გადაწყვეტილება №25575/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25575/2/2025
17 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ -----------ძე (ს/ნ -----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----------ის 4.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №-------/2/2025).
დავის საგანი:
1. შემოწმებით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი;
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მაისის №10748 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 268 650.40 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 114 314
დღგ - 65 730
საშემოსავლო გადასახადი - 48 584
ჯარიმა - 75 415
საურავი - 78 921.40
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 სექტემბრის №40258 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2010 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანება და №071-5 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 268 650.40 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
აღნიშნული ბრძანება 30.03.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2023 წლის 5 მაისის №19269/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები გაასაჩივრა ------ის საქალაქო სასამართლოში.
-------ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ნოემბრის №3/319-2023 გადაწყვეტილებით მეწარმის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანება 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანების და 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის თაობაზე გადასახადის გადამხდელის საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 მაისის №19269/2/2023 გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანების ძალაში დატოვების და საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ, 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანების და 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილში და დაევალა შემოსავლების სამსახურს განახორციელოს მეწარმის მიერ წარდგენილი საჩივრის არსებითი განხილვა 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანების და 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილში.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის №ბს-567(2კ-24) განჩინებით.
სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა არსებითად განიხილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით და 2025 წლის 27 მაისის №10748 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების შესწავლა, საბაჟო დეპარტამენტიდან დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების (სასაქონლო/საბაჟო დეკლარაციები, მასთან დაკავშირებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა) გამოთხოვა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გაუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ასევე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მაისის №10748 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმებით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს 2010-2014 წლების საანგარიშო პერიოდში შეძენილი აქვს შერეული საქონელი, მ.შ. ხილ-ბოსტნეული. საგადასახადო ორგანოს მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის საარქივო სამმართველოდან მეწარმის მიერ იმპორტირებული საქონლის შესახებ, სადაც ფიქსირდება, რომ იმპორტირებულია მეორადი საქონელი და ხილ-ბოსტნეული, იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენს 114 047 ლარს. მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება სხვა ეკონომიკური საქმიანობა. მომჩივანს არ აქვს ჩაბარებული საგადასახადო დეკლარაციები. ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა აღრიცხვას და არ თანამშრომლობს საგადასახადო ორგანოსთან, სრულად არ არის დაცული საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები.
მეწარმის ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრისას გამოყენებული იქნა საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის მე-5 ნაწილი, დამოუკიდებლად განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულების მოცულობა, განსაზღვრა მოხდა არსებული მასალების საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ: შემოწმების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, შემოწმების პროცესში, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ხილ-ბოსტნეულის სარეალიზაციო ფასის შესახებ 2010-2012 წლების საანგარიშო პერიოდზე. საბაჟოზე შემოტანილი საქონელი შემოწმების შედეგად ჩაითვალა რეალიზებულად, შერეული სახის საქონელი, გარდა ხილ-ბოსტნეულისა, ჩაითვალა რეალიზებულად თვითღირებულებით, ხოლო ხილ-ბოსტნეულზე გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილი ინფორმაციიდან მიღებული საშუალო ფასი.
მომჩივანს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და ადმინისტრირების დეპარტამენტის საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე უფიქსირდება იმპორტირებული საქონელი. საქონლის შეძენაზე გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა წლების მიხედვით: 2010 წელს - 1 979 ლარი, 2012 წელს - 112 068 ლარი, ხოლო სხვა გამოქვითვებმა - 22 032 ლარი. შემოწმების შედეგად, მეწარმის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გამოსაქვით ხარჯებში იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება, აგრეთვე, იმპორტის გადასახდელები და დღგ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, მე-100, 102-ე, 105-ე, 106-ე, 72-ე, მე-4, 43-ე მუხლებზე და საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ხანდაზმულობის სამ წლიან პერიოდთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების, ასევე, გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში და საქმის ზეპირ განხილვაზე არ წარუდგენია ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მაისის №10748 ბრძანება ემყარება 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნას, 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანებას და 215 წლის 16 ივნისის საგადსახადო შემოწმების აქტს, რომელთა მომჩივნისთვის ჩაბარება საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ ცნო უკანონოდ, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ადრესატს არ ჩაბარებია. შესაბამისად, ისინი არ არის იურიდიული შედეგების მომტანი, რადგან ამ შედეგს მხოლოდ ადრესატისთვის მათი კანონით დადგენილი წესით ჩაბარება იწვევს. ამ საკითხზე იმსჯელა -----ის საქალაქო სასამართლომ, ------ის სააპელაციო სასამართლომ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და მათ დაადგინეს, რომ მეწარმეს არ ჩაბარებია 2015 წელს გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა, ბრძანება და შემოწმების აქტი. შესაბამისად, ამ აქტების საფუძველზე მომჩივნისთვის დარიცხული გადასახადების გადახდის მოთხოვნა არ არის კანონიერი და საფუძვლიანი.
არსებობს კანონით დადგენილი საფუძველი, რაც ზემოთხსენებული ბრძანების და შემოწმების აქტის ბათილად ცნობის საფუძველია. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილია საგადასახადო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით დგინდება, რომ „ამ კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, თვეებით, დღეებით, ან/და იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ „ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან“.
კანონით ზემოთხსენებული მოთხოვნები ვრცელდება იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, როცა საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება კონკრეტული სუბიექტის მიმართ. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მომჩივანს ედავებიან 2008-2010 წლების მონაცემებს, რომელთა მიმართ საგადასახადო მოთხოვნის წარმოშობიდან გასულია საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რის შემდეგაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ყველა ქმედება მისი ბათილობის საფუძველია. აღნიშნული ვადის გასვლის ფაქტი სახეზეა, რადგან ის გამოცემულია 2025 წელს, რის გამოც ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მაისის №10748 ბრძანება და მისი შედეგები და სრულად გათავისუფლდეს დარიცხული თანხების გადახდისგან.
უმნიშვნელოვანესი გარემოებაა ის, რომ ამ ბრძანების საფუძველზე 2025 წლის 15 ივლისს გამოიცა №071-9 საგადასახადო მოთხოვნა და ამ დროს გასული იყო საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით დადგენილი ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა უკვე დიდი ხანია. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2015 წელს გამოცემული ადმინისტრაციული აქტების ჩაბარების კანონიერება შემოწმებულია სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ და ისინი უკანონოდ არის ცნობილი. აღნიშნული აქტების კვლავ განხილვა კი ვერ იქნება კანონიერი, რადგან პირისთვის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა გასულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მაისის №10748 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განუსაზღვროს პირს საგადასახადო ვალდებულებები არსებული მასალების საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), ქვემოთ მოყვანილი ერთზე მეტი ნებისმიერი პირობის არსებობისას:
ა) პირი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან არ ახორციელებს მას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით;
ბ) სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგულია ან განადგურებულია;
ე) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით: 1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან, გარდა ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მომჩივანს არ გააჩნდა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შესაბამისად, მეწარმის ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯები განისაზღვრა პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ხილ-ბოსტნეულის სარეალიზაციო ფასის შესახებ 2010-2012 წლების საანგარიშო პერიოდზე. საბაჟოზე შემოტანილი საქონელი შემოწმების შედეგად ჩაითვალა რეალიზებულად. შერეული სახის საქონელი, გარდა ხილ-ბოსტნეულისა, ჩაითვალა რეალიზებულად თვითღირებულებით, ხოლო ხილ-ბოსტნეულზე გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილი ინფორმაციიდან მიღებული საშუალო ფასი. ამასთან, შემოწმების შედეგად, მომჩივნის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გამოსაქვით ხარჯებში იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება, აგრეთვე, იმპორტის გადასახდელები და დღგ.
მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს დაევალა მეწარმის მიერ წარდგენილი საჩივრის არსებითი განხილვა 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში.
ამასთან, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება
ფაქტების აღწერა
მეწარმე დღგ-ის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული. შემოწმებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 2012 წლის 17 თებერვალს. ვინაიდან, საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის უნდა მიემართა დასაბეგრი ოპერაციების 100 000 ლარზე გადაჭარბებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, შემოწმების შედეგად დღგ-ით დაიბეგრა 2012 წლის 17 თებერვლის მიწოდება, რომლითაც მეწარმის შემოსავლები გადასცდა 100 000 ლარს და შემდგომი პერიოდის რეალიზაცია. დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 365 163 ლარი (მ.შ. იმპორტირებული და ადგილობრივი საქონლის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა). მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა განთავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5%-ის ოდენობით. ასევე, მეწარმე დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 157-ე, 160-ე, 161-ე, 173-ე, 174-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, მომჩივანი ითხოვს საქონლის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლას. აცხადებს, რომ საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, მის მიერ შედგენილია არაერთი დეკლარაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ასევე, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საბაჟო დეპარტამენტიდან გამოითხოვოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სასაქონლო/საბაჟო დეკლარაციები, მასთან დაკავშირებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა) და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
შესაბამის პერიოდი მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტებია:
ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) საბაჟო დეკლარაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით საქონლის შეძენისას, მომსახურების მიღებისას, საქონლის იმპორტისას ან/და საქონლის დროებითი შემოტანისას, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მისცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ამასთან, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ასევე, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, საბაჟო დეპარტამენტიდან გამოითხოვოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სასაქონლო/საბაჟო დეკლარაციები, მასთან დაკავშირებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა) და დღგის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ერთობლივ შემოსავალს და დღგ-ის ჩათვლის უფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №40258 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2010 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №22078 ბრძანება და №071-5 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 268 650.40 ლარი.აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №5915 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც №19269/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.რომლის №3/319-2023 გადაწყვეტილებით მეწარმის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის №5915 ბრძანება №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, №22078 ბრძანების და საგადასახადო შემოწმების აქტის თაობაზე გადასახადის გადამხდელის საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №19269/2/2023 გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის №5915 ბრძანების ძალაში დატოვების და საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ, №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, №22078 ბრძანების და საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილში და დაევალა შემოსავლების სამსახურს განახორციელოს მეწარმის მიერ წარდგენილი საჩივრის არსებითი განხილვა №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, №22078 ბრძანების და საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილში.სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-567(2კ-24) განჩინებით.
სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა არსებითად განიხილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის №071-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით და №10748 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი.კერძოდ: დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები,ხოლო დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების შესწავლა, საბაჟო დეპარტამენტიდან დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გაუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.ასევე, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №10748 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 72(1); 73(5 „ა“, „ბ“ და „ე“); 100(1); 102(1 „ა“); 105(1.2); 106(1 „ა“);
(2021 წლამდე მოქმედი) 157(1); 160(„ა“); 161(1„ა“); 173(1.2„ა“ და „ბ“); 174(1 „ა“.2 „ა.ა“ );