახული.

აღნიშნულთან დაკავშირებით სსიპ „----სგან“ გამოთხოვილია ინფორმაცია, რომელმაც დაადასტურა როგორც სახელშეკრულებო პირობები, ასევე, თანხის ავანსად გადახდა ამხანაგობისათვის, ხოლო მიღება-ჩაბარება გაფორმდება მას შემდეგ, როცა სამუშაო უშუალოდ შესრულდება.

შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს აღნიშნული თანხა შემოწმების პერიოდის ბოლოსათვის გახარჯული ჰქონდა, ნაწილი ამხანაგობის დამფუძნებლებს შორის ჰქონდა განაწილებული, ხოლო ნაწილი საბანკო ტერმინალის საშუალებით გატანილი. რაც შეეხება ხარჯებს, განხორციელდა ყველა იმ დოკუმენტური ხარჯის გათვალისწინება, რაც საბანკო ამონაწერებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა თუ სასაქონლო ზედნადებების მიხედვით ფიქსირდებოდა (სატენდერო მოსაკრებლები, პირგასამტეხლოები, გარანტიის ხარჯები და სხვა). ამასთან, გამოთხოვილი იქნა მესამე პირებისგან ინფორმაციები, მათ შორის სადაზღვევო კომპანია „---გან“, რომელიც გათვალისწინებულია ხარჯში. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად გამოვლენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობა და გამოვლენილი დამატებითი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ფულად სარგებლად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა მატერიალური ფორმით (ცალკეული ჩანაწერების მეშვეობით). შემოწმების შედეგად დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შედეგად გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმების შედეგად გამოვლენილ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ჩასათვლელ თანხებში ასახული ჰქონდა წინა პერიოდში მიღებული (ჩათვლილი) ავანსის საბოლოო საგადასახადო ანგარიშფაქტურა 824 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

შემოწმების შედეგად გამოვლენილი დამატებითი რეალიზაციიდან მიღებული ფული ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №13796 ბრძანება და ამავე თარიღის №006-191 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.09.2025 წლის №19913 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1); 163 (1;2); 164 (1); 73 (4,9); 101 (1); 154 (1).