ბრძანება N 209-2

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.01.2021
№ დოკუმენტი 209-2
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 209

18/01/2021

შპს -----

(მის.: ქ. ------- )

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №100) განიხილა შპს ----- ს 04 დეკემბრის №55134/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 09 ნოემბრის №002-310 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების უკუდაბეგვრას, აცხადებს, რომ აღნიშნულ მომსახურებას იღებს არა შპს ----- არამედ ის ფიზიკური პირები, რომელთა გადამზადებაც ხდება. შესაბამისად უკუდაბეგვრის მიზნებისთვის კომპანია არ წარმოადგენს მომსახურების მიმღებს.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 25 თებერვლის № 5305 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 01 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 16 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2020 წლის 09 ნოემბრის №33190 ბრძანება და ამავე თარიღის №002-310 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 27 278 ლარი, მათ შორის: გადასახადი 19 163 ლარი, ჯარიმა 8 115 ლარი, საურავი 0,64 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს, როგორც დღგ-ით დასაბეგრი (18%) სამედიცინო აპარატურის და ნაწილების იმპორტს, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის უფლების გარეშე გათვისუფლებული სამედიცინო აპარატურის იმპორტს და შემდგომ მიწოდებას ადგილობრივ ბაზარზე. შპს ----- ს შესამოწმებელ პერიოდში მომწოდებელი არარეზიდენტი პირი ----- თავისივე მოწოდებულ აპარატურის მონტაჟთან/გამართვასთან დაკავშირებით უწევს საკონსულტაციო/საინჟინერინგო მომსახურებას, კერძოდ შპს ----- ს თავისივე დაქირავებულ ინჟინრებს აგზავნის -----ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე, სადაც ინჟინრები გადიან კონკრეტული აპარატურის მონტაჟი/ინსტალაციის ერთკვირიან, ათდღიან კურსს. საწარმოს მომსახურების ღირებულებაზე უკუდაბეგვრის დღგ-ით დასაბეგრი თანხა არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. შესაბამისად არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი უკუდაბეგვრის დღგ შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით უკუდაბეგვრას ექვემდებარება არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მომსახურების მიმღებ და გამწევ პირთა ადგილსამყოფელი სხვადასხვა სახელმწიფოშია, მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება მომსახურების მიმღები პირის რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი ან მომსახურების მიმღები პირის მუდმივი დაწესებულების ადგილმდებარეობა, თუ მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ ამ მუდმივ დაწესებულებასთან. ამავე მუხლის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,დ“ ქვეპუნქტის დებულებები გამოიყენება შემდეგი მომსახურების მიმართ: საკონსულტაციო, იურიდიული, საბუღალტრო, საინჟინერინგო და სხვა მსგავსი მომსახურების გაწევა, აგრეთვე მონაცემებისა და ინფორმაციის დამუშავება-მიწოდება;

დადგენილი გარემოების მიხედვით, შპს ----- ს შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტი პირები უწევენ მომსახურებას (სწავლების, საკონსულტაციო მომსახურებას და სხვა). გადამხდელის განმარტებით აღნიშნულ მომსახურებას იღებს არა შპს ----- არამედ ის ფიზიკური პირები, რომელთა გადამზადებაც ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ დაქირავებულები მიღებულ სპეციალურ ცოდნას იყენებენ შპს ----- ში დაკისრებული შრომითი ვალდებულებების შესასრულებლად და მაშასადამე, ეს ცოდნა გამოიყენება შპს ----- ს სასარგებლოდ. ამასთან ----თან ხელშეკრულება დადებული აქვს არა დაქირავებულებს, არამედ შპს ----- ს და თანხასაც იხდის საწარმო. შესაბამისად უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხის დარიცხვა მართლზომიერია. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დადასტურებელი მტკიცებულებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა სადავო საკითხთან მიმართებში შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.