გადაწყვეტილება №22740/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22740/2/2024
15 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „---------“ (ს/ნ )
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 1.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22740/2/2024).
დავის საგანი:
მომხმარებლისათვის გაცემულ ჩეკზე აუცილებელი რეკვიზიტების აუსახველობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.02.2024 წლის №CB1587956 სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5064 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 100 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის დარღვევის (საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკზე არ ფიქსირდებოდა პირის დასახელება) გამო, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.02.2024 წლის №CB1587956 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5064 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივანს დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად სანქციის სახით განესაზღვრა გაფრთხილება.
შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5064 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შესაბამისი სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადამხდელი საჩივარს თან არ ურთავს საჩივარში მოყვანილ არგუმენტთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს, ამასთან, გადასახადის გადამხდელის მხრიდან სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ს.ს. აპარატი, რომელსაც ი.მ. ---------- იყენებს წარმოადგენს ---------- ბანკის პოს-ტერმინალს სალარო აპარატის ფუნქციით, რომლის რეგისტრაცია შესაბამის სამსახურში და ამოსულ ჩეკზე მონაცემების განსაზღვრა ხორციელდება მხოლოდ ბანკის მიერ. შესაბამისად, სამართალდარღვევა მეწარმის მიერ ჩადენილი არ არის, რასაც ადასტურებენ ბანკის თანამშრომლებიც. ოქმში აღწერილი სამართალდარღვევა არ არის გამოწვეული მეწარმის ქმედებით.
მომჩივანი ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი მის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი (№CB1587956) და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომხმარებლისათვის გაცემულ ჩეკზე უნდა აისახოს შემდეგი აუცილებელი რეკვიზიტები: ა) პირის დასახელება.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
ვინაიდან მომჩივნის კუთვნილ საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკზე არ ფიქსირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე17 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი რეკვიზიტი (პირის დასახელება), საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტის საგადასახადო სამართალდარღვევად შეფასება და ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, მომჩივნისთვის გაფრთხილების სახით პასუხისმგებლობის დაკისრება, მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომხმარებლისათვის გაცემულ ჩეკზე აუცილებელი რეკვიზიტების აუსახველობა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის კუთვნილ საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკზე არ ფიქსირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე17 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი რეკვიზიტი (პირის დასახელება).
ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, მომჩივნისთვის გაფრთხილების სახით დაეკისრა პასუხისმგებლობა.
გადაწყვეტილებ
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 43(თ); 291;281;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;