გადაწყვეტილება №20067/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20067/2/2023
15 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 26.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20067/2/2023).
დავის საგანი:
შემოწმებულ პერიოდზე წარდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2022 წლის №21326 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 ივნისის №12376 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 20.08.2019 წლის №29128 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 9.08.2018 წლიდან 1.08.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 14.07.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე 2018-2019 წლების შესაბამის საანგარიშო პერიოდზე გადამხდელს დაერიცხა საქონლის იმპორტთან დაკავშირებული დღგ ჯამში 74 195 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელმა 23.03.2022 წელს მატერიალური ფორმით წარადგინა 2019 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციები, ასევე დარიცხული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. წარდგენილი დეკლარაციებით დაზუსტებული იყო საგადასახადო ვალდებულებები იმ პერიოდებზე და თემაზე, რომელზეც ჩატარდა საგადასახადო შემოწმება, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვა არ შეცვლილა განმხილველი ორგანოების გადაწყვეტილებებით. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ასევე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დებულებების გათვალისწინებით, აღნიშნული დეკლარაციები გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ აისახა, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2022 წლის №21326 ბრძანება.
აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2022 წლის №21326 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.10.2022 წლის №25844 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 24.11.2022 წლის №18059/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება გაუქმდა და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 5.06.2023 წლის №12376 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე. გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ, საქონლის იმპორტის ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული 72-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 20 აგვისტოს №29128 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ბრძანებით შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 9 აგვისტოდან 2019 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები.
შპს „---ს“ (ს/ნ ---) საგადასახადო შემოწმების აქტი შედგა 2020 წლის 14 ივლისს, რომლის საფუძველზეც 2018-2019 წლების შესაბამის საანგარიშო პერიოდზე შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა საქონლის იმპორტთან დაკავშირებული დღგ ჯამში 74 195 ლარის ოდენობით. გადამხდელის მიერ 2022 წლის 23 მარტს მატერიალური ფორმით წარმოდგენილია 2019 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციები, ასევე წარმოდგენილია ბიუჯეტის სასარგებლოდ განხორციელებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (250 000 ლარი, გადახდის თარიღი 11.06.2020წ., 100 000 ლარი, გადახდის თარიღი 30.09.2021წ., 75 844 ლარი, გადახდის თარიღი 14.04.2022წ). ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში თარიღდება 2020 წლის ივლისით და მის საფუძველზე დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც თარიღდება, შესაბამისად, 2020 წლის ივნისით, 2021 წლის სექტემბრით და 2022 წლის აპრილით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2019 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარი მართლზომიერია, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
იმპორტის სასაქონლო ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის ჩათვლის მოთხოვნა წარდგენილ იქნა შემოსავლების სამსახურში საგადასახადო დავის ფარგლებში. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 იანვრის N193 ბრძანებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს 2021 წლამდე მოქმედი სსკ-ის 173-ე მუხლზე და საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით დარიცხული იმპორტის დღგ-ს ჩათვლის მიღებაზე კომპანიას უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დღგ-ის ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სახელმწიფოსთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით, იმპორტის სასაქონლო ოპერაციებზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული იმპორტის დღგ-ისა და აქციზის გადასახადის გადახდა კომპანიის მიერ განხორციელებულია ბიუჯეტში. კერძოდ, 2020 წლის 16 ივნისს ხაზინაში ჩარიცხული იქნა 250 000 ლარი. აღნიშნული თანხის ბიუჯეტში გადახდის ფაქტი დადასტურებულია შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2021 წლის 24 ივნისის N21-11/80293 წერილით. ასევე, ზიანის დარჩენილი თანხის, 100 000 ლარის ანაზღაურება განხორციელებულია 2021 წლის 30 სექტემბერს. ამასთან, კომპანიის მიერ ზიანის დარჩენილი ნაწილი, 75 844 ლარი, კომპანიის მიერ 2022 წლის 14 აპრილს გადახდილი იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში და შესაბამისად კომპანიის მიერ იმპორტის სასაქონლო ოპერაციაზე დაკისრებული ზიანი (დღგ და აქციზი) სრულად ანაზღაურებულია ბიუჯეტის წინაშე.
შესაბამისად, ვინაიდან სახეზეა 2021 წლამდე მოქმედი სსკ-ის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჩათვლის უფლების საფუძველი, კერძოდ, არსებობს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის კომპანიის მიერ ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კომპანიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული იმპორტის დღგ-ს ჩათვლის თაობაზე და შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა, 2019 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის დღგ-ს დაზუსტებული დეკლარაციები.
კომპანიის სახელმწიფოსთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით, იმპორტის სასაქონლო ოპერაციებზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული იმპორტის დღგ-სა და აქციზის გადასახადების გადახდა კომპანიის მიერ განხორციელებულია ბიუჯეტში. აღნიშნული თანხების გადახდა და დადასტურება განხორციელებულია კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით და შესაბამისად, ყოვლად უსაფუძვლოა ერთის მხრივ სახელმწიფოს მიერ ხორციელდებოდეს კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ბიუჯეტში ასახვის ვალდებულება, ხოლო მეორეს მხრივ შემოსავლების სამსახური უგულებელყოფდეს ფაქტს და კომპანიას უწესებდეს შეზღუდვას მის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების ჩათვლასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, კატეგორიულად არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 ივნისის N12376 ბრძანებას, რომლითაც კომპანიას უარი ეთქვა დაზუსტებული დეკლარაციების ბარათზე ასახვაზე. ზემოაღნიშნულ ბრძანებაში მითითებულია შემდეგი:
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში თარიღდება 2020 წლის ივლისით და მის საფუძველზე დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც თარიღდება, შესაბამისად, 2020 წლის ივნისით, 2021 წლის სექტემბრით და 2022 წლის აპრილით.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 ივნისის N12376 ბრძანებით კომპანიას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, თუმცა კვლავ გაურკვეველია უარის თქმის საფუძველი. ბრძანებაში გაკეთებულია მითითება გარემოებაზე, რომ კომპანიის მიმართ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება გამოცემულია 2020 წლის ივლისში, ხოლო თანხები გადახდილია 2020 წლის ივნისში, 2021 წლის სექტემბერში და 2022 წლის აპრილში, თუმცა აღნიშნული რა გავლენას ახდენს ჩასათვლელი თანხის პერიოდის განსაზღვრაზე მომჩივნისთვის კვლავ უცნობია.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დგინდება კომპანიისთვის სადავო დეკლარაციების ბარათზე აუსახველობის და მისაღები ჩათვლების შეზღუდვის საფუძველი, ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ორგანოს მიდგომა ჩასათვლელი თანხების პერიოდის განსაზღვრის თაობაზე, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დგინდება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ითხოვს მის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის დღგ-ს დაზუსტებული დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას და დავის განხილვას უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლების მეშვეობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით.
აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.
საბჭო მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტებია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული 72-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ჩათვლის მისაღებად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა პირმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე უნდა გაიანგარიშოს დღგ-ის ჩასათვლელი თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად და ასახოს საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტზე.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას − დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვისას, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია დარიცხული დღგ-ის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) არსებობს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დღგის დარიცხვის შესახებ;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია დღგ-ის თანხა;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხა ბიუჯეტში გადახდილია სრულად ან არასრულად გადახდის შემთხვევაში – საგადახდო დავალებაში მითითებულია დღგ საქონლის იმპორტთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლების შესაბამის საანგარიშო პერიოდზე შემოწმებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საქონლის იმპორტთან დაკავშირებული დღგ ჯამში 74 195 ლარის ოდენობით.
ამასთან, მომჩივანს წარმოდგენილი აქვს დარიცხული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ დასტურდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის მომჩივნის მიერ ბიუჯეტში გადახდის ფაქტი, აღნიშნული წარმოადგენს დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველს.
ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 05 ივნისის №12376 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
შემოწმებულ პერიოდზე წარდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2022 წლის №21326 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.10.2022 წლის №25844 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 24.11.2022 წლის №18059/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება გაუქმდა და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 5.06.2023 წლის №12376 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 69 (3).
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:173; 174; 175; 176.