ბრძანება N 25965

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.10.2023
№ დოკუმენტი 25965
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25965

19 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2022 წლის 12 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 12 აგვისტოს №73668/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივლისის №006-302 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დირექტორზე უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციის შედეგად მიღებული სარგებლის (საბაზრო ფასი) ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 მარტის №7067 და 27 აპრილის №10675 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 15 ივლისის №18849 ბრძანება და ამავე თარიღის №006-302 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 259 399 ლარი, მათ შორის, გადასახადი 152 391 ლარი, ჯარიმა 63 789 ლარი, საურავი 43 220 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 13 დეკემბრის №31420 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 17 მარტის №18590/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 დეკემბრის №31420 ბრძანება და პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინებით, შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216.8 ლარი) შორის სხვაობის დივიდენდად დაკვალიფიცირების ნაწილში, საჩივარი სამსჯელოდ დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 მარტის №18590/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დღგ-ის ნაწილში დარიცხვის პრინციპს სრულად ეთანხმება და არ არის სადავო, მაგრამ საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მეთოდს და დარიცხვას არ ეთანხმება, რადგან შემოწმების მიერ საბაზრო ფასს, ვირტუალურ თანხას 366 000 ლარს, დღგ-ის გამოქვითვის გარეშე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. საბაზრო ღირებულება 366 000 ლარი გაიყო 80%-ზე, ამავე საბაზრო ფასს დაემატა საშემოსავლო გადასახადის თანხა 91 500 ლარი და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 457 500 ლარით. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებას და საერთოდ საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას არ ეთანხმება. ამასთან, კომპანიას მიუღებელი თანხა 53 200 ლარი ჩაეთვალა მიღებულად, ------------ არაფერი არ აქვს გადახდილი კომპანიაზე, საერთოდ თანხის მოძრაობას ადგილი არ ქონია და გაუგებარია საიდან გაანგარიშდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. პარტნიორთა კრების ოქმიდან ირკვევა, რომ ყველა აქციონერმა ჩამოაყალიბა იურიდიული პირი, რათა თავისი წილი აქციის ღირებულება შეეტანა კაპიტალში. შპს -------- დამფუძნებელი არის ----------. გაყოფის შედეგად ---------- ერგო 96 216 ლარის ღირებულების აქტივი, თვლის, რომ აღნიშნული თანხა საშემოსავლო გადასახადის დაანგარიშებისას შემოსავლიდან უნდა გამოიქვითოს. საბაზრო ფასიდან უნდა ამოღებულიყო დღგ-ის თანხა, შემდეგ აღნიშნულ თანხას უნდა გამოაკლდეს ----------- მიერ გადახდილი აქტივების ღირებულება 96 216 ლარის ოდენობით, რომელიც არის კაპიტალში შენატანი და მიღებული სხვაობა უნდა ჩაითვალოს დივიდენდად. დღგ-ში დარიცხვა და გაანგარიშება სწორია, ამასთან ითხოვს წარდგენილი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით მოხდეს გაანგარიშება და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე, საშემოსავლო გადასახადში დღგ-იანი თანხის ხელფასად ჩათვლასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ქონების ღირებულება დღგ-ის გარეშე არის 310 169 ლარი, ხოლო დღგ-ის ჩათვლით

366 000 ლარი, ვინაიდან ამ ქონების გადაცემას კვალიფიკაცია მიენიჭა უსასყიდლოდ გადაცემა დაქირავებულ პირზე, დირექტორზე, შესაბამისად ეს მიწოდება წარმოადგენდა ხელფასით დასაბეგრ ოპერაციას. ამგვარად, განხორციელებული ოპერაცია უსასყიდლოდ მიწოდებად დაკვალიფიცირდა. შემოსავლების სამსახურში გასაჩივრების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა განაცხადა, რომ აქციის ღირებულება 96 216 ლარი კაპიტალში შენატანს წარმოადგენდა. კერძოდ, წარადგინა დოკუმენტები, რომლითაც დგინდებოდა, რომ წილის დათმობის სანაცლოდ მიიღო ქონება დირექტორმა და ამდენად, ამ შენატანის ღირებულების (96 216 ლარის) გამოკლებით დარჩენილი თანხა დაიბეგრა. შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით დაევალათ უძრავი ქონება იგივე ღირებულებით ჩაითვალოს შპს ----------- კაპიტალში ---------- მიერ განხორციელებულ შენატანად, აღნიშნული შენატანის ოდენობით შემცირდეს დარიცხული საშემოსავლო გადასახადი, სხვა დავალება შემოსავლების სამსახურს არ მიუცია და არც მომჩივანს არ განუცხადებია თანხმობა, დასტური სხვაობის თანხის დივიდენდად ჩათვლაზე.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადაო საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსზე, რომლის მიხედვითაც, ფიზიკური პირის --------- მიერ შპს --------- წილის სანაცვლოდ 96 216.8 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მიღების დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული უძრავი ქონება იგივე ღირებულებით უნდა ჩაითვალოს შპს ---------კაპიტალში ---------- მიერ განხორციელებულ შენატანად.

ამგვარად, აღნიშნულიდან გამომდინარე და მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინებით, შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216.8 ლარი) შორის სხვაობის დივიდენდად დაკვალიფიცირების ნაწილში, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს საჩივარი სამსჯელოდ დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი არ ჰქონდა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. საწარმო საკუთრებაში ფლობდა 266.93 მ 2 არასაცხოვრებელ ფართს (ს/კ ----------) ქალაქ ---------, ---------- რომელიც რეალიზებულ იქნა 2020 წლის 17 დეკემბერს საწარმოს დირექტორზე --------53 200 ლარის ღირებულებით. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის №----------- მიხედვით აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება 2020 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით განისაზღვრა 366 000 ლარით. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის თანხა - 53 200 ლარი სრულად გადახდილია მყიდველის მიერ, თუმცა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში თანხის მიღება არ ფიქსირდება, ამასთან, გადამხდელის ახსნაგანმარტებით, კომპანიას არ გააჩნდა სალაროს ბრუნვა და არ ჰყავდა დებიტორ-კრედიტორები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დგინდება, რომ კომპანიის მიერ დირექტორზე უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციის შედეგად მიღებული სარგებელი შეადგენს ამ ქონების საბაზრო ღირებულებას 366 000 ლარს, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

ამავე კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და მე-5 ნაწილის თანახმად:

2. განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:

გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს.

5. ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას, სარგებლის ღირებულებად ითვლება ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 მარტის №18590/2/2022 გადაწყვეტილებაზე, სადაც მითითებულია, რომ საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საწარმოს მიუღებელი თანხა 53 200 ლარი ჩაეთვალა მიღებულად, ---------- არაფერი არ აქვს გადახდილი საწარმოზე, საერთოდ თანხის მოძრაობას ადგილი არ ქონია და გაუგებარია საიდან გაანგარიშდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. პარტნიორთა კრების ოქმიდან ირკვევა, რომ ყველა აქციონერმა ჩამოაყალიბა იურიდიული პირი, რათა თავისი წილი აქციის ღირებულება შეეტანა კაპიტალში. შპს „---------“ დამფუძნებელი არის -----------. გაყოფის შედეგად ----------- ერგო 96 216 ლარის ღირებულების აქტივი, თვლის, რომ აღნიშნული თანხა საშემოსავლო გადასახადის დაანგარიშებისას შემოსავლიდან უნდა გამოიქვითოს. საბაზრო ფასიდან უნდა ამოღებულიყო დღგ-ის თანხა, შემდეგ აღნიშნულ თანხას უნდა გამოაკლდეს ----------- მიერ გადახდილი აქტივების ღირებულება 96 216 ლარის ოდენობით, რომელიც არის კაპიტალში შენატანი და მიღებული სხვაობა უნდა ჩაითვალოს დივიდენდად.

ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადაო საკითხის ნაწილში შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31420 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსზე, რომლის მიხედვითაც, ფიზიკური პირის --------- მიერ შპს --------- წილის სანაცვლოდ 96 216.8 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მიღების დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული უძრავი ქონება იგივე ღირებულებით ჩაითვალა შპს --------- კაპიტალში ---------- მიერ განხორციელებულ შენატანად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216,8 ლარი) შორის სხვაობა დააკვალიფიციროს დივიდენდად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასსა და წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების ღირებულებას (96 216,8 ლარი) შორის სხვაობა დააკვალიფიციროს დივიდენდად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დირექტორზე უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციის შედეგად მიღებული სარგებლის (საბაზრო ფასი) ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი არ ჰქონდა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. საწარმო საკუთრებაში ფლობდა 266.93 მ 2 არასაცხოვრებელ ფართს, რომელიც რეალიზებულ იქნა 2020 წლის 17 დეკემბერს საწარმოს დირექტორზე. განისაზღვრა აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება.უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის თანხა სრულად გადახდილია მყიდველის მიერ, თუმცა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერში თანხის მიღება არ ფიქსირდება. შემოწმებით დგინდება, რომ კომპანიის მიერ დირექტორზე უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციის შედეგად მიღებული სარგებელი შეადგენს ამ ქონების საბაზრო ღირებულებას რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:18(11);19(1,2გ;5);73(9);101(1);12(1);154(1ა);