ბრძანება N 1747
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1747
05 თებერვალიი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----)
(მის.: ქ. ----- №-----)
2025 წლის 17 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6), განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) №------/-/------ საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 9 იანვრის №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2025 წლის 8 იანვარს, შპს „-----“ ტერმინალზე წარმოებული გადატვირთვის ოპერაციის შედეგად გაფორმებულ გადატვირთვის აქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ საბაჟო ლუქის ნომრად მითითებული იქნა G------, ნაცვლად - G------ ნონრის. მითითებული ტექნიკური შეცდომა აღმოჩენილი იქნა კომპანიის თანამშრომლების მიერ, 2025 წლის 9 იანვარს, ზემოთაღნიშნული ტვირთის საბაჟო ტერიტორიიდან გაშვებამდე (№1 აქტით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული ტვირთით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებას არ დაუტოვებია შპს „------“-ს საბაჟო ტერმინალის ტერიტორია). ამასთან, შეცდომის აღმოჩენისთანავე, უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღებულ იქნა სათანადო ზომები და დადგენილი წესის შესაბამისად ეცნობა საბაჟო დეპარტამენტს. განცხადებაშივე განმარტა, რომ გადატვირთვის აქტში შეცდომით მითითებული ლუქის ნომერი, უკვე გამოყენებული ჰქონდა 2025 წლის 6 იანვარს შპს „-----“ ტერმინალზე დატვირთულ კონტეინერზე (MSNU------). აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად დამატებით წარმოადგინა 2025 წლის 6 იანვრის გადატვირთვის აქტი. მითითებული ტვირთით დატვირთულმა სატრანსპორტო საშუალებამ (--TM---/--ZA---), ტერმინალის საბაჟო ტერიტორია დატოვა მხოლოდ საბაჟო დეპარტამენტში გასწორებული გადატვირთვის აქტის წარდგენისა და საბაჟო ორგანოს მხრიდან შესაბამისი მოწმობის კორექტირების შემდეგ. ზემოთაღნიშნულის მიუხედავად შპს „-----“ საბაჟო დეპარტამენტის მიერ დაჯარიმდა 6000 ლარით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „ა”, „გ“, და „ქ“ პუნქტების მოთხოვნის დარღვევისთვის.
საჩივრის ავტორის განმარტებით საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის საფუძვლად დადებული პუნქტები არ შეესაბამება მოცემულ შემთხვევას, კერძოდ „ა“ პუნქტი გულისხმობს, რომ საბაჟო საწყობი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და საბაჟო ორგანოს მოთხოვნები. მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დარღვეულა საბაჟო საქმიანობის 05 თებერვალი ----- N ----- ნებართვის გაცემის პირობები და საბაჟო ორგანოს ყველა მოთხოვნა დადგენილი წესის შესაბამისად იქნა შესრულებული, რაც გამოიხატა დაშვებული ტექნიკური შეცდომის აღმოჩენისთანავე უფლებამოსილი პირების დროულ ინფორმირებაში და მითითებული ტვირთის მხოლოდ საბაჟო ორგანოს მხრიდან საბაჟო მოწმობაში შესაბამისი კორექტირების შეტანის შემდეგ გაშვებაში. რაც შეეხება საბაჟო კონტროლისთვის ხელის შეშლას და საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვან შესრულებას (დადგენილების მე-8 მუხლის „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტი), რომელიც ასევე საფუძვლად უდევს მითითებულ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, მოცემულ შემთხვევაში, კომპანიის უფლებამოსილი წარმომდგენლების მიერ მიღებულ იქნა ყველა სათანადო ზომა, რათა ხელი შეეწყო საბაჟო კონტროლის განხორციელებაში, ამასთან ჯეროვნად და კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული ყველა ის ვალდებულება, რაც საბაჟო საწყობს ეკისრება კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, სწორედ კომპანიის ინიციატივით, ზემოთაღნიშნული ტვირთის მიერ საბაჟო საწყობიდან გაშვებამდე მოხდა გადატვირთვის აქტში დაშვებული ტექნიკური შეცდომის დაფიქსირება და საბაჟო ორგანოსთვის მყისიერი შეტყობინება, რაც მომჩივნის მოსაზრებით, საბაჟო სამართალდარღვევისა და პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპების შესაბამისად, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველია.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის 11-ე და მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 9 იანვარს გადამზიდავი კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ, შპს „---------“ (ს/ნ -----) საბაჟო საწყობში განთავსებულ საქონელზე დარეგისტრირდა №-----/D----- აღრიცხვის მოწმობა.
იმავე დღეს (09.01.2025) შპს „-----“ (ს/ნ -----) №---/------- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მათ მიერ გაცემულ გადატვირთვის აქტში, რომელიც გადამზიდავი კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა №-----/D----- აღრიცხვის მოწმობის შევსებისას, საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ ინფორმაცია მითითებულ იქნა არასწორად. კერძოდ, გადატვირთვის აქტში №----- საბაჟო ლუქის ნაცვლად, შეცდომით ჩაიწერა №----- საბაჟო ლუქი.
ვინაიდან შპს „-----“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის იგივე სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 9 იანვარს შედგენილ იქნა №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:
საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;
საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“, და „ქ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:
დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;
ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;
საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-17 მუხლით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან დარღვეული იყო „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „ა“, „გ“, და „ქ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სანებართვო პირობები. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის მოთხოვნაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნტის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა ეხება საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილების შეტანას ამ კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის 11-ე და მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გადამზიდავი კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მიერ, საბაჟო საწყობში განთავსებულ საქონელზე დარეგისტრირდა აღრიცხვის მოწმობა.
გადამხდელის მიერ იმავე დღეს განცხადებით ეცნობა საბაჟო დეპარტამენტს, რომ მათ მიერ გაცემულ გადატვირთვის აქტში, რომელიც გადამზიდავი კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა აღრიცხვის მოწმობის შევსებისას, საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ ინფორმაცია მითითებულ იქნა არასწორად. კერძოდ, გადატვირთვის აქტში №----- საბაჟო ლუქის ნაცვლად, შეცდომით ჩაიწერა №----- საბაჟო ლუქი.
ვინაიდან გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის იგივე სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163; 176;.