ბრძანება N 25920
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25920
19 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ---)
(მის.: ---) 2023 წლის 6 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №105) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) №82877/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ივლისის №001-148 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ფასნამატს. აცხადებს, რომ საწარმო ბუღალტულ აღრიცხვას ახორციელებს პროგრამა "ინფო ბუღალტერიაში", ხოლო საქონლის ჩამოწერა ხორციელდება ACCA F3-ის მიხედვით, მარაგების აღრიცხვის პერიოდული მეთოდით. ამასთან, ყოველდღიურად აქვს აღრიცხული რეალიზებული საქონლის დასახელებები რაოდენობების მიხედვით. აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ ფასნამატი გამოყენებულია დოკუმენტურად მიწოდებულ საქონელზეც. ასევე, საქონლის სარეალიზაციო ფასი აღებულია საქონლის ერთეულის გაყიდვის შემთხვევიდან, როცა საბითუმო მიწოდება საერთო რეალიზაციის 95%-ზე მეტია. ამასთან, სარეალიზაციო ფასი შედარებულია ბოლო შესყიდვის ფასთან, ზოგიერთ შემთხვევაში სარეალიზაციო ფასში შედის დღგ, ხოლო თვითღირებულებაში - არა. განმარტავს, რომ საქონლის დაჯგუფება არარელევანტურია, რაც იწვევს ფასნამატის ოდენობის ზრდას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6498 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 25 ივნისიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 10 ივლისის №16655 ბრძანება და ამავე თარიღის №001-148 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის 19 ოქტომბერი 2023 N 25920 გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 72 372 ლარი, მათ შორის, გადასახადი 44 850 ლარი, ჯარიმა 20 339 ლარი, საურავი 7 183 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით,საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ავეჯის ქსოვილების (კრეკი, ალკანტარა, ბარხატი და სხვა), ავეჯის სხვადასხვა მასალების (ხელოვნური ტყავი, სინთეტიკური ბამბა, პარალონის ღრუბელი და სხვა) და მექანიზმების ადგილობრივი შესყიდვა-რეალიზაცია. საწარმოს უფიქსირდება ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი (მის.: ----). ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის საწარმოს აღებული აქვს ფართი შპს ,,---გან“ (ს/ნ ---). პირი ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს პროგრამა „ინფოში“. საწარმოს დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 4 136 631 ლარს, ხოლო დოკუმენტური შესყიდვები - 4 155 476 ლარს.
ბუღალტრული პროგრამის მიხედვით სმფ-ების ნაშთები პერიოდების მიხედვით შეადგენს: 2020 წლის ბოლოს - 341 533 ლარს, 2021 წლის ბოლოს - 434 101 ლარს, 2022 წლის ბოლოს - 472 161 ლარს, ხოლო 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით 496 991 ლარს. პროგრამა „ინფოს“ შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2020 წელს საშუალო ფასნამატმა შეადგინა 13.67%, 2021 წელს - 13,75%, 2022 წელს - 13,13%. 01.01.2023-01.03.2023 საანგარიშო პერიოდებში ჯამში საშუალო ფასნამატია 10,91%. ბუღალტრულ პროგრამაში არ ხდება საქონლის რაოდენობრივი აღრიცხვა სრულად.
კერძოდ, არადოკუმენტური რეალიზაციის აღრიცხვა ხდება საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით ან/და ბანკში დაფიქსირებული თანხებიდან გამომდინარე. საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდება საქონლის ჩამოწერა კანონმდებლობის შესაბამისად, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე.
შემოწმების მიერ რეალიზაციიის დოკუმენტების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ დოკუმენტური რეალიზაცია მთლიანი რეალიზაციის დაახლოებით 36%-ს შეადგენს, ხოლო დოკუმენტურმა ფასნამატმა წლების მიხედვით შეადგინა 2020 წელს - 10,36%, 2021 წელს - 10.32%, 2022 წელს - 11.63%, 01.01.2023- 01.03.2023 პერიოდზე - 11.36%. 2023 წელს საწარმოს კუთვნილ ობიექტში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა სამართალდარღვევა (არ იქნა ამობეჭდილი ჩეკი), პირს მიეცა გაფრთხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა ჯგუფებად (7 ჯგუფი, 93 დასახელების საქონელი) და შესაბამისი ჯგუფების მიხედვით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდა საკონტროლო შესყიდვის/ფიქსაციის შედეგად შესყიდულ თითოეულ საქონელზე დადგენილი ფასნამატები (ავეჯის სასარჩულე ქსოვილი - 53%, პარალონის ღრუბელი - 41%, სინთეტიკური ბამბა მეტრებში - 32%, სინთეტიკური ბამბა კგ-ებში - 32%), ხოლო რომელ საქონელზეც ფასნამატები ვერ დადგინდა საკონტროლო შესყიდვით/ფიქსაციით, მათზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი.
საკონტროლო შესყიდვის/ფიქსაციის ფასნამატები დადგენილი იქნა შემდეგნაირად: უახლოესი შესყიდვა დაკავშირებული იქნა საკონტროლო შესყიდვით/ფიქსაციით დადგენილ სარეალიზაციო ფასებთან. ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ საწყის და საბოლოო მარაგებში საქონლის თითოეული ჯგუფის წილი განსაზღვრულ იქნა შესაბამის საანგარიშო პერიოდში მისი შეძენის წილის პროპორციულად მთლიანი პერიოდის შეძენაში. აღნიშნული პრინციპით განსაზღვრულ და დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვებს შორის სხვაობამ 2020-2023 წლებში შეადგინა 148 238 ლარი. ამასთან, 218 651 ლარი (148 238X1,18/0.8) შემცირდა საწარმოში ბუღალტრულ პროგრამაში არსებული კაპიტალის ოდენობით (როგორც კაპიტალის შემცირება) და დარჩენილი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე, 159-ე, 160-ე და 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ავეჯის ქსოვილების, ავეჯის სხვადასხვა მასალების და მექანიზმების ადგილობრივი შესყიდვარეალიზაცია. საწარმოს მიერ ნაწარმოებ ბუღალტრულ პროგრამაში არ ხდება საქონლის რაოდენობრივი აღრიცხვა სრულად. კერძოდ, არადოკუმენტური რეალიზაციის აღრიცხვა ხდება საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით ან/და ბანკში დაფიქსირებული თანხებიდან გამომდინარე. საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდება საქონლის ჩამოწერა კანონმდებლობის შესაბამისად, არ ხდება კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. შემოწმების მიერ რეალიზაციიის დოკუმენტების დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ დოკუმენტური რეალიზაცია მთლიანი რეალიზაციის დაახლოებით 36%-ს შეადგენს, ხოლო დოკუმენტურმა ფასნამატმა წლების მიხედვით შეადგინა 2020 წელს - 10,36%, 2021 წელს - 10.32%, 2022 წელს - 11.63%, 01.01.2023- 01.03.2023 პერიოდზე - 11.36%.
2023 წელს საწარმოს კუთვნილ ობიექტში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა სამართალდარღვევა (არ იქნა ამობეჭდილი ჩეკი). შედეგად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შეძენილი სმფ-ები დაყოფილ იქნა ჯგუფებად და შესაბამისი ჯგუფების მიხედვით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდა საკონტროლო შესყიდვის/ფიქსაციის შედეგად შესყიდულ თითოეულ საქონელზე დადგენილი ფასნამატები, ხოლო რომელ საქონელზეც ფასნამატები ვერ დადგინდა, მათზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ფასნამატს.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 10 ივლისის №16655 ბრძანება და ამავე თარიღის №001-148 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის 19 ოქტომბერი 2023 N 25920 გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 72 372 ლარი, მათ შორის, გადასახადი 44 850 ლარი, ჯარიმა 20 339 ლარი, საურავი 7 183 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 49; 61; 73 (4,5,9); 101; 154; 2 (2); 159; 163; 163; 43.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.