საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/335-17-20

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 13.10.2020
№ დოკუმენტი 3/335-17-20
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

საქმე N 3/335-17-20

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

მოსარჩელე: შპს „---“ (ს/ნ ---)

წარმომადგენელი: ---, -----

 

მოპასუხე: სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი: ---

 

მოპასუხე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი: ----

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015წ. N47174 ბრძანების ნაწილობრივ 2010 და 2011 წლებზე (ხანდაზმული პერიოდი) თანხების (გადასახადის ძირითადი თანხა 28 444 ლარი, ჯარიმა 14 221 ლარი) დამატებით დარიცხვის ნაწილში, ბათილად ცნობა;

1.2. სსიპ აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015წ. N081-307 საგადასახადო მოთხოვნის და აუდიტის დეპარტამენტის 08.12.2015წ. საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილობრივ (ხანდაზმულ პერიოდზე 2010- 2011 წლები) ბათილად ცნობა;

1.3. შემოსავლების სამსახურის 19.02.2016წ. N4242 ბრძანების ნაწილობრივ (ხანდაზმულ პერიოდზე 2010- 2011 წლები) ბათილად ცნობა;

1.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.02.2017 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

დავის საგანი

გასაჩივრებული აქტების გამოცემის საფუძველს წარმოადგენს საწარმოში საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2015 წლის 08 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის თანახმად შემოწმება განხორციელდა საზოგადოების ძირითადი საქმიანობის ნაწილში, ხოლო შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრული იყო 2010 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 01 აპრილამდე. გასაჩივრებული აქტებით საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 187 763,86 ლარი, მათ შორის გადასახადის ძირითადი თანხა 74 081 ლარი, ჯარიმა 37 043 ლარი, საურავი 76 639,86 ლარი.

საწარმოზე თანხების დარიცხვა განხორციელდა საშემოსავლო გადასახადში, კერძოდ, არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე და არარეზიდენტებზე გაცემული თანხების გამო, სულ განაცემი 301 345 ლარი, რომელიც საწარმოს მიერ არ იქნა თავის დროზე შესაბამისი გადასახადით. შედეგად საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა:

ა) 2010 წელში - დამატებით დასარიცხი გადასახადი 22 457 ლარი, ჯარიმა 11 228 ლარი; ბ) 2011 წელში - დამატებით დასარიცხი გადასახადი 5987 ლარი, ჯარიმა 2993 ლარი;

გ) 2012 წელში - დამატებით გადასახადი 13 728 ლარი, ჯარიმა 6864 ლარი;

დ) 2013 წელში - დამატებით დასარიცხი გადასახადი 26 261 ლარი, ჯარიმა 13 130 ლარი;

ე) 2014 წელში - დამატებით დასარიცხი გადასახადი 5500 ლარი, ჯარიმა 2752 ლარი;

ვ) 2015 წელში - დამატებით დასარიცხი გადასახადი 150 ლარი, ჯარიმა 75 ლარი;

ზ) შესაბამისი საურავები.

უნდა აღინიშნოს, რომ 2010 და 2011 წლები წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს და შესაბამისად ამ პერიოდზე დამატებით დარიცხვა არ უნდა განხორციელებულიყო. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად: „გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული".

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015წ. N47174 ბრძანების, აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015წ. N81-307 საგადასახადო მოთხოვნის და აუდიტის დეპარტამენტის 08.12.2015წ. საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე საჩივრით მივმართეთ შემოსავლების სამსახურს. ამ უკანასკნელის 19.02.2016წ. N4242 ბრძანებით ზემოთ აღნიშნული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 17.02.2017წ. გადაწყვეტილებაც (რომელიც დაგვრჩა 27.02.2017წ.). მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები კანონშეუსაბამოა და ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

2.1. მოპასუხე - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა - ------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 08 დეკემბერს შედგენილი იქნა შპს „-------“-ს საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის თანახმად შემოწმება განხორციელდა საზოგადოების ძირითადი საქმიანობის ნაწილში, ხოლო შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრული იყო 2010 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 01 აპრილამდე. გასაჩივრებული აქტებით საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 187 763,86 ლარი, მათ შორის გადასახადის ძირითადი თანხა 74 081 ლარი, ჯარიმა 37 043 ლარი, საურავი 76 639,86 ლარი.

მტკიცებულება: საგადასახადო შემოწმების აქტი (ტ.1.ს/ფ.15-64);

საგადასახდო მოთხოვნა (ტ.1.ს/ფ.14);

ბრძანება (ტ.1.ს/ფ.12);

3.1.2. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 19.02.2016წ. N 4242 ბრძანებთ არ დაკმაყოფილდა შპს „------“- ს საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 დეკემბრის N081–307 საგადასახდო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე.

მტკიცებულება: შემოსავლების სამსახურის 19.02.2016წ. N 4242

ბრძანება (ტ.1.ს/ფ.65-66);

3.1.3. დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.02.2017 წლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „-----“-ს საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015 წლის N 47174 ბრძანების ბათილად ცნობის, აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015 წლის N 081-305 „საგადასახდო მოთხოვნის“ და შემოსავლების სამსახურის 19.02.2016 წლის N4242 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით, უსაფუძვლოა მომჩივანის მიერ ხანდაზმულობაზე მითითება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დავების განხილვის საბჭო 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა განხილვის საბჭომ, 17.02.2017 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-------"-ს 07.03.2016 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

 

დავის საგანი:

2010-2011 წლებზე დამატებით განხორციელებული დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015 წლის N47174 ბრძანება გადასახადებისა და სანქციის დარიცხვის შესახებ;

2. აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015 წლის N081-307 „საგადასახადო მოთხოვნა";

3. შემოსავლების სამსახურის 19.02.2016 წლის N4242 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 187 764 ლარი

მათ შორის:

მოგების გადასახადი 4102 ლარი (ძირი 1 796, ჯარიმა საშემოსავლო გადასახადი 898, საურავი 1 408).

საშემოსავლო გადასახადი 183653 ლარი (ძირი 72285, ჯარიმა - 36145, საურავი - 75223). დღგ, ქონების, იმპორტის გადასახადი - 9 ლარი (საურავი).

 

ფაქტების აღწერა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა შპს ,,-------"-ს 01.01.2010 წლიდან 01.04.2015 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, რაზეც შედგა 08.12.2015 წლის აქტი.

შემოწმების აქტიდან ირკვევა რომ დარიცხვა ძირითადად განხორციელებულია საშემოსავლო გადასახადის კუთხით. შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში:

- საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა შეადგენს 15583278 ლარს. შემოწმებით, დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე განაცემმა შეადგინა 15 671 458 ლარს. გამოვლენილი სხვაობა 88 181 ლარი, სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით;

- გადასახადის არგადამხდელ ფიზიკურ პირებს აუნაზღაურა გაწეული მომსახურების ღირებულება 123 683 ლარი, რომელიც არ არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნული თანხა, სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან;

- 2010 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში დაქირავებულ ფიზიკურ პირს აუნაზღაურა უცხო ენის სწავლების ღირებულება, სულ 13 496 ლარი, რომელიც არ არის დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით, აღნიშნული თანხა სსკ-ის 101-ე მუხლის საფუძველზე განხილული იქნა ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით;

- დაქირავებულ ფიზიკურ პირებს აუნაზღაურა ავიაბილეთების, სასტუმროსა და რესტორნის მომსახურების ღირებულება სულ 136 076 ლარი შემოწმებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციით არ დადასტურდა აღნიშნული პირების მივლინებაში ყოფნის და კომპანიის მიერ წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის ფაქტი. შემოწმებით, სსკ-ის 101-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით;

- არარეზიდენტმა იურიდიულმა პირმა საზოგადოებას გაუწია ტრანსპორტირების მომსახურება, სულ 19052 ლარი, რომელიც არ არის დაბეგრილი. სსკ-ის 134-ე მუხლის (ძვ. 197) შესაბამისად, აღნიშნული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამის პერიოდში მოქმედი განაკვეთით;

- 2013 წელს არარეზიდენტ იურიდიულ პირს გადაუხადა 9037 ლარის მომსახურების ღირებულება, რომელიც არ არის დაბეგრილი. შემოწმებით, სსკ-ის 134-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

- შემოწმების აქტის საფუძველზე დეპარტამენტის 10.12.2015 წლის N47174 ბრძანება და N081-307 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადამხდელს დაერიცხა სულ 187763.86 ლარი, მათ შორის: ძირითადი - 74081 ლარი, ჯარიმა - 37043 ლარი, საურავი - 76639.86 ლარი.

მომჩივანმა დარიცხული თანხების გაუქმების მოთხოვნით საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 19.02.2016 წლის N4242 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 29 მაისის N18599 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,-------"-ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება.

ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრულია 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე.

შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე 2015 წლის 10 დეკემბერს შედგენილ იქნა გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც შპს ,,-------"-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ სულ ერიცხება 187763 ლარი, მათ შორის ძირითადი - 74081 ლარი, საურავი 76639 ლარი და ჯარიმა - 37043 ლარი.

2015 წლის 10 დეკემბრის N081-307 „საგადასახადო მოთხოვნა“ გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად, რომელსაც გაეცნო იმავე დღეს.

სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად:

„1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების კალენდარული წლის დასრულებიდან.

3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით _ გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.“

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ 2010-2011 წლების დარიცხვა არ არის ხანდაზმული, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძველს წარმოადგენს საზოგადოებაში ჩატარებული საგადასახადო შემოწმება. 2015 წლის 8 დეკემბერს შედგა შემოწმების აქტი, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე.

დადგენილია და სადავო არ არის, რომ საზოგადოებაზე თანხების დარიცხვა განხორციელდა _ საშემოსავლო გადასახადში. კერძოდ, არა დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე და არარეზიდენტებზე გაცემული თანხების გამო, სულ განაცემი 301345 ლარი, რომელიც საზოგადოების მიერ არ იქნა დაბეგრილი თავის დროზე შესაბამისი გადასახადით. შედეგად ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა: 2010 წელს - 22457 ლარი, ჯარიმა 11228ლარი; 2011 წელს - 5987 ლარი, ჯარიმა 2993 ლარი; 2012 წელს 13728 ლარი, ჯარიმა 6864 ლარი; 2013 წელს - 26261 ლარი, ჯარიმა 13130 ლარი; 2014 წელს 5500 ლარი, ჯარიმა 2752 ლარი; 2015 წელს -150 ლარი, ჯარიმა 75 ლარი შესაბამისი საურავებით.

2010-2011 წელი წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს და შესაბამისად ამ პერიოდზე დამატებით დარიცხვა არ უნდა განხორციელებულიყო, რადგან სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ასევე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2010 და 2011 წლებში თანხების (ძირითადი 28444 ლარი, ჯარიმა 14221 ლარი და შესაბამისი საურავი) ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015 წლის N447174 ბრძანება, 10.12.2015 წლის N081-307 „საგადასახადო მოთხოვნა და შემოწმების აქტი უნდა გაუქმდეს.

გასაჩივრებული აქტების მიღების დროისათვის დარღვეულია საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნები. შემმოწმებელს უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული დარღვევებიდან გამომდინარე, 08.12.2015 წლის საგადასახდო შემოწმების აქტი არ შეიძლება გამოყენებული იქნას დარიცხვის საფუძვლად.

შემოსავლების სამსახურის მიერ ისე იქნა მიღებული 19.02.2216 წლის N4242 ბრძანება საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ, რომ საჩივარი არსებითად არ განხილულა, არ შეიცავს სამართლებრივ დასაბუთებულ მსჯელობას. იგი მხოლოდ საგადასახადო კოდექსის ნორმის განმარტებით შემოიფარგლება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის დებულებათა თანახმად

1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

8.საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

9.გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

2013 წლის 26 დეკემბრის N1886 საქართველოს კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით მე-4 მუხლის პირველი-მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და მოთხოვნის წარდგენის საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება:

ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას.

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით ვადა აითვლება შესამოწმებელი შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

8. საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

9. გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად კოდექსით _ გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

ამავე კანონით, 309-ე მუხლს დაემატა 62-ე ნაწილი, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა, რომ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადაა:

ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 5 წელი;

ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 4 წელი.

საგადასახდო კოდექსის მე-4 მუხლში შეტანილი ცვლილების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 1 იანვრიდან.

საქმესთან არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 29 მაისის N18599 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საზოგადოების საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2015 წლის 8 დეკემბერს შედგა შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015 წლის N081-307 საგადასახადო მოთხოვნა", რომელიც გაიგზავნა ელექტრონულად და გადამხდელი გაეცნო იმავე დღეს.

მომჩივანი სადავოდ არ ხდის და აღნიშნავს, რომ საზოგადოებაზე თანხების დარიცხვა განხორციელდა საშემოსავლო გადასახადში, რადგან არა დაქირავებულ პირებზე და არა რეზიდენტებზე გაცემული თანხები საზოგადოების მიერ არ იქნა დაბეგრილი თავის დროზე. მაგრამ, მიიჩნევს, რომ 2010-2011 წელი, წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს, რადგან საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი და შესაბამისად ამ პერიოდზე დარიცხვა არ უნდა განხორციელებულიყო. ამდენად, აღნიშნულ პერიოდზე მიაჩნია, რომ დარიცხვა უნდა გაუქმდეს.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით საქმის მასალებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმება არ ჩატარებულა ხანდაზმულ პერიოდზე ვინაიდან, 2015 წლისათვის 2010-2011 წელი არ წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.

მტკიცებულება: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.02.2017 წლის გადაწყვეტილება (ტ.1.ს/ფ.68-74);

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. სასამართლო გაეცნო სასარჩელო განცხადებას, მოისმინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს საგადასახდო კოდექსი;

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015წ. N47174 ბრძანება; სსიპ აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015წ. N081-307 საგადასახადო მოთხოვნა და აუდიტის დეპარტამენტის 08.12.2015წ. საგადასახადო შემოწმების აქტი; შემოსავლების სამსახურის 19.02.2016წ. N 4242 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.02.2017 წ. გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. კანონის განმარტება უნდა ემყარებოდეს ნორმის სისტემატურ, ლოგიკურ ჭრილში წაკითხვას, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნას კანონმდებლის ნება, მიზანი და განზრახულობა. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს, ასევე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტს, რომლის მიხედვით, ნორმატიული აქტი შედგება მუხლებისაგან. მუხლი შეიძლება დაიყოს პუნქტებად (კოდექსში ნაწილებად), ხოლო პუნქტი – ქვეპუნქტებად; საჭიროების შემთხვევაში ქვეპუნქტი შესაძლებელია დაიყოს რამდენიმე ქვეპუნქტად. მუხლები შინაარსობრივი სიახლოვის გათვალისწინებით შეიძლება დაჯგუფდეს თავებად. თავები შესაძლებელია გაერთიანდეს კარებად (კოდექსში – წიგნებად). კარს (წიგნს) და თავს უნდა ჰქონდეს სათაური, ხოლო მუხლს შეიძლება ჰქონდეს სათაური. პუნქტი (ნაწილი) და ქვეპუნქტი უსათაუროა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმატიულ აქტს აქვს ლოგიკურად გამართული სტრუქტურა, იგი გონივრულად არის დაყოფილი, რაც გამოიხატება ნორმატიული აქტის დაყოფაში ცალკეული კარებად, თავებად და ნაწილებად სამართლებრივი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე შემთხვევაში წარმოშობილ სამართალურთიერთობაზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილის დანაწესი, რომელიც შეეხება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების ხანდაზმულობის ვადებს. კერძოდ, გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

მსგავსი კატეგორიის საქმეებზე (ხანდაზმულობის შესახებ) დადგენილია მყარი სასამართლო პრაქტიკა. იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის განჩინება N 3ბ/318–19 საქმეზე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება N 3ბ/1170-19 საქმეზე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განჩინება N 3ბ/1306-19 საქმეზე).

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არის დროის პერიოდი, რომლის განმავლობაში, საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს აქვთ შესაძლებლობა, მოახდინონ საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების რეალიზაცია, მათ შორის, იძულების წესით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებისა და გადასახადის იძულებით ამოღების შესაძლებლობა. კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა იმპერატიული ხასიათისაა. საგადასახადო-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეები, მოკლებული არიან შესაძლებლობას, შეამცირონ ან გაზარდონ კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, შეცვალონ მისი გამოთვლის წესი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლი განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგად პრინციპებს.

1. საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.

21. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. (26.12.2013. N1886)

ამავე კოდექსიოს მე-3 მუხლით -

1. ამ კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, თვეებით, დღეებით ან/და იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს.

2. ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ არ არის მითითებული, დღე არის კალენდარული დღე. სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღისა, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, მთავრდება ვადის ბოლო წლის შესაბამის თვესა და რიცხვში.

4. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება თვეებით, მთავრდება ვადის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში.

5. მოქმედება, რომლის განხორციელებისათვის დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით – ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე.

6. თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით, მოქმედება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.

7. კალენდარული წელი არის დროის მონაკვეთი ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ახლად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისათვის რეგისტრაციის თარიღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8. წელი (გარდა კალენდარული წლისა) არის დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვისაგან.

მოხმობილი კოდექსის მე-4 მუხლით

1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. 3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება:

ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას.

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.

7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

8. საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. (28.06.2019. N4906 ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან)

9. გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა ჩერდება: ა) პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების, რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე;

ა) პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების ან რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე; (18.09.2020. N7169 ამოქმედდეს 2021 წლის 1 აპრილიდან))

ბ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, პირის საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პერიოდში;

გ) საგადასახადო დავის პერიოდში.

11. საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება.

12. ზარალის 3 წლით ან მეტი ხნით გადატანისას ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა ამ ზარალის წარმოშობის კალენდარული წლის საგადასახადო ვალდებულებების მიმართ, რომელთა ოდენობაზედაც გავლენას ახდენს აღნიშნული ზარალი, გრძელდება და იგი 1 წლით აღემატება ზარალის გადატანის ვადას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა აითვლება ზარალის წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. (30.06.2017. N91182)

13. გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გაშვებულად არ მიიჩნევა, თუ საგადასახადო ორგანომ შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე განათავსა. (30.06.2017. N1182)

გვერდზე

ხოლო საგადასახდო კოდექსის 309-ე მუხლის 62-ე ნაწილით ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, აგრეთვე ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა არის: (18.12.2015. N4680 ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)

ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 5 წელი;

ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 4 წელი.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე N ბს-246-243(კ-14).

სასამართლო მიუთითებს _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე N ბს-463-451(კ- 13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

წინამდებარე შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტების გამოცემისას მოპასუხეთა მიერ დარღვეულია აღნიშნული ნორმები. როგორც საგადასახადო ორგანომ, ასევე დავების განმხილველმა ორგანოებმა არ გამოიყენეს კანონით მათთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაედგინათ და შეესწავლათ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რის შემდეგ საქმეზე მიღებული იქნებოდა კანონიერი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მოხმობილი სამართლის ნორმები იძლევა იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ გადასახადის ძირითადი თანხა 28 444 ლარი და ჯარიმა 14 221 ლარის დარიცხვა განხორციელებულია ხანდაზმულ (2010-2011 წლები) პერიოდზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია, რადგან როგორც აღინიშნა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 მუხლით - საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.

6.4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული წარმოების ხელახალი ჩატარების დავალების წინაპირობები. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, ხანდაზმულ პერიოდზე (2010-2011 წლები) გადასახადის დარიცხვის ფაქტი, საკითხი სრულად არის გამოკვლეული სასამართლოს მიერ. ამასთან, მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015წ. N47174 ბრძანების ნაწილობრივ 2010 და 2011 წლებზე (ხანდაზმული პერიოდი), თანხების (გადასახადის ძირითადი თანხა 28 444 ლარი, ჯარიმა 14 221 ლარი) დამატებით დარიცხვის ნაწილში, ბათილად ცნობის, სსიპ აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2015წ. N081-307 _ საგადასახადო მოთხოვნის და აუდიტის დეპარტამენტის 08.12.2015წ. საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილობრივ (ხანდაზმულ პერიოდზე 2010- 2011 წლები) ბათილად ცნობის, შემოსავლების სამსახურის 19.02.2016წ. N 4242 ბრძანების ნაწილობრივ (ხანდაზმულ პერიოდზე 2010- 2011 წლები) ბათილად ცნობის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.02.2017 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით

 

სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს სარჩელზე დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ _ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს, იურიდიული პირებისათვის 5000 ლარს.

სსს კოდექსის 55.2-ე მუხლით - სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზე მას უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სახ. ბაჟის სახით გადაიხადა 1379.95 ლარი, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, სსს კოდექსის 53 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად გადასახდელად მოსარჩელე შპს ------“-ს (ს/ნ -------) სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „---------“-ს (ს/კ ----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ბათილად იქნეს ცნობილი გამოცემის მომენტიდან, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 დეკემბრის N47174 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 დეკემბრის N081-307 საგადასახადო მოთხოვნა, აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 08 დეკემბრის საგადასახდო შემოწმების აქტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის N4242 ბრძანება შპს „---------“-ს (ს/კ ----------) 2010- 2011 წლებზე გადასახადის ძირითადი თანხის 28 444 ლარი, ჯარიმა 14 221 ლარის დამატებით დარიცხვის ნაწილში.

3. ბათილად იქნეს ცნობილი გამოცემის მომენტიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის (საჩივარი N12212/2/16) გადაწყვეტილება.

4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1379.95 - ლარი, მოპასუხეებს დაეკისროთ სოლიდარულად გადასახდელად მოსარჩელე შპს „---------“-ს (ს/კ -------) სასარგებლოდ.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. ქუთაისი. ნიუპორტის ქ.No32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. ქუთაისი კუპრაძის ქ. No11) მეშვეობით.

 

მოსამართლე

მალხაზ ჩუბინიძე

 

სადავო საკითხი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 29 მაისის N18599 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდია 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე 2015 წლის 10 დეკემბერს შედგენილ იქნა გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა ძირითადი თანხა, ჯარიმა დასაურავი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე გადასახადის გადამხდელმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივარი არ დაკმაყოფილდა არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 17.02.2017წ. გადაწყვეტილებითაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მარტის განჩინებით გადასახადის გადამხდელის სარჩელი განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

 

გადაწყვეტილება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 დეკემბრის N 47174 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 დეკემბრის N 081-307 „საგადასახადო მოთხოვნა,"აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 08 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის N 4242 ბრძანება შპს - ს 2010-2011 წლებზე გადასახადის ძირითადი თანხისა და ჯარიმის დამატებით დარიცხვის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განნილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დასაბუთება

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით