გადაწყვეტილება №81995/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№81995/1/2023
11 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 30.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №81995/1/2023).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 31.03.2023 წლის №18633/2/2023 წლის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 24.05.2023 წლის №136-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 46 683 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 27 780
დღგ - 21 108
მიწა-არასასოფლო - 340
ქონების გადასახადი - 6 332
ჯარიმა - 2 630
საურავი - 6 273
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელმა 2019 წლის მარტის თვეში სს „----- -სგან “ (ს/ნ „-------“) შეიძინა უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით - ს/კ „-------“ ). აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სერია ეა- №„-------“, დღგ-ის თანხა 40 961 ლარი). კომპანია დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2019 წლის 31 ივლისს და 2019 წლის დეკემბერში სრულად ჩაითვალა აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხა.
„დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 17 მარტის №7536 ბრძანების, საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-6, მე-10 ნაწილების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 731 მუხლის საფუძველზე, 2019 წლის დეკემბერში ეა-№------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი თანხა დაექვემდებარა გაუქმებას. ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება მოხდა 2021-2028 საგადასახადო წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში 32 769 (40 961/10*8) ლარის 1/8 ნაწილი თითოეული წლის მიხედვით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით შემცირდა 2019 წლის დეკემბერში ჩათვლილი დღგ, ხოლო 2021 წლის დეკემბერში დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 4 096 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია, რომ 2022 წლიდან 2028 წლის ჩათვლით, დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში ჩაითვალოს 32 769 ლარის 1/8 ნაწილი თითოეული წლის მიხედვით (4 096 ლარი).
შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ქონების გადასახადის გაანგარიშების დროს არ აქვს გათვალისწინებული აღნიშნული შენობა-ნაგებობები. საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე, 203-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად, შეძენილი შენობა-ნაგებობები გათვალისწინებულ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების, მათ შორის მიწის გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2022 წლის №8895 ბრძანება და 11.04.2022 წლის №136-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24664 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 31.03.2023 წლის №18633/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, გაუქმებული დღგ-ის ჩათვლის აღდგენა, დღგ-ში დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 31.03.2023 წლის №18633/2/2023 წლის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 57 345 ლარის ოდენობით (გადასახადი 36 865 ლარი, ჯარიმა 20 480 ლარით), მის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 24.05.2023 წლის №136-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 30.06.2023 წლის №"------" წერილით შპს „-------“-ის მიერ 29.06.2023 წელს ელექტრონულად წარდგენილი საჩივარი №81995/1/2023 კუთვნილებისამებრ, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაანგარიშების შედეგად ნათლად ჩანს, რომ სრულად არ მოხდა დამატებით დარიცხული თანხების შემცირება, აღსანიშნავია, რომ არ მიუღია მონაწილეობა გადაანგარიშების პროცესში.
საგადასახადო შემოწმების აქტში არ ეთანხმება შეძენილი ქონების ძირითად საშუალებად განხილვის ნაწილში. შემოწმების აქტის მიხედვით, შემმოწმებელმა შეძენილი ქონება განიხილა როგორც ძირითადი საშუალება და მასზე გაავრცელა ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლის წესი, ასევე დაბეგრა ქონების გადასახადით.
ზემოაღნიშნულს არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
კომპანიამ მართლაც შეიძინა სს „-------“-სგან უძრავი ქონება, რომელიც განიხილა როგორც საქონლის შეძენა, ვინაიდან თავიდანვე იგეგმებოდა მისი გაყიდვა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ არ მომხდარა მისი ქონების გადასახადით დაბეგვრა, ამასთან კომპანიის მიერ გაკეთებულია საჯარო განცხადებები ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით მ.შ წარწერა შენობაზე. ასევე, ძირითად საშუალებად რომ აღიარო აქტივი უნდა დასტურდებოდეს მისი გამოყენება როგორც ძირითადი საშუალების, კერძოდ საგადასახადო კოდექსის მიხედვით „ძირითადი საშუალება არის მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.“ არანაირი მტკიცებულება იმისა რომ ზემოაღნიშნული ქონება გამოყენებულ იქნა საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის არ არსებობს. ხოლო, მხოლოდ ის ფაქტი რომ შეძენილი აქტივი წარმოადგენს შენობა-ნაგებობებს ვერ გამოდგება იმის მტკიცებულებად, რომ აქტივი წარმოადგენს ძირითად საშუალებას. ამასთან აღსანიშნავია, რომ აქტივი შეძენილი იყო განვადებით და საჯარო რეესტრში დაფიქსირებულია შეზღუდვა, რომ „ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე მყიდველი არ არის უფლებამოსილი გამყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე რაიმე სამართლებრივი ფორმით განკარგოს/დატვირთოს ნასყიდობის საგანი“. ვინაიდან არ არსებობს არანაირი წერილობით თანხმობა ქონების განკარგვის/დატვირთვის თაობაზე, საწარმო მანამდე პერიოდში ვერც განიხილავდა აღნიშნულ აქტივს როგორც ძირითად საშუალებას და არც მომხდარა მისი რაიმე ფორმით გამოყენება. აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნა 2019 წლის დეკემბერში, როდესაც სრულად მოხდა თანხის დაფარვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს გადაანგარიშებაში მონაწილეობის მიღებას და აღნიშნული საკითხით გამოწვეული დარიცხვის სრულად გაუქმებას. ითხოვს გადაანგარიშებას მათი წარმომადგენლის დასწრებით.
ამასთან, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს დამატებით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 27.09.2022 წლის №24664 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 31.03.2023 წლის №18633/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, გაუქმებული დღგ-ის ჩათვლის აღდგენა, დღგ-ში დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება.
ხსენებულ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში კი საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი შენობანაგებობებით) შეძენილია 2019 წლის მარტის თვეში, დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირებულია 2019 წლის 31 ივლისს და 2019 წლის დეკემბერში, სრულად ჩაითვალა აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხა. ამასთან, „უძრავი ნივთის გადახდის ვადის განვადების ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულება“ საჯარო რეესტრის 2019 წლის 27 მარტის ამონაწერის შესაბამისად, დამოწმებულია 2019 წლის 23 მარტს, უფლების რეგისტრაცია 2019 წლის 27 მარტს, ხოლო ამავე ამონაწერის თანახმად, ვალდებულებაში მითითებულია და შესაბამისად ირკვევა, რომ ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე, მყიდველი არ იყო უფლებამოსილი გამყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე რაიმე სამართლებრივი ფორმით განეკარგა/დაეტვირთა ნასყიდობის საგანი.
საბჭო მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს ჩათვლა ეკუთვნოდა იმ პერიოდში, როდესაც ქონება დაკვალიფიცირდა ძირითად საშუალებად, კერძოდ მაშინ, როცა ნასყიდობის საგანზე, უძრავ ქონებაზე მიიღო მისი განკარგვის უფლება, რაც მანამდე შეზღუდული ქონდა და აღნიშნული უფლება კი, როგორც ირკვევა გადასახადის გადამხდელმა მიიღო 2019 წლის დეკემბრის თვეში და განახორციელა ჩათვლა.
საბჭო მიიჩნევს, რომ შეძენილი უძრავი ქონების ძირითად საშუალებად განხილვა მართებულია, მაგრამ ჩათვლის პროპორციულად გადანაწილების მარეგულირებელი, არც შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის და არც საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების საფუძველი არ დგინდება, ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ, 2019 წლის დეკემბერში სრულად მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება არამართლზომიერია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია რომ:
- დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში, გადასახადის გადამხდელს სრულად ეკუთვნის დღგ-ის ჩათვლის მიღება 2019 წლის დეკემბერში, აღნიშნულის გათვალისწინებით,აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გაუქმებული დღგ-ის ჩავლის აღდგენა და შემოწმებით დღგ-ში დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება;
- ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში, შეძენილი უძრავი ქონების ძირითად საშუალებად განხილვის საფუძვლით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დადგენილია ასევე, რომ საბჭოს 31.03.2023 წლის №18633/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 57 345 ლარის ოდენობით. აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა, რომ:
საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, აღდგენას დაექვემდებარა 2019 წლის დეკემბერში სრულად გაუქმებული დღგ-ის ჩათვლა (აღდგა 40 961 ლარი). საგადასახადო შემოწმებით 2021 წლის დეკემბერში პროპორციულად ჩათვლილი დღგ კი დაექვემდებარა გაუქმებას (გაუქმდა 4 096 ლარი). შედეგად შემცირდა სულ 57 345 ლარი (გადასახადი 36 865 ლარი და ჯარიმა 20 480 ლარი).
მომჩივანი მიიჩნევს, რომ გადაანგარიშების შედეგად სრულად არ მოხდა დამატებით დარიცხული თანხების შემცირება, აღნიშნავს, რომ არ მიუღია მონაწილეობა გადაანგარიშების პროცესში, ამასთან წარმოადგენს არგუმენტებს საკითხზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა და მიუთითებს გარემოებაზე, რაც არ დავალებია აუდიტის დეპარტამენტს.
რაც შეეხება აუდიტის დეპარტამენტის 24.05.2023 წლის №136-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლების თაობაზე მომჩივნის მოთხოვნას, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) დავების განხილვის საბჭოს 31.03.2023 წლის №18633/2/2023 წლის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 31.03.2023 წლის №18633/2/2023 წლის გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი საგადასახადო შემოწმების აქტში არ ეთანხმება შეძენილი ქონების ძირითად საშუალებად განხილვას.
გადამხდელი მოითხოვს გადაანგარიშებაში მონაწილეობის მიღებას და აღნიშნული საკითხით გამოწვეული დარიცხვის სრულად გაუქმებას.
ამასთან, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და ითხოვს დამატებით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა 2019 წლის მარტის თვეში სს-სგან შეიძინა უძრავი ქონება აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.კომპანია დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2019 წლის 31 ივლისს და 2019 წლის დეკემბერში სრულად ჩაითვალა აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხა.2019 წლის დეკემბერში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი თანხა დაექვემდებარა გაუქმებას. ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება მოხდა 2021-2028 საგადასახადო წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში.საგადასახადო შემოწმებით შემცირდა 2019 წლის დეკემბერში ჩათვლილი დღგ, ხოლო 2021 წლის დეკემბერში დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 4 096 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია, რომ 2022 წლიდან 2028 წლის ჩათვლით, დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში ჩაითვალოს 32 769 ლარის 1/8 ნაწილი თითოეული წლის მიხედვით
შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ქონების გადასახადის გაანგარიშების დროს არ აქვს გათვალისწინებული აღნიშნული შენობა-ნაგებობები.გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების, მათ შორის მიწის გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
დავების განხილვის საბჭოს 31.03.2023 წლის №18633/2/2023 წლის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა მის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 24.05.2023 წლის №136-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 31.03.2023 წლის №18633/2/2023 წლის გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
174,177,269(7).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 731 მუხლი.