გადაწყვეტილება №20808/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.02.2024
№ დოკუმენტი 20808/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20808/2/2023

27 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 11.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20808/2/2023).

 

დავის საგანი:

1. შესყიდული სმფ-ების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და აღნიშნული ოპერაციის საქონლის უსასყიდლო მიწოდებად დაკვალიფიცირება;

2. შეძენილი საწვავის არაეკონომიკურ ხარჯად დაკვალიფიცირება, შედეგად მოგების გადასახადით დაბეგვრა და დღგ-ის ჩათვლებში გაუთვალისწინებლობა;

3. დღგ-ის დეკლარაციაში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის პერიოდის ცვლილებით დაკისრებული ჯარიმა;

4. დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა;

5. გაცემული ხელფასის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2022 წლის №047-43 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20655 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 324 631 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 174 085

დღგ - 5 342

მოგების გადასახადი - 92 845

საშემოსავლო გადასახადი - 74 996

ქონების გადასახადი - 902

ჯარიმა - 94 296

საურავი - 56 250

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფოს შესყიდვების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა და შესაბამისად მოგებული ტენდერის ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა ობიექტზე სამშენებლო მომსახურების გაწევა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 12.12.2022 წლის №31310 ბრძანება და №047-43 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20655 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა (გარდა, მე-3 სადავო საკითხისა - დღგ-ის დეკლარაციაში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის პერიოდის ცვლილებით დაკისრებული ჯარიმა, ვინაიდან აღნიშნული საკითხი მომჩივანს შემოსავლების სამსახურში სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს ამ საკითხზე არ უმსჯელია), რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შესყიდული სმფ-ების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და აღნიშნული ოპერაციის საქონლის უსასყიდლო მიწოდებად დაკვალიფიცირება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელი აწარმოებდა სხვადასხვა სამშენებლო ხასიათის მომსახურებას სახელმწიფო შესყიდვებში გამოცხადებულ ობიექტებზე. გადამხდელის სახელზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები, სადაც შესყიდული სმფ-ების ტრანსპორტირების ადგილად მითითებულია ლოკაციები, რომლებიც არ უკავშირდება გადამხდელის სამეურნეო საქმიანობის ლოკაციებს (სამშენებლო ობიექტებს). შესაბამისად, არ დასტურდება მათი გახარჯვა ეკონომიკურ საქმიანობაში. რამდენადაც სახეზეა ხარჯის გაწევა, რომელიც არ გამოიყენება საწარმოს მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში, აღნიშნული ოპერაციები შემოწმების მიერ ჩაითვალა საქონლის უსასყიდლო მიწოდებად, რაც წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 96-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 983 მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს საქმიანობის ფარგლებში შეძენილია სხვადასხვა სამშენებლო მასალა, რომელიც კონკრეტულად იხარჯება მიმდინარე პროექტის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რაზეც ასევე შედგენილია ჩამოწერის აქტები. თითოეულ ობიექტზე დგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი და ხარჯთაღრიცხვა. აქტში აღნიშნული გარემოება თითქოსდა შეძენილი საქონელი მიტანილია სხვა მისამართზე, სადაც გადამხდელს არ გააჩნდა ობიექტი არ შეესაბამება რეალობას. ყველა ზედნადები, რომლითაც განხორციელებულია შეძენა მოიცავს ისეთ საქონელს, რომლის გარეშე გადასახადის გადამხდელი ვერ შეძლებდა კონკრეტული პროექტის შესრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აქტში მოყვანილი ფაქტები მიაჩნია დაუსაბუთებლად, ვინაიდან არ არის დაფიქსირებული თუ, რომელ ზედნადებებს გულისხმობს შემმოწმებელი და ითხოვს არსებული საკითხის დამატებით შესწავლას გადამხდელის მონაწილეობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი აწარმოებდა სხვადასხვა სამშენებლო ხასიათის მომსახურებას სახელმწიფო შესყიდვებში გამოცხადებულ ობიექტებზე. გადასახადის გადამხდელის სახელზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები, სადაც შესყიდული სმფ-ების ტრანსპორტირების ადგილად მითითებულია ლოკაციები, რომლებიც არ უკავშირდება გადამხდელის სამეურნეო საქმიანობის ლოკაციებს (სამშენებლო ობიექტებს). შესაბამისად, არ დასტურდება მათი გახარჯვა ეკონომიკურ საქმიანობაში. რამდენადაც სახეზეა ხარჯის გაწევა, რომელიც არ გამოიყენება საწარმოს მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში, აღნიშნული ოპერაციები შემოწმების მიერ ჩაითვალა საქონლის უსასყიდლო მიწოდებად. მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/ მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები სადავო საკითხის ნაწილში განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. შეძენილი საწვავის არაეკონომიკურ ხარჯად დაკვალიფიცირება, შედეგად მოგების გადასახადით დაბეგვრა და დღგ-ის ჩათვლებში გაუთვალისწინებლობა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს არ აქვს აღრიცხული და წარმოდგენილი შესყიდული საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს კონტრაქტორებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ზოგიერთ შემთხვევაში არ დასტურდება შესყიდული საწვავის გახარჯვა ეკონომიკურ საქმიანობაში. რამდენადაც სახეზეა ხარჯის გაწევა, რომელიც არ გამოიყენება საწარმოს მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში, აღნიშნული ოპერაციები დაიბეგრა მოგების გადასახადით და ასევე, გადამხდელს გაუუქმდა დღგ-ის ჩათვლა. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ საქმიანობის ფარგლებში გადასახადის გადამხდელი ახდენს სპეც. ტექნიკის დაქირავებას მძღოლებით, რომელზეც გააჩნია შესაბამისი დოკუმენტაცია. არსებული სპეც ტექნიკის უზრუნველყოფა საწვავით ხდება გადამხდელის მიერ. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს მოგებული ტენდერის პირობებით ანაზღაურება ეძლევა შესრულების შემდგომ გადამხდელი არსებული საწვავის შესყიდვას ახდენს კონსიგნაციის გზით, და შესაბამისად ყოველი თვის ბოლოს ხდება ჩასხმული საწვავზე სპეც. ფაქტურის მიღება და აღნიშნულის საფუძველზე თანხის გადახდა. შესაბამისად აქტში დაფიქსირებული გარემოება თითქოსდა გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ შეესაბამება რეალობას. კომპანიას გააჩნია მიღება-ჩაბარების აქტები სადაც დაფიქსირებულია თუ რომელმა ტექნიკამ რამდენი დღე იმუშავა და რა საწვავი მოიხმარა, ასევე გააჩნია საწვავის ჩამოწერის აქტები რეისების და სპეც. ტექნიკის მითითებით. იქედან გამომდინარე, რომ შეუძლებელია გადამხდელის საქმიანობა განხორციელდეს შესაბამისი სპეც. ტექნიკის და საწვავის გარე, აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლია დაადასტუროს და შემოწმებას დამატებით მიაწოდოს შესაბამისი მტკიცებულებები. ითხოვს აღნიშნული საკითხი შესწავლილი იქნას დამატებით შემოწმების მიერ მისი ჩართულობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა. 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

შემოწმებისას დადგინდა, რომ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე საწარმოს კონტრაქტორებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ზოგიერთ შემთხვევაში არ დასტურდება შესყიდული საწვავის გახარჯვა ეკონომიკურ საქმიანობაში. რამდენადაც სახეზეა ხარჯის გაწევა, რომელიც არ გამოიყენება საწარმოს მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში, აღნიშნული ოპერაციები დაიბეგრა მოგების გადასახადით და ასევე, გადამხდელს გაუუქმდა დღგ-ის ჩათვლა. მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. დღგ-ის დეკლარაციაში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის პერიოდის ცვლილებით დაკისრებული ჯარიმა

აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის შესახებ გასს-ში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგ შემთხვევაში საწარმოს არასწორად აქვს განსაზღვრული საგადასახდო დეკლარაციაში საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის მომენტი. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

აღნიშნული საკითხი მომჩივანს შემოსავლების სამსახურში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მასზე მსჯელობა არ არის.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ყველა ობიექტის შესრულებისას ხდება მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა და შესაბამისად აღნიშნული აქტის საფუძველზე ხდება ფაქტურის გამოწერა და თანხის ჩარიცხვა დამკვეთის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა ანგარიშ-ფაქტურა დაბეგრილია, რაზედაც შეუძლია მიაწოდოს შემოწმებას გაანგარიშების ცხრილი, სადაც დეტალურადაა გაწერილი თითოეული ტენდერის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის თარიღები შესაბამისი ჩარიცხვით და ფაქტურის ნომრებით. არსებული გაანგარიშების მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელს პირიქით ზედმეტად აქვს დეკლარირებული რიგ თვეებში დღგ-ის ბრუნვა, რაც გამოწვეულია ავანსის ანგარიშ-ფაქტურის არ განაშთვით. შესაბამისად, ითხოვს ამ საკითხის დამატებით შესწავლას შემოწმების მიერ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში. საბჭო ვერ განიხილავს მომჩივნის არგუმენტებს ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მომჩივანს შემოსავლების სამსახურში 11.01.2023 წელს წარდგენილი №77968/1/2023 საჩივრით აღნიშნული საკითხი სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას იმსჯელოს და საჩივარი განიხილოს ამ საკითხზე.

 

4. დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შემცირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა. შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით და შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მოცემულია მე-3 დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შემცირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა. შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ. მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების შესაბამის რაიმე მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. გაცემული ხელფასის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ გაცემული ხელფასი რიგ შემთხვევაში აღემატება დეკლარირებულს. შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივრები განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებელს ხელფასის გაანგარიშების დროს დაშვებული აქვს გარკვეული შეცდომა. კერძოდ, დირექტორზე ---ზე ბანკში დაფიქსირებულია ხელფასის სახით განაცემი, რომელი თანხაც იმავე პერიოდში დირექტორის მიერ გადახდილია ფ.პ.-ზე ხელზე რომლებიც დაქირავებული იყვნენ შპს „---ს“ მიერ კონკრეტულ ობიექტზე და მათი მხრიდან ხდებოდა მომსახურების გაწევა, აღნიშნული თანხა დეკლარირებულია გადასახადის გადამხდელის მიერ და ასევე შემოწმებისათვის მიწოდებულია შესაბამისი გაცემის უწყისები, თუმცა აღნიშნული არაა გათვალისწინებული შემოწმების აქტში. ითხოვს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლას, ამ ნაწილში. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში გამორჩენილია ხელფასის დეკლარირება კონკრეტულ პირებზე, რომელსაც აღიარებს და აღნიშნულ ნაწილში დარიცხვაზე პრეტენზია არ გააჩნია. ითხოვს მიეცეს საშუალება საშემოსავლო გადასახადში განაცემების ნაწილში მიეცეს დამატებით შესწავლის და არგუმენტაციის წარმოდგენის საშუალება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებისას დადგენილია, რომ საწარმოს მიერ გაცემული ხელფასი რიგ შემთხვევაში აღემატება დეკლარირებულს. შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. მომჩივანი ითხოვს ამ სადავო საკითხის დამატებით შესწავლას, თუმცა არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტს/მტკიცებულებას, რაც ამ ნაწილში მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. შესყიდული სმფ-ების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და აღნიშნული ოპერაციის საქონლის უსასყიდლო მიწოდებად დაკვალიფიცირება;

2. შეძენილი საწვავის არაეკონომიკურ ხარჯად დაკვალიფიცირება, შედეგად მოგების გადასახადით დაბეგვრა და დღგ-ის ჩათვლებში გაუთვალისწინებლობა;

3. დღგ-ის დეკლარაციაში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის პერიოდის ცვლილებით დაკისრებული ჯარიმა;

4. დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა;

5. გაცემული ხელფასის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 12.12.2022 წლის №31310 ბრძანება და №047-43 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20655 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 983; 98 2; 174; 175; 302 (2,3); 159; 163; 164; 101; 154.

2021 წლამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 173; 174; 160; 161.