ბრძანება N 34463
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 34463
04/12/2018
ფ/პ -------------
(მის: --------- )
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
არ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 30 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი N96) განიხილა ფ/პ ----- საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის N002-234 საგადასახადო მოთხოვნას.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აუდიტის დეპარტამენტმა დაბეგრა მასსა და შპს „-------“ შორის არსებული ბარტერული ოპერაცია, რომლის დროსაც არაა გათვალისწინებული შენობის ღირებულების პროპორციული ხარჯი და მოხდა მხოლოდ მიწის წილის თვითღირებულების პროპორციულად გამოქვითვა, რაც მთლიანი ხარჯის მცირე ნაწილს წარმოადგენს. გადასახადის გადამხდელი ითხოვს გამოსაქვით ხარჯში გათვალისწინებული იქნას ბარტერული ოპერაციის ღირებულება იმ თანხის პროპორციულად, რაც შპს ,,-----’’ უღიარდა შემოსავლად.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
ფ/პ ----- 2015 წლის აგვისტოს და მაისის თვეებში შეძენილი აქვს თბილისში ----- ტერიტორიაზე მდებარე 1479 კვ/მ და 1245 კვ/მ-ის არასასოფლო სამეურნეო მიწები. მიწის ღირებულება ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს 154 295 ლარს.. ფ/პ ----- აღნიშნული მიწის ნაწილი ღირებულებით 108 317 ლარი გადაცემული აქვს შპს ----- თვის, რომლის სანაცვლოდ მიიღო საცხოვრებელ კორპუსში კომერციული და საცხოვრებელი ფართი სულ 960.55 კვ/მ.
სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ.გ" ქვეპუნქტის თანახმად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად აღნიშნული 2-წლიანი ვადა აითვლება
ა.ა) მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღიდან; მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებრივად ერთ საგნად რეგისტრირებული აქივის გაყოფის შემთხვევაში მიღებული აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება გაყოფამდე არსებული აქტივის საკუთრებაში ფლობის თარიღიდან.
ბ) აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც:
ბ.ა) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის. ვინაიდან გადამხდელის მიერ ქონების რეალიზაციისას გასული იყო საკუთრებაში მიღებიდან ორ წელზე ნაკლები დრო, შემოწმების მიერ დაანგარიშდა მიღებული კომერციული და საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებაში განსაზღვრული ფასის მიხედვით, შესაბამისად გაანგარიშდა რეალიზებული საცხოვრებელი და კომერციული ფართის თვითღირებულება კუთვნილი კვ/მ-ის მიხედვით.
შემოწმებით მიღებული ნამეტი საცხოვრებელი ბინის შემთხვევაში (კერძოდ, 239 794 ლარი) დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით სსკ-ის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხოლო შემოწმებით მიღებული ნამეტი კომერციული ფართის შემთხვევაში (კერძოდ, 283 931 ლარი) დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით. პირს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელს 2015 წლის 21 სექტემბერს შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი 55 174 ლარის ღირებულების. ხოლო 2016 წლის 15 აპრილს მიწის 5/6 ნაწილი რეალიზებული აქვს 112 523 ლარად.გადასახადის გადამხდელის მიერ, აღნიშნული რეალიზებული მიწის ღირებულება არ არის ჩართული შესაბამისი პერიოდის ერთობლივ შემოსავალში. გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების რეალიზაცია განხორციელდა ორ წელზე ნაკლებ დროში, შემოწმების მიერ მიწის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩართული იქნა ერთობლივ შემოსავალში.
გადასახადის გადამხდელს 2015 წლის 21 სექტემბერს შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი 55 174 ლარის ღირებულების. ხოლო 2016 წლის 15 აპრილს მიწის 5/6 ნაწილი რეალიზებული აქვს 112 523 ლარად. გადასახადის გადამხდელის მიერ, აღნიშნული რეალიზებული მიწის ღირებულება არ არის ასახული ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებულ ხარჯებში. სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, რეალიზებული მიწის თვითღირებულება, შემოწმების მიერ, ასახული იქნა ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებულ ხარჯში.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივარში აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საბჭო მიუთითებს სსკ-ს მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
სსკ-ის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ.გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახე - ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება ან/და ფასიანი ქაღალდების/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდებისა და პროცენტების მიღების მიზნით.
სსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად:
1, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
სსკ-ს 136-ე მუხლის მიხედვით - 1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
სსკ-ის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საბჭოს წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ფ/პ ----- მიერ შპს ,,-------„ საგან მიწის სანაცვლოდ მიღებული კომერციული და საცხოვრებელი ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2.ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ.თბილისი,დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელის განმარტებით, მასსა და შპს-ს შორის არსებული ბარტერული ოპერაციის ფარგლებში, მოხდა მხოლოდ მიწის წილის თვითღირებულების პროპორციულად გამოქვითვა, რაც მთლიანი ხარჯის მცირე ნაწილს წარმოადგენს. გადამხდელი ითხოვს გამოსაქვით ხარჯში გათვალისწინებული იქნას ბარტერული ოპერაციის ღირებულება იმ თანხის პროპორციულად, რაც შპს-ს აუღიარდა შემოსავლად.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის თანახმად: ფ/პ-ს გადაცემული აქვს მიწის ნაკვეთი შპს-სთვის, რომლის სანაცვლოდ მიიღო კომერციული და საცხოვრებელი ფართი. შემოწმებით დაანგარიშდა ქონების კვადრატული მეტრის ღირებულება მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებაში განსაზღვრული ფასის მიხედვით, შესაბამისად გაანგარიშდა რეალიზებული ქონების თვითღირებულება კვ/მ-ის მიხედვით, მიღებული ნამეტი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადამხდელს რეალიზებული აქვს მიწის ნაკვეთი რომლის ღირებულება არ არის ჩართული ერთობლივ შემოსავალში. ვინაიდან ქონების რეალიზაცია განხორციელდა ორ წელზე ნაკლებ დროში, შემოწმების მიერ მიწის რეალიზაციიდან მიღებული ნამეტი ჩართული იქნა ერთობლივ შემოსავალში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ მიწის სანაცვლოდ მიღებული კომერციული და საცხოვრებელი ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(10); 73(9,,ბ“); 81(3); 82(1,,ვ.გ“); 82(4); 100; 105; 275