გადაწყვეტილება №22555/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.06.2024
№ დოკუმენტი 22555/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22555/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --------ი (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 13.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22555/2/2024).

 

დავის საგანი:

1. კომპანიის მიერ გამოწერილ რამდენიმე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული დღგ-ის თანხით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;

2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის (საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხული და ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების) დაბეგვრა დღგ-ით და მოგების გადასახადით;

3. შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი სახელფასო განაცემების დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №043-18 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.02.2024 წლის №3678 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 172 525.04 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 83 987

დღგ - 2 061

მოგების გადასახადი - 9 736

საშემოსავლო გადასახადი - 72 190

ჯარიმა - 45 964

საურავი - 42 574,04

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა რძის გადამუშავება, რძის პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილისა და დადგენილების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №19074 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 29.12.2023 წლის №33931 ბრძანება და ამავე თარიღის №043-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 27.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.02.2024 წლის №3678 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. კომპანიის მიერ გამოწერილ რამდენიმე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული დღგ-ის თანხით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმო ახორციელებს როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ისე ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ მიწოდებებს. განხორციელებული მიწოდებები უმეტესად ხორციელდება დოკუმენტურად - სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერით, რაც აისახება ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამაში, სადაც ასევე ინდივიდუალურად აღირიცხება მოთხოვნები დებიტორების მიმართ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებთან შედარებისას გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი რამდენიმე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-------, ეა-------, ეა-------, ეა-------,), რომელიც არ არის ასახული საბუღალტრო პროგრამაში და შესაბამისად, დეკლარირებულ ბრუნვებში. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 158-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს მიერ განხორციელებული მიწოდებები უმეტესად განხორციელებულია დოკუმენტურად - სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერით, რომელიც აისახება ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამაში. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი რამდენიმე საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ეა-------, ეა-------, ეა-------, ეა-------,) არ არის ასახული საბუღალტრო პროგრამაში და შესაბამისად, დეკლარირებულ ბრუნვებში.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, შეცდომით გამოწერილ ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2022 წლის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის გაუქმებული, ასევე აღნიშნულის შესახებ არ იყო ცნობილი არც შემოწმების პროცესში. ამასთან, აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (ეა-------,) გააჩნია „დადასტურებულის“ სტატუსი და ის ჩათვლილია მიმღები მხარის მიერ.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლის მიერ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში გათვალისწინებულია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეა-------, ეა-------, ეა-------,რომელთა სტატუსი საგადასახადო შემოწმების მსვლელობისას იყო „გადაგზავნილი“. ვინაიდან ზემოაღნიშნული ფაქტურები შეცდომით იყო გამოწერილი, დღეის მდგომარეობით ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები წაშლილია. გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებ-გვერდზე არსებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების სტატუსი „გადაგზავნილი“, რომელიც არ არის დადასტურებული მეორე მხარის მიერ, დღგ-ის ბრუნვის გაზრდის საფუძველი არ არის. საგადასახადო შემმოწმებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ვალდებული იყო სრულყოფილად შეესწავლა ფაქტობრივი გარემოება, (მაგალითად მოეთხოვა შედარების აქტი მეორე მხარისგან). შემმოწმებელს დღგ-ის ბრუნვის გაზრდის სხვა არანაირი საფუძველი ჰქონია. გადასახადის გადამხდელის ელექტრონული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში შემოსავალი დაფიქსირებულია სრულად და დროულად, ამასთან ზემოაღნიშნული ელექტრონულ ანგარიშფაქტურებზე არ ყოფილა მიბმული სასაქონლო ზედნადებები, შესაბამისად მხოლოდ ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე პროდუქციის ჩაბარება მყიდველთან არ მომხდარა.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე, 62-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამცირებელია შემოწმების შედეგად განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დარიცხული გადასახადი და სანქცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საფ-ის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი პოზიცია არ იქნა მოსმენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, ვინაიდან ზემოაღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები შეცდომით იყო გამოწერილი და დღეის მდგომარეობით გაუქმებულია/წაშლილია. შეუძლია წარმოადგინოს მხარეებს შორის გაფორმებული შედარების აქტი, რომლითაც დადასტურდება რომ ბუღალტრულად რაც იყო გატარებული ის შეესაბამება რეალიზაციას და არა დამატებით „გადაგზავნილი“ სტატუსის მქონე ანგარიშ-ფაქტურებით.

აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის №------21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, მიწოდებები უმეტესად ხორციელდება დოკუმენტურად - სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერით, რაც აისახება ელექტრონული საბუღალტრო პროგრამაში, სადაც ასევე ინდივიდუალურად აღირიცხება მოთხოვნები დებიტორების მიმართ. ერთიანი ელექტრონული ბაზის შედარებისას საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებთან გამოვლინდა გადამხდელის მიერ გამოწერილი რამდენიმე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა: ეა-------, ეა-------, ეა-------, და ეა-------, რომლებიც არ იყო ასახული საბუღალტრო პროგრამაში და არც დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვებში. 2022 წლის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურები არ არის გაუქმებული და ამის შესახებ არც საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას განუცხადებია. ამასთან, ერთ-ერთ ანგარიშ-ფაქტურას (ეა-------,) გააჩნია „დადასტურებულის“ სტატუსი და ის ჩათვლილია მიმღები მხარის მიერ. რაც შეეხება, მომჩივნის მითითებას, რომ ამჟამად გაუქმებულია/წაშლილია ხსენებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები აღნიშნულზე ინფორმაციას არ ფლობს.

საბჭო მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივნის განმარტებით ზემოაღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები შეცდომით იყო გამოწერილი და დღეის მდგომარეობით გაუქმებულია/წაშლილია, ასევე შეუძლია წარადგინოს მხარეებს შორის გაფორმებული შედარების აქტი, მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს აუდიტის დეპარტამენტს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნულის შესწავლის შედეგად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის (საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხული და ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების) დაბეგვრა დღგ-ით და მოგების გადასახადით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბუღალტრო პროგრამაში აღირიცხებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (პროდუქციის) ჩამოწერა მათი კომპენსაციის გარეშე მიწოდების/დანაკლისის გამოვლენის მოტივით. საწარმოს მიერ წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებთან შედარების შედეგად გამოვლინდა, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდების მიხედვით აღნიშნული გატარებები ასახული არ არის მოგების გადასახადის დეკლარაციებში და შესაბამისად, არ არის დაბეგრილი საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მიხედვით. ასევე, მხოლოდ ნაწილობრივ არის დაბეგრილი დღგ-ით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 983 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბუღალტრო პროგრამაში აღირიცხებოდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების (პროდუქციის) ჩამოწერა მათი კომპენსაციის გარეშე მიწოდების/დანაკლისის გამოვლენის მოტივით. საწარმოს მიერ წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებთან შედარების შედეგად გამოვლინდა, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდების მიხედვით აღნიშნული გატარებები ასახული არ არის მოგების გადასახადის დეკლარაციებში და შესაბამისად, არ არის დაბეგრილი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, მხოლოდ ნაწილობრივ არის დაბეგრილი დღგით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საწარმოს შიდა ინვენტარიზაციის საფუძველზე გამოვლენილი სმფ-ის დანაკლისის მოგებისა და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში ასახვასა და კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგვრასთან, დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ შიდა ინვენტარიზაციის საფუძველზე გამოვლენილი და საბუღალტრო პროგრამაში ასახული სმფ-ების დანაკლისი 2020 წლის საანგარიშო პერიოდებში საერთოდ არ იყო დაბეგრილი მოგების გადასახადით (აღნიშნულ თვეებში მოგების გადასახადის დეკლარაციები ნულოვანია) და მხოლოდ ნაწილობრივ იყო დაბეგრილი დღგ-ით.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ რადგან გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წლის საანგარიშო პერიოდებში ბუღალტერიაში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისები საერთოდ არ იყო დაბეგრილი მოგების გადასახადით და მხოლოდ ნაწილობრივ იყო დაბეგრილი დღგ-ით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-ისა და მოგების გადასახადში განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს შიდა ინვენტარიზაციის საფუძველზე გამოვლენილი სმფ-ის დანაკლისები ასახულია როგორც მოგების, ასევე დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, რაც საგადასახადო შემოწმების დროს წარდგენილი საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ჩანაწერებით დასტურდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება, გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება).

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე, 62-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, ხოლო 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ შიდა ინვენტარიზაციით ხდებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთის დათვლა და შემდგომ ბუღალტრულ მონაცემებთან შედარება, გამოვლენილი დანაკლისი კი აისახებოდა მოგების გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციებში. შემოწმების პროცესში ვერ მიაწოდეს ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებს და ითხოვა ამ ნაწილში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება, გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის №-------21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, დასტურდება, რომ 2021 წლიდან მოყოლებული შიდა ინვენტარიზაციის საფუძველზე გამოვლენილი და საბუღალტრო პროგრამაში ასახული სმფ-ების დანაკლისები დაბეგრილი იყო საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. მაგრამ 2020 წლის საანგარიშო პერიოდებში მსგავსი გატარებებით ბუღალტერიაში აღრიცხული სმფ-ების დანაკლისები საერთოდ არ იყო დაბეგრილი მოგების გადასახადით (აღნიშნულ თვეებში მოგების გადასახადის დეკლარაციები ნულოვანია) და მხოლოდ ნაწილობრივ იყო დაბეგრილი დღგ-ით.

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი სახელფასო განაცემების დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის შემოწმება დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დადგენილების საფუძველზე. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ გაგზავნილია ამოღებული დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმი და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საწარმოდან ამოღებული დოკუმენტაცია, მათ შორის, საწარმოს სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული სალაროს „შავი ჩანაწერები“. მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ სალაროს ჩანაწერებში აღრიცხული სამეურნეო ოპერაციების ნაწილი ასახულია გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების პროცესში წარდგენილ ელექტრონულ ბუღალტრულ ჩანაწერებში (მათ შორის: სალაროდან თანხის საბანკო ანგარიშზე შეტანის და საქონლის რეალიზაციის ოპერაციები). ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სალაროდან გაცემული სახელფასო განაცემები (აღნიშნული ჩანაწერებით იდენტიფიცირებულია შემოსავლების მიმღები ფიზიკური პირი და ახლავს შესაბამისი ხელმოწერა. საწარმოს დეკლარირებული მონაცემების მიხედვით ნაწილი ფიზიკური პირები წარმოადგენდნენ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დაქირავებულ პირებს), რომელიც არ იყო აღრიცხული საწარმოს ელექტრონულ ბუღალტერიაში და ასევე არ არის დაბეგრილი გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციების მიხედვით.

აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე მოქმედი საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ გადმოგზავნილი შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საწარმოდან ამოღებული დოკუმენტაციის, მათ შორის, საწარმოს სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული სალაროს ე.წ. „შავი ჩანაწერების“ შესწავლით დადგინდა, რომ სალაროს ჩანაწერებში აღრიცხული სამეურნეო ოპერაციების ნაწილი ასახულია საგადასახადო შემოწმების პროცესში წარდგენილ ელექტრონულ ბუღალტრულ ჩანაწერებში. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სალაროდან გაცემული სახელფასო განაცემები რომლებიც არ იყო აღრიცხული საწარმოს ელექტრონულ ბუღალტერიაში და ასევე, არ არის დაბეგრილი გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდის წყაროსთან.

იმის გათვალისწინებით, რომ ე.წ. „შავი ჩანაწერების“ შესწავლის შედეგად გამოვლინდა სალაროდან გაცემული სახელფასო განაცემები, რომლებიც გაცემულია საწარმოს დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე, არ იყო აღრიცხული საწარმოს ელექტრონულ ბუღალტერიაში და დაბეგრილი გადახდის წყაროსთან, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების პროცესში თხოვნის მიუხედავად, ე.წ „შავ ჩანაწერებში“ არსებულ მონაცემთა ელექტრონულ ცხრილებში სისტემატიზაციის სიზუსტის გადამოწმების საშუალება არ მიეცა. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება).

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე, 62-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ არ ჰქონდა შესაძლებლობა შეედარებინა რა სახის ჩანაწერებს დაეყრდნენ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ითხოვს ამ ნაწილში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება, გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების გადაანგარიშება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის №--------21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოწმება დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დადგენილების საფუძველზე. საგამოძიებო სამსახურის მიერ გაგზავნილ იქნა ამოღებული დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმი და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საწარმოდან ამოღებული დოკუმენტაცია, მათ შორის საწარმოს სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული სალაროს „შავი ჩანაწერები“. მათი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სალაროს ჩანაწერებში აღრიცხული სამეურნეო ოპერაციების ნაწილი ასახულია გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების პროცესში წარდგენილ ელექტრონულ ბუღალტრულ ჩანაწერებში (მათ შორის: სალაროდან თანხის საბანკო ანგარიშზე შეტანის და საქონლის რეალიზაციის ოპერაციები). ამასთან გამოვლინდა სალაროდან გაცემული ისეთი სახელფასო განაცემები, რომლებიც არ იყო აღრიცხული საწარმოს ელექტრონულ ბუღალტერიაში და ასევე არ იყო დაბეგრილი გადამხდელის მიერ წარდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციების მიხედვით. ამასთან, აღნიშნული ჩანაწერებით ხდება შემოსავლის მიმღები ფიზიკური პირების იდენტიფიცირება (მათი უმეტესობა გადამხდელისვე დეკლარირებული მონაცემების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დაქირავებული პირებია) და განაცემები დასტურდება შესაბამისი ხელმოწერებით. აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე მოქმედი საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა, როგორც გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.02.2024 წლის №3678 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. კომპანიის მიერ გამოწერილ რამდენიმე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული დღგ-ის თანხით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;

2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის (საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხული და ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების) დაბეგვრა დღგ-ით და მოგების გადასახადით;

3. შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილი სახელფასო განაცემების დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილისა და დადგენილების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის №19074 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში. რომლის მიხედვით:

1.საწარმო ახორციელებს როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ისე ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ მიწოდებებს. განხორციელებული მიწოდებები უმეტესად ხორციელდება დოკუმენტურად - სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებთან შედარებისას გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი რამდენიმე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა , რომელიც არ არის ასახული საბუღალტრო პროგრამაში და შესაბამისად, დეკლარირებულ ბრუნვებში. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში აღირიცხებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (პროდუქციის) ჩამოწერა მათი კომპენსაციის გარეშე მიწოდების/დანაკლისის გამოვლენის მოტივით. საწარმოს მიერ წარმოდგენილ საგადასახადო დეკლარაციებთან შედარების შედეგად გამოვლინდა, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდების მიხედვით აღნიშნული გატარებები ასახული არ არის მოგების გადასახადის დეკლარაციებში და შესაბამისად, არ არის დაბეგრილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მიხედვით. ასევე, მხოლოდ ნაწილობრივ არის დაბეგრილი დღგ-ით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3.მოწოდებული დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ სალაროს ჩანაწერებში აღრიცხული სამეურნეო ოპერაციების ნაწილი ასახულია გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილ ელექტრონულ ბუღალტრულ ჩანაწერებში ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სალაროდან გაცემული სახელფასო განაცემები,რომელიც არ იყო აღრიცხული საწარმოს ელექტრონულ ბუღალტერიაში და ასევე არ არის დაბეგრილი გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციების მიხედვით. აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე მოქმედი საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №33931 ბრძანება და №043-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №3678 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან მიმართებით საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს აუდიტის დეპარტამენტს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნულის შესწავლის შედეგად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხოლო,მეორე და მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 983 (2); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“); 163(1,2); 164(1); 180;