ბრძანება N 13415-2

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.04.2019
№ დოკუმენტი 13415-2
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13415

25/04/2019

უსფ(წ) -----

(იურ. მის: ქ. ---------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა 2019 წლის 05 აპრილს (ოქმი N21) გამართულ დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განიხილა უსფ ----- ს საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 25 დეკემბრის N094-264 „საგადასახადო მოთხოვნის“ თაობაზე.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

უკუდაბეგვრის დღგ-ში დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უსფ ----- ს 2015 წლის იანვრის თვეში არარეზიდენტი კომპანია -----ისგან შესყიდული აქვს ელექტრონულ და მექანიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურება, მიუხედავად იმისა, რომ შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრული იყო 2015 წლის აპრილის თვიდან, საგადასახადო შემოწმების აქტში მოცემული საკითხიც აისახა და აღნიშნული მომსახურება უკუდაბრგვრის დღგ-ით დაიბეგრა 2015 წლის მაისის თვეში, ამასთან, შემოწმებას არ მოუხდენია დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ს ჩათვლა. მომჩივნის განმარტებით, მომსახურება გაწეული იქნა 2015 წლის იანვრის თვეში, რაც შესამოწმებელი პერიოდი არ იყო და 2015 წლის მაისში გადასახადის დარიცხვა საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი ასევე მიუთითებს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს ამ ნაწილში დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლებას, რადგან მას გადასახადის დამალვის მოტივი არ ჰქონია.

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოზე განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 31 მაისის N13464 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა უსფ ----- ს საქმიანობის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 21 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, გამოიცა 2018 წლის 25 დეკემბრის N38056 ბრძანება და ამავე თარიღის N094-264 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 1 301 981,5 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადი 670 087 ლარით, ჯარიმა 315 317 ლარი და საურავი 316 577,5 ლარის ოდენობით.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ:

უსფ(წ) ------ სა და ----- კომპანიის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოს შორის 2013 წლის ივლისის თვეში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობდა ქ. ----- ში ----- ის ოფისის მშენებლობა. მშენებლობის პროექტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებულმა პირმა "-----"-მა საწარმოს შეუსრულა შენობის ელექტრო გაყვანილობითი და მექანიკური სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 278 992 აშშ დოლარს.

სსკ-ს 176-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით უკუდაბეგვრას ექვემდებარება: ა) არარეზიდენტი ფიზიკური პირის ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება; ხოლო ამავე კოდექსის 166-ე მუხლი განსაზღვრავს მომსახურების გაწევის ადგილს, რომლის თანახმადაც მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება: ა) ადგილი, სადაც მდებარეობს უძრავი ქონება, თუ მომსახურება უკავშირდება უძრავ ქონებას.

იმ პერიოდში მოქმედი სსკ-ს 173-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტია უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე დღგ-ით უკუდაბეგვრას დაექვემდებარა არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურება, რომელმაც ეროვნულ ვალუტაში შეადგინა 573 524 ლარი.“

შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, 1. დღგ-ით უკუდაბეგვრას ექვემდებარება: ა) არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება.

სსკ-ის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, 1. ამ კარის მიზნებისათვის მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება: ა) ადგილი, სადაც მდებარეობს უძრავი ქონება, თუ მომსახურება უკავშირდება უძრავ ქონებას.

2015 წლის 01 მაისამდე მოქმედი სსკ-ს 173-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტია უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ უსფ(წ) ------ ს 2015 წლის იანვრის თვეში არარეზიდენტი კომპანია -----ისგან შესყიდული აქვს ელექტრონულ და მექანიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 278 992 აშშ დოლარი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრული იყო 2015 წლის აპრილის თვიდან, აღნიშნული მომსახურება შემოწმების მიერ უკუდაბეგვრის დღგ-ით დაიბეგრა 2015 წლის მაისის თვეში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: გ) გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 31 მაისის N13464 ბრძანებაზე უსფ(წ) ------ ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების შესახებ, რომლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2015 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის 1 აპრილამდე, ხოლო როგორც დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე მომჩივანმა და აუდიტორმა განაცხადეს, არარეზიდენტი კომპანია -----ისგან შესყიდული ელექტრონულ და მექანიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურება განხორციელდა 2015 წლის იანვარში, რაც შემოწმების ბრძანების მიხედვით, არ მოიცავდა შესამოწმებელ პერიოდს, თუმცა აუდიტორის გამარტებით, ოპერაცია დაიბეგრა 2015 წლის მაისში, ვინაიდან წინა საგადასახადო შემოწმებისას არ მომხდარა აღნიშნული ოპერაციის ასახვა საგადასახადო შემოწმების აქტში და არ განხორციელებულა უკუდაბეგვრის დღგ-ს დარიცხვა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად: „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად: დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ თუ არარეზიდენტი კომპანია -----ის მიერ უსფ(წ) ------ სთვის ელექტრონულ და მექანიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურება განხორციელდა 2015 წლის იანვარში, აღნიშნულ მომსახურებაზე უკუდაბეგვრის დღგ-ს დარიცხვა 2015 წლის მაისის თვეში მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდი განსაზღვრული იყო 2015 წლის 01 აპრილიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის, საქმეზე არსებული მასალებისა და დავების განხილვის საბჭოზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მიერ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არარეზიდენტი კომპანია -----ის მიერ უსფ(წ) ------სთვის ელექტრონულ და მექანიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურება განხორციელდა 2015 წლის იანვარში, გააუქმოს აღნიშნულ მომსახურებაზე 2015 წლის მაისის თვეში დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ს თანხები.

საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და მე-21-ე ნაწილებზე, რომელთა თანახმად:

„2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.

„21. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა“.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) შესაბამისად სსკ-ის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 2¹-ე ნაწილი: „2¹. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.“

სსკ-ის 275-ე მუხლის (2019 წლის 01 იანვრამდე მოქმედი) მიხედვით: „2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 01 იანვარს) მიხედვით სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად: „2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას“.

ვინაიდან დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2¹ ნაწილის გათვალისწინებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. უსფ(წ) ------ ს 2019 წლის 24 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მიერ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არარეზიდენტი კომპანია -----ის მიერ უსფ(წ) ------ თვის ელექტრონულ და მექანიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურება განხორციელდა 2015 წლის იანვარში, გააუქმოს აღნიშნულ მომსახურებაზე 2015 წლის მაისის თვეში დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ს თანხები;

3. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-21-ე ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება);

4. ამ ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი უსფ(წ) უკუდაბეგვრის დღგ-ში დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არარეზიდენტი კომპანიისგან შესყიდული აქვს ელექტრონულ და მექანიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურება 2015 წლის იანვრის თვეში, მიუხედავად იმისა, რომ შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრული იყო 2015 წლის აპრილის თვიდან, შემოწმების აქტში მოცემული საკითხიც აისახა და უკუდაბრგვრის დღგ-ით დაიბეგრა 2015 წლის მაისის თვეში, ამასთან, შემოწმებას არ მოუხდენია დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ს ჩათვლა. მომჩივანი ითხოვს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტით დგინდება, რომ: უსფ(წ)-ს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობდა ოფისის მშენებლობა. მშენებლობის პროექტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებულმა პირმა საწარმოს შეუსრულა შენობის ელექტრო გაყვანილობითი და მექანიკური სამუშაოები. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე დღგ-ით უკუდაბეგვრას დაექვემდებარა არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურება.

 

გადაწყვეტილება

 

აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და, თუ დადგინდება, რომ არარეზიდენტი კომპანიის მიერ მომსახურების განხორციელება 2015 წლის იანვარში, გააუქმოს აღნიშნულ მომსახურებაზე 2015 წლის მაისის თვეში დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ს თანხები.

ასევე აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება სანქციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:269(21)

01.01.2021 წლამდე მოქმედი: 166(1,,ა“); 176(1,,ა“)

01.05.2015 წლამდე მოქმედი: 173