გადაწყვეტილება №20023/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20023/2/2023
04 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 19.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20023/2/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13358 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 300 976 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 207 589
ჯარიმა - 57 664
საურავი - 35 723
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №006-562 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 25 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 14 ივნისის №13358 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13358 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 299-ე, 301-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ ----------- აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2022 წლის 15 დეკემბრის №31614 ბრძანება და №006-562 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით ორჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით იურიდიულ მისამართზე (ქ. ----------), თუმცა ადრესატისათვის მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2023 წლის 6 მარტს განხორციელდა ზემოაღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2023 წლის 26 მარტს.
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 25 მაისს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2022 წლის 15 დეკემბრის №31614 ბრძანება და №006- 562 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით ორჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით იურიდიულ მისამართზე. ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მართლზომიერად განხორციელდა სადავო საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის 15 დეკემბრის №006-562 საგადასახადო მოთხოვნა საჩივრის ავტორს ჩაბარდა 2023 წლის 5 მაისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის ---------- მეშვეობით, რასაც წინ უძღოდა აღნიშნული პირის სატელეფონო კომუნიკაცია საჩივრის ავტორთან და მისი დაბარება საგადასახადო მოთხოვნის ჩასაბარებლად.
2023 წლის 25 მაისს, ე.ი. საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, საჩივრის ავტორმა საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.
გასაჩივრებული ბრძანება დასაბუთებულია იმით, რომ საჩივრის ავტორს ორჯერ უშედეგოდ გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნა, რაც საკმარისია საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების (საგადასახადო მოთხოვნის საჯარო შეტყობინების გზით გავრცელება) გამოსაყენებლად.
ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნული მოსაზრება არასწორია როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ ჭრილში.
შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული საჯარო შეტყობინების მასალების თანახმად, ფოსტის კურიერმა გზავნილი საჩივრის ავტორის მისამართზე მიიტანა 2023 წლის 3 და 30 იანვარს. ამასთან, არც ერთი უკუგზავნილი არ შეიცავს ჩანაწერს, გზავნილის ჩაუბარებლობის ობიექტური მიზეზის შესახებ. მაგალითად, მასში მითითებული არ არის მისამართზე ადრესატის ან/და მისი ოჯახის წევრების არყოფნის შესახებ. ორივე შემთხვევაში გზავნილის ჩაუბარებლობის სრულიად არაადეკვატური მიზეზია მითითებული: „შავი ფერის კარები“, რაც უფრო იმ დასკვნის საფუძველს იძლევა, რომ გზავნილის ჩაუბარებლობის ნამდვილი მიზეზი მელანოფობიაა (შავი ფერის შიში).
ცხადია, საჯარო შეტყობინების მასალებიდან არც ის ფაქტი გამომდინარეობს, რომ ადრესატმა ან მისი ოჯახის სხვა წევრმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე. დადასტურებული არ არის ისიც, რომ ფოსტის თანამშრომელმა ადგილზე დატოვა შეტყობინება გზავნილის, მისი გამომგზავნის ან იმ მისამართის შესახებ, სადაც გზავნილის მოკითხვა იყო შესაძლებელი.
ასეთი არასრულფასოვანი დოკუმენტაციის პირობებში, შეუძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ საჯარო შეტყობინების გავრცელებამდე, სათანადოდ იყო შესრულებული გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო მოთხოვნის ფოსტის მეშვეობით ჩაბარების ვალდებულება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 იანვრის №996 ბრძანების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი/მოადგილე (შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს პირისათვის ელექტრონული და წერილობითი დოკუმენტის საქართველოს საგადასახადო კოდექსით ან საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები)“.
ციტირებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ დოკუმენტის საჯარო გავრცელება წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას და გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია დოკუმენტის სხვაგვარად ჩაბარების შეუძლებლობა.
მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო მოთხოვნის საჯარო გავრცელება განხორციელდა ისე, რომ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული და დადგენილი არ ყოფილა საჩივრის ავტორისთვის მისი ჩაბარების შეუძლებლობის ფაქტი. მათ შორის, შეფასება არ მისცემია იმ ფაქტს, რომ გამოყენებული არ ყოფილა ასევე გადასახადის გადამხდელის ინფორმირების ისეთი ალტერნატიული საშუალებები, როგორიცაა ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა მაშინ, როდესაც საგადასახადო ორგანოსთვის ორივე მათგანი ცნობილი იყო.
ნიშანდობლივია, რომ შემოწმების პროცესში აუდიტორმა საჩივრის ავტორი ზეპირ გასაუბრებაზე დაიბარა სწორედ ტელეფონით. საბოლოოდ, სწორედ სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად ჩაბარდა მას გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნა. სატელეფონო კომუნიკაციის გზით დაიბარა იგი შემოსავლების სამსახურმაც საჩივრის ზეპირ განხილვაზე (რომლის შედეგადაც გასაჩივრებული ბრძანება გამოსცა).
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო მოთხოვნა საჯარო შეტყობინების გზით გავრცელდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 იანვრის №996 ბრძანების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. ასეთ ვითარებაში, შემოსავლების სამსახურს არ გააჩნდა სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადა აეთვალა კანონის დარღვევით განხორციელებული საჯარო შეტყობინების მომენტიდან.
აღსანიშნავია, რომ საჯარო შეტყობინების გავრცელების ზემოაღნიშნული მოთხოვნები მხარდაჭერილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკითაც. საილუსტრაციოდ იხ. საქართველოს უზენაესი 2018 წლის 19 ივლისის №ბს-481-481(2კ-18), 2019 წლის 10 ოქტომბრის №ბს-503(2კ19), 2019 წლის 10 ოქტომბრის №ბს-912(2კ-19) განჩინებები.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში საქართველოს უზენაესი სასამართლო მკაფიოდ უსვამს ხაზს საჯარო შეტყობინების გავრცელებამდე გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის ისეთი ალტერნატიული საშუალებების გამოყენების აუცილებლობაზე, როგორიცაა ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა.
ეს ბუნებრივიცაა, რადგან, როგორც პრაქტიკა მოწმობს, საჯარო შეტყობინება წარმოადგენს დოკუმენტის ჩაბარების ყველაზე არაეფექტურ საშუალებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამოწურულია სხვა უფრო ეფექტური საშუალებებით გადასახადის გადამხდელის ინფორმირების შესაძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემაჯამებელი დასკვნის სახით შეიძლება ითქვას შემდეგი: რამდენადაც საჯარო შეტყობინება კანონის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა, საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადა არ შეიძლება აითვალოს საჯარო შეტყობინების გავრცელების თარიღიდან. მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, გასაჩივრების ვადის საწყისი თარიღია 2023 წლის 5 მაისი - გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო მოთხოვნის ფაქტობრივად ჩაბარების დრო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საჩივარი წარდგენილია 2023 წლის 25 მაისს, საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულია კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადის დაცვით.
იმ შემთხვევაშიც, თუნდაც გაშვებული იყოს საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადა, შემოსავლების სამსახური ვალდებული იყო ემსჯელა ამ ვადის აღდგენის შესახებ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საჩივარი (ალტერნატივის სახით) შეიცავდა როგორც ვადის აღდგენის მოთხოვნას, ისე მის საფუძვლებზე მითითებას.
მართალია, გასაჩივრებულ აქტში შემოსავლების სამსახურის ციტირებს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილს, თუმცა მისი შემდგომი მსჯელობა ეხება არა გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლებს, არამედ საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრების ვადის გაშვების ფაქტის დასაბუთებას.
ვადის აღდგენის არსიდან გამომდინარე, ეს საკითხი სწორედ ვადის გაშვების შემთხვევაში დგება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვადის გაშვების ფაქტი, როგორც ასეთი, თავისთავად არ გამორიცხავს მისი აღდგენის შესაძლებლობას - მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული ორგანო დაადგენს ვადის გაშვების ფაქტს, მან უნდა დაადგინოს ვადის გაშვების მიზეზი და შეაფასოს ეს მიზეზი საპატიოა და წარმოშობს ვადის აღდგენის საფუძველს, თუ - პირიქით.
მოცემული საქმის უდავო ფაქტების თანახმად, ფოსტის კურიერმა საჩივრის ავტორის მისამართზე გზავნილი მიიტანა 2023 წლის 3 და 30 იანვარს, თუმცა ის ადრესატს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაბარდა.
სადავო არ არის ის ფაქტიც, რომ არც საჩივრის ავტორს და მისი ოჯახის სხვა წევრს გზავნილის ჩაბარებაზე უარი არ უთქვამს. ამასთან, თუ გამოვრიცხავთ საფოსტო უკუგზავნილებში მითითებულ ჩაუბარებლობის მიზეზს (შავი ფერის კარს), მისი ერთადერთი მიზეზი ადრესატის სახლში არყოფნა შეიძლება იყოს.
უდავოა ისიც, რომ 2023 წლის როგორც 3, ისე 30 იანვარი სამუშაო დღეებია. ამასთან, თუ საგანგებო სახელშეკრულებო ვალდებულება არა აქვს, ფოსტა გზავნილების ჩაბარებას სწორედ სამუშაო დროს (სამუშაო დღეებში და საათებში) ახორციელებს. მოცემულ შემთხვევაში, საფოსტო დაწესებულებას არასამუშაო დროს გზავნილის ჩაბარების მითითება არ მისცემია. შესაბამისად, ივარაუდება, რომ საჩივრის ავტორის მისამართზე კურიერმა გზავნილი სწორედ სამუშაო დროს მიიტანა.
ზემოაღწერილი გარემოებებიდან ერთადერთი დასკვნა გამომდინარეობს: გზავნილის (საგადასახადო მოთხოვნის) ჩაუბარებლობის და, აქედან გამომდინარე, გასაჩივრების ვადის გაშვების, მიზეზი, ფოსტის კურიერის ვიზიტის მომენტში, ადრესატის სახლში არყოფნაა.
ასეთ ვითარებაში, შეფასებას მოითხოვს შემდეგი საკითხი: გზავნილის ჩაუბარებლობის (ვადის გაშვების) ზემოაღნიშნული მიზეზი საპატიოა თუ არასაპატიო.
აღიარებული განმარტებით, ამა თუ იმ ქმედების (მოქმედებისა თუ უმოქმედობის) საპატიოობის თვალსაზრისით შეფასების კრიტერიუმია პირის მიერ კანონის ან წინდახედულობის ნორმის შესაძლო დარღვევა.
უდავოა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ შეიცავს დანაწესს, რომელიც პირს სახლში ყოფნას დაავალდებულებდა დროის ამა თუ იმ მონაკვეთში, მით უფრო, სამუშაო დროს (ცხადია, მხედველობაში არ გვაქვს საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევები).
სადავო არ შეიძლება იყოს ისიც, რომ საფოსტო მომსახურება შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ სამუშაო დღეს, სამუშაო დროის ნებისმიერ მონაკვეთში.
ასეთ ვითარებაში, წინდახედულობის ნორმის ფარგლებში, გონივრული არ იქნება სამართლის სუბიექტისთვის იმ ვალდებულების დაკისრება, რომ მთელი სამუშაო დრო სახლში გაატაროს, ფოსტის კურიერის შესაძლო ვიზიტის მოლოდინში.
ამდენად, სამუშაო დროს სახლში არყოფნა არ წარმოადგენს არც კანონის და არც წინდახედულობის ნორმის დარღვევას. მაშასადამე, ამ მიზეზით გზავნილის მიუღებლობა და, აქედან გამომდინარე, გასაჩივრების ვადის გაშვება არ შეიძლება არასაპატიოდ ჩაითვალოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორის მიერ თუნდაც გაშვებული იყოს საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადა (რის საწინააღმდეგო არგუმენტაცია მოცემულია წინამდებარე საჩივარში), ვადის გაშვება საპატიოა და, შესაბამისად, ექვემდებარება აღდგენას, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად.
ნიშანდობლივია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტიც არ შეიცავს მითითებას გასაჩივრების ვადის არასაპატიო მიზეზით გაშვების შესახებ. უფრო მეტიც, იგი არ შეიცავს მითითებას ვადის გაშვების ისეთ მიზეზზე, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც „არასაპატიო“.
ამდენად, თუნდაც სწორად დაედგინა გასაჩივრების ვადის გაშვების ფაქტი, შემოსავლების სამსახური ვალდებული იყო ემსჯელა ვადის გაშვების კონკრეტულ მიზეზზე, შეეფასებინა იგი საპატიობა-არასაპატიობის თვალსაზრისით და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13358 ბრძანება და მასვე დაევალოს გადასახადის გადამხდელის 2023 წლის 25 მაისის №89749/21 საჩივრის არსებითად განხილვა და გადაწყვეტა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად:
10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №006-562 საგადასახადო მოთხოვნას მომჩივანი არ გაცნობია ელექტრონულ ვებ-გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში. ამასთან, მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა საფოსტო დაწესებულების მეშვეობითაც (გაეგზავნა 2-ჯერ იურიდიულ მისამართზე - ქ. -------------; გზავნილი დაუბრუნდა გამგზავნს შემდეგი მიზეზით: არავინ იყო მისამართზე). შედეგად, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, განხორციელდა სადავო აქტის საჯაროდ გავრცელება 2023 წლის 6 მარტს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2023 წლის 26 მარტს.
მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №006-562 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარადგინა 25.05.2023 წელს.
ანალოგიურ საკითხზე სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკით მიჩნეულია, რომ საჯარო შეტყობინებით დოკუმენტის ჩაბარების მექანიზმის გამოყენებამდე, დოკუმენტის როგორც ფოსტით (მინიმუმ ორჯერ) ისე ელექტრონული ფორმით გაგზავნის ვალდებულების ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრება განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ ადრესატისთვის დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებული იქნეს როგორც უკიდურესი ღონისძიება. შესაბამისად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებამდე, საგადასახადო ორგანომ სრულად უნდა გამოიყენოს ადრესატისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით (ტელეფონი, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა საშუალებები) და მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენოს დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარების მექანიზმი, რაც ამოწურავს ამ შესაძლებლობებს.
ამდენად, მიუხედავად იმისა რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ფორმალურად დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისთვის საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები, საბჭო მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნილი არასაკმარისია განსახილველ შემთხვევაში დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისთვის - როგორც ჩაბარების უკიდურესი ღონისძიების გამოყენებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გადამხდელისთვის ჩაბარების დროს გამოყენებული არ ყოფილა გადამხდელის ინფორმირების ან/და დოკუმენტის ჩაბარების რეალურად არსებული ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, უშუალოდ საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა მიერ გადამხდელისთვის დოკუმენტის ჩაბარების მცდელობა. შესაბამისად, სადავო დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებით მომჩივანს იგი არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №006-562 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება არამართლზომიერია.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.
ვინაიდან საჯარო გამოქვეყნების გზით მომჩივნისთვის სადავო დოკუმენტის ჩაბარება არ დასტურდება, მისი გასაჩივრების ვადის ათვლა საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-11 ნაწილში მითითებული ვადის გასვლიდან, არასწორია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვება არამართლზომიერია.
ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის ინფორმაციით, სადავო საგადასახადო მოთხოვნა მომჩივანს ჩაბარდა 2023 წლის 5 მაისს და აღნიშნული თარიღიდან დაცულია გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13358 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13358 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს განსახილველად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №006-562 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 25 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 14 ივნისის №13358 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13358 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
301(ე);299(4);44(10);