ბრძანება N 4114
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4114
06.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ---------- )
2022 წლის 1 სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 1 სექტემბრის №17678/2/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 აგვისტოს №094-72 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილ იქნა ელექტრომობილებზე დაწესებული საბაზრო ფასის და მარკეტინგული აქციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც არ იქნა გათვალისწინებული, თუმცა გაუგებარია, გარდა აღნიშნული მტკიცებულებებისა, რა დოკუმენტი უნდა წარედგინა კომპანიას ელექტრომობილებზე დაწესებული ფასის დასადასტურებლად. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ გაუგებარია, დასკვნაში მოყვანილი არგუმენტი დღგ-ის დეკლარაციებში უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების თანხების დაბეგვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან სადავო საკითხთან მიმართებით, მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადს შორის არ არსებობს კვეთა, მითუმეტეს ოპერაციის ღირებულების ნაწილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 დეკემბრის №38141 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2019 წლის 7 ივნისის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,,1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2019 წლის 7 ივნისის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების მიხედვით შეისწავლოს ელექტრო ავტომობილებისათვის განკუთვნილი საპარკინგე მომსახურების ნაწილში დარიცხული თანხების, მათ შორის, აღნიშნული მომსახურების, როგორც უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების მოგების გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 დეკემბრის №38141 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 20 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 3 აგვისტოს №094-72 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
„გადამხდელის განცხადებით, კომპანიამ 2017 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდიდან 2018 წლის ბოლომდე დააწესა აქცია, რომლის ფარგლებშიც ელექტრომობილებთან დაკავშირებული ყველა სახის მომსახურება იყო უფასო. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული შეღავათის დაწესების მიზეზი განპრობებული იყო მხოლოდ საკუთარი ინიციატივით, ელექტრომობილების რეალიზაციის წახალისების მიზნით სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკის კვალდაკვალ. საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის შემდგომ გადამხდელმა განმარტა, რომ აღნიშნული მომსახურებისთვის საბაზრო ტარიფი საწარმომ განსაზღვრა 1 ლარით, რასაც ბეგრავდა დღგ-ით. თუმცა ამ ფაქტის დამადასტურებელი დეტალური გაშიფვრა/გაანგარიშება არ წარმოუდგენია, შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზით კი ვერ დგინდება მითითებული ტარიფის შესაბამისად გაწეული მომსახურების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის ფაქტი. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების მიმდინარე გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ შეიცავს რაიმე ახალ ინფორმაციას, რაც არ ყოფილა შესწავლილი საგადასახადო შემოწმების და მისი შედეგების გადაანგარიშების ეტაპებზე, შესაბამისად, ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
2017 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
ამავე კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, 2017 წლის აპრილიდან მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე კომპანიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ელექტრონული მანქანებისთვის დაწესებული მომსახურების ტარიფი ყოფილიყო იმაზე ნაკლები, ვიდრე განსაზღვრული იყო იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც არ იყენებს ენერგიის ალტერნატიულ წყაროს და დაწესდა შემდეგი ტარიფი - 1 დღე - 1 ლარი. თუმცა, დამატებით ასევე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, 2018 წლის ბოლომდე, ელექტრომობილებისთვის დაწესებული ყოფილიყო უფრო მეტი შეღავათი, კერძოდ, მათთვის განსაზღვრულიყო ნულოვანი ტარიფი. აღნიშნული აქციის დასრულების შემდგომ კვლავ ფასიანი გახდა საპარკინგე მომსახურება ელექტრომობილებისთვის (1 დღე - 1 ლარი). მომსახურების აღნიშნული ფასი ასახულია კომპანიის შიდა სააღრიცხვო პროგრამაში შემოსავლის სახით. აღსანიშნავია, რომ ეს ფასი მოქმედებდა 2022 წლის 1 ივნისამდე პერიოდშიც. აღნიშნული არის მთავარი მტკიცებულება და წყარო გაწეული მომსახურების საბაზრო ფასის დადგენის მიზნით. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ ამ მომსახურების საბაზრო ფასი არ დაბეგრილა 2017-2018 წლებში მოგების გადასახადით, ხოლო დღგ-ით დაიბეგრა მომსახურების საბაზრო ტარიფი – 1 დღე - 1 ლარი. 2017 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ასეთი ტიპის მიწოდება, რადგან ის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებშია და შემოსავლის მიღებასთან არის დაკავშირებული, არ განიხილება უსასყიდლო მიწოდებად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ხოლო რაც შეეხება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრას, გასათვალისწინებელია ორი გარემოება: 1) ოპერაციას რეალურად არ აქვს უსასყიდლო შინაარსი და არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას; 2) შემოწმებით განსაზღვრულია ის ტარიფი, რომელიც სხვა ავტომობილებისთვის იყო დაწესებული, ხოლო კომპანიის მიერ ელექტრომობილებისთვის დაწესებული საბაზრო ტარიფი არის 1 დღე - 1 ლარი. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმებას წარუდგინა განმარტება, რომ „უსასყიდლოდ“ გაწეული მომსახურების ნაწილში კომპანია აწარმოებდა აღრიცხვას შემოსული მანქანების რაოდენობების შესახებ შიდა პროგრამის საშუალებით, თუმცა, ვინაიდან საბუღალტრო განყოფილებას ეს ინფორმაცია მიეწოდებოდა გარკვეული ხარვეზით და დაგვიანებით, კომპანიის მიერ აღნიშნული მომსახურება დაბეგრილია მეტობით (ვიდრე 1 ლარი ერთ ავტომობილზე). ამდენად, თუ შემოწმებით ვერ დგინდებოდა და იდენტიფიცირდებოდა მომსახურების დაბეგვრა ერთ მანქანაზე 1 ლარის ოდენობით, შემოწმებას უნდა განეხორციელებინა 1 ლარზე ზემოთ დარიცხული თანხების შემცირება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 25 დეკემბრის №9871/2/2019 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის საფუძველზე, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს ელექტრო ავტომობილებისათვის განკუთვნილი საპარკინგე მომსახურების ნაწილში დარიცხული და მათ შორი, 2017 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული მომსახურების მოგების გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერების საკითხი.
ამდენად, ელექტრო ავტომობილებისათვის განკუთვნილი საპარკინგე მომსახურების დაბეგვრის ნაწილში საჩივარი უნდა დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად შემოსავლების სამსახურს და დაევალოს აღნიშნული საკითხის და მათ შორის, გაწეული მომსახურების, როგორც უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხის დამატებით შესწავლა.“
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 25 დეკემბრის №9871/2/2019 გადაწყვეტილების შესაბამისად, 2021 წლის 9 დეკემბრის №38141 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ელექტრო ავტომობილებისათვის განკუთვნილი საპარკინგე მომსახურების ნაწილში დარიცხული თანხების, მათ შორის, აღნიშნული მომსახურების, როგორც უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების მოგების გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერების საკითხის შესწავლა, თუმცა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების ეტაპზე საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი შემოწმებისთვის რაიმე ახალი ინფორმაციის არარსებობის საფუძვლით.
შემოსავლების სამსახური იზიარებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტს სადავო ოპერაციის მოგების გადასახადით დაბეგვრის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ვინაიდან ელექტრო ავტომობილებისთვის ნულოვანი ტარიფის დაწესების აქციის მიზანი მარკეტინგულ ხასიათს ატარებს, ემსახურება კომპანიის ბიზნეს ინტერესებს და მიზნად ისახავს მომხმარებლების მოზიდვას, კომპანიის რეკლამას და შესაბამისად, შემოსავლის ზრდას, ოპერაცია არ წარმოადგენს უსასყიდლო მიწოდებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისთვის, ვინაიდან გადამხდელის მიერ ელექტრომობილებზე დაწესებული საბაზრო ფასის და მარკეტინგული აქციის დასტურად წარდგენილი მტკიცებულებების და გადამხდელის ახსნა-განმარტების შესაბამისად, მომსახურების საბაზრო ტარიფად დაწესებული იყო 1 დღე - 1 ლარი, აღნიშნულ მომსახურებაზე საპარკინგე მომსახურების სხვა ავტომობილების საბაზრო ღირებულების (სამუშაო დღე - 2 ლარი, არასამუშაო დღე - 15 ლარი) გავრცელება განხორციელდა არამართლზომიერად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 9 დეკემბრის №38141 ბრძანება. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ელექტრო ავტომობილებისთვის პარკინგის ადგილების ნულოვანი ტარიფით გამოყოფის მომსახურების უსასყიდლო მომსახურებად განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ელექტრო ავტომობილებისთვის საპარკინგე მომსახურების ტარიფად მიიჩნიოს 1 დღეზე - 1 ლარი და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ელექტრო ავტომობილებისთვის პარკინგის ადგილების ნულოვანი ტარიფით გამოყოფის მომსახურების უსასყიდლო მომსახურებად განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3.დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ელექტრო ავტომობილებისთვის საპარკინგე მომსახურების ტარიფად მიიჩნიოს 1 დღეზე - 1 ლარი და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.