გადაწყვეტილება №10980/2/2020

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.09.2020
№ დოკუმენტი 10980/2/2020
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№10980/2/2020

23.09.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -----

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.09.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- ს 17.08.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №10980/2/2020).

 

დავის საგანი:

ავანსად გადარიცხული თანხების უპროცენტო სესხად განხილვის გამო დარიცხული თანხები;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1.აუდიტის დეპარტამენტის 5.03.2020 წლის №081-43 საგადასახადო მოთხოვნა;

2.შემოსავლების სამსახურის 27.07.2020 წლის №21167 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 4 164 673 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 2 110 176

დღგ - შემცირდა 146 943

მოგების გადასახადი - 1 914 235

საშემოსავლო გადასახადი - 970

ქონების გადასახადი - 341 914

ჯარიმა - 1 027 353

საურავი - 1 027 144

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივანს სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 21.12.2018 წლის აქტის საფუძველზე. შემოწმებამ მოიცვა 1.07.2015 წლიდან 1.01.2018 წლამდე პერიოდი. აღნიშნულის თაობაზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2018 წლის №38066

ბრძანება და №081-351 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა 4 113 744, 67 ლარით, მათ შორის:

გადასახადის თანხა 2 290 886 ლარი,ჯარიმა 1 222 532 ლარი,საურავი 600 326,67 ლარი.

ზემოაღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 17.07.2019 წლის №24010 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. კერძოდ, სადავო საკითხებთან მიმართებაში გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით შეისწავლოს 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება სადავო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება). აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 17.07.2019 წლის №24010 ბრძანების აღსრულების მიზნით შედგა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2020 წლის დასკვნა, გამოიცა 2.03.2020 წლის №6204 ბრძანება და 5.03.2020 წლის №081-43 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მომჩივანს შეუმცირდა აქტით დარიცხული თანხები სულ 375 889 ლარის ოდენობით, მათ შორის: გადასახადის თანხა 180 710 ლარი, ჯარიმა 195 179 ლარი.

გადაანგარიშების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.07.2020 წლის №21167 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად, მ/წ 8 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში ჩატარდა მოსამზადებელი შეხვედრა საჩივართან დაკავშირებული გარემოებების დასაზუსტებლად.

 

სადავო საკითხი

ავანსად გადარიცხული თანხების უპროცენტო სესხად განხილვის გამო დარიცხული თანხები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის შინაარსი

შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ურთიერთდამოკიდებულ რეზიდენტ იურიდიულ პირებზე (შპს

-----, შპს -----, შპს -----) ავანსად გადარიცხული აქვს თანხები, რომლის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება არ ფიქსირდება 3 კალენდარული წლის განმავლობაში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადარიცხული თანხები განხილულია გაცემულ უპროცენტო სესხად და საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად გაანგარიშებული თანხებით გაზრდილია შესაბამისი პერიოდის ერთობლივი შემოსავალი საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად (ჯამში 2 584 865 ლარით). ხოლო, 2017 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2017 წლის საანგარიშო პერიოდში სესხად დაკვალიფიცირებულ გაცემულ თანხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად გაანგარიშებული თანხები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, რაც დაერიცხა თვეების შესაბამისად გადასახადის სახით და ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოსავლების სამსახურის 17.07.2019 წლის №24010 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2020 წლის დასკვნის მიხედვით, 2015-2017 წლების საანგარიშო პერიოდში შპს ----- ზე ავანსად გადარიცხული თანხები, რომლებიც შემოწმების შედეგად მიჩნეული იყო გაცემულ უპროცენტო სესხად, დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

კორექტირების შედეგად, 2015-2016 წლებში საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ზარალი გაიზარდა 1 329 021 ლარით და 2017 წლის საანგარიშო პერიოდში მოგების გადასახადში დარიცხული გადასახადი შემცირდა 164 426 ლარით. ასევე, შემცირებას დაექვემდებარა დაკისრებული ჯარიმა 82 213 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს ----- სა და შპს ----- ს შორის დადებულია საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა ნასყიდობის ფასის ავანსის სახით გადახდა, ვინაიდან საქონლის ფართო ასორტიმენტის გათვალისწინებით საჭირო იყო საავანსო ანგარიშსწორების გზით დამამზადებელთან სათანადო კავშირის უზრუნველყოფა. მსგავსი ხელშეკრულებების დადებისას ხშირია სახელშეკრულებო თანხის ავანსის სახით გადახდაზე შეთანხება, რაც მხარეებს შორის ბიზნეს ურთიერთობის ნაწილია.

შპს ----- მა ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის შეძენა გადაწყვიტა შპს ----- სგან, ვინაიდან შპს ----- მა დიდი გამოცდილება შეიძინა საბაგირო გზის მშენებლობის დროს ევროპულ მომწოდებლებთან ურთიერთობაში.

რაც შეეხება ხელშეკრულების მოშლას, ვინაიდან მომწოდებელმა დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება და შპს ----- სგან შეზღუდული ჰქონდა სასტუმროს ფუნქციონირების განსაზღვრულ ვადებში დაწყება, მხარეები იძულებული გახდნენ მოეშალათ ხელშეკრულება და მომწოდებელს დაებრუნებინა ავანსად ჩარიცხული თანხები.

წარმოდგენილი არგუმენტიდან გამომდინარე უსაფუძვლოა მხარეებს შორის სავაჭრო ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით გადარიცხული ავანსის გადაკვალიფიცირება უპროცენტო სესხად.

ვინაიდან, სასტუმრო ------------ ს არ გააჩნდა ღია საცურაო აუზი, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა სასტუმროს ავტორიტეტს და ამავდროულად ეს იყო ----------ის პირდაპირი მითითება, ამიტომ დაიწყო აქტიური მუშაობა სასტუმრო ----------------- ს მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამი ერთეული მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით მიღების თაობაზე კონკრეტული პირობებით. ეს უკანასკნელი პირობა იყო ხსენებულ მიწის ნაკვეთზე ღია საცურაო აუზის მშენებლობა, ასევე თანამედროვე ტიპის გასართობი ობიექტის მოწყობა და „------------“ -ს შენობის რეაბილიტაცია.

შპს----------სა და შპს---------ს შორის 2015 წლის 4იანვარს დადებულია მომსახურების ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შპს ------------- ს უნდა შეესრულებინა სამუშაოები სასტუმრო ----- ის მიმდებარე მიწებზე, რომელთა აღნაგობით აღებას გეგმავდა შპს ------, სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში ჩაერიცხა ავანსი შპს ----------ს. არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის გამო, შპს ------ მა ვერ შეძლო აღნიშნულ მიწებზე აღნაგობის უფლების მიღება, შესაბამისად შპს ---------მა ვერ მოახერხა ხელშეკრულებით ნაკისრი მომსახურების შესრულება და 2016 წლის 13 მაისს დააბრუნა მომსახურების საავანსო თანხა.

შპს ----------- მა კვლავ გააგრძელა მიწის ნაკვეთების აღნაგობის უფლებით აღებაზე მუშაობა და საამისო საინვესტიციო წინადადებით 2016 წლის 22 ივნისს კვლავ მიმართა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. იმ საფუძვლით, რომ სამინისტრო განიხილავდა ე.წ. „--------“-ს შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარების საკითხს, ამიტომ კომპანიის წინადადება იმ ეტაპზე არ იყო განხილული.

ის ფაქტი, რომ კომპანია ნამდვილად იყო დაინტერესებული კაფე „-----“-ს იჯარით აღებით, ამის დადასტურებაა სსიპ ბათუმის ბულვარსა და შპს ----- ს შორის 2020 წლის 14 იანვარს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. ამ დრომდე აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებდა ხსენებული კაფის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდა აუქციონის გამოცხადება, რაშიც გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ნამდვილად დაინტერესებული იყო სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიის მომავალი განვითარებითა და კეთილმოწყობით, რაც მომავალში კომპანიისთვის შემოსავლისა და მოგების მომტანი იქნებოდა. სწორედ ამ მიზნით გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება შპს ------ თან.

როგორც ----- თან, ისე შპს ----- თან განხორციელებული ოპერაციები ფორმითა და შინაარსით სრულად შესაბამისია გაფორმებულ ხელშეკრულებასთან და უსაფუძვლოა ავანსების საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლზე დაყრდნობით უპროცენტო სესხად გადაკვალიფიცირება.

მოცემული მოთხოვნა კოდექსის შესაბამისად არ წარმოადგენს სავალო ვალდებულებას, ვინაიდან იგი საქონლის/მომსახურების მიწოდებას უკავშირდება. სავალო ვალდებულების არ არსებობა უკვე გამორიცხავს ყველანაირი უპროცენტო სესხის არსებობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-702- 695(2კ-16)) გაკეთებულია განმარტება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ შემოწმების აქტში განხორციელებული გადაანგარიშება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

შპს ----- თან და შპს ------ თან თანხების გადარიცხვა გამომდინარეობს ეკონომიკური საქმიანობის საჭიროებიდან და უკავშირდება კომპანიის მიერ მომავალში მისაღები შემოსავლისა და მოგების ზრდას. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია არ წარმოადგენს უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებას/მომსახურების გაწევას ან/და ფულადი სახსრების გადაცემას და არ წარმოიშობა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ურთიერთდამოკიდებულ რეზიდენტ იურიდიულ პირებზე (შპს -----, შპს -----, შპს -----) ავანსად გადარიცხული აქვს დიდი ოდენობით თანხები, რომლის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება არ ფიქსირდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. აქედან 2 შემთხვევაში (შპს -----, შპს -----) გადახდილი ავანსის თანხა დაუბრუნდა მომჩივანს, ხელშეკრულებების შეწყვეტის გამო.

კერძოდ, შპს ----- ს შპს ----- სთვის გადახდილი აქვს ავანსი 7 მლნ ლარზე მეტი, რომელიც დაბრუნდა დაახლოებით 3 წლის შემდეგ, ხოლო შპს ----- სთვის გადახდილი აქვს ავანსი 500 000 ლარი, რომელიც დაბრუნდა 1 წლის შემდეგ.

ამასთანავე, აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2020 წლის დასკვნის მიხედვით, 2015-2017 წლების საანგარიშო პერიოდში შპს ---- ზე ავანსად გადარიცხული თანხები, რომელიც თავდაპირველად შემოწმების შედეგად მიჩნეული იყო გაცემულ უპროცენტო სესხად, შემდგომში დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

რაც შეეხება, შპს ------------სთვის და შპს ------------სთვის თანხების გადარიცხვის საკითხს, ამ თანხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით მომჩივნის არგგუმენტების და სადავო საკითხთან დაკავშირებული არგუმენტების და სადავო საკითხთან მტკიცებულებების გათვალისწინებით, კერძოდ ავანსად

გადახდილი თანხის მოცულობის, ავანსის გადახდიდან თანხის უკან დაბრუნდებამდე პერიოდის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული გარიგების მხარეები ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხი სწორად არის შეფასებული და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.