ბრძანება N 17542
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17542
05 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.:----------)
2025 წლის 15 ივლისის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2025 წლის 15 ივლისის №96858/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №006-576 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2025 წლის 12 ივნისის №006-162 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიღებული შემოსავლის 80%-ის დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტთან შეთანხმდა რა ტიპის დოკუმენტები უნდა წარედგინა მესამე პირებისგან, ასევე რა ნაწილის წარდგენა იქნებოდა რთული, რადგან იგი იყო გადამხდელის დამკვეთის შიდა ინფორმაცია და არ იქნებოდა მარტივი აღნიშნულის გაზიარებაზე დათანხმება (საკითხი ეხებოდა მშენებლობაზე შესული პირების სრული რეესტრის წარდგენას). განმარტავს, რომ განხორციელდა მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულად მიწოდება რამდენიმე დღეში, გარდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირსა და შპს „----------“/ შპს „----------“, ასევე დამკვეთებსა და შპს „----------“ / შპს „----------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების, შესაბამისი მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტების, შპს „----------“ / შპს „----------“ დამკვეთებისგან ახსნა-განმარტება, სადაც წარმოდგენილი იქნება: მიღებული მომსახურების დეტალური აღწერა, მცირე მეწარმეებზე საწარმოს მხრიდან ჩართული დამხმარე მუშებისთვის მინიჭებული ფუნქციების და გაწეული მომსახურების კონკრეტიკა/აღწერა. ამის შემდეგ განხორციელდა მესამე პირების დირექტორების გამოკითხვაზე დაბარება. მესამე პირებთან კომუნიკაციის შემდეგ, აუდიტორმა მოითხოვა გადამხდელის დამკვეთის ყველა დებიტორისგან ახსნა-განმარტება, რაც უტოპიური მოთხოვნა იყო, რადგან აუდიტის დეპარტამენტი ისეთი პირებისგან ითხოვდა ინფორმაციას, ვისთანაც საერთოდ შეხება არ ჰქონია გადამხდელს. ამასთან, რიგ პირებთან ურთიერთობები აღარ არსებობს და შეუძლებელია თანამშრომლობა.
2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე, შეცდომაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 ივნისის №006-162 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3040 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მიღება-ჩაბარების აქტები, დამკვეთისგან შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია და სხვა. (ასევე, მე-3 მხარისაგან წარმოსადგენი მტკიცებულებების შესახებ ინფორმაცია შეთანხმდეს შემმოწმებელთან);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3040 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 6 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 12 ივნისის №006-162 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელისთვის მოთხოვნა, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტები, მე-3 პირებისგან ახსნა-განმარტება, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა: მიღებული მომსახურების დეტალური აღწერა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე საწარმოს მხრიდან ჩართული დამხმარე მუშებისთვის მინიჭებული ფუნქციების და გაწეული მომსახურების კონკრეტიკა/აღწერა, ახსნა-განმარტება იმის შესახებ, ხორციელდება თუ არა ობიექტზე პირის შესვლა-გამოსვლის აღწერა და არსებობის შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირების/დამხმარე პირების ობიექტზე შესვლის ამსახველი მონაცემები.
გადაანგარიშების ეტაპზე მეწარმის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სამი პირისგან ახსნაგანმარტება, რომლებისთვისაც გაწეული მომსახურების წილი უმნიშვნელოა მეწარმის მიერ გაწეულ მთლიან მომსახურებაში. ხოლო ობიექტზე შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებით გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ობიექტების წარმომადგენლები უარს ეუბნებიან მის გადმოცემაზე. შემოწმებისთვის წარმოდგენილი არასრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 ივნისის №006-162 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელისთვის მოთხოვნა, გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა მხოლოდ სამი პირისგან ახსნა-განმარტება, რომლებისთვისაც გაწეული მომსახურების წილი უმნიშვნელოა მეწარმის მიერ გაწეულ მთლიან მომსახურებაში. არასრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემოწმებით არ დაექვემდებარა შემცირებას.
საჩივრის დანართად წარმოდგენილ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ მოცემული დოკუმენტი მათთვის ცნობილი იყო შემოწმების/გადაანგარიშების პროცესშიც და ზეგავლენას არ ახდენს დარიცხულ თანხებზე და არ წარმოადგენს კორექტირების საფუძველს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №006-576 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) მიერ 2024 წლის 27 დეკემბრის №006-576 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 24 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3040 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2025 წლის 15 ივლისის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №006-576 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №006-576 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
2. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 ივნისის №006-162 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიღებული შემოსავლის 80%-ის დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე, შეცდომაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარემონტო სამუშაოების შესრულება. საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ მომჩივანის მიერ 2024 წლის 27 დეკემბრის №006-576 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 24 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3040 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივანის 2025 წლის 15 ივლისის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №006-576 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301„ზ“.