ბრძანება N 33863
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33863
29 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ -ის “ (ს/ნ "------")
(ფაქტ. მის.:"------" )
2023 წლის 12 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის, 1 დეკემბრის და 25 დეკემბრის სხდომებზე (ოქმები №122, №125 და №134) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ნოემბრის №20801/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----- -ის “ (ს/ნ "------") 2023 წლის 12 იანვრის №77990/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-617 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის თანხის ჩათვლის გაუქმებას და განმარტავს, რომ საწარმოს მიერ 2019 წლის აპრილის თვეში შპს ,,----- -თან " გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ქონების შესაძენად გადახდილია ავანსის თანხა 250 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. შპს „---- -ის “ მიერ აღნიშნულ თანხაზე გამოწერილია ავანსის დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანხმადაც საწარმომ განახორციელა დღგ-ის თანხის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდში. გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებით დღგ-ის თანხის ჩათვლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს. განმარტავს, რომ საწარმომ მიმართა საქართველოს პროკურატურას, იმის თაობაზე რომ შპს „------“ არ აბრუნებდა გადახდილ თანხას და არც ხელშეკრულებით ნაკისრ უძრავ ქონებას აწვდიდა საწარმოს, საქართველოს პროკურატურის მიერ საწარმო ცნობილი იქნა დაზარალებულად. შესაბამისად აცხადებს, რომ შპს „---- -ის “ მიერ მოხდება ზარალის ანაზღაურება, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ მითითებული საფუძველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის, საერთოდ არ ესადაგება მოცემულ შემთხვევას და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.
ფაქტების აღწერა:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 მარტის №6797 ბრძანების საფუძველზე მომჩივანს (ს/ნ "------") ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2019 წლის შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 19 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32741 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-617 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 207 395 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 102 733 ლარი, ჯარიმა 51 367 ლარი და საურავი 53 295 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 12 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 აგვისტოს №19724 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 აგვისტოს №19724 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 9 ნოემბრის №20801/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 აგვისტოს №19724 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ნოემბრის №20801/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძვლები საჭიროებს დამატებით შესწავლა მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანს 2019 წლის აპრილის თვეში გაფორმებული აქვს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება შპს „----- თან “ (ს/ნ "------" ). ნასყიდობის საგანია მშენებარე კომპლექსში საცხოვრებელი ფართის შეძენა. ბინის ღირებულება შეადგენს 250 000 აშშ დოლარს (გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით). ხელშეკრულების მიხედვით გამყიდველმა იკისრა ვალდებულება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაასრულოს 2019 წლის 30 დეკემბრამდე. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით: ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით. იმ შემთხვევაში თუ გამყიდველის მხრიდან ადგილი ექნება პირობის დარღვევას, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია დაუბრუნოს მყიდველს თანხა დარიცხული წლიური 15% მოცულობით. მომჩივანს შპს „----- -ს “ გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის ღირებულება 673 475 ლარი. აღნიშნულ ოპერაციაზე მომჩივანმა მიიღო ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მის საფუძველზე განახორციელა ჩათვლა 2019 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 481 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობები. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი და შედეგად ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განხორციელებული ჩათვლა 2019 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში მართლზომიერია. დამატებითი შესწავლით დგინდება, რომ შპს „----- -ის “ მხრიდან არც დათქმულ ვადაში და არც შემდგომ საანგარიშო პერიოდებში არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და არც თანხის დაბრუნება (შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაციით), ამასთანავე აღსანიშნავია, რომ კომპანიისთვის გადაცემული სამშენებლო ნებართვის განახლება არ მომხდარა. 2019 წლის დეკემბრის სააგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლისას მომჩივანისთვის ცნობილ იქნა, რომ გადახდილი ავანსი არ წარმოადგენს კონკრეტული, იდენტიფიცირებადი საქონლის სანაცვლოდ გადახდილ ავანსის თანხას, მოცემული ფაქტობრივი გარემოებით შეუძლებელია განსაზღვრა მოხდება თუ არა საქონლის მიწოდება ან/და გადახდილი თანხის დაბრუნება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 179-ე მუხლების შესაბამისად, თანხის გამცემი მხარისთვის მიღებული ჩათვლა არამართლზომიერია და შემოწმების მიერ მოხდა ჩათვლის გაუქმება იმ საანგარიშო პერიოდში, როცა მხარეთათვის ცნობილ იქნა დათქმული ოპერაციის განუხორციელებლობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების დროს, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის თანხა იცვლება, შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, მომჩივანსა და შპს „---- -ს “ (ს/ნ "------") შორის 2019 წლის აპრილის თვეში გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება მშენებარე კომპლექსში საცხოვრებელი ფართის შეძენასთან დაკავშირებით. ბინის ღირებულებამ შეადგინა 250 000 აშშ დოლარი (გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით), რაც გადამხდელის მიერ გადახდილ იქნა და აღნიშნულ ოპერაციაზე ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განახორციელა დღგ-ის თანხის ჩათვლა 2019 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში. ხელშეკრულების მიხედვით, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაასრულოს 2019 წლის 30 დეკემბრამდე. აგრეთვე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით. იმ შემთხვევაში თუ გამყიდველის მხრიდან ადგილი ექნება პირობის დარღვევას, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება, ასეთ შემთხვევაში კომპანია ვალდებულია დაუბრუნოს მყიდველს თანხა დარიცხული წლიური 15%-ის მოცულობით. შემოწმებით დგინდება, რომ შპს „----- -ის “ მხრიდან არც დათქმულ ვადაში და არც შემდგომ საანგარიშო პერიოდებში არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და არც თანხის დაბრუნება.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ის თანხის ჩათვლის გაუქმება 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლისას, როდესაც მხარეთათვის ცნობილ იქნა დათქმული ოპერაციის განუხორციელებლობის შესახებ მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----- -ს “ (ს/ნ "------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის თანხის ჩათვლის გაუქმებას. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებით დღგ-ის თანხის ჩათვლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს 2019 წლის აპრილის თვეში გაფორმებული აქვს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება.ნასყიდობის საგანია მშენებარე კომპლექსში საცხოვრებელი ფართის შეძენა.
მომჩივანმა მიიღო ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მის საფუძველზე განახორციელა ჩათვლა.დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის მიღების მომენტი და შედეგად ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განხორციელებული ჩათვლა 2019 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში მართლზომიერია. დამატებითი შესწავლით დგინდება, რომ შპს-ს მხრიდან არც დათქმულ ვადაში და არც შემდგომ საანგარიშო პერიოდებში არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და არც თანხის დაბრუნება,ასევე კომპანიისთვის გადაცემული სამშენებლო ნებართვის განახლება არ მომხდარა. 2019 წლის დეკემბრის სააგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლისას მომჩივანისთვის ცნობილ იქნა, რომ გადახდილი ავანსი არ წარმოადგენს კონკრეტული, იდენტიფიცირებადი საქონლის სანაცვლოდ გადახდილ ავანსის თანხას, მოცემული ფაქტობრივი გარემოებით შეუძლებელია განსაზღვრა მოხდება თუ არა საქონლის მიწოდება ან/და გადახდილი თანხის დაბრუნება. თანხის გამცემი მხარისთვის მიღებული ჩათვლა არამართლზომიერია და შემოწმების მიერ მოხდა ჩათვლის გაუქმება იმ საანგარიშო პერიოდში, როცა მხარეთათვის ცნობილ იქნა დათქმული ოპერაციის განუხორციელებლობის შესახებ.მომჩივანს 2019 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
173,174,179.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 481 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი.