ბრძანება N 8472

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.04.2023
№ დოკუმენტი 8472
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8472

19.04.2023

შპს „-----------“ (ს/ნ ------------)

(მის.: ------------------)

2022 წლის 18 აგვისტოსა და 8 სექტემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 მარტის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ -----------) 2022 წლის 18 აგვისტოს №150383/21 და 8 სექტემბრის №163641/21-14 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის №005-107 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს ბალანსზე აღრიცხული ძირითადი საშუალების (ქვის სამსხვრევი დანადგარი) საფუძველზე ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, თუმცა არგუმენტაცია არ აქვს წარმოდგენილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №42043 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 14 იანვრიდან 2021 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 19 ივლისის №19191 ბრძანება და ამავე თარიღის №005–107 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 79 328 ლარი, მათ შორის გადასახადი 48 432 ლარი, ჯარიმა 24 029 ლარი და საურავი 6 867 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. შემოწმებამ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პირველად დოკუმენტებზე (ბანკის ამონაწერები, მიღებული და გამოწერილი ელექტრონული დოკუმენტები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციები) დაყრდნობით, შეისწავლა ნაღდი ფულის მოძრაობა. შედეგად, გამოვლინდა სალაროში არსებული არაგონივრული ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც შემოწმებამ განიხილა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, ხოლო გაცემულ სესხზე გაანგარიშებული სარგებელი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე, 291-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმები.

2. საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით, საწარმოს 2020 წლის საანგარიშო პერიოდში შეძენილი და ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული ჰქონდა ქვის სამსხვრევი დანადგარი, თუმცა საწარმოს აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე არ წარმოუდგენია ქონების გადასახადის დეკლარაცია. შემოწმებით, საწარმოს საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რამაც შეადგინა 102 305 ლარი (საშუალო წლიური ღირებულება). შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე მუხლების საფუძველზე, დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, 102 305 ლარი, დაიბეგრა ქონების გადასახადის 1%-იანი განაკვეთით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 -ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

წარმოდგენილ საჩივრებში მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. განმარტავს, რომ საწარმომ შპს „---------“-სგან შეიძინა 120 000 ლარის ღირებულების ექსკავატორი. გადაცემა განხორციელდა 2021 წლის 7 ოქტომბერს. 2021 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული შედარების აქტით მხარეებს შორის დავალიანება არ ფიქსირდება, თუმცა აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული სალაროს ბრუნვის გაანგარიშებაში. მიუთითებს, რომ ხსენებულ საკითხზე აუდიტის დეპარტამენტმა ახსნა-განმარტება მიიღო --------------გან, რომელიც არ წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს. დამატებით აღნიშნავს, რომ შეძენილი ქონება გადამხდელის მიერ დაბეგრილია ქონების გადასახადით. ასევე, მომჩივანი მიუთითებს, რომ 2021 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გადამხდელმა --------------გან შეიძინა 118 000 ლარის ღირებულების თვითმცლელი. აღნიშნული თანხა საწარმომ გადაუხადა გამყიდველს, რაც ასევე არ იქნა გათვალისწინებული სალაროს ბრუნვის გაანგარიშებაში. აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში დოკუმენტაცია არ ინახებოდა საწარმოს ბუღალტერიაში, ინახებოდა დირექტორთან თბილისში, რომელიც იმ დროისთვის კოვიდით იყო ინფიცირებული. იმის გათვალისწინებით, რომ სალაროს ოპერაცია განხორციელდა 2021 წლის 27 დეკემბრამდე, აცხადებს , რომ აღნიშნული უნდა აისახოს სალაროს ბრუნვაში. დაზუსტებულ საჩივარს დანართად ერთვის შედარების აქტი, ნასყიდობის ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, სალაროს გასავლის ორდერი, შესყიდვის აქტი და რეგისტრაციის მოწმობები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებულ მასალებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ექსკავატორსა და თვითმცლელზე თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები). დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელს შეძენილ თვითმცლელსა და ექსკავატორზე გადახდილი აქვს თანხა, ამ ნაწილში საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით, საწარმოს 2020 წლის საანგარიშო პერიოდში შეძენილი და ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული ჰქონდა ქვის სამსხვრევი დანადგარი, თუმცა საწარმოს აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე არ წარმოუდგენია ქონების გადასახადის დეკლარაცია.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები ქონების გადასახადის ნაწილში განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ექსკავატორსა და თვითმცლელზე თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელს შეძენილ თვითმცლელსა და ექსკავატორზე გადახდილი აქვს თანხა, ამ ნაწილში საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს ბალანსზე აღრიცხული ძირითადი საშუალების (ქვის სამსხვრევი დანადგარი) საფუძველზე ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, თუმცა არგუმენტაცია არ აქვს წარმოდგენილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

1. შემოწმებით გამოვლინდა სალაროში არსებული არაგონივრული ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც შემოწმებამ განიხილა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო გაცემულ სესხზე გაანგარიშებული სარგებელი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე, 291-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმები.

2. საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით, საწარმოს 2020 წლის საანგარიშო პერიოდში შეძენილი და ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული ჰქონდა ქვის სამსხვრევი დანადგარი, თუმცა საწარმოს აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე არ წარმოუდგენია ქონების გადასახადის დეკლარაცია. შემოწმებით, საწარმოს საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, 102 305 ლარი, დაიბეგრა ქონების გადასახადის 1%-იანი განაკვეთით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელს შეძენილ თვითმცლელსა და ექსკავატორზე გადახდილი აქვს თანხა, ამ ნაწილში საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები ქონების გადასახადის ნაწილში განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9), 982(3)"ზ"(8), 101(1)(2)"ბ", 154(1)"ა", 201(1)"ა.ა", 202(1), 205(2).