ბრძანება N 10766

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.05.2026
№ დოკუმენტი 10766
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10766

14 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ის“ (ს/ნ -------------)

(მის: ---------------------------------)

2026 წლის 16 აპრილის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 მაისის სხდომზე (ოქმი №37) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ -------------) 2026 წლის 16 აპრილის №----/21-12 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მარტის №094-9 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა ყველა მტკიცებულება, რომელთა დიდი ნაწილი უკვე გადაგზავნილი იყო შემმოწმებელთან, მათ შორის, ლიზინგით ქონების გამცემი ------ის მიერ გადმოგზავნილი მასალები, მ/შორის წერილობითი დასტური ლიზინგის აღრიცხვის ნაწილში, შპს „------ის“ საგადასახადო შემოწმების აქტი, სადაც დეტალურად არის მიმოხილული ლიზინგის ნაწილში წარმოშობილი ურთიერთობები და ციფრობრივი მაჩვენებლები, ასევე დამატებით კვლავ გადაგზავნილი იქნა ლიზინგის საპროცენტო ხარჯების ამსახველი გაანგარიშების ფაილი და 2010-2016 წლების საბუღალტრო პროგრამის სრული ბაზა. თუმცა, ყოველგვარი დასაბუთების და არგუმენტაციის გარეშე საწარმოს უარი ეთქვა ზედმეტად დეკლარირებული მოგების გადასახადის შემცირებაზე.

გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის 2015 წლის შემოწმების აქტში შემმოწმებელი პირდაპირ საუბრობს მასზედ, რომ 2011 წლის 17 მარტს საწარმო ჩაენაცვლა №- ნავმისადგომის გრძელვადიანი იჯარის (ლიზინგის) ხელშეკრულებაში გადამხდელად შპს „------ს“ და აღნიშნულ ნავმისადგომზე ოპერირების უფლება და ყველა მოვალეობა შპს „------დან“ გადმოეცა შპს „-----ს“. დასკვნის შემდგენელს ასევე წარედგინა 2011 წლის მარტში გაფორმებული დამატება საიჯარო (ლიზინგის) ხელშეკრულებაზე, რომლითაც ნათლად ჩანს, რომ საიჯარო (ლიზინგის) ხელშეკრულებაში ხდება მოიჯარის ჩანაცვლება. აღნიშნული დოკუმენტი რეგისტრირებულია, როგორც ნოტარიულად, ასევე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. დამატებით წარედგინა „-------ის“ 2016 წლის 12 იანვრის წერილობითი დასტური მასზედ, რომ ------ის ადმინისტრაცია ცალსახად და უპირობოდ ადასტურებს, 2005 წლის პირველი იანვრიდან №- ნავმისადგომზე არსებული ქონების ამოღებას შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსებიდან, შესაბამისად, მათზე არც საგადასახადო და არც ფინანსური ცვეთის დარიცხვა არ წარმოებს. ასევე, არ ხდება ამ ქონების ნარჩენი ღირებულებიდან ქონების გადასახადის დარიცხვა და დეკლარირება.

გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ შპს „-----ის“ 2015 წლის 5 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სალიზინგო ვალდებულების გადასვლის გამო შპს „-----ის“ მიერ ჩანაცვლების ანგარიშში 2011 წლის შედეგებით ერთობლივ შემოსავალზე დამატებული და მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში აღიარებული ლიზინგის დისკონტირებული საპროცენტო ხარჯის თანხა შეადგენს 884 371 ლარს, ხოლო ამავე ლიზინგში ჩანაცვლებით და მთლიანი ვალდებულების ასევე შპს „----ზე“ გადასვლით 17.03.2011 წლის მდგომარეობით წარმოშობილი დადებითი საკურსო სხვაობა 1 621 313 ლარია, ანუ ჯამში ლიზინგის ხელშეკრულებაში ჩანაცვლებით შპს „-----ის“ მიერ 2011 წლის შემოსავლად აღიარებული და მოგების გადასახადით დაბეგრილი თანხა შეადგენს 2 505 684,0 ლარს, საიდანაც ამ კომპანიის მიერ სრულად იქნა გადახდილი შესაბამისი მოგების გადასახადი. შესაბამისად, ლიზინგის დისკონტირებული საპროცენტო ხარჯი 884 371 ლარი უნდა აღიარდეს 2011 წლის შედეგებით გამოსაქვით ხარჯად, ასევე ხარჯში ასახულ უნდა იქნას სალიზინგო ვალდებულების გადმოსვლის ანგარიშში წარმოშობილი უარყოფითი საკურსო სხვაობა, რომელმაც 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1 245 733,0 ლარი შეადგინა, რაც შპს „----ის“ მიერ 2011 წლის 17 მარტის კურსით შემოსავლად აღიარებულ და მოგების გადასახადით დაბეგრილ დადებით საკურსო სხვაობასთან 1 621 313 ლართან შედარებით ნაკლები თანხაა, იმ მიზეზის გამო, რომ 2011 წლის 31 დეკემბერს არსებული გაცვლითი კურსი ამავე წლის 17 მარტის კურსთან შედარებით ნაკლებია. ასევე, 2011 წლის გამოსაქვით ხარჯში გამორჩენილია და ასახული არაა ლიზინგის ხელშეკრულების ანგარიშში 2011 წლის 17 მარტიდან 2011 წლის დეკემბრამდე დარიცხული დისკონტირებული საპროცენტო ხარჯი 92 592 ლარის ოდენობით, ანალოგიურად, 2012 წლის გამოსაქვითი ხარჯებიდან გამორჩენილია ამ წლის ლიზინგის დისკონტირებული საპროცენტო ხარჯი 106 899 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს ლიზინგის ხელშეკრულებაში ჩანაცვლების გამო დისკონტირებული საპროცენტო ხარჯის და უარყოფითი საკურსო სხვაობის, ასევე დეკლარირებისას გამორჩენილი დისკონტირებული საპროცენტო ხარჯის და ლიზინგით მიღებული ქონების ცვეთის თანხის, ასევე გადახდილი ქონების გადასახადის გამოქვითვებში ჩართვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20894 ბრძანებით შპს „---------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20894 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 13 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 19 მარტის №094-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა მტკიცებულებები/არგუმენტები და ბუღალტრული პროგრამა სადავო საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისი მასალების შესწავლით და ანალიზით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად 2011 და 2012 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი არ ექვემდებარება კორექტირებას. კერძოდ, გადამხდელის მიერ აღნიშნულის ფარგლებში დისკონტირების გზით განსაზღვრული პროცენტის თანხების, უარყოფითი საკურსო სხვაობის და ძირითადი საშუალებების ცვეთის თანხის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში ჩართვის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს სათანადო საფუძველი გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირებისთვის (შემცირებისთვის).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 38-ე ნაწილის თანახმად, ლიზინგი არის, ლიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ ლიზინგის საგანი არის ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 111-ე მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილების თანახმად:

12. ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგით გაცემული თითოეული ძირითადი საშუალება ცალკე ჯგუფად აღირიცხება. მასზე საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება სალიზინგო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულების ოდენობით, რომელიც განისაზღვრება ლიზინგის პირობებისა და ამ ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის გათვალისწინებით.

13. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნების შემთხვევაში ეს ძირითადი საშუალება რჩება იმავე ჯგუფში და შემდგომ ლიზინგით გაცემამდე მასზე საამორტიზაციო ანარიცხების დარიცხვა ჩერდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 35-ე მუხლის თანახმად, 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით გაცემულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებზე მოგებისა და ქონების გადასახადების მიზნებისათვის ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, საწარმოს მიერ საგადასახადო ცვეთის გრაფაში გამორჩენილია ლიზინგით მიღებული ქონების საგადასახადო ცვეთა 2011 წელს 330 059 ლარის ოდენობით, ხოლო 2012 წელს 277 286 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქონების ანგარიშში კუთვნილი ქონების გადასახადი სრულადაა გადახდილი 2011 წლიდან დღემდე. აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარედგინა „--------ის“ 2016 წლის 12 იანვრის წერილობითი დასტური მასზედ, რომ 2005 წლის პირველი იანვრიდან №- ნავმისადგომზე არსებული ქონება ამოღებულია შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან და მათზე არც საგადასახადო და არც ფინანსური ცვეთის დარიცხვა არ წარმოებს. ასევე, არ ხდება აღნიშნული ქონების ნარჩენი ღირებულებიდან ქონების გადასახადის დარიცხვა და დეკლარირება. საგადასახადო ორგანოს ასევე წარედგინა 2011-2016 წლების საბუღალტრო პროგრამის ასლი, სადაც ნათლად ჩანს, რომ კომპანიის ბალანსზე აღრიცხულია „------დან“ ლიზინგით მიღებული ქონების ნარჩენი ღირებულება, ასევე ჩანს, რომ ამ ქონებაზე შესაბამისი ცვეთის დარიცხვა განხორციელებულია შპს „-----თან“ და ასევე, ამ ქონების ღირებულება სრულად არის ჩართული შემოწმებით მოცული პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. შესაბამისად, გაუგებარია რატომ არ უნდა მოხდეს ლიზინგით მიღებული ქონების ანგარიშში დარიცხული საგადასახადო ცვეთის ხარჯებში გათვალისწინება, მაშინ, როდესაც ქონების ღირებულება, წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, არ არის ასახული არც --------ის და არც შპს „------ის“ ბალანსზე, შესაბამისად, მას არ ერიცხება მითითებულ კომპანიებში ცვეთა და არ ხდება მასზე ქონების გადასახადის დათვლა, ხოლო ბალანსზე აღრიცხულია შპს „-----თან“, მასზე ქონების გადასახადის გადახდა ხორციელდება 2011 წლიდან დღემდე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლითაც გადამხდელი ითხოვს მის ბალანსზე აღრიცხულ ქონებაზე დარიცხული ცვეთის ხარჯებში გათვალისწინებას. ამასთან, გადამხდელის განმარტებით, შემმოწმებელს წარედგინა 2011-2016 წლების საბუღალტრო პროგრამის ასლი, სადაც ნათლად ჩანს, რომ კომპანიის ბალანსზე აღრიცხულია „-----------დან“ ლიზინგით მიღებული ქონების ნარჩენი ღირებულება, ასევე ჩანს, რომ აღნიშნულ ქონებაზე შესაბამისი ცვეთის დარიცხვა განხორციელებულია შპს „------თან“ და ასევე, ამ ქონების ღირებულება სრულად არის ჩართული შემოწმებით მოცული პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული გარემოებისგან განსხვავებული არგუმენტი/პოზიცია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, შემოსავლების სამსახური არ იზიარებს შემმოწმებლის პოზიციას საწარმოს მიერ ლიზინგით მიღებულ ქონებაზე დარიცხული ცვეთის გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დაზუსტებას.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ სხვა არგუმენტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ, მათ შორის საგადასახადო დავის ეტაპზე, არ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რაც გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გაითვალისწინოს ლიზინგით მიღებულ ქონებაზე დარიცხული ცვეთა და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გაითვალისწინოს ლიზინგით მიღებულ ქონებაზე დარიცხული ცვეთა და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ითხოვს ლიზინგის ხელშეკრულებაში ჩანაცვლების გამო დისკონტირებული საპროცენტო ხარჯის და უარყოფითი საკურსო სხვაობის, ასევე დეკლარირებისას გამორჩენილი დისკონტირებული საპროცენტო ხარჯის და ლიზინგით მიღებული ქონების ცვეთის თანხის, ასევე გადახდილი ქონების გადასახადის გამოქვითვებში ჩართვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №20894 ბრძანებით მომჩივანის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის №20894 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 13 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №094-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გაითვალისწინოს ლიზინგით მიღებულ ქონებაზე დარიცხული ცვეთა და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 105(1.2); 111(12,13); 309(35);