გადაწყვეტილება №24385/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.02.2025
№ დოკუმენტი 24385/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 24385/2/2024

04 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: : შპს -------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 2.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24385/2/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 18.07.2024 წლის №22744/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 31.10.2024 წლის №001-195 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 231 896,23 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 128 027

დღგ - 61 768

საშემოსავლო გადასახადი - 66 259

ჯარიმა - 64 005

საურავი - 39 864,23

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ცხოველების საკვებითა და აქსესუარებით. აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე პერიოდი.

კომპანია რეგისტრირებულია 28.12.2017 წლიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 22.11.2018 წლიდან. საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 392 113 ლარს, ხოლო ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა - 7 915 ლარს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების/ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზით გაირკვა, რომ კომპანიის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნაკლებია რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. შემოწმების ხელთ არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ არასრულყოფილად არის აღრიცხული ძირითადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული საქონელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ:

საგადასახადო ორგანომ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქონლის საწყისი ნაშთი, ხოლო საბოლოო ნაშთი განისაზღვრა საქონლის ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით. აღნიშნული ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ამასთან, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით განისაზღვრა (გადამხდელის მონაწილეობით) სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის ფასნამატი;

შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატები გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ შესაბამისი ჯგუფის თვითღირებულებაზე, ჯგუფების მიხედვით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს დაახლოებით 37%-ს (აღნიშნული ფასნამატი შესაბამისობაშია მსგავსი პროფილის მქონე აუდირებულ კომპანიების ფასნამატთან). შედეგად გაიზარდა 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა და საწარმოს დღგ-ის ნაწილში დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განისაზღვრა სალაროს ნაშთი. საწარმოში ჩატარებული ფულადი სახსრების განსაზღვრის პროცედურით 2023 წლის 28 ივლისის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 50 ლარს.

შემოწმების პროცესში გაანგარიშდა სალაროს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №001-279 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5203 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 18.07.2024 წლის №22744/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველ დავის საგანთან (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით) დაკავშირებით მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 18.07.2024 წლის №22744/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 29.10.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით განისაზღვრა (გადამხდელის მონაწილეობით) სხვადასხვა საქონლის ჯგუფის ფასნამატი. შემოწმებით დადგენილი ფასნამატები გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ შესაბამისი ჯგუფის თვითღირებულებაზე. გაანგარიშების ეტაპზე დამატებით განხორციელდა აღნიშნული საკითხის შესწავლა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის და ცხრილების ანალიზის შედეგად დაკორექტირდა სხვადასხვა საქონლის ჯგუფის ფასნამატი, რის შედეგადაც შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

აუდიტის დეპარტამენტის 29.10.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 31.10.2024 წლის

№001-195 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის საკითხი სრულყოფილად შესწავლილი. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 96-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილებზე და 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტს არ ახლავს თან ის გაანგარიშების ცხრილები, რომელთა საფუძველზეც მოხდა დამატებით გადასახადების დარიცხვა, მათ შორის არც ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი და არც მისი გავრცელების, შესაბამისად შემოსავლის გაანგარიშების ცხრილიც. აქტში აღნიშნულია, რომ შემოწმების მიერ (გადამხდელის მონაწილეობით) გაანგარიშებულ იქნა სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის ფასნამატი, რაც გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ შესაბამისი ჯგუფის თვითღირებულებაზე, აღსანიშნავია რომ ეს ჩანაწერი არ შეესაბამება სიმართლეს და არც გადასახადის გადამხდელი და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი პირები არ არიან საქმის კურსში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მათ შორის არც არანაირი გაანგარიშების ცხრილი არ მოუწოდებიათ და არც გაუცვნიათ შემოწმების მიმდინარეობისას. ითხოვს შესაბამისი გაანგარიშების ცხრილების მოწოდებას, რის შემდგომაც წარმოადგენს გაანგარიშების ცხრილებს, მათ შორის ფასნამატის და შემოსავლის გაანგარიშებისას.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 16 აგვისტოს №20212 ბრძანების საფუძველზე დანიშნული და ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა და შესრულება არ მოხდა სწორად აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

სადავო საკითხი არ არის შესწავლილი სრულყოფილად კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ:

ა) აქტში მოხსენიებულია, რომ გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს მიაწოდა 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქონლის ნაშთი (საწყისი), ასევე ამავე აქტში ვკითხულობთ, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, მაშინ როგორ იქნა მიწოდებული ნაშთი და რატომ მიიღო მხედველობაში ეს ინფორმაცია შემმოწმებელმა აუდიტორმა;

ბ) აქტში არ იკვეთება გაანგარიშების ცხრილი, რის მიხედვითაც მოხდა ინვენტარიზაციის შემდგომ საქონლის საბოლოო ნაშთის მიხედვით რეალიზაციისა და ფასნამატის გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც მოხდა გადამხდელისათვის გადასახადის დაკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ. შემმოწმებელ აუდიტორს გაანგარიშების ცხრილების მიხედვით უნდა მოეხდინა ყველა საქონლისა და რეალიზაციის იდენტიფიცირება და დაკავშირება ერთმანეთთან, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ყველა იდენტიფიცირებულ საქონელზე გავრცელდეს იდენტიფიცირებული ფასნამატი. დასკვნაში მოყვანილი აქვს საშუალო შეწონილი ფასნამატი დაახლოებით 37%-ის ოდენობით. ორგანიზაცია აწარმოებს საქონლის აღრიცხვას, როგორც რაოდენობრივ, ასევე თანხობრივ ჭრილში და ყოველთვიურად შიდა ინვენტარიზაციას ატარებს, ინვენტარიზაციის შედეგად გამოანგარიშებული საშუალო შეწონილი ფასნამატი დაახლოებით 20 %-ს შეადგენს (ინვენტარიზაციის დროს დაშვებულია რიგი უზუსტობები, მათ შორის ზომის ერთეულია არეული შეძენის და რეალიზაციის, ასევე სარეალიზაციო ფასებია არეული რამდენიმე საქონელზე, რაც იწვევს საშუალო ფასნამატის 31%-დან 37%-მდე გაზრდას. ისიც სადავოა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ინვენტარიზაციის ფასის გაანგარიშებისას არ არის ანომალური ფასნამატები უგულვებელყოფილი, მაგალითად არის საქონელი, რომელზეც ფასნამატი არის 300%-ზე მეტი და ასევე არის ისეთი საქონელიც, რომელზეც ფასნამატი არის -90% ინვენტარიზაციაში). საქონელი დაყოფილია კატეგორიების მიხედვით „საკვების“ კატეგორიის ფასნამატი 19 %-ს შეადგენს, ხოლო „აქსესუარის“ კატეგორიის ფასნამატი 56 %-ს, „სხვა“ კატეგორიის (რომელშიც შედის სამკურნალო წვეთები, სუნამოები, შამპუნი და ა.შ) ფასნამატი 19 %-ს, გამომდინარე იქედან, რომ საკვები კატეგორიის ბრუნვა დაახლოებით 90%-ია, არ არის სამართლიანი, რომ აქსესუარის კატეგორიის მაღალი ფასნამატის გამო საშუალო შეწონილ ფასნამატი იქნას გავრცელებული მთლიან რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობდა შპს ------ საგადასახადო შემოწმება, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ინვენტარიზაციის შედეგების გამოსაყვანად ინვენტარიზაციის მონაცემები გადაგზავნილი იქნა აუდიტის დეპარტამენტისათვის. აუდიტის დეპარტამენტის მიერ უგულვებელყოფილ იქნა აღნიშნული 16.08.2023 წლის №20212 ბრძანების აღსრულება, კერძოდ არ მომხდარა ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა და შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ან/და საგადასახადო შემოწმების აქტში ასახვა. აუდიტის დეპარტამენტს უნდა გამოეყვანა შესაბამის დანაკლისი ან/და ზედმეტობა და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების მიხედვით დაეკისრებინა ჯარიმა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაკისრებული იქნა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად და საურავი საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით. დანაკლისის თანხა დაუმატა საწარმოში ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოანგარიშებულ განკარგვად თანხას და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩათვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად, შესაბამისად, დარიცხულია საშემოსავლო გადასახადში

ძირითადი გადასახადი, ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად და საურავი საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით.

დღგ-ის და მოგების გადასახადებში ძირითადი გადასახადი გადასახადის გადამხდელს უნდა ეღიარებინა თანახმად შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №2611, №1729 და №1727 სიტუაციური სახელმძღვანელოებისა.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისზე, რომელიც გამოვლენილ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 16 აგვისტოს №20212 ბრძანების საფუძველზე დანიშნული და ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გადასახადის გადამხდელს უნდა დაეკისროს ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების შესაბამისად და შემცირდეს შემოწმების აქტით აღნიშნულ ნაწილში დარიცხული ძირითადი გადასახადი, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა და საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით დაკისრებული საურავი. გადასახადის გადამხდელი მოახდენს დანაკლისზე ძირითადი გადასახადის დარიცხვას, როგორც დღგ-ის, ასევე მოგების გადასახადებში.

არ ეთანხმება უძრავი ქონების შესაძენად საპროცენტო ხარჯის და სესხის ძირითადი გადასახადის ხელფასთან გათანაბრებულ განაცემად განხილვას, ვინაიდან ელოდებოდა სესხის დაფარვას რომ მომხდარიყო შემდგომ გადაფორმება კომპანიაზე, რაზეც ჰქონდა წინასწარი შეთანხმება მხარეებს. სხვანაირად ვერ გააკეთეს ვინაიდან იყო კომერციული ბანკის მოთხოვნა თავდებობის და ისიც, რომ ყოფილიყო ფიზიკურ პირზე გაფორმებული.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საჩივარი არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რასაც არ ეთანხმება. საჩივარში დეტალურად იყო მითითებული არგუმენტაცია, საჩივრის განხილვა მოხდა გადასახადის გადამხდელის, ასევე მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად და არ მიეცა საშუალება დაეცვა პოზიცია და არგუმენტაცია.

შემმოწმებელ აუდიტორთან და საბჭოში გამოგზავნილ ცხრილებში დეტალურად ჩანს და ირკვევა, რომ ფასნამატი გაანგარიშებულია არასწორად, კერძოდ არასწორად არის საქონელი დაიდენტიფიცირებული და შედეგად გაანგარიშებული ფასნამატიც არასწორია, რომელიც ამასთანავე გავრცელებულია არა უშუალოდ იდენტიფიცირებულ საქონელზე, არამედ მთლიან შეძენაზე შემოსავლის დაანგარიშების მიზნით (ფასნამატი არ არის გაანგარიშებული კატეგორიების და იდენტიფიცირებული საქონლის მიხედვით არამედ გამოანგარიშებულია ზოგადად ინვენტარიზაციის ფასნამატი), რაც არასწორ შედეგს იძლევა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება საჩივარზე (რეგისტრაციის №22744/2/2024). ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5203 ბრძანება. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა:

ა) პირველ დავის საგანთან (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით) დაკავშირებით მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით;

ბ) სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ერთობლივად იქნა გავლილი გაანგარიშების ცხრილები შემმოწმებელ აუდიტორთან, თუმცა მის მიერ იქნა ნაწილობრივ გათვალისწინებული წარდგენილი გაანგარიშების ცხრილები და გასწორებულ იქნა მხოლოდ თვითღირებულებები. შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა დამატებით დარიცხული ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სულ ჯამში 7 503 ლარის ოდენობით. როგორც თვითღირებულების საკითხი იქნა გათვალისწინებული, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას არასწორად დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასებიც, ამასთანავე ნაცვლად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისა გამოყენებული უნდა იქნას საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა, ხოლო ძირითადი გადასახადის დარიცხვას კი თავად გადასახადის გადამხდელი განახორციელებს, ვინაიდან წარდგენილი ქონდა ინვენტარიზაციის დაწყებისას საქონლის ბუღალტრული ნაშთი.

შემმოწმებელ აუდიტორებთან ერთად უნდა იქნას შესწავლილი გაანგარიშების ცხრილები, საჩივარში მოყვანილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდეს დამატებით დარიცხული ძირითადი გადასახადის და ჯარიმის შემცირება, როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

ითხოვს, რომ საჩივრის განხილვა დავის განმხილველ ორგანოში აუცილებლად წარიმართოს გადასახადის გადამხდელის და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება. ასევე, დელეგირებული უფლებამოსილების გამოყენებას და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული სანქციებისაგან გათავისუფლებას, ასევე დამატებით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშების შემდგომ დამატებით დასარიცხი სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბჭო აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. კომპანიის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნაკლებია რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. არასრულყოფილად არის აღრიცხული ძირითადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული საქონელი. შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქონლის საწყისი ნაშთი, ხოლო საბოლოო ნაშთი განისაზღვრა საქონლის ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით. განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით განისაზღვრა (გადამხდელის მონაწილეობით) სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის ფასნამატი. დადგენილი ფასნამატები გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ შესაბამისი ჯგუფის თვითღირებულებაზე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის განისაზღვრა სალაროს ნაშთი. შემოწმებით განსაზღვრული ფულის ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საბჭოს 18.07.2024 წლის №22744/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მომჩივნის მითითებით საგადასახადო შემოწმების აქტს არ ახლავს თან ის გაანგარიშების ცხრილები, რომელთა საფუძველზეც მოხდა დამატებით გადასახადების დარიცხვა. ის, რომ შემოწმების მიერ (გადამხდელის მონაწილეობით) გაანგარიშებულ იქნა სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის ფასნამატი, არ შეესაბამება სიმართლეს. არ არიან საქმის კურსში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მათ შორის გაანგარიშების ცხრილი არ მიუწოდებიათ და არც გაუცვნიათ შემოწმების მიმდინარეობისას. ინვენტარიზაციის დროს დაშვებულია რიგი უზუსტობები, მათ შორის ზომის ერთეულია არეული შეძენის და რეალიზაციის, ასევე სარეალიზაციო ფასებია არეული რამდენიმე საქონელზე, რაც იწვევს საშუალო ფასნამატის 31%-დან 37%- მდე გაზრდას. ცხრილებში დეტალურად ჩანს, რომ ფასნამატი გაანგარიშებულია არასწორად, კერძოდ არასწორად არის საქონელი დაიდენტიფიცირებული და შედეგად გაანგარიშებული ფასნამატიც არასწორია, რომელიც ამასთანავე გავრცელებულია არა უშუალოდ იდენტიფიცირებულ საქონელზე არამედ მთლიან შეძენაზე შემოსავლის დაანგარიშების მიზნით, რაც არასწორ შედეგს იძლევა. მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ ინვენტარიზაციის მასალებში დაშვებულია რიგი ხარვეზები, რაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტსაც ეცნობა, თუმცა არ გაითვალისწინეს. შემოწმების პროცესში კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ აღნიშნული გავლენას ახდენდა ფასნამატის გაანგარიშებაზე. დავის პროცესში აღნიშნულზე მომზადდა ცხრილი, რაც საბჭოს სხდომის წინა დღეს გაეგზავნა აუდიტორს.

საბჭოს 18.07.2024 წლის №22744/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველ დავის საგანთან (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით) დაკავშირებით მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 29.10.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით განისაზღვრა (გადამხდელის მონაწილეობით) სხვადასხვა საქონლის ჯგუფის ფასნამატი. შემოწმებით დადგენილი ფასნამატები გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ შესაბამისი ჯგუფის თვითღირებულებაზე. გაანგარიშების ეტაპზე დამატებით განხორციელდა აღნიშნული საკითხის შესწავლა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის და ცხრილების ანალიზის შედეგად დაკორექტირდა სხვადასხვა საქონლის ჯგუფის ფასნამატი, რის შედეგადაც შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 29.10.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 18.07.2024 წლის №22744/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 18.07.2024 წლის №22744/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 18.07.2024 წლის №22744/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ცხოველების საკვებითა და აქსესუარებით. კომპანიის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ნაკლებია რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. ადამხდელის მიერ არასრულყოფილად არის აღრიცხული ძირითადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული საქონელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სარეალიზაციო ფასების გათვალისწინებით განისაზღვრა (გადამხდელის მონაწილეობით) სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის ფასნამატი. შედეგად გაიზარდა 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა და საწარმოს დღგ-ის ნაწილში დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა. შემოწმების პროცესში გაანგარიშდა სალაროს ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული ნაშთი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

აუდიტის დეპარტამენტის 29.10.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 31.10.2024 წლის

№001-195 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5,9);161(1);159(1);101(1);154(1);304(21);