გადაწყვეტილება №20369/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20369/2/2023
22 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 25.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20369/2/2023).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და შემოწმების შედეგად
დადგენილი ფასნამატი;
2. შეძენილ საქონელზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის
ჩათვლის უფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №086-25 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14832 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 302 667 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 171 664
დღგ - 116 410
საშემოსავლო გადასახადი - 55 254
ჯარიმა - 84 845
საურავი - 46 158
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით. საქონლის შეძენას ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა 20.04.2023 წლის №8594 ბრძანება და ამავე თარიღის №086-25 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 22.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.06.2023 წლის №14832 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელი რეალიზაციას აფიქსირებს საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის საშუალებით. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს ჯამურად 2 033 717 ლარის საქონელი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელის ახსნაგანმარტებით სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი შეადგენს 0 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო საქონლის კატეგორიების მიხედვით. ვინაიდან საწარმოს უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია მცირე რაოდენობით (მთლიანი ბრუნვის 10%), საგადასახადო ორგანომ შეუძლებლად მიიჩნია სრულყოფილად გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის დადგენა. შემოწმების შედეგად, დოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდა გადამხდელისვე დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო საცალო რეალიზაციაზე გამოყენებულია იგივე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატი იგივე კატეგორიების მიხედვით. შედეგად საშუალო ფასნამატმა შეადგინა 15%.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავალი (სხვაობა) დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე და 101-ე მუხლების შესაბამისად დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი შეადგენს 0 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასნამატის დასადგენად შემოწმებამ იხელმძღვანელა იმავე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის შემოწმებით დადგენილი ფასნამატით კატეგორიების მიხედვით, რომლის შედეგად საშუალო ფასნამატმა შეადგინა 15%, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის შემთხვევაში გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატით, რის საფუძველზეც დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ იმ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე, რომელიც გადამხდელის განმარტებით წარმოადგენს შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ შეძენილი საქონლის ხარჯს, ფასნამატი არ არის გავრცელებული. ფასნამატი გავრცელებულია გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ საწყის ნაშთზე (58 390 ლარი) და რეალიზაციისათვის გამიზნულ შეძენილ საქონელზე (2 018 002 ლარი). ასევე, დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა, რომელიც ჯამში შეადგენს 12 263 ლარს, აღებულ იქნა შემოსავალში, თუმცა დღგ-ის მიზნებისათვის დამატებით მისი დაბეგვრა არ მომხდარა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებსა და ფასნამატის ოდენობასთან დაკავშირებით დავის განმხილველი ორგანო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომელიც გამართლებულია იმ შემთხვევაში თუ შედარება ხდება იმ სიზუსტით რაც მისცემს რეალურ ფაქტთან მიახლოებულ შედეგს.
ამ შემთხვევაში კი აღნიშნული მეთოდის გაანგარიშება საკმაოდ ცდება რეალურ შედეგს ვინაიდან აუდიტორებმა მსგავსი პროფილის ობიექტებიდან აიღეს აუდირებული ფასნამატი შემდეგი კატეგორიის საქონელზე: ქიმია, ტკბილეული, ალკოჰოლი, ბურღულეული, უალკოჰოლო, ყავა, ზეთი, რძის ნაწარმი, პური და თამბაქო. საქონელი ჩაიშალა 11 კატეგორიად, მაგრამ აუდიტორებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ შეუძლებელია მიეცეს რეალურთან მიახლოებული სურათი 11 კატეგორიის საქონლის (სადაც არის ქიმიის, ალკოჰოლი, უალკოჰოლო, სასმელები, ყავა) საშუალო ფასნამატის გავრცელებას ისეთ საქონელზე როგორიც არის შაქარი, ფქვილი, მარილი, კვერცხი და სხვა. წამყვანი პოზიციები სასურსათო მარკეტში რომლის ფასნამატიც მინიმალურია, საერთო შეძენაში კი 30%-ს აჭარბებს.
ასევე გაუგებარია თუ რატომ არ დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ფაქტის დამატებით შესწავლა, როცა საჩივარში განმარტავდა რომ:
შემოწმების დროს მოხდა აუდიტორებზე მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის და ინფორმაციის მიწოდება, თუმცა აუდიტორებს თავის დროზე ვერ მიაწოდა ელექტრო მოწყობილობებში დაცული ინფორმაცია, რომელიც მოიცავდა საცალო რეალიზაციებს. გამომდინარე იქედან, რომ მოხდა ობიექტის დახურვა და ასევე მოხდა ელექტრო მოწყობილობების (მყარი დისკის) სხვაზე გადაცემა მისთვის შეუძლებელი იყო იმ მომენტისთვის მონაცემთა მოპოვება, მიუხედავად იმისა რომ ცდილობდა შემოწმების პროცესში მიეწოდებინა აუდიტორებისთვის საცალო რეალიზაციები. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართა განცხადებით, რომ მომხდარიყო შემოწმების დროის გაგრძელება, თუმცა აუდიტორებმა მათ ხელთ არსებული ინფორმაციით მოახდინეს შემოწმების აქტის გამოცემა.
დაარქივებული ინფორმაციის მოპოვება კი მოხდა შემოწმების დასრულების შემდეგ. ობიექტის გასხვისების დროს გამომდინარე იქედან რომ სასურსათო მარკეტში რეალიზაცია არის რაოდენობრივად მოცულობითი ახალმა მეპატრონემ კომპანიის თხოვნით ბაზის გასუფთავებამდე მოახდინა რეალიზაციის ექსპორტი EXCEL-ის ფორმატში, თუმცა მოხდა არაერთი სხვა ოპერაცია, აღნიშნულ მყარ დისკზე რა მიზეზითაც გაუჭირდებოდა თავის დროზე მოეპოვებინა აღნიშნული ინფორმაცია. აღნიშნული საცალო რეალიზაციების ცხრილი რეალურად ასახავს გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალს, რომელიც საკმაოდ ცდება აუდიტორების მიერ დადგენილი ფასნამატით მიღებულ ერთობლივ შემოსავალს, რეალიზაციის სიდიდის გამო ვერ ახერხებს აღნიშნული ცხრილის საჩივართან ერთად წარმოდგენას. შესაბამისად აღნიშნული ინფორმაცია მიწოდებული იქნება აუდიტის დეპარტამენტისათვის ელექტრონული ფორმით.
აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გამოიწვია ერთობლივი შემოსავლის გაზრდა რამაც შესაბამისად გავლენა იქონია საშემოსავლო გადასახადის დარიცხვაზე, გამომდინარე აქედან თვლის, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტორებზე წარდგენილი რეალიზაციის ცხრილები საგრძნობლად შეამცირებს დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოხდეს დამატებით არასწორად დარიცხული გადასახადების გაანგარიშება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, ხოლო 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
– მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საჩივარში მითითებულია, რომ აუდიტორებმა მსგავსი პროფილის ობიექტებიდან აიღეს აუდირებული ფასნამატი შემდეგი კატეგორიის საქონელზე: ქიმია, ტკბილეული, ალკოჰოლი, ბურღულეული, უალკოჰოლო, ყავა, ზეთი, რძის ნაწარმი, პური და თამბაქო. საქონელი ჩაიშალა 11 კატეგორიად, მაგრამ არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ შეუძლებელია მიეცეს რეალურთან მიახლოებული სურათი 11 კატეგორიის საქონლის საშუალო ფასნამატის გავრცელებას ისეთ საქონელზე როგორიც არის შაქარი, ფქვილი, მარილი, კვერცხი და სხვა და რომელიც წამყვანი პოზიციებია სასურსათო მარკეტში და რომლის ფასნამატიც მინიმალურია, საერთო შეძენაში კი 30%-ს აჭარბებს. შემოწმების დასრულების შემდეგ მოიპოვა საცალო რეალიზაციების ცხრილი, რომელიც რეალურად ასახავს გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალს, რომელიც საკმაოდ ცდება აუდიტორების მიერ დადგენილი ფასნამატით მიღებულ ერთობლივ შემოსავალს და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოხდეს არასწორად დამატებით დარიცხული გადასახადების გაანგარიშება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მოპასუხე ორგანოს განმარტებით, მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს ჯამურად 2 033 717 ლარის საქონელი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მისი ახსნაგანმარტებით სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი შეადგენს 0 ლარს. დეკლარირებული თანხა შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 1 326 852 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საცალოდ რეალიზებული საქონლის ფასნამატის დასადგენად გამოყენებულია იმავე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის შემოწმებით დადგენილი ფასნამატით კატეგორიების მიხედვით, რომლის შედეგად საშუალო ფასნამატმა შეადგინა 15%, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის შემთხვევაში გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატით, რის საფუძველზეც დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. შეძენილ საქონელზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის უფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აღნიშნული სადავო საკითხი შემოწმების აქტში არ არის ასახული.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. ასევე მიუთითებს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების დროს გადასახადის გადამხდელის გვერდზე მომწოდებლების მიერ შეძენილ საქონელზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებით კი გადამხდელს დღგ-ის ჩათვლა არ აქვს მიღებული. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად, თვლის რომ უნდა მოხდეს აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხის ჩათვლა გადამხდელზე და შესაბამისად აღნიშნული ფაქტის მიხედვით მიღებული შედეგის ასახვა შემოწმების აქტში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების მიხედვით:
1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
2. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
გადამხდელს მიაჩნია, რომ მომწოდებლების მიერ შეძენილ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლა არ აქვს მიღებული. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად, თვლის რომ უნდა მოხდეს აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხის ჩათვლა გადამხდელზე და შესაბამისად აღნიშნული ფაქტის მიხედვით მიღებული შედეგის ასახვა შემოწმების აქტში.
მომჩივნის არგუმენტზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, დღგ-ის ჩათვლა რომელზეც მიუთითებს მომჩივანი სრულად არის ჩათვლილი, რის შესახებაც მას ინფორმაცია შემოწმების მიმდინარეობისას გაეგზავნა ცხრილის სახით და შესაბამისად მისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული გათვალისწინებულია შემოწმების აქტის შედგენისას.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია რომ ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოხდეს დამატებით არასწორად დარიცხული გადასახადების გაანგარიშება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2.გადამხდელის გვერდზე მომწოდებლების მიერ შეძენილ საქონელზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებით კი გადამხდელს დღგ-ის ჩათვლა არ აქვს მიღებული.მომჩივანი თვლის რომ უნდა მოხდეს აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხის ჩათვლა გადამხდელზე და შესაბამისად აღნიშნული ფაქტის მიხედვით მიღებული შედეგის ასახვა შემოწმების აქტში.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საწარმოს უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია მცირე რაოდენობით, საგადასახადო ორგანომ შეუძლებლად მიიჩნია სრულყოფილად გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის დადგენა. შემოწმების შედეგად, დოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდა გადამხდელისვე დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო საცალო რეალიზაციაზე გამოყენებულია იგივე ტერიტორიაზე, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირის ფასნამატი იგივე კატეგორიების მიხედვით. შედეგად საშუალო ფასნამატმა შეადგინა 15%. გაანგარიშდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
2.აღნიშნული სადავო საკითხი შემოწმების აქტში არ არის ასახული.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭოს მიაჩნია რომ ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,154,160,163,164,173,174,175.