გადაწყვეტილება №18256/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18256/2/2022
10.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს------------- (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 21.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №-------------------).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №063-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27938 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 347 226 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 199 046
დღგ - 80 083
საშემოსავლო გადასახადი - 118 963
ჯარიმა - 99 334
საურავი - 48 846
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მობილური ტელეფონებით და საოჯახო ელექტროტექნიკით საცალო ვაჭრობა საგარეჯოს რაიონ სოფელ იორმუღანლოში.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის ----- იანვრიდან 2022 წლის ---- თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 15.07.2022 წლის №18774 ბრძანება და №063-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27938 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტების აღწერა.
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას სრულად. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს --%-ს. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გადამხდელმა წარადგინა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თარიღისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის რაოდენობა და ღირებულება. აღნიშნული ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, გაიმიჯნა ერთგვაროვანი ხასიათის მქონე 6 კატეგორიად. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, კომპანიის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიება „ფასების ფიქსაცია“. წინასწარ განსაზღვრული სახეობების მიხედვით მოხდა საქონლის სარეალიზაციო ღირებულებების დაფიქსირება და აღნიშნულის მიხედვით განისაზღვრა საქონლის თითოეული კატეგორიის ფასნამატი. ფასების ფიქსაციის შედეგად მიღებული ფასნამატი შეადგენს --%-ს, რაც შესაბამისობაში მოვიდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატთან (დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან ბრუნვაში შეადგენს --%-ს). ამდენად, დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შემცირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ზემოაღნიშნული ფასნამატი გავრცელდა თითოეულ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილი წერილობითი განმარტების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები არ გააჩნია. წარდგენილი წერილობითი განმარტების თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში საწარმოს საწყისი სალაროს ნაშთი შეადგენს 45 782.87 ლარს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის შეადგენს 15 000 ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშდა გადამხდელის საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები. ასევე, შესწავლილ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. შესაბამისად, განისაზღვრა ფულადი სახსრების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, რომელიც შედარდა აღნიშნულ პერიოდში სალაროში არსებული ნაშთის მონაცემთან.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის დანაკლისი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, ვინაიდან შემოწმების პროცესში შემმოწმებლის მოთხოვნის შესაბამისად, წარდგენილი ჰქონდა ყველა დოკუმენტაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თარიღისთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის რაოდენობა და ღირებულება. აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, შემოწმების მიერ გამიჯნულ იქნა ერთგვაროვანი ხასიათის მქონე კატეგორიებად (სულ 6 კატეგორია). საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ შპს „--ის’’ საქმიანობის ადგილზე ჩატარებულ იქნა მიმდინარე კონტროლის ღონისძიება „ფასების ფიქსაცია". აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებისას წინასწარ განსაზღვრული სახეობების მიხედვით მოხდა საქონლის სარეალიზაციო ღირებულებების დაფიქსირება და აღნიშნულის მიხედვით განისაზღვრა საქონლის თითოეული კატეგორიის ფასნამატი. ფასების ფიქსაციის შედეგად მიღებული ფასნამატი შეადგენს -----%-ს, რაც შესაბამისობაში მოვიდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატთან.აღნიშნული ფასნამატი გავრცელდა თითოეულ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2022 წლის №063-12 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 99 334 ლარი და საურავი - 48 846 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ წარმოშობით არის ქართველი აზერბაიჯანელი, რომელიც ვერ ერკვევა საგადასახადო კანონმდებლობაში. თუმცა არის კეთილსინდისიერი, შესაბამისად, დოკუმენტების მოუწესრიგებლობა გამოწვეულია ენის ბარიერის გაურკვევლობით და კანონმდებლობის არ ცოდნით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.