ბრძანება N 3720
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3720
27.02.2023
შპს „-------“ (ს/ნ --------- )
(ფაქტ. მის.:"-------" )
2022 წლის 2 და 22 ნოემბრის, 2023 წლის 10 და 16 იანვრის
საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ --------) 2022 წლის 2 ნოემბრის №198804/21-11, 22 ნოემბრის №212082/21-11, 2023 წლის 10 იანვრის №2461/21-11 და 16 იანვრის №78089/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 აპრილის №81-146 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანი აცხადებს, რომ იგი 2006 წლიდან იყო შპს „--------“ დირექტორი, ხოლო 2011 წლის 3 იანვარს დაწერა განცხადება, თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის თაობაზე და ამ პერიოდიდან აღარ ყოფილა საწარმოს დირექტორი. შესაბამისად, ყველა დოკუმენტი გადასცა კომპანიის დამფუძნებელს. აგრეთვე, მისთვის არ იყო ცნობილი ინფორმაცია საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის თაობაზე. ვინაიდან 2007-2010 წლების მიხედვით, საწარმოს საგადასახადო შემოწმების აქტით დაერიცხა თანხები და აღნიშნული ეხებოდა მისი დირექტორობის პერიოდს, ამიტომ საგამოძიებო სამსახურში შემოწმების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ აქტის გასაცნობად მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც საფოსტო დაწესებულების მეშვეობით ჩაბარდა 2022 წლის 28 ოქტომბერს.
"-------" მიერ 2023 წლის 10 იანვარს წარმოდგენილია განცხადება (საჩივარი), სადაც მიუთითებს, რომ 2022 წლის 30 დეკემბრიდან იგი დაინიშნა შპს „------“ დირექტორად. ამავე პერიოდამდე საწარმოს არ ჰყავდა დირექტორი, რის გამოც 2013 წლის 21 აგვისტოდან დირექტორის დანიშვნამდე (30.12.2022) მიმდინარეობდა იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი. მიუთითებს, რომ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირის არარსებობა გამორიცხავდა სადავო საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებისა და მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. ხოლო 2022 წლის 30 დეკემბრიდან საწარმოს მიეცა შესაძლებლობა გაასაჩივროს სადავო აქტები. ასევე, მიუთითებს, რომ ეთანხმება შემოსავლების სამსახურში 2022 წლის 2 და 22 ნოემბერს წარმოდგენილი საჩივრების შინაარსს.
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სს „X ბანკში“ აღებულ სესხზე დასარიცხი პროცენტის გათვალისწინებით 2008-2010 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი თანხების შემცირებას. მიუთითებს, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელა მხოლოდ სს „X ბანკში“ აღებული სესხის გრაფიკით. თუმცა მხედველობაში არ მიუღია სს „Y ბანკიდან“ აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტი, რაც დასტურდება საბუღალტრო გატარებებით და საბანკო ამონაწერებით.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით 2008-2010 წლებში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის, ამორტიზაციის თანხის შემცირებას. მიუთითებს, რომ კომპანიას გააჩნდა კომპიუტერი, რომელიც აღრიცხული იყო როგორც ძირითადი საშუალება და ერიცხებოდა ცვეთა კანონმდებლობით განსაზღვრული განაკვეთებისა და ნარჩენი ღირებულების გათვალისწინებით, რაც აღრიცხულია ბუღალტრული პროგრამის გატარებებში.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2008-2010 წლებში შემოწმების მიერ მშენებლობაზე გაწეული ხარჯების საწყის და საბოლოო მარაგების ღირებულებაზე დამატების საფუძვლით მოგების გადასახადის კორექტირებას. მიუთითებს, რომ კომპანია აწარმოებდა ხუთსართულიანი არასაცხოვრებელი შენობის მშენებლობას სამშენებლო ორგანიზაციის (ქვეკონტრაქტორის) ძალებით საკუთარი გამოყენებისათვის და არა სარეალიზაციოდ. ამავე პერიოდში გადამხდელის მიერ გარდა ქონების ფართის ნაწილის იჯარით გაცემისა სხვა შემოსავლები არ აღირიცხებოდა. აცხადებს, რომ გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯი შემმოწმებელს უნდა მიეკუთვნებინა შესაბამისი პერიოდებისათვის ძირითადი საშუალებების მუხლზე და დაებეგრა ქონების გადასახადით. თუმცა, შემოწმების მიერ, აქტივი დაიბეგრა ქონების გადასახადით და მიკუთვნებულ იქნა სმფ-ზე, რითაც მონაწილეობა მიაღებინა ფინანსური შედეგების გაანგარიშებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის განმარტებით შემმოწმებლის მიერ უსაფუძვლოდაა დაკორექტირებული სმფ-ის საწყისი და საბოლოო მარაგები.
4. გადამხდელი არ ეთანხმება 2009 წელს ერთობლივი შემოსავლისა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას შპს „X ბანკისგან“ მისაღები საიჯარო შემოსავლების საფუძველზე. მიუთითებს, რომ 2009 წლიდან გაფორმებული იყო იჯარის ხელშეკრულება. ამასთან, გადამხდელს ამავე ბანკიდან აღებული ჰქონდა სესხი, რომლის მიზანი იყო დაწყებული მშენებლობის დასრულება, რათა შენობის პირველ სართულზე განთავსებულიყო ბანკის ფილიალი. უთითებს, სესხის ათვისების თარიღებსა და ოდენობებს. გადამხდელის განმარტებით, სარემონტო სამუშაოები დასრულდა 2009 წლის ოქტომბერში და მხოლოდ ამის შემდგომ გადაეცა ბანკს ფართი სარგებლობაში. შესაბამისად, ფართის სარგებლობაში გადაცემამდე შემოწმებით შემოსავლის აღიარება არამართლზომიერია. აცხადებს, რომ საიჯარო სარგებლის დარიცხვა და დღგ-ით დასაბეგრი თანხის აღიარება უნდა მომხდარიყო იმ პერიოდიდან, რა პერიოდისთვისაც მოიჯარეს სარგებლობაში ფაქტობრივად გადაეცა ფართი, 2009 წლის ოქტომბრის თვიდან. მიუთითებს, რომ უსაფუძვლოდაა გაზრდილი დღგ-ით დასაბეგრი თანხები საიჯარო მომსახურებაზე 2009 წლის ივლისი-სექტემბრის და 2010 წლის თებერვლის პერიოდებში, საწარმოს ძირითადი საშუალების სახით რიცხული ქონების რეალიზაციისას.
5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2009 წელს ერთობლივი შემოსავლიდან ძირითადი საშუალების სრულად გამოქვითული ღირებულების შემცირებას. მიუთითებს, რომ კომპანიას შეძენილი ჰქონდა წყლის ავზი და მრიცხველი, რომელსაც იყენებდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებისას წყლის ხარჯის კონტროლისა და წყლის დასაგროებლად. აცხადებს, რომ აღნიშნული აღრიცხული იყო ძირითადი საშუალებად, დამონტაჟდა და გამოიქვითა როგორც 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება.
6. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით 2009 წელს სხვა ხარჯების ღირებულების კორექტირებას. მიუთითებს, რომ მათ მიერ დეკლარირებული სხვა ხარჯების გაშიფვრა დეტალურად დასტურდება და სწორადაა მიკუთვნებული დანახარჯების მუხლებზე, რაც დასტურდება როგორც პირველადი დოკუმენტებით, ისე საბუღალტრო ჩანაწერებით.
7. გადამხდელი არ ეთანხმება 2010 წელს გამოქვითული სხვა ხარჯების შემცირებას. მიუთითებს, მე-3 სადავო საკითხში აღწერილ გარემობებზე და აღნიშნავს, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა საკუთარი გამოყენებისთვის, ამასთან, შემმოწმებელმა იგი მიაკუთვნა სმფ-ს. გადამხდელი აცხადებს, რომ ვინაიდან ძირითადი საშუალების რეალიზაციიდან იქნა მიღებული შემოსავალი, შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და კანონმდებლობის მიხედვით გამოიქვითა ერთობლივ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ რეალიზებული ძირითადი საშუალების თვითღირებულება. გადამხდელს თანხობრივად მითითებული აქვს სხვა ხარჯების შემადგენელი ნაწილები.
8. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ქონების გადასახადს. მიუთითებს, რომ მათი საბუღალტრო გატარებების ელექტრონული ბაზის მიხედვით დასაბეგრი ქონების ღირებულება არის შემდეგი: 2008 წელს - 376 892 ლარი, 2009 წელს - 552 990 ლარი, 2010 წელს - 364 887 ლარი, შესაბამისად, კუთვნილი ქონების გადასახადი შეადგენს 2008 წელს - 3 768,92 ლარი, 2009 წელს - 5 529,90 ლარს, 2010 წელს 3 648,87 ლარს, სულ შეადგენს 12 947,70 ლარს. 9. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ წლების მიხედვით გაანგარიშებებში არ არის გათვალისწინებული წინა წლების ზარალის თანხები.
საჩივრის წარმოდგენის ვადასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მიმართ შედგენილი 2014 წლის 11 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2014 წლის 16 აპრილის №21222 ბრძანება და ამავე თარიღის №81-146 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელს 2014 წლის 16 აპრილს გაეგზავნა ელექტრონულად გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ ვებგვერდზე, თუმცა გადამხდელის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის გადამხდელის ავტორიზებული ვებგვერდის საშუალებით გაცნობა 2023 წლის 11 იანვრამდე არ ფიქსირდება. ამასთან, ვერც საფოსტო დაწესებულების საშუალებით მოხდა დოკუმენტაციის შესაბამის პერიოდში ჩაბარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2014 წლის 8 სექტემბერს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2014 წლის 28 სექტემბერს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია. ხოლო, ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 16 დეკემბრის №B11176790/6 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კომპანიის იმჟამინდელი დირექტორის განცხადება დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის თაობაზე, აგრეთვე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 16 დეკემბრის №B11180613/3 გადაწყვეტილებით სუბიექტს დაუდგინდა ხარვეზი, ვინაიდან მეწარმე სუბიექტს აღარ ჰყავდა ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. აღნიშნული ხარვეზის აღმოუფხვრელობის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 21 აგვისტოს №B13083206/3 გადაწყვეტილებით დაიწყო იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 18 ნოემბრის №58433 ბრძანების საფუძველზე დანიშნა გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2008-2013 წლების შემოწმების შედეგებზე 2014 წლის 11 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2014 წლის 16 აპრილის №21222 ბრძანება და ამავე თარიღის №81-146 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დოკუმენტაციის ჩაბარება გადასახადის გადამხდელისთვის ვერ მოხერხდა ვერც ავტორიზებული ვებგვერდის და ვერც საფოსტო დაწესებულების მეშვეობით. გადასახადის გადამხდელის მიერ სადავო დოკუმენტაციის გაცნობა ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით ფიქსირდება მხოლოდ 2023 წლის 11 იანვარს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შპს „--------“ მიერ 2022 წლის 28 დეკემბერს განცხადებით იქნა მიმართული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის და მოთხოვნილ იქნა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 30 დეკემბრის №"------" გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საწარმოს განცხადება. შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2022 წლის 30 დეკემბრის ამონაწერის მიხედვით შპს „--------“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად, დირექტორად, ფიქსირდება "--------"
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 29 აპრილს "-------" მონაწილეობით ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედება - შპს „--------“ საგადასახადო შემოწმების მასალების დათვალიერება. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "-------" მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 11 აპრილს შპს „-------“ მიმართ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის, აღნიშნული აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 აპრილის №21222 ბრძანებისა და აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გამოცემული 2014 წლის 16 აპრილის №81-146 საგადასახადო მოთხოვნის გაცნობა დასტურდება 2014 წლის 16 აპრილის № 81-146 საგადასახადო მოთხოვნაზე მისი ხელმოწერით
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ "-------" მიერ შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილი იყო 2022 წლის 2 ნოემბერს (რეგ. №"------") და 22 ნოემბერს (რეგ. №"-------"). ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 10 იანვრის №"------" განცხადებით წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია საწარმოს დირექტორად "--------" დანიშვნის თაობაზე, რის შემდგომაც, ელექტრონული პორტალის მეშვეობით სადავო აქტების გაცნობა დაფიქსირდა 2023 წლის 11 იანვარს.
გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 16 იანვარს (რეგ. №"------" ) კვლავ იქნა წარმოდგენილი საჩივარი სადავო საკითხებთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2011 წლის 16 დეკემბრიდან 2022 წლის 30 დეკემბრამდე საწარმოს ფაქტობრივად არ ჰყავდა არც უფლებამოსილი და არც კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც გაეცნობოდა კომპანიის მიმართ შედგენილ 2014 წლის 11 აპრილს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტს, 2014 წლის 16 აპრილის №21222 ბრძანებასა და ამავე თარიღის №81-146 საგადასახადო მოთხოვნას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე4 ნაწილზე, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ხოლო ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ ობიექტურ მიზეზთა გამო საწარმოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის პერიოდში არ ჰყავდა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, სადავო აქტების გასაჩივრების ვადის დარღვევა მიჩნეულ უნდა იქნას საპატიოდ, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაშვებულ იქნას განსახილველად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 18 ნოემბრის №58433 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“ (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2007 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 5 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. 2008-2013 წლების შემოწმების შედეგებზე 2014 წლის 11 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2014 წლის 16 აპრილის №21222 ბრძანება და ამავე თარიღის №81-146 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 378 787 ლარი, მათ შორის, გადასახადი 157 851 ლარი, ჯარიმა 73 936 ლარი, საურავი 147 000 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული დარიცხული პროცენტები შეადგენს 2008 წელს 106 610 ლარს, 2009 წელს 101 526 ლარს, ხოლო 2010 წელს 255 284 ლარს. შემოწმებამ იხელმძღვანელა სს „X ბანკში“ აღებული სესხის გრაფიკის მიხედვით, რომლითაც დასარიცხმა პროცენტებმა შეადგინა 2008 წელს 0 ლარი, ხოლო 2009 წელს დასარიცხმა პროცენტმა შეადგინდა 18 517 ლარი, ელ. ენერგიის ხარჯმა კი 4 678 ლარი. 2010 წელს დასარიცხმა პროცენტმა შეადგინა 71 359 ლარი. 2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, სხვაობის თანხით, 2008 წელს 106 610 ლარით, 2009 წელს 81 642 ლარით, ხოლო 2010 წელს 183 925 ლარით შემცირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი თანხა.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული საამორტიზაციო ანარიცხები შეადგენს 2008 წელს 298 ლარს, 2009 წელს 239 ლარს, ხოლო 2010 წელს 954 ლარს, რაც შემოწმებით არ დადასტურდა. წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციის მიხედვით, გადამხდელს ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებები არ გააჩნდა. შესაბამისად, 2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, გამოსაქვითმა ამორტიზაციის თანხამ შეადგინა 0 ლარი. სხვაობის თანხით შემცირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა.
3. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად შპს „-------“ ქ."--------" ქუჩების კვეთაზე საკუთარ მიწაზე 2007 წლიდან აშენებდა 5 სართულიან შენობას, მომავალში საკუთარი საქმიანობისთვის გამოსაყენებლად. 2010 წლის აპრილის თვეში გადამხდელმა აღნიშნული შენობა მიჰყიდა ურთიერთდამოკიდებულ პირს - შპს ------ 2 050 000 ლარად. თავის მხრივ, შპს -------- ყიდვიდან 2 დღის შემდეგ, აღნიშნული აქტივები მიჰყიდა ------ 2 080 902 ლარად.
2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მშენებლობაზე გაწეული ხარჯი დაემატა საწყის და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებას და დაკორექტირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული მოგების გადასახადი. კერძოდ, შემოწმებით 2008 წლის საწყისი მარაგები განისაზღვრა 456 348 ლარით, ხოლო საბოლოო მარაგები 457 136 ლარით; 2009 წლის საწყისი მარაგები განისაზღვრა 457 136 ლარით, ხოლო საბოლოო მარაგები 1 071 268 ლარით; 2010 წლის საწყისი მარაგების განისაზღვრა 1 071 268 ლარით.
4. საწარმოს 2009 წლის 22 მაისს სს „X ბანკთან“ გაფორმებული აქვს იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, იჯარის საგანს წარმოადგენს "-------" ქუჩების კუთხეში საწარმოს დაუმთავრებელი სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებული 268 კვ.მ. კომერციული ფართი, ხოლო ყოველთვიური იჯარის თანხა შეადგენს 6 260 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ხელშეკრულება დადებულია 10 წლის ვადით.
2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საწარმოს მიერ წარდგენილი მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით საიჯარო შემოსავალი შეადგენს 2009 წელს 31 545 ლარს. შემოწმებით, საიჯარო შემოსავალმა შეადგინა 73 402 ლარი. სხვაობის თანხით 41 858 ლარით გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი.
აგრეთვე, საწარმოს არ აქვს დაბეგრილი საიჯარო შემოსავალი დღგ-ით. ბუღალტრის სიტყვიერი განმარტებით, ეს გამოწვეულია მექანიკური შეცდომით. შემოწმებით, საიჯარო შემოსავალმა შეადგინა 2009 წელს 73 403 ლარი, ხოლო 2010 წელს 15 997 ლარი, რაც დაიბეგრა დღგ-ით.
5. გადამხდელის მიერ წარდგენილი 2009 წლის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან სრულად გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულებამ შეადგინა 534 ლარი, რაც შემოწმებით არ დადასტურდა
2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, 534 ლარით შემცირდა 2009 წლის მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა.
6. გადამხდელის მიერ წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული სხვა ხარჯები შეადგენს 19 844 ლარს. ამასთან, გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის მიხედვით დაბეგრილია ფიზიკურ პირებზე განაცემი 23 975 ლარი.
2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, შემოწმებით დადგენილი სხვა ხარჯების ღირებულებამ 2009 წელს შეადგინა 539 475 ლარი და დეკლარირებულთან შედარებით 519 631 ლარით გაიზარდა გამოსაქვითი სხვა ხარჯების ოდენობა.
7. გადამხდელის მიერ წარდგენილი მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული სხვა ხარჯები შეადგენს 1 303 215 ლარს.
2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, შემოწმებით დადგენილი სხვა ხარჯების ღირებულებამ შეადგინა 5 456 ლარი და დეკლარირებულთან შედარებით 1 297 759 ლარით შემცირდა გამოსაქვითი სხვა ხარჯების ოდენობა 2010 წელს.
8. შპს „--------“ ქ."-------" ქუჩების კვეთაზე საკუთარ მიწაზე 2007 წლიდან აშენებდა 5 სართულიან შენობას, მომავალში საკუთარი საქმიანობისთვის გამოსაყენებლად. 2010 წლის აპრილის თვეში გადამხდელმა აღნიშნული შენობა და ლუდსახარში დანადგარი მიჰყიდა ურთიერთდამოკიდებულ პირს - შპს ----- 2 050 000 ლარად. დაუმთავრებელი მშენებლობა დაიბეგრა ქონების გადასახადით. საწარმოს მიერ წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით, დასაბეგრი ქონების ღირებულება შეადგენს 2008 წელს 377 429 ლარს, 2009 წელს 189 117 ლარს, 2010 წელს 428 578 ლარს.
შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, დასაბეგრი ქონების ღირებულებამ შეადგინა 2008 წელს 466 342 ლარი, 2009 წელს 773 802 ლარი, 2010 წელს 535 634 ლარი. შესაბამისად, სხვაობამ შეადგინა 2008 წელს 88 913 ლარი, 2009 წელს 584 685 ლარი, 2010 წელს 107 056 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ, მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7 და მე-9 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა იმგვარად, რომ ცხადად აისახოს დასაბეგრი შემოსავალი (მოგება). გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად გამოიყენება საკასო ან დარიცხვის მეთოდი, იმის მიხედვით, თუ რომელ მეთოდს იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა:
ა) ამ კოდექსის 211-ე მუხლის მიხედვით ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯებისა, როდესაც არ არსებობს ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;
ბ) იმ ხარჯებისა, რომლებიც, ამ კოდექსის 178-ე მუხლისა და ამ თავის სხვა დებულებათა თანახმად, გამოქვითვას არ ექვემდებარება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან/და გადასახდელი (აღრიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით) პროცენტები გამოიქვითება არა უმეტეს კრედიტის (სესხის) წლიური 24 პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამორტიზაცია არ ერიცხება მიწას, ხელოვნების ნიმუშებს, სამუზეუმო ექსპონატებს, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებს (გარდა შენობა-ნაგებობებისა) და სხვა არაამორტიზებად აქტივებს. ამასთანავე, ამორტიზაცია არ ერიცხება 1000 ლარამდე ღირებულების ძირითად საშუალებას და ბიოლოგიურ აქტივს. 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა, ხოლო ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
2. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისათვის.
3. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე გამოსაქვითი ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, არამართლზომიერადაა შემცირებული გარკვეული სახის ხარჯები, რასთან დაკავშირებითაც საჩივარს თან ერთვის დოკუმენტაცია. მითითებული არგუმენტაციისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარს თან ერთვის გარკვეული სახის დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია საქართველოს საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება მის მიერ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული ყველა შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია ამ კოდექსის 239-ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შემოწმებით განისაზღვრა გადამხდელის მიერ სს „X ბანკისგან“ მისაღები საიჯარო შემოსავლები, რომლის საფუძველზეც გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საიჯარო ფართის სარემონტო სამუშაოები დასრულდა 2009 წლის ოქტომბერში და მხოლოდ ამის შემდგომ გადაეცა ბანკს ფართი სარგებლობაში. შესაბამისად, ფართის სარგებლობაში გადაცემამდე შემოწმებით შემოსავლის აღიარება არამართლზომიერია. აგრეთვე, აცხადებს, რომ უსაფუძვლოდაა გაზრდილი დღგ-ით დასაბეგრი თანხები საიჯარო მომსახურებაზე 2009 წლის ივლისი-სექტემბრის და 2010 წლის თებერვლის პერიოდებში, საწარმოს ძირითადი საშუალების სახით რიცხული ქონების რეალიზაციისას. მითითებული არგუმენტაციისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარს თან ერთვის გარკვეული სახის დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-8 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე:
ა) საკუთრებაში ან არარეზიდენტისაგან ლიზინგით სარგებლობაში აქვს ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი;
ბ) კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა (ფაქტობრივ მფლობელობაში იგულისხმება მიწის ფაქტობრივი ფლობა ან მიწით სარგებლობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიწის ფლობისა და მიწით კანონიერი სარგებლობისა);
გ) ფაქტობრივ მფლობელობაში ან/და სარგებლობაში აქვს გარდაცვლილი პირის საკუთრებაში რიცხული ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფაქტობრივი მფლობელის მიერ ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საწარმოსთვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება.
ამავე კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 36-ე ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალება არის მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.
ამავე მუხლის 42-ე ნაწილის თანახმად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებია პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალები, ნახევარფაბრიკატები, მარაგ-ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, კერძოდ, მომჩივანი მიუთითებს ქონების გადასახადის გაანგარიშებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე, წარმოდგენილ საჩივარში ასევე მითითებული აქვს წლების მიხედვით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის ღირებულება და დასარიცხი გადასახადის ოდენობა. აღნიშნული არგუმენტაციისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარს თან ერთვის გარკვეული სახის დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.