ბრძანება N 32227

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.10.2020
№ დოკუმენტი 32227
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 32227

29/10/2020

შპს --------------

(მის.: ქ. ------- )

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

არ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 11 თებერვლის №29004/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 24 იანვრის №081-1 „საგადასახადო მოთხოვნასთან” დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანილი კომერციული ფართების ძირითად საშუალებად განხილვას, აღნიშნულზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას და ქონების გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის შეფასება დღგ-ის ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩათვლის გაუქმებასთან დაკავშირებით, ბუნდოვანი და უკანონოა. მიუთითებს, რომ აღნიშნული ქონება თავიდანვე წარმოადგენდა სასაქონლო-მატერიალურ მარაგებს და გამიზნული იყო გასაყიდად.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 6 სექტემბრის №6303 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 20 თებერვლიდან 2019 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 20 იანვარს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2020 წლის 23 იანვრის №1224 ბრძანება და 2020 წლის 24 იანვრის №081-1 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 58 804 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 41 277 ლარი, ჯარიმა 17 527 ლარი, საურავი 0 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის თებერვალში შპს ----- ს კაპიტალში მის 100% წილის მფლობელ კომპანიას, შპს ----- ს შეტანილი აქვს მშენებარე უძრავი ქონება. კერძოდ, კომერციული ფართები. (---- კვ.მ) ქ. ----ში. ამავე თვეში შპს ----- ს აღნიშნული უძრავი ქონების უზრუნველყოფით (იპოთეკით დატვირთულია მიღებული აქტივები სრულად) აღებული აქვს იპოთეკური კრედიტი, რომლის მიზნობრიობას წარმოადგენდა კომერციული ფართების რემონტი. თუმცა, 2018 წლის 28 თებერვალს შპს ----- სა და მის დამფუძნებელ შპს ----- ს შორის დადებულია სესხის ხელშეკრულება 500 000 აშშ დოლარის ეტაპობრივად გაცემის შესახებ, წლიური სარგებელი შეადგენს 15%-ს, ხოლო 2018 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდიდან საწარმოს ფიზიკურ პირებთან დადებული აქვს უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, 200 კვ.მ კომერციულ ფართებზე და საკომპენსაციო თანხები მიღებული აქვს ავანსად, რომელიც ჩართულია შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. ამასთან აღსანიშნავია, რომ სს ---- ბანკთან დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, საწარმოს ბანკის ნებართვის გარეშე ეკრძალება კომერციული ფართების რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საწარმო მოახდენს აღნიშნული ფართების რეალიზაციას, მიღებული საკომპენსაციო თანხებით უნდა განორციელდეს სესხის თანხის დაფარვა. პირველად დოკუმენტაციაზე და ბუღალტრულ პროგრამაზე დაყდნობით დგინდება, რომ მიღებული ავანსებით არ ხდება საბანკო კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვა და დღემდე აღნიშნული ფართები დატვირთულია იპოთეკით. 2018 წლის თებერვლიდან კომპანიის შემოსავლი შედგება ზემოაღნიშნული სესხის პროცენტისა და მიღებული ავანსებისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8, მე-15, 168-ე და 174-ე მუხლების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ კაპიტალში შეტანილი კომერციული ფართები წარმოადგენს ძირითად საშუალებას. შესაბამისად, 2018 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გაუქმებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად მიღებული დღგ-ის ჩათვლა.

საწარმოს არ აქვს წარდგენილი 2018 და 2019 წლებზე ქონების გადასახადის დეკლარაცია. აგრეთვე, საწარმო კომერციულ ფართებზე მიკუთვნებულ მიწის პროპორციული წილს არ განიხილავს ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზად. ბასს 16-ის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში შპს ----- ს საკუთრებაში არსებული ქონება, რომლის საშუალებითაც საწარმო ახდენს საპროცენტო შემოსავლების მიღებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად ჩართულ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე, 204-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად კომერციული ფართები და კომერციულ ფართებზე მიკუთვნებული მიწის პროპორციული წილი დაიბეგრა ქონების გადასახადით. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის ,,ა ბ დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში-მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 31-ე ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალება არის მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფინანსურ ოპერაციას მიეკუთვნება კრედიტის (სესხის) აღება/გაცემა/გადაცემა, სინდიცირება, სტრუქტურირება, მართვა და განკარგვა, მათ შორის, კრედიტის (სესხის) უზრუნველსაყოფად განხორციელებული ქმედებები (ქონების/აქტივის დაგირავება, საკრედიტო რისკის მესამე პირზე ნაწილობრივ ან მთლიანად გადაყიდვა, გარანტიების ან ანალოგიური შინაარსის ფინანსური ინსტრუმენტების გაცემა/დამოწმება/მართვა/განკარგვა ან ასეთი ინსტრუმენტის შეძენა/მის ბენეფიციარად ყოფნა), აგრეთვე კრედიტის (სესხის) მომსახურება (საპროცენტო სარგებლისა და ძირის გადახდა) და კრედიტზე (სესხზე) საპროცენტო სარგებლისა და კრედიტის (ძირის) დაფარვის მიღება, ასევე ფაქტორინგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში. ამასთანავე, ითვლება, რომ აქტივების მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით აქტივების მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო ჩათვლა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, ძირითადი საშუალების მიხედვით, თუ იგი გამოყენებულ იქნა ან/და იქნება:

გ) ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:

გ.ა) თუ დღგ-ის გადამხდელის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ყოველწლიურად გასაუქმებელი („გ.ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) ან ჩასათვლელი („გ.ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) დღგ-ის თანხა გაიანგარიშება:

ა) შენობა-ნაგებობებზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით.

ბასს 16-ის მიხედვით, ძირითადი საშუალებები არის მატერიალური აქტივები, რომლებიც:

ა) იმყოფება საწარმოს მფლობელობაში და გამოიყენება: საქონლის ან მომსახურების წარმოებაში ან მისაწოდებლად, იჯარით გასაცემად ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის; და

ბ) გათვალისწინებულია ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი ხნით გამოსაყენებლად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.

დადგენილი გარემოების მიხედვით, საწარმოს საკუთრებაშია მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში პირველ და მეორე სართულებზე არსებული კომერციული ფართები. (----- კვ.მ.) შპს ----- ს დამფუძნებელმა აღნიშნული კომერციული ფართები საწარმოს კაპიტალში შეიტანა 2018 წლის თებერვლის თვეში. ამავე თვეში აღნიშნული უძრავი ქონება გამოყენებულ იქნა ბანკიდან სესხის აღებისა და დამფუძნებელზე სესხის გაცემის მიზნით.

აღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის მიერ კაპიტალში შეტანილი კომერციული ფართები წარმოადგენს ძირითად საშუალებას. შესაბამისად, შემოწმების მიერ 2018 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი 2018 და 2019 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ქონების გადასახადის ნაწილში არ აქვს შესრულებული კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნული სადავო საკითხის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანილი კომერციული ფართების ძირითად საშუალებად განხილვას, აღნიშნულზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას და ქონების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დგინდება, რომ საწარმოს კაპიტალში მის 100% წილის მფლობელ კომპანიას შეტანილი აქვს მშენებარე უძრავი ქონება, რომლის უზრუნველყოფით აღებული აქვს იპოთეკური სესხი. საწარმოს ფიზიკურ პირებთან დადებული აქვს უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და მიღებული საკომპენსაციო თანხებიდან არ ხდება საბანკო კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვა. გადამხდელის მიერ კაპიტალში შეტანილი კომერციული ფართები წარმოადგენს ძირითად საშუალებას. შესაბამისად, გაუქმებულ იქნა სსკ-ს 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად მიღებული დღგ-ის ჩათვლა.

საწარმოს არ აქვს წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაცია. აგრეთვე, საწარმო კომერციულ ფართებზე მიკუთვნებულ მიწის პროპორციული წილს არ განიხილავს ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზად. ბასს 16-ის მიხედვით საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონება, ჩართულ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. მიწის პროპორციული წილი დაიბეგრა ქონების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საკითხის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(31); 15(2,,გ“); 201; 203; 204; 205; 269(7); 275(2)

01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1,,ა“); 168(4,,ო“); 174(7); 174(8)

ბასს 16