გადაწყვეტილება №18432/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18432/2/2022
17.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 17.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „--------“-ის 12.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18432/2/2022).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.04.2022 წლის გადაწყვეტილების (№15112/2/2021) აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №054-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 843 902 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 416 943
ჯარიმა - 208 472
საურავი - 218 487
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს შავი ლითონის ჯართის შეძენა-რეალიზაციას.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.06.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში, შავი ლითონის ჯართის შეძენარეალიზაციის ოპერაციები უფიქსირდება 2018 წელში - 5 თვე. რეალიზებული ჯართის ღირებულება დოკუმენტით შეადგენს 6 100 000 ლარს, რაც შეეხება შეძენას, ჯართის ნაწილი შეძენილი აქვს სასაქონლო ზედნადებებით, ნაწილი კი შესყიდვის აქტებით.
ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ინფორმაცია საბუღალტრო აღრიცხვისა და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების სახით. შემოწმებით გაირკვა, რომ კომპანიას უნდა გააჩნდეს ფულის ნაშთი: 1.02.2018 წელს – 778 138 ლარი, 1.03.2018 წელს - 785 728 ლარი, 1.04.2018 წელს – 1 553 735 ლარი და 1.05.2018 წელს – 1 610 453 ლარის ოდენობით. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, სალაროში ფულის რეალურ ნაშთსა და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა საანგარიშო პერიოდში დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2021 წლის №22478 ბრძანება და №054-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.11.2021 წლის №34932 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, კერძოდ, დაადგინოს ფიზიკური პირებისგან შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ჯართის) ღირებულება, განახორციელოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავება და აღნიშნულის გათვალისწინებით, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.11.2021 წლის №34932 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. რომლის 1.04.2022 წლის გადაწყვეტილებით (№15112/2/2021) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სხვა ხარჯების (ტრანსპორტირების და იჯარის ხარჯების) გაწევის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 1.04.2022 წლის გადაწყვეტილების (№15112/2/2021) აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2022 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.10.2022 წლის №26456 ბრძანება და 19.10.2022 წლის №054-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 12.12.2022 წლის №„--------“ წერილით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი (რეგ. 7.12.2022 წელი №222320/21), საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 მუხლის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებისას აუდიტის დეპარტამენტს უნდა მოეხდინა სხვა ხარჯების შესწავლის მიზნით მესამე პირებისგან (საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლი) ინფორმაციების გამოთხოვა და მისი გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება, ამ გზით მოხდებოდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ობიექტის დაზუსტება.
შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიას სატრანსპორტო მომსახურებას უწევდა გარკვეული პირები, რომლებიც მითითებულია სასაქონლო ზედნადებებში (შეძენილი ჯართის მთლიანი რეალიზაცია აღრიცხულია ელექტრონულად და იგი ატვირთულია ბაზაში (rs.ge), შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება და ამ გზით გარკვეული სატრანსპორტო ხარჯების დადგენა, რომ არსებობდა თუ არა ასეთი თანხების ხარჯებიდან ამოღების ფაქტობრივი და/ან სამართლებრივი საფუძვლები. ასევე მნიშვნელოვანია ფართის იჯარის, სხვადასხვა მომსახურების ან/და სხვა თანხები, რომლებიც ასევე შემოსავლების მიღებასთან (გადამხდელის საქმიანობასთან) დაკავშირებული ხარჯებია და ასეთი თანხებით უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. აღნიშნულთან დაკავშირებით სადავო/გასაჩივრებულ აქტებში არაფერია ნათქვამი.
იმ პირობებში, როდესაც ძირითადში დაცულია საქონლის შეძენის/რეალიზაციის წესი, არ არის საქონლის აღურიცხაობის შემთხვევები, არ არის სასაქონლო ზედნადებების გამოწერის გარეშე საქონლის შეძენის/შენახვის/ტრანსპორტირების შემთხვევები, არსებითად დაცულია ხარჯების, ერთობლივი შემოსავლების აღრიცხვის სიზუსტე, ადგილი არ აქვს საგადასახადო სამართალდარღვევებს, თვლის, რომ ჯართის შეძენის გარდა სხვა (მათ შორის ჯართის ტრანსპორტირების) ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით მომსახურების მიმწოდებელი პირების მიერ საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ თითქოს გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული სხვა (მათ შორის ჯართის ტრანსპორტირების) ხარჯების გაწევას ადგილი არ ქონია.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის, რომ შესამოწმებელ პერიოდში ჯართის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელზე გაწეულ იქნა სატრანსპორტო მომსახურება და ეს ინფორმაცია, როგორც აღინიშნა დაფიქსირებულია სასაქონლო ზედნადებებში და დევს rs-ზე. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა პასუხისმგებელი/ხელმძღვანელი პირების ხელმოწერილი განცხადებები თანდართულ რეესტრებთან ერთად წერილობითი ფორმით, თუ რომელი გადამხდელის (მეწარმე სუბიექტის) მიერ იქნა გაწეული ჯართის გადაზიდვასთან დაკავშირებული სატრანსპორტო მომსახურება და რამდენს შეადგენდა მომსახურების თანხები. განსახილველ შემთხვევაში, შემმოწმებლის მიერ არ მომხდარა ინფორმაციის გადამოწმება. შემმოწმებელი თვლის, რომ მომსახურების მომწოდებელი პირების მიერ მომსახურების მოწოდებასთან დაკავშირებით თავის დროზე დოკუმენტის არ შედგენის გამო, არ უნდა მოხდეს ასეთი ხარჯების გათვალისწინება, რაც არასწორია. აშკარაა, რომ ჯართის ტრანსპორტირების ხარჯები უშუალოდ და პირდაპირ დაკავშირებულია გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან და ეს (სატრანსპორტო მომსახურების შესახებ) ინფორმაცია მითითებულია ჯართის გადაზიდვის/მიწოდების სასაქონლო ზედნადებში და თუ, თავის დროზე მომსახურების მომწოდებელი პირების მიერ არ/ვერ შედგა შესაბამისი დოკუმენტი, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ხარჯების გათვალისწინება არ უნდა მოხდეს. ეს არის მეწარმე სუბიექტები (ი/მ „--------“ ს/კ „--------“(სატრანსპორტო მომსახურების ხარჯი შედგენს 91 150 ლარს), ი/მ „--------“ს/კ „--------“(სატრანსპორტო მომსახურების ხარჯი შეადგენს 59 650 ლარს), შპს „--------“ ს/კ „--------“(სატრანსპორტო მომსახურება შეადგენს 97 500 ლარს), რომლებმაც მოახდინეს ჯართის გადაზიდვა და ამ მომსახურებაში მათზე გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი იქნა მომსახურების თანხები, რასაც არ უარყოფენ და აღიარებენ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელზე ჯართის გადაზიდვასთან დაკავშირებული სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელი ხსენებული მეწარმე სუბიექტები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი შეღავათი და გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდეს გასაჩივრებული აქტებით დაკისრებული სანქციისგან (საურავისგან).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 1.04.2022 წლის გადაწყვეტილებით (№15112/2/2021) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა სხვა ხარჯების (ტრანსპორტირების და იჯარის ხარჯების) გაწევის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2022 წლის დასკვნის მიხედვით ირკვევა შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ტრანსპორტირების ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ შპს-ს და ორი ინდივიდუალური მეწარმის განცხადებები, რომელშიც აღნიშნავენ, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წლის იანვრიდან მაისამდე უწევდნენ ჯართის გადაზიდვის მომსახურებას. მაგრამ, განცხადებებს თან არ ახლავს სალაროს გასავლის ორდერები. გადაანგარიშების ფარგლებში, აღნიშნული გადასახადის გადამხდელები გადამოწმდნენ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ ბაზაში და დადგინდა, რომ საქმიანობა არ უფიქსირდებათ, არ უფიქსირდებათ წარდგენილი დეკლარაციები,არ აქვთ გამოწერილი სატრანსპორტო მომსახურებაზე რაიმე სახის დოკუმენტი, რითაც დადასტურდებოდა სატრანსპორტო ხარჯის გაწევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი განცხადებები გათვალისწინებულ არ იქნა და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი
მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა მოეხდინა სხვა ხარჯების შესწავლის მიზნით მესამე პირებისგან ინფორმაციების გამოთხოვა და მისი გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება, სატრანსპორტო მომსახურებას უწევდა გარკვეული პირები, რომლებიც მითითებულია სასაქონლო ზედნადებებში (შეძენილი ჯართის მთლიანი რეალიზაცია აღრიცხულია ელექტრონულად და ატვირთულია ბაზაში (rs-ge), შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება და ამ გზით გარკვეული სატრანსპორტო ხარჯების დადგენა, წარდგენილი იქნა პასუხისმგებელი/ხელმძღვანელი პირების ხელმოწერილი განცხადებები თანდართულ რეესტრებთან ერთად წერილობითი ფორმით, მაგრამ შემმოწმებლის მიერ არ მომხდარა ინფორმაციის გადამოწმება. ინფორმაცია მითითებულია ჯართის გადაზიდვის/მიწოდების სასაქონლო ზედნადებში და თუ თავის დროზე მომსახურების მომწოდებელი პირების მიერ არ/ვერ შედგა შესაბამისი დოკუმენტი, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ხარჯების გათვალისწინება არ უნდა მოხდეს. თვლის, რომ ჯართის შეძენის გარდა სხვა (მათ შორის ჯართის ტრანსპორტირების) ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით მომსახურების მიმწოდებელი პირების მიერ საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ თითქოს გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული სხვა (მათ შორის ჯართის ტრანსპორტირების) ხარჯების გაწევას ადგილი არ ქონია.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საბჭომ გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხარჯის დოკუმენტების გათვალისწინებით მოეხდინა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება. მოცემულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ ჯართის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები არ იყო გათვალისწინებული გამოქვითვებში და ამ გზით საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ობიექტი უნდა შემცირებულიყო. ამ შემთხვევაში, 11000 ტონა ჯართის ტრანსპორტირებაზეა საუბარი. აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინეს სამი მეწარმე სუბიექტის ინფორმაციები, იმ მანქანების ჩამონათვალი, რომელიც ემსახურებოდა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს, გაწეული ხარჯები. გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები ჯამურად შეადგენს დაახლოებით 270 000 ლარს. შემმოწმებელი კი ეუბნებათ, რომ აღნიშნული პირები არ ახდენდნენ შემოსავლების დეკლარირებას, არ აქვთ მომსახურების გაწევის დოკუმენტები გაწერილი და ამ საფუძვლით, მათი გაზიარება არ მოხდაო. პირები, რომლებმაც მომსახურება გაწიეს, ერთი შპს და 2 ინდივიდუალური მეწარმეა, ისინი ახდენდნენ გადაზიდვის ორგანიზებას, ღებულობდნენ თანხას, მოყავდათ ტრანსპორტი და პასუხს აგებდნენ გადაზიდვაზე. რეალურად ოპერაცია შედგა, გადასახადის გადამხდელმა თანხა გადაიხადა, ხოლო ტრანსპორტი რომ მონაწილეობას იღებდა, ჩანს სასაქონლო ზედნადებებში და მასშივე მითითებულია პასუხისმგებელი პირები. თვლის, რომ ხარჯები რომელიც გაწია მომჩივანმა გაწია ტრანსპორტირებაზე, აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება გამოქვითვას და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ობიექტი უნდა შემცირდეს. მეორე მხარე მეწარმე სუბიექტები იყვნენ და მათი დაბეგვრის ვალდებულება მომჩივანს არ გააჩნდა, ის რომ მათ არ შეასრულეს საგადასახადო ვალდებულება არ უნდა გახდეს გადასახადის გადამხდელზე დარიცხვის ბერკეტი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი იქნა სამი სუბიექტის განცხადება, რომლები ადასტურებენ გადაზიდვას. ერთს, რომელიც შპს წარმოადგენს, გადაამოწმეს ინფორმაციები და მას არანაირი საქმიანობა არ უფიქსირდება, დეკლარაციები არ აქვს წარდგენილი, არც რაიმე დოკუმენტის გამოწერა და არც საწვავის შეძენა არ უფიქსირდება, არ უფიქსირდება დაქირავებული პირები და არც საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები აქვს წარდგენილი. რაც შეეხება 2 ინდივიდუალურ მეწარმეს, ზუსტად იგივე მდგომარეობაა, მხოლოდ ერთს 2021 წელს უფიქსირდება სან-ტექნიკის საშუალებების შეძენა. ამასთან, არცერთს სატრანსპორტო საშუალებები ქონების გადასახადის დეკლარაციაში არ უფიქსირდებათ, ანუ სატრანსპორტო საშუალებების არსებობა არ დასტურდება, საწვავის შეძენა და რაიმე სატრანსპორტო გადაზიდვა არ დგინდება, ამდენად არ იქნა წარმოდგენილი განცხადებები გათვალისწინებული.
საბჭო ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საბჭოს 1.04.2022 წლის №15112/2/2021 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა სხვა ხარჯების (ტრანსპორტირების და იჯარის ხარჯების) გაწევის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მაგრამ როგორც ირკვევა, მომჩივანს არ წარუდგენია ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება ისეთი სახით, რაც აღნიშნულს დაადასტურებდა, ხოლო მხოლოდ პირის მიერ წარდგენილი განცხადებით დაფიქსირებული გარემოება, რომ მან მომსახურება გაუწია გადასახადის გადამხდელს და არ უარყოფს რომ მომჩივნისგან მიღებული აქვთ მომსახურების თანხები, ვერ გახდებოდა გადაანგარიშების საფუძველი.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 1.04.2022 წლის №15112/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე, ხოლო, ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულება, რაც შესაძლებელია გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო. ამდენად, მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ოქტომბრის №054-12 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციებისგან გათავისუფლებას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის პირველი აპრილის №15112/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.