ბრძანება N 27407

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.12.2024
№ დოკუმენტი 27407
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27407

26 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2024 წლის 31 მაისის და 11 ივნისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 ნოემბრის №23577/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“-ის (ს/ნ -----------) 2024 წლის 31 მაისის №89975/1/2024 და 11 ივნისის №90106/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მაისის №005-64 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არასწორად განსაზღვრა საბაჟო დეკლარაციებში და ინვოისებში მითითებული დახერხილი ხის მასალის რაოდენობები, კერძოდ, აცხადებს, რომ ერთ-ერთ საბაჟო დეკლარაციის ინვოისში მითითებულია 85მ3 რაოდენობის ხის მასალა, ხოლო შემმოწმებელს აღრიცხული აქვს 91მ3 . ასევე, აღნიშნავს, რომ სხვა საბაჟო დეკლარაციებიდან ანალოგიურად არის განსაზღვრული ხის მასალების რაოდენობები. განმარტავს, რომ როდესაც ხორციელდება ხის მასალის იმპორტი დოკუმენტაციაში მიეთითება ნომინალური რაოდენობა ანუ ინვოისის შესაბამისად კომერციული რაოდენობა, რომელშიც კომპანია იხდის შესაბამის თანხას, აღნიშნულ მონაცემებს ეყრდნობა ასევე მებაჟე განბაჟებისას, ხოლო დანარჩენ დოკუმენტებში მითითებულ სხვა რაოდენობაში იგულისხმება გაბარიტებში რაოდენობა ცდომილების გათვალისწინებით, რომელიც რეალურ ოდენობას არ ასახავს. ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საქონლის მიწოდებად განხილვას და დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:ც

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31188 და 2024 წლის 16 თებერვლის №3310 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“-ის (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 12 აპრილიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის პირველი თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 22 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის პირველი მაისის №10229 ბრძანება და ამავე თარიღის №005-64 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 37 763 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 990 ლარი, ჯარიმა 11 995 ლარი, საურავი 1 778 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 8 ივლისის №16091 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 27 ნოემბრის №23577/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ივლისის №16091 ბრძანება და საჩივრები, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 ნოემბრის №23577/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს საქმიანობის სახეა დახერხილი ხე-ტყის მასალის იმპორტი ---------- და აღნიშნული მასალის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. კომპანიას შემოსავალი ძირითადად მიღებული აქვს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით და მცირე ნაწილის საცალოდ რეალიზებით. გადასახადის გადამხდელთან 2024 წლის 9 თებერვალს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვა, რომლითაც გამოვლინდა საქონლის ნაშთი 196მ3 -ის ოდენობით. სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოთვლისას სმფ-ის

დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლინდა. საწარმომ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას სრულად არ წარმოადგინა საბუღალტრო პროგრამა და დოკუმენტაცია, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა. გამომდინარე იქედან, რომ შესამოწმებელი პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდი, ჩატარებული სმფ-ების ნაშთის დადგენის შედეგები გამოყენებულ იქნა 2023 წლის პირველი ნოემბრის თარიღით არსებული ნაშთის გაანგარიშებისთვის. აღნიშნულის შედეგად დადგინდა საქონლის დამატებით რეალიზაცია 98მ3 -ის ოდენობით, რომელზეც გამოყენებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დაფიქსირებული საშუალო დოკუმენტური სარეალიზაციო ფასი 691 ლარი კუბურ მეტრზე. გაანგარიშებული ფასნამატის გამოყენებით, აღნიშნული ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი შემოსავალი გამოყენებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში. იმპორტირებული საქონლის ძირითადი ნაწილის ანგარიშსწორება მოხდა ნაღდი ფულით, რომელზეც გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შედარების აქტები უცხოელი (----------) მომწოდებლებისგან, შედეგად, იმპორტირებულ საქონელზე, ფულის მოძრაობისას, გათვალისწინებულ იქნა ნაღდი ფულის ანგარიშსწორებით ნაჩვენები თანხის 75%.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა ფაქტიური ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოში 2024 წლის 9 თებერვალს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვა, რომლითაც გამოვლინდა საქონლის ნაშთი, სმფ-ის დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლენილა. გამომდინარე იქედან, რომ შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრულია 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდი, ჩატარებული სმფ-ების ნაშთის დადგენის შედეგები გამოყენებულ იქნა 2023 წლის პირველი ნოემბრის თარიღით არსებული ნაშთის გაანგარიშებისთვის. შედეგად, დადგინდა საქონლის დამატებით რეალიზაცია 98მ3 -ის ოდენობით, რომელზეც გამოყენებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დაფიქსირებული საშუალო დოკუმენტური სარეალიზაციო ფასი 691 ლარი კუბურ მეტრზე. გაანგარიშებული ფასნამატის გამოყენებით აღნიშნული ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი შემოსავალი, გამოყენებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში. დადგინდა, რომ იმპორტირებული საქონლის ძირითადი ნაწილის ანგარიშსწორება განხორციელდა ნაღდი ფულით, რომელზეც გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შედარების აქტები უცხოელი (----------) მომწოდებლებისგან. შედეგად, იმპორტირებულ საქონელზე, ფულის მოძრაობისას, გათვალისწინებულ იქნა ნაღდი ფულის ანგარიშსწორებით ნაჩვენები თანხის 75%. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა ფიქტიური ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემმოწმებლის მიერ ინვოისში დაფიქსირებული ხის მასალის ნომინალური რაოდენობის გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ და დეკლარირებულ მონაცემებთან გამოვლენილი საქონლის ნაშთის სხვაობის მიზეზია საბაჟო დოკუმენტაციაში და --------- ფედერაციის საქონლის წარმოშობის დოკუმენტში დაფიქსირებულ რეალურ და ნომინალურ რაოდენობებს შორის აცდენა მომწოდებლის მიერ დაფიქსირებულ საინვოისო რაოდენობასთან. ინვოისში დაფიქსირებული ხის მასალების კუბური მეტრი არ ასახავს საქონლის რეალურ რაოდენობას, რადგან ------------ მიღებული სტანდარტებით, აღნიშნულ რაოდენობაზე ხდება გარკვეული პროცენტული რაოდენობის დაკლება რეალურ კუბატურასთან შედარებით, რომელსაც ეწოდება ნომინალური რაოდენობა, თუმცა რეალური, დათვლილი რაოდენობა განსხვავდება საინვოისო რაოდენობისგან. გადასახადის გადამხდელი ბუღალტრულად აღრიცხავდა საინვოისო რაოდენობას, ხოლო რეალური პროდუქცია განსხვავდებოდა მოწოდების დოკუმენტში დაფიქსირებულისგან.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისის საქონლის მიწოდებად განხილვასთან, დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო შემოწმების აქტზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად არ გამოვლენილა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვის შედეგად გამოვლინდა საქონლის დამატებით რეალიზაცია, რომელზეც გამოყენებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დაფიქსირებული საშუალო დოკუმენტური სარეალიზაციო ფასი და გაანგარიშებული ფასნამატის გამოყენებით აღნიშნული ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის საქონლის მიწოდებად განხილვას და დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის სახეა დახერხილი ხე-ტყის მასალის იმპორტი და აღნიშნული მასალის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. კომპანიას შემოსავალი ძირითადად მიღებული აქვს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით და მცირე ნაწილის საცალოდ რეალიზებით.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოში 2024 წლის 9 თებერვალს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვა, რომლითაც გამოვლინდა საქონლის ნაშთი, სმფ-ის დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლენილა. გამომდინარე იქედან, რომ შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრულია 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდი, ჩატარებული სმფ-ების ნაშთის დადგენის შედეგები გამოყენებულ იქნა 2023 წლის პირველი ნოემბრის თარიღით არსებული ნაშთის გაანგარიშებისთვის. შედეგად, დადგინდა საქონლის დამატებით რეალიზაცია 98მ3 -ის ოდენობით, რომელზეც გამოყენებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დაფიქსირებული საშუალო დოკუმენტური სარეალიზაციო ფასი 691 ლარი კუბურ მეტრზე. გაანგარიშებული ფასნამატის გამოყენებით აღნიშნული ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, საგადასახადო შემოწმებით დადგენილი შემოსავალი, გამოყენებულ იქნა ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში. დადგინდა, რომ იმპორტირებული საქონლის ძირითადი ნაწილის ანგარიშსწორება განხორციელდა ნაღდი ფულით, რომელზეც გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შედარების აქტები უცხოელი მომწოდებლებისგან. შედეგად, იმპორტირებულ საქონელზე, ფულის მოძრაობისას, გათვალისწინებულ იქნა ნაღდი ფულის ანგარიშსწორებით ნაჩვენები თანხის 75%. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა ფიქტიური ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვის შედეგად გამოვლინდა საქონლის დამატებით რეალიზაცია, რომელზეც გამოყენებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში დაფიქსირებული საშუალო დოკუმენტური სარეალიზაციო ფასი და გაანგარიშებული ფასნამატის გამოყენებით აღნიშნული ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად.

 

გადაწყვეტილება

საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულის შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ხოლო, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);158(1);160(1);163(1,2);164(1);101(1)'154(1);