ბრძანება N 4404
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4404
09.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: --------------------------)
2022 წლის 16 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „-------------“ (ს/ნ ------------) 2022 წლის 16 ნოემბრის №208405/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №083-32 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტორის მიერ საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულია არასწორად და დარიცხული თანხა მითითებულია არასწორად, რის დასტურადაც წარმოდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ცხრილი. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას. ფაქტების აღწერა: საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის №20388 და 26 სექტემბრის №24654 ბრძანებების საფუძველზე შპს „-------------“ (ს/ნ ------------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 4 ნოემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 11 ოქტომბრის №25867 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №083-32 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 19 004 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 12 364 ლარი, ჯარიმა 6 182 ლარი და საურავი 458 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით: შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ რეალიზებულია ჯართი და შესაბამისად, გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები. შემოწმების პროცესში გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა საქმიანობის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გადამხდელს არ მოუწოდებია ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის შესაბამისი შესყიდვის აქტები. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელის მიერ წარდგენილია საშემოსავლო და მოგების გადასახადების ნულოვანი დეკლარაციები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებამ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა სრულად. დოკუმენტურად დაუდასტურებელ შეძენილ საქონელზე ერთობლივ შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვა განხორციელდა №0256 სიტუაციურ სახელმძღვანელოს მიხედვით, 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით. განკარგვადი სხვაობა დაკვალიფიცირებული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20254 ბრძანებით, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა განისაზღვრა და შეადგინა 464 ლარი. ასევე საქონლის შესაძენად დახარჯული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიას განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად და დაერიცხა საშემოსავლი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულია ჯართი და შესაბამისად, გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები. გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის შესაბამისი შესყიდვის აქტები.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერად იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებისას, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა სრულად, დოკუმენტურად დაუდასტურებელ შეძენილ საქონელზე ერთობლივ შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვა განხორციელდა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით. ამასთან, მართლზომიერად განხორციელდა განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა. ასევე, მართლზომიერია, საქონლის შესაძენად დახარჯული თანხის გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, აუდიტორების მიერ განხილული იქნა გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილი გაანგარიშება, რომელიც ეხება 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით, სასმოსავლო გადასახადით 3%-ით დასაბეგრი ბრუნვის გამოთვლას. გადამხდელის მიერ სწორადაა გამოთვლილი 3%-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, გადამხდელს საკუთარ გაანგარიშებაში გამორჩენილი აქვს დამატებით საშემოსავლო გადასახადით დასაბერგი ბაზა, კერძოდ, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მიღებულ შემოსავალსა და 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით განსაზღვრულ ხარჯს შორის სხვაობა, რომელიც ასევე, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.