გადაწყვეტილება №25941/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25941/2/2025
15 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 09.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 01.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25941/2/2025).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის N 021-46 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 სექტემბრის N 19659 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 735 511.41 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 192 456.44;
ჯარიმა - 240 748.70;
საურავი - 13 265.22;
საშემოსავლო გადასახადი (30.06.2025 წლის სავადო) – 289 041.05;
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა ----- მიმდებარედ. საწარმო გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 25 იანვარს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის N 9039 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2024 წლის 25 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 19 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებამ შეადგინა 2 495 164 ლარი. მომჩივანი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან და არ წარუდგენია ბუღალტრული პროგრამის ასლი. გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია ინფორმაციის წარუდგენლობისთვის, საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 400 ლარით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა და თითოეული ოპერაციის ჭრილში საქონლის მოძრაობის ანალიზი, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ, შესაბამისი საქონლის კატეგორიების მიხედვით, განხორციელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება, რომელზეც გავრცელდა იდენტური და მსგავსი საქონლის აუდირებული ფასნამატი. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
აღნიშნული გაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა განკარგვადი თანხა. 2025 წლის 15 მაისს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის ოდენობის განსაზღვრის ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში ვერ მოხერხდა კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მოძიება. შესაბამისად, სალაროში ნაშთი განისაზღვრა 0 ლარი. გაანგარიშების შედეგად დარჩენილი განკარგვადი თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის N 13617 ბრძანება და N 021-46 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 735 511.41 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 29 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 8 სექტემბრის N 19659 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებამ შეადგინა 2 495 164 ლარი. მომჩივანი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან და არ წარუდგენია ბუღალტრული პროგრამის ასლი. აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ, შესაბამისი საქონლის კატეგორიების მიხედვით, განხორციელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება, რომელზეც გავრცელდა იდენტური და მსგავსი საქონლის აუდირებული ფასნამატი.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქმის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ შემოწმების პროცესში საქონლის თვითღირებულება, რომელზეც მოხდა აუდირებული ფასნამატის გავრცელება, გაანგარიშდა საინვოისო ღირებულების შესაბამისად და არა საბაჟოზე აფასებული ღირებულებიდან. რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას მისივე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, დოკუმენტური რეალიზაციის წილი დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებაში შეადგენს დაახლოებით 1%-ს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისი საქონლის კატეგორიების მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება და მასზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით დადგენილი განკარგვადი ფულის ნაშთი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისთვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისთვის.
შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. მომჩივნისთვის დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული საწარმოს საქმიანობა მომჩივნის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ, არც შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე, აღნიშნული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია.
მომჩივანი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე და აღნიშნავს, რომ გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მომჩივნის დოკუმენტალური ფასნამატი. ასევე, არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული. მაგალითად, შპს „-----“-ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა, თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლით ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასნამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება, სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%-ს.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი - ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. როგორც აღნიშნა, არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე, არასწორია ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვა" და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 სექტემბრის N 19659 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 09.10.2025 წლის N ----- წერილი, სადაც მითითებულია, რომ კომპანიის საქმიანობაა არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებამ (ინვოისების შესაბამისად) შეადგინა 2 495 164 ლარი. გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან და არ წარადგინა არანაირი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის, ამავე კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 400 ლარით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა და თითოეული ოპერაციის ჭრილში საქონლის მოძრაობის ანალიზი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ, შესაბამისი საქონლის კატეგორიების მიხედვით, განხორციელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება, რომელზეც გავრცელებული იქნა იდენტური და მსგავსი საქონლის აუდირებული ფასნამატი. აღნიშნული გაანგარიშების შედეგად, საწარმოს გამოუვლინდა განკარგვადი თანხა. 2025 წლის 15 მაისს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის ოდენობის განსაზღვრის ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში ვერ მოხერხდა კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მოძიება. შესაბამისად, სალაროს ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. გაანგარიშების შედეგად დარჩენილი განკარგვადი თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ამასთან, შპს „-----“ და შპს „-----“ ვაჭრობას ახორციელებენ ერთმანეთისგან განსხვავებული საქონლით. კერძოდ, შპს „-----“ ვაჭრობს ფეხსაცმლით (საშინაო, რეზინის, სპორტული), ხოლო შპს „-----“ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 47 სხვადასხვა კატეგორიის საქონელი. შესაბამისად, „-----”-ის შესაბამისი ფასნამატი გამოყენებული ვერ იქნება „-----” პროდუქციაზე.
საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.
აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 სექტემბრის N 19659 ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებამ შეადგინა 2 495 164 ლარი. მომჩივანი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან და არ წარუდგენია ბუღალტრული პროგრამის ასლი. გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია ინფორმაციის წარუდგენლობისთვის, საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 400 ლარით. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება:
დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომებს. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 73;. 154,,ა" 158; 101;.