ბრძანება N 2571
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2571
13.02.2023
შპს ,,----------’’- ის (ს/ნ ----------)
(იურ. მის.: ----------)
(ფაქტ. მის.: ----------)
2023 წლის 28 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს ,,----------’’- ის (ს/ნ ----------) №78665/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №006-655 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. არ ეთანხმება გაცემული დივიდენდის მოგების გადასახადით დაბეგვრას, ასევე კომპანიის კუთვნილი ანგარიშიდან გაცემული 100 000 აშშ დოლარის სახელფასო განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 აპრილის №10105 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,----------’’-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 27 დეკემბრის №33116 ბრძანება და ამავე თარიღის №006-655 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 349 707 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 243 411 ლარი, ჯარიმა 619 123 ლარი, საურავი 487 173 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია და დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. საწარმოს წარმომადგენლის განცხადებით კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა და მათთვის ტურისტული პროდუქტის მიწოდება. გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა და ტურისტული პროდუქტის ფორმირებასთან დაკავშირებული აღრიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები გაანგარიშდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად. კერძოდ, აუდირებულ პერიოდში დადგენილი მოგების მარჟის (62% რომელიც გავრცელდა შემოწმებულ პერიოდში გაწეულ ხარჯზე) მიხედვით განისაზღვრა მისაღები შემოსავალი. ვინაიდან არ არსებობს კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლის და გაწეული ხარჯის სრულყოფილი აღრიცხვა, ვერ დგინდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული ტურისტული პროდუქტის ფორმირების და უცხოელ ტურისტებზე მიწოდების ფაქტი. ამდენად მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 101-ე მუხლების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული მისაღები შემოსავალი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის საბანკო ამონაწერების მიხედვით დგინდება, რომ კომპანიის კუთვნილი ანგარიშიდან გაცემულია დივიდენდი, რომელიც გადამხდელს მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში არ აქვს სრულყოფილად ასახული. ამასთან, საწარმოს დოლარის ანგარიშიდან კომპანიის დირექტორზე 2021 წლის თებერვლის და მარტის თვეებში გაცემულია სულ 100 000 აშშ დოლარი, დანიშნულებით ,,განაცემები მიმდინარე ანგარიშიდან’’. ვინაიდან გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა და დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, კომპანიის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული განაცემი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ჟ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია ტუროპერატორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტებში უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა და მათთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის ,,შ’’, ,,ჩ’’ და ,,ც’’ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
შ) ტუროპერატორი − პირი, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებას და ტურისტისთვის მიწოდებას;
ჩ) ტურისტი – ფიზიკური პირი, რომელსაც მიეწოდება ტურისტული პროდუქტი, საქართველოში არანაკლებ 24 საათის და არაუმეტეს ერთი წლის ვადით მოგზაურობის (მათ შორის, დასვენების ან/და გაჯანსაღების) მიზნით;
ც) ტურისტული პროდუქტი – ტურისტული მომსახურების სახეობათა (მათ შორის, ტრანსპორტირება, განთავსება, კვება, გიდის მომსახურება, აგრეთვე ტურისტული მომსახურების დამხმარე მომსახურება) არანაკლებ ორი კომპონენტის ერთობლიობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,პ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია ტუროპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანა და მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ასევე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა და მათთვის ტურისტული პროდუქტის მიწოდება. გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ მიმდინარე ეტაპზე კომპანიას შეჩერებული აქვს საქმიანობა, რაც გამოწვეული იყო კოვიდ პანდემიის გავლენით. შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტთან კომუნიკაციას ახორციელებდა კომპანიის ყოფილი ბუღალტერი, რომელიც არწმუნებდა გადამხდელს და მომსახურე აუდიტორული კომპანიის წარმომადგენლებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს აწვდიდა ყველა სათანადო ინფორმაციას და დოკუმენტაციას, თუმცა აღნიშნული არ აღმოჩნდა მართალი. განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საქმიანობით დაკავებულია 2011 წლიდან. ასევე, კომპანია 2014 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდზე შემოწმებულია და საქმიანობის პროფილთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშნები არ ყოფილა და სადავო არ გამხდარა ტურისტული პაკეტის მიწოდების ფაქტი. აცხადებს, რომ რეგისტრაციის დღიდან კომპანიას არ შეუცვლია საქმიანობის პროფილი და ის ორგანიზებულად ახდენდა ტურისტების შემოყვანას საქართველოს ტერიტორიაზე და მათთვის ტურისტული პაკეტების მიწოდებას, რაც წარმოადგენს ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებულ ოპერაციებს. საჩივარზე თანდართული აქვს მთელი რიგი დოკუმენტები (საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამიდან ბრუნვითი უწყისები და გატარებების ჟურნალი, ბრძანებები ტურისტული პაკეტების შესახებ, ხელშეკრულებები პარტნიორ ტურისტულ ოპერატორებთან, შემოყვანილი ტურისტების დეტალური სიები). ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, შეუძლია წარმოადგინოს ადგილობრივ სასტუმროებთან, კვების ობიექტებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები, ასევე მომწოდებლებისგან მიღებული ინვოისები და სხვა დოკუმენტები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიაჩნია რომ ტურისტების შემოყვნა და მათთვის ტურისტული პაკეტის მიწოდება არ არის სადავო და აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული დარიცხვა არ არის მართებული. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია ბუღალტრული და ტურისტული პროდუქტის ფორმირებასთან დაკავშირებული აღრიცხვა. ვინაიდან, არ არსებობს კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლის და გაწეული ხარჯის სრულყოფილი აღრიცხვა, ვერ დგინდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული ტურისტული პროდუქტის ფორმირების და უცხოელ ტურისტებზე მიწოდების ფაქტი. შესაბამისად, კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები გაანგარიშდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული მასალები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს სგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
ზ) რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საწარმოს ანგარიშიდან გაცემული 100 000 აშშ დოლარის სახელფასო განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა განპირობებულია ასევე არასათანადო კუმუნიკაციით (ბუღალტრის მხრიდან დოკუმენტაციის და მონაცემების წარუდგენლობა). განმარტავს, რომ კომპანიის დამფუძნებელს/დირექტორს (----------) შესამოწმებელ პერიოდში გატანილი აქვს თანხები, რაც წარმოადგენდა მის მიერ 2020 წელს შევსებული საწესდებო კაპიტალის შემცირებას. აღნიშნული დასტურდება შესაბამისი ბუღალტრული ჩანაწერებით (საჩივარზე თანდართულია კაპიტალის ბარათი ექსელის ფაილის სახით). მიუთითებს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში შეუძლია დამატებით წარმოადგინოს დოკუმენტები, რომელიც დაკავშირებული იქნება აღნიშნულ საკითხთან. ითხოვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალებით და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული მასალები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,----------’’- ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული მასალები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.