გადაწყვეტილება №19132/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19132/2/2023
19.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 17.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19132/2/2023).
დავის საგანი:
ფიქსირებული გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3709 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 636,54 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 999.89
საურავი - 636.65
ფაქტების აღწერა
მომჩივანს 2014 წლის 29 სექტემბერს მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი, (საქმიანობის სახე - თონეში წარმოებული/საწარმოებელი (ნახევარფაბრიკატი) საქონლის მიწოდება ან/და თონეთი გაწეული მომსახურება) და გაცემულია სერტიფიკატი №5869, ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა (საანგარიშო თვეზე 50 ლარი) პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებულია 2014 წლის ოქტომბრის თვიდან.
გადასახადის გადამხდელს საქმიანობის შეჩერებაზე განაცხადი გაკეთებული აქვს 2015 წლის 24 დეკემბერს, რომელიც განაახლა 2016 წლის 17 მაისს მისამართის ცვლილებით და იმავე საქმიანობაზე გაიცა სერტიფიკატი №10230. გადასახადის გადამხდელმა საქმიანობა კვლავ შეაჩერა 2019 წლის 18 თებერვალს, შესაბამისად გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2019 წლის მარტის თვიდან აღარ ერიცხება ფიქსირებული გადასახადი.
მომჩივანმა დარიცხული ფიქსირებული გადასახადის შემცირების მოთხოვნით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს, რომელმაც, იმ საფუძვლით, რომ სამსახურის უფროსის 24.06.2022 წლის №16277 „ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება დარიცხული ფიქსირებული გადასახადის შემცირებას არ ითვალისწინებს, მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული უარი 6.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 27.02.2023 წლის №3709 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 951 მუხლზე, 956 მუხლის პირველ ნაწილზე, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №4-ის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №4-ის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტზე და მიიჩნია, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის თანხები დარიცხულია მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანს ჰქონდა პურის საცხობი, რაზედაც ერიცხებოდა ფიქსირებული გადასახადი. სამწუხაროდ პურის საცხობი მალევე დაკეტა, მაგრამ შემოსავლების სამსახურში, არ ცოდნის გამო არ გააუქმა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი, რის გამოც დაგროვდა საურავები, რასაც ფიზიკურად ვერ იხდის, რადგან შემოსავალი აღარ აქვს. შემდგომ იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში (დაუდასტურდა ეპილეფსია და გახდა მუშაობისთვის უუნარო), მიენიჭა შშმ პირის სტატუსი და დაენიშნა პენსია. უკვე მესამე წელია აქვს შემოსავალი მხოლოდ ეს პენსია, რითაც ვერ ახერხებს ამ დავალიანების დაფარვას. ითხოვდა საბოლოოდ ძირი თანხის გადახდას და დანარჩენი დავალიანების ჩამოჭრას, მაგრამ ყველა მხრიდან მისდის უარყოფითი პასუხები. ითხოვს, იქნებ დავების განხილვის საბჭომ მოახდინოს სათანადო რეაგირება და განიხილოს გამონაკლისის სახით მისი საკითხი.
მომჩივანი განმარტავს, რომ ძირ თანხას დაფარავს 1 თვის ვადაში, ხოლო რაც შეეხება ჯარიმასაურავებს ითხოვს მათ ჩამოწერას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 951 მუხლის მიხედვით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.
საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ:
ა) პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას;
ბ) პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის (დანართი №4) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე ბრძანების დანართი №4-ის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დარიცხული ფიქსირებული გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, შესაძლებელია, გადაანგარიშდეს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად.
მომჩივანმა, საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე რეალურად საქმიანობა შეწყვიტა 2017 წლიდან, თუმცა უცოდინრობის გამო არ მიუმართავს განცხადებით, საგადასახადო ორგანოებისათვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების თაობაზე. უთითებს, რომ შეუძლია წარადგინოს გარკვეული მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს საქმიანობის შეწყვეტას.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მომჩივანი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცესში მოქმედებდა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით. საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო შეცდომით/არცოდნით, გადასახადის გადამხდელი არ მოქმედებდა წინასწარგანზრახვით, მისთვის არ იყო ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი და შესაბამისად, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს ამ გადაწყვეტილების გამოცემის თარიღისთვის სადავო საგადასახადო ვალდებულებაზე პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული (წარმოშობილი) საურავისაგან.
რაც შეეხება დარიცხული გადასახადის თანხას, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება მომსახურების დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მათი წარდგენის შემთხვევაში, კი მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს ამ გადაწყვეტილების გამოცემის თარიღისთვის სადავო საგადასახადო ვალდებულებაზე პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული (წარმოშობილი) საურავისაგან;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება მომსახურების დეპარტამენტს წარუდგინოს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
4. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს მომჩივნის მიერ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში მითითებული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აღნიშნული მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ფიქსირებული გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე რეალურად საქმიანობა შეწყვიტა 2017 წლიდან, თუმცა უცოდინრობის გამო არ მიუმართავს განცხადებით, საგადასახადო ორგანოებისათვის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების თაობაზე. უთითებს, რომ შეუძლია წარადგინოს გარკვეული მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს საქმიანობის შეწყვეტას.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში მომჩივანი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცესში მოქმედებდა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით. საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო შეცდომით/არცოდნით, გადასახადის გადამხდელი არ მოქმედებდა წინასწარგანზრახვით, მისთვის არ იყო ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი და შესაბამისად, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს ამ გადაწყვეტილების გამოცემის თარიღისთვის სადავო საგადასახადო ვალდებულებაზე პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული (წარმოშობილი) საურავისაგან. რაც შეეხება დარიცხული გადასახადის თანხას, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება მომსახურების დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მათი წარდგენის შემთხვევაში, კი მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 951; 956;